75 წლის წინათ, 1945 წლის 9 მაისს, დასრულდა დიდი სამამულო ომი, დასრულდა საბჭოთა კავშირის გამარჯვებით. ამ ომმა შეცვალა მსოფლიო ისტორიის მსვლელობა, ადამიანების ბედი და მსოფლიო რუკა. საბჭოთა კავშირის ხალხებს უპირისპირდებოდა მძლავრი, კარგად ორგანიზებული და კბილებამდე შეიარაღებული მტერი _ ნაცისტური გერმანია და მისი მოკავშირეები. საბჭოთა კავშირის ხალხებმა თავგანწირვით იბრძოლეს და გაიმარჯვეს.
1945 წლის 8 მაისს ბერლინის გარეუბან კარლსჰორსტში ხელი მოეწერა ფაშისტური გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის აქტს.
ამ აქტს ხელი მოაწერეს ვერმახტის მთავარსარდლობის შტაბის უფროსმა, ფელდმარშალმა გუსტავ კეიტელმა, გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალმა ჰანს გეორგ ფრიდებერგმა და ლუფტვაფეს გენშტაბის უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ჰანს იურგან შტუმფმა. კაპიტულაცია ჩაიბარეს საბჭოთა კავშირის მარშალმა გიორგი ჟუკოვმა და დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების მარშალმა არტურ უილიამ ტედერმა. კაპიტულაციის გაფორმებას ესწრებოდნენ და ასევე ხელმოწერით დაადასტურეს ეს აქტი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის პირველმა უფროსმა გენერალმა კარლ ენდრიუ სპაატსმა და საფრანგეთის მარშალმა ჟან მარი ლატრ დე ტასინიმ. ამ ისტორიული დოკუმენტით დასრულებულად გამოცხადდა სამხედრო კონფლიქტი გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, რაც, აგრეთვე, ნიშნავდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას ევროპის კონტინენტზე.
მეორე მსოფლიო ომი (1939-1945 წწ.) კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი და დამანგრეველი ომია, რომელიც გააჩაღა ფაშისტურმა გერმანიამ ასევე ფაშისტურ იტალიასა და მილიტარისტულ იაპონიასთან ერთად და რომელშიც ჩართული იყო 62 სახელმწიფო (დაახლოებით 1,7 მლრდ ადამიანი) იმხანად არსებული 73-დან. საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა ევროპის, აზიისა და აფრიკის ტერიტორიებზე და ყველა ოკეანეში. ეს არის ერთადერთი ომი, რომელშიც გამოიყენეს ატომური იარაღი.
დიდი სამამულო ომი კი დაიწყო 1941 წლის 22 ივნისს, როცა გერმანიას უკვე დაპყრობილი ჰქონდა ევროპის 11 ქვეყანა და სამხედრო ძლიერების ზენიტში იმყოფებოდა.
1941 წლის ივნისის შუა რიცხვებში გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა (იტალია, უნგრეთი, რუმინეთი, ფინეთი) საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვრებთან თავი მოუყარეს უზარმაზარ სამხედრო ძალას _ 190 დივიზიას (5 მლნ-მდე კაცი), 3700-მდე ტანკს, 4250 თვითმფრინავს, 47 460 ქვემეხსა და ნაღმსატყორცნს, 193 სამხედრო ხომალდს. გერმანელ სამხედროებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ, სულ რაღაც, 3-4 თვეში საბჭოთა კავშირს დაამარცხებდნენ.
1941 წლის 22 ივნისს, 3 საათსა და 45 წუთზე, გერმანელმა ფაშისტებმა დაიწყეს შეტევა საბჭოთა კავშირზე. მიუხედავად წითელი არმიის გმირული წინააღმდეგობებისა, მტერმა პირველი სამი კვირის განმავლობაში ქვეყნის ევროპული ნაწილის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიპყრო.
საბჭოთა კავშირის სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტისა და სახალხო კომისრების საბჭოს თავმჯდომარე სტალინმა 1941 წლის 3 ივლისს ქვეყნის მოსახლეობას რადიოთი მიმართა. ეს მიმართვა იქცა გერმანელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამად, როგორც ფრონტის წინა ხაზზე, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ძალიან მოკლე ხანში, ომის უმძიმეს პირველ თვეებში ქვეყანამ შეძლო სახალხო მეურნეობის გადაწყობა ომის ყაიდაზე. სამხედრო პროდუქციის საწარმოებლად საჭირო მანქანა-დანადგარები გადაზიდეს საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთ ნაწილში _ ურალში, სადაც, თავდაპირველად, სანამ ქარხნებს ააგებდნენ, საველე პირობებში უშვებდნენ პროდუქციას.
დიდ სამამულ ომში, რომელიც 1418 დღეს გაგრძელდა, საბჭოთა კავშირმა 26 მლნ–ზე მეტი ადამიანი დაკარგა დაღუპულების, ტყვედ ჩავარდნილების, დაავადებებით გარდაცვლილებისა და უგზო–უკვლოდ დაკარგულთა სახით, მათ შორის 12 მლნ სამხედრო მოსამსახურე (სულ მსოფლიო ომმა 71,1 მლნ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა), ფინანსურ–ეკონომიკურმა დანაკარგმა კი 610 მლრდ დოლარი შეადგინა.
