გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა ქვეყნებს შესთავაზა ახალი გლობალური ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ადამიანებს დაეხმარება უთანასწორობასთან ბრძოლაში და სამართლიანობას დაამკვიდრებს პლანეტაზე.
18 ივლისს გაეროს გენერალურმა მდივანმა სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას, დაბადებიდან 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პლანეტის მოსახლეობის 70%-ზე მეტი მზარდი უთანასწორობის პირობებში ცხოვრობს. დედამიწაზე არსებული სიმდიდრის ნახევარი 26 ადამიანის საკუთრებაა და ის პლანეტის მოსახლეობის ნახევრის შემოსავლის ეკვივალენტურია.
“პლანეტაზე მილიონობით ადამიანის ცხოვრებას განსაზღვრავს ფაქტორები, რომლებიც უშუალოდ მათი დაბადების მომენტში წარმოიქმნება”, _ აღნიშნა გუტერიშმა და დასძინა, რომ ფინანსების არაპროპორციულად განაწილების მაღალი დონის გამო მსოფლიოში ხშირად წარმოიქმნება ეკონომიკური არასტაბილურობა, კორუფცია, კრიზისები, იმატებს დანაშაული, შედეგად უარესდება ადამიანების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
lv.sputniknews.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