ჰანს ფონ სპონეკმა, რომელიც ერაყში ჰუმანიტარულ პროგრამასაც კურატორობდა, “რაშა თუდეისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის საქმის გამოძიება.
“დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების იმედი მაქვს. გულდასაწყვეტი იქნება, თუ ვერ შევძლებთ ობიექტური გამოძიების განხორციელებას”, _ აღნიშნა მან.
ფონ სპონეკის აზრით, უნდა შეიქმნას გაეროს დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც ყველა ფაქტს შეისწავლის. მან აღიარა, რომ ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება ერაყში დღეს არსებული ვითარების გამო.
“მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვცადოთ ერაყის ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვა”, _ განაცხადა გენერალური მდივნის ყოფილმა თანაშემწემ. მას მიაჩნია, რომ ერაყის მთავრობა ამ საქმეს დამოუკიდებლად ვერ გამოიძიებს.
უფრო ადრე აშშ-ის კოალიციამ აღიარა, რომ “ისლამურ სახელმწიფოს” ერაყსა და სირიაში ბაზირებულ ტერორისტულ დაჯგუფებებზე განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად 188 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.