კავკასიისა და სტალინგრადის დასაცავად გამართული გმირული ბრძოლების, ლენინგრადის ბლოკადის გარღვევისა და გერმანელი ფაშისტების კურსკის რკალზე განადგურების შემდეგ ომში უპირატესობა მოიპოვეს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებმაც ჯერ ქვეყნის საზღვრები აღადგინეს, შემდეგ გაათავისუფლეს პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, იუგოსლავია და ჩეხოსლოვაკია. 1945 წლის 1 მაისს, დაახლოებით 3 საათზე, საბჭოთა არმიის მეომრებმა _ მიხეილ ეგოროვმა და მელიტონ ქანთარიამ რაიხსტაგის თავზე წითელი დროშა ააფრიალეს. ფაშისტური გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის აქტს ჯერ 7 მაისს მოეწერა ხელი რეიმსში (საფრანგეთი), შემდეგ კი, როდესაც სტალინს არ მოეწონა არც ხელმომწერთა რანგი და არც ხელმოწერის ადგილი _ 8 მაისს ბერლინის გარეუბან კარლჰორსტში. გერმანიის კაპიტულაცია ძალაში შევიდა 8 მაისს, 23 საათსა და 1 წუთზე, ცენტრალური ევროპის დროით, როცა საბჭოთა კავშირში (მოსკოვში) უკვე 1-ელი საათი და 1 წუთი იყო. შესაბამისად, სსრკ–ში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე 9 მაისს აღინიშნება, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში _ 8 მაისს.
* გერმანულ ფაშიზმზე გამარჯვებაში ღირსეული წვლილი შეიტანა საქართველოს მოსახლეობამაც. ომის დაწყებისას წითელი არმიის რიგებში მსახურობდა 130 ათასი ჩვენი თანამემამულე. მათ მიიღეს მტრის პირველი დარტყმები. სულ კი საქართველოდან დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 700 ათასი ადამიანი, მათგან 300 ათასი ვერ დაუბრუნდა მშობლიურ კერას. აღსანიშნავია, რომ ამ რაოდენობის მსხვერპლი არ გაუღია არც ერთ მეომარ ქვეყანას (პროცენტული შეფარდებით), რომელთა ტერიტორიაზეც უშუალოდ მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები.
* ქართველი მეომრები გმირულად იბრძოდნენ კავკასიის მისადგომებთან, რუსეთის ევროპულ ნაწილში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ბალტიისპირეთში, სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპაში, ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, მონაწილეობდნენ ბერლინის შტურმში.
* არანაკლებ გმირული თავდადება გამოიჩინა ზურგში დარჩენილმა მოსახლეობამაც. 1941 წლის სექტემბრიდან საქართველოს 46 რაიონის მოსახლეობა აქტიურად შეუდგა თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობას დასავლეთ საქართველოში და 1942 წელს დაასრულა.
* დიდი სამუშაოები ჩაატარეს საქართველოს მშრომელებმა დარიალის ხეობისა და კავკასიის უღელტეხილების გასამაგრებლად. უკვე 1941 წელს საქართველოს ქარხნები აწარმოებდნენ ავტომატებს, შაშხანებს, ნაღმსატყორცნებს, ქვემეხის ჭურვებს, არემონტებდნენ ტანკებს, თვითმფრინავებს; კვების მრეწველობამ წითელ არმიას მიაწოდა მილიონობით მანეთის პროდუქცია. საქართველო იყო ჯავშანფოლადის საწარმოებლად საჭირო ვოლფრამისა და მოლიბადენის ერთადერთი მიმწოდებელი.
* 165 ქართველ მეომარს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, 244 700 ჯარისკაცი და ოფიცერი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით.
უდიდესი განსაცდელის ჟამს ქართველმა ხალხმა, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის სხვა ერებმა, გამოავლინა გმირული სული, გამძლეობა, თავდადება, გამარჯვების რწმენა.
აღსანიშნავია ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედის _ სტალინის როლი ფაშისტური აპოკალიფსის წინააღმდეგ ბრძოლაში. სტალინმა ურთულეს ვითარებაში შეძლო, დაერწმუნებინა საბჭოთა კავშირის მოსახლეობა, რომ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო “წმინდა ომი”, საბჭოთა ხალხმა ირწმუნა სტალინის მოწოდება: “სიმართლე ჩვენს მხარესაა, ჩვენ გავიმარჯვებთ!”. საბჭოეთის ლიდერმა შეძლო, ქვეყანა გადაექცია ერთ მუშტად შეკრულ სამხედრო ბანაკად და გაემარჯვა.
ამ გამარჯვებისთვის კი უამრავმა საბჭოთა ადამიანმა, მათ შორის ქართველებმა, მსხვერპლად გაიღო ყველაზე ძვირფასი _ სიცოცხლე.
დიდმა სამამულო ომმა საბჭოთა კავშირში მცხოვრებ თითოეულ ოჯახში დატოვა კვალი. ჩვენი ბაბუები და ბებიები თავგანწირვით ებრძოდნენ მტერს შეტევით ოპერაციებში, თხრიდნენ სანგრებს და აკეთებდნენ საველე ჰოსპიტლებს, გადიოდნენ ტყეში პარტიზანებად. თითოეულს თავისი წვლილი შეჰქონდა დიად გამარჯვებაში. და ეს აახლოვებდა ომის ბოლო დღეს.
ჩვენი, ამჟამინდელი თაობის, ამოცანაა, არასოდეს დავივიწყოთ გმირობა ხალხისა, რომელმაც ერთიანობითა და მხარდამხარ დგომით, შრომისმოყვარეობითა და თავდადებით, იდეალებისადმი ერთგულებითა და სამშობლოსადმი სიყვარულით უზრუნველყო ჩვენი მშვიდობიანი ცხოვრება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
გამარჯვების დღე _ ეს არის დღესასწაული, რომელიც აერთიანებს თაობებს. გვახსოვდეს და ვიამაყოთ ჩვენი ისტორიით!
გიორგი გაჩეჩილაძე
P.S. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი 9 მაისს ყვავილებით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს და იქიდან მიმართავს თანამემამულეებს, რათა პატივი მიაგოს დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას და ქვეყანას მიულოცოს გამარჯვების დღე.