Home რუბრიკები საზოგადოება გადავარჩინოთ ქართული ჩაი _ ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე

გადავარჩინოთ ქართული ჩაი _ ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე

ჩაის პლანტაცია

სუბტროპიკული მეურნეობა საქართველოს ეროვნული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. იგი გვაძლევს კვებისათვის ძვირფას და სასარგებლო პროდუქტებს, ხოლო მრეწველობის რიგი დარგისთვის _ ნედლეულს. სუბტროპიკული კულტურები ფართოდაა საქართველოში გავრცელებული, მას სამრეწველო მნიშვნელობა აქვს და დამოუკიდებელ საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლი მიეკუთვნება.

მეჩაიეობის დარგს საქართველოში 150-წლიანი ისტორია აქვს. გასულ საუკუნეში ის კუსტარულ მეურნეობიდან გადაიქცა სოფლის მეურნეობის წამყვან, მაღალგანვითარებულ დარგად და ასრულებდა გადამწყვეტ როლს რესპუბლიკის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების, საზოგადოებრივი მეურნეობებისა და მოსახლეობის შემოსავლებში. მსოფლიოში ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის საქართველო მე-5 ადგილზე იყო წელიწადში 130-140 ათასი ტონა ჩაის მზა პროდუქციის წარმოებით და შიგა ეროვნულ შემოსავლებში მისი ხვედრითი წილი 10-12%-ის ფარგლებში მერყეობდა. საქართველოში ჩაის წარმოების შემცირების მიზეზები და მისი დღევანდელი მდგომარეობა დაემთხვა იმ ცვლილებებს, რომელსაც მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლა და საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა. ნედლეულის შესყიდვის სახელმწიფო სისტემის შეცვლამ, საშუალებების არქონამ, დარგი იქამდე მიიყვანა, რომ დღევანდელი კრიზისიდან გამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს დახმარებით.

მეჩაიეობაში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობის გამო უმუშევარია ათეული ათასობით ადამიანი. საგრძნობლად შემცირდა ბიუჯეტის შემოსავლებიც. მეჩაიეობის დარგში მთავრობის მიერ განხორციელებული ცალკეული ღონისძიებები, როგორიცაა ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა და უცხოელი ინვესტორების მოზიდვა, საკმარისი არ აღმოჩნდა, ხოლო ფერმერები და ჩაის მეპატრონეები უსახსრობის გამო ვერაფერს აკეთებენ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისა და მაღალხარისხიანი ჩაის პროდუქციის საწარმოებლად, ქვეყნის მოსახლეობის ქართული ჩაით უზრუნველსაყოფად და, პარალელურად, უცხოური ბაზრის მოსაძიებლად.

XX საუკუნე ჩაის დარგისთვის საოცრად ხელსაყრელი იყო, ვიდრე მისი განვითარების წინა პერიოდი. 2010 წელს მსოფლიო აწარმოებდა 3 მლნ კგ-ზე მეტ ჩაის, როდესაც მისი წარმოება 1970 წელს არ აღემატებოდა 1,5 მლნ კგ-ს ბოლო მონაცემებით, ჩაის მოყვარულთა რიცხვი მიუახლოვდა 3 მილიარდ ადამიანს. მსოფლიოში წელიწადში მიირთმევენ 3 ტრილიონ ფინჯანი ჩაის. დღესდღეობით ჩაის სმის ტრადიცია გავრცელებულია მსოფლიოს 150 ქვეყანაში, რომელთაგან 50 ითვლება ჩაის ფოთლის მწარმოებელ ქვეყნად, ხოლო 100 _ მზა პროდუქციის იმპორტიორად. ბოლო 40 წლის განმავლობაში მსოფლიოში ჩაის პლანტაციების ფართობებმა მოიმატა 60%-ით და მიაღწია 2 მილიონ ჰა-ს, ხოლო მოსავლიანობა გაიზარდა 40%-ით. ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან: შრი-ლანკა (ცეილონი) _ 265 ათასი კგ, ინდოეთი _ 250 ათასი კგ, ჩინეთი _ 250 ათასი კგ, კენია _ 245 ათასი კგ, ინდონეზია _ 150 ათასი კგ. ამ ხუთ ქვეყანაზე მოდის მსოფლიოში წარმოებული ჩაის 70%. დღეს მსოფლიოში წარმოებული ჩაის 75-76% შავი ბაიხის ჩაია, ხოლო 24-25% _ მწვანე ჩაი. ოოლონგსა (წითელი, ყვითელი ჩაი) და სხვა სახის პროდუქციას უმნიშვნელო ადგილი უკავია მსოფლიოში წარმოებული ჩაის მოცულობაში (დაახლოებით 1%).

