მრგვალი მაგიდა, სასტუმრო „სვისოტელი“, თბილისი, 3 მაისი, 2025 წ.
დღის წესრიგი:
- ევრაზიის ინსტიტუტის განცხადება (მიმართვა პარლამენტსა და მთავრობას) დიდი სამამულო ომის ორდენებისა და ჯილდოების თანამედროვე საქართველოს სამხედრო ორდენებთან და ჯილდოებთან გათანაბრების აუცილებლობის შესახებ;
- ევრაზიის ინსტიტუტის განცხადება (მიმართვა პარლამენტსა და მთავრობას) საბჭოთა კავშირზე ნაცისტური გერმანიის აგრესიის საბჭოთა კავშირის ხალხების (მათ შორის, საქართველოს) გენოციდად აღიარების აუცილებლობის შესახებ;
- ინფორმაცია რუსეთის სააგენტო „ტასს“-ის ისტორიული გამოფენის შესახებ – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გამოსვლა;
- ინფორმაცია ქალაქ ვოლგოგრადის აეროპორტისთვის სტალინგრადის სახელის მინიჭების შესახებ;
- ქართველების ბედი მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში – ისტორიული მასალები (ალ. გრიბოვსკის ონლაინ-ჩართვა);
- ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების გეგმის განხილვა.
გამარჯვების 80 წლის იუბილე – 9 მაისის აქტუალობა საქართველოსთვის
მეორე მსოფლიო ომი და საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომი, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემადგენელი ნაწილი, საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. მრავალეროვნულმა საბჭოთა არმიამ, რომლის რიგებში ქართველებიც იბრძოდნენ, დაიცვა ჩვენი სამშობლო და მთელი ევროპა ფაშისტური სიბინძურისაგან. სწორედ გერმანელ ფაშისტ დამპყრობლებზე გამარჯვებას აღნიშნავს ჩვენი ქვეყანა 9 მაისს. ეს დღე რჩება უქმედ ანუ ოფიციალურ (სახელმწიფო) ზეიმად საქართველოში.
საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე, ქვეყნის პატრიოტები, გაკვირვებას გამოთქვამენ, რატომ იკრძალება ამ საზეიმო დღეს ისტორიული რელიქვიების გამოყენება. მაგალითად, გამარჯვების დროშის ასლის; რატომ არის მიგდებული და არ უკეთდება რესტავრაცია უცნობი ჯარისკაცის საფლავს და ძმათა სასაფლაოს თბილისში და კიდევ მრავალი სხვა მომენტი, რომლებიც გამარჯვების დღის მნიშვნელობას აკნინებენ – იმ გამარჯვების დღისა, რომლის მისაღწევად ქართველმა ხალხმა სავსებით შეგნებულად გაიღო გმირული მსხვერპლი. დიადი გამარჯვების 80 წლისთავის წინ, ჩვენ გვსურს, მოგმართოთ ორი კონკრეტული ინიციატივით:
პირველი. ჩვენ ყველა – როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობა, ისე მთელი საზოგადოება, პატივს უნდა მივაგებდეთ დიდი სამამულო ომის ვეტერანებს არა მხოლოდ როგორც ჩვენს მამებს, პაპებს და დიდ პაპებს, არა მხოლოდ როგორც ასაკოვან ან გარდაცვლილ ადამიანებს, რომლებსაც ცივილიზებულ საზოგადოებაში ყოველთვის პატივცემული ხალხია, არამედ როგორც სამშობლოსა და მთელი კაცობრიობის დამცველებს მსოფლიო ბოროტებისაგან. ჩვენი წინაპრები, რომლებიც ნაცისტურ გერმანიასა და მის მოკავშირეებს ებრძოდნენ, ნამდვილი გმირები არიან. მათ საბჭოთა სახელმწიფო თავისი ორდენებითა და მედლებით აჯილდოებდა, ამით ყურადღება მახვილდებოდა მათი თავდადების მნიშვნელობაზე, მაგრამ ეს ჯილდოები არ არის თანამედროვე საქართველოში ოფიციალურად აღიარებული. გაურკვეველია დიდი სამამულო ომის პერიოდის ორდენებისა და მედლების სტატუსი. ვიღაცას შეუძლია, ისინი სულაც მიიჩნიოს „საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოდ“.
საქმის ასეთი ვითარება ნორმალური არ არის. ამიტომ გთავაზობთ, ოფიციალურად გაუთანაბრდეს ჩვენი ვეტერანების საბრძოლო ჯილდოები თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებს. ეს იქნება ჩვენს გმირ თანამემამულეთა დამსახურების გულწრფელი აღიარება. ცოცხლად მყოფი ვეტერანებისთვის ეს იქნება ყველაზე უფრო სასიხარულო საჩუქარი, ასევე მოხდება ომში ასეულ ათასობით დაღუპული ან ომის შემდგომ გარდაცვლილი ვეტერანების ხსოვნის ჭეშმარიტი უკვდავყოფა.
მეორე. გთავაზობთ, აღიარებულ იქნას ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების საბჭოთა კავშირის მიმართ განხორციელებული აგრესია საბჭოთა კავშირში შემავალი ერების მიმართ გენოციდად. ბუნებრივია, ეს გენოციდი ქართველ ხალხსაც შეეხო, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე არ ყოფილა. ჩვენი გმირი წინაპრები ფაშისტური აგრესიის გამო იღუპებოდნენ, მსხვერპლის რაოდენობა პატარა საქართველოსათვის უზარმაზარია. ნაცისტთა ტყვეობაში ასევე დიდი რაოდენობით ქართველი დაიღუპა, მათ მონურად ამუშავებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო არენაზე იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების მხრიდან სსრ კავშირზე განხორციელებულ აგრესიას გენოციდად აფასებენ, საქართველოს ინტერესებს შეესაბამება. ამით მაღლა იწევს ჩვენი ქვეყნის, მისი ისტორიის სტატუსი, მყარდება საქართველოს სუვერენიტეტი. ამასთან, ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ძმური ერებისადმი, რომლებმაც ასევე განიცადეს დიდი დანაკლისი ფაშისტური აგრესიის გამო.
ევრაზიის ინსტიტუტის სახელით – გულბაათ რცხილაძე
თბილისი, 3 მაისი, 2025 წ.; მხარდაჭერილია ფორუმის მონაწილეების მიერ – „გამარჯვების 80 წლის იუბილე – 9 მაისის აქტუალობა საქართველოსთვის“