მომავალში ჩაის წარმოების შემდგომი მკვეთრი ზრდა თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან ჩაის პლანტაციების რეზერვი ძალიან შეზღუდულია და, შესაბამისად, უახლოეს წლებში შეიძლება გაჩნდეს ამ პროდუქციის დეფიციტი, ამიტომ არ არის გამორიცხული, საქართველოსათვის ჩაი კვლავ გახდეს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე.

როდესაც ჩაის დარგი ასეთ მდგომარეობაშია, იმპორტის საბაჟო პირობების გაადვილების შედეგად ქვეყანა მომარაგებულია ყველანაირი ხარისხისა და ფასის ჩაის პროდუქციით. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის ჩაი, ვიდრე შემოტანილია. ამიტომ დარგის შენარჩუნება-განვითარება აუცილებელია. სამწუხაროდ, მსოფლიოში ოდესღაც ცნობილი არომატული ქართული ჩაი დარჩა მოგონებად. საქართველო დღეს, ფაქტობრივად, ამოვარდა ჩაის მწარმოებელი ქვეყნების რიცხვიდან, ამიტომ აქტიურად უნდა დადგეს საქართველოში მეჩაიეობის აღორძინების საკითხი. ამისათვის აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ჩაის წარმოების განვითარებას და მისი გადამუშავების ტექნოლოგიური რეჟიმების სრულყოფას. აღნიშნული ამოცანის წარმატებებით გადაწყვეტა დამოკიდებულია მიზანმიმართულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე, მეცნიერული მიღწევებისა და წარმოების მოწინავე გამოცდილების სწრაფად და წარმატებით დანერგვაზე.

დარგის მდგომარეობას ამჟამად ართულებს 10-15 წლის განმავლობაში პლანტაციების მოუვლელობა, ნარგავების მნიშვნელოვანი ნაწილის ბიოლოგიურად დაბერება და ამორტიზაცია, რადგან მათი უმეტესობა გაშენებულია გასული საუკუნეების 30-იან წლებში. ჩაის პლანტაციების აღსადდგენად საჭიროა დიდი თანხები, რაც ქვეყანას ეკონომიური სიძნელეების გამო არ აქვს, ამიტომ ფერმერებმა მათზე იჯარით გაცემული ან საკუთრებაში არსებული ჩაის ფართობები თანდათანობით უნდა აღადგინონ, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან, ხელშეწყობის მიზნით, გაიცეს შეღავათიანი სესხები გარკვეული ვადით, რომლის უკან დაბრუნება განისაზღვროს 3-5 წლით.

საქართველოში მეჩაიეობას სხვა დარგებთან შედარებით განვითარების უკეთესი შესაძლებლობები აქვს, რასაც განაპირობებს, ძირითადად, ორი გარემოება: პირველი _ მეჩაიეობის განვითარების საუკუნოვანი ტრადიციები და დაგროვილი უნიკალური გამოცდილება, მეორე _ ნიადაგობრივ-კლიმატური პირობების მრავალფეროვნება, რაც განპირობებულია მისი გეოგრაფიული მდგომარეობითა და რელიეფის თავისებურებებით. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს მეჩაიეობის დარგი საქართველოში.

ამჟამად, როდესაც ჩაის დარგი ქვეყანაში გადაშენების პირასაა, მისი აღდგენის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ფორმად კოპერატიული მეურნეობები მიგვაჩნია. მათ მიერ რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციებიდან მოკრეფილი ნედლეულის გადასამუშავებლად აუცილებელი იქნება მცირე საწარმოების შექმნა (მიკრო ან მაკრო ჩაის ფაბრიკა), მათ მეტი შესაძლებლობა ექნებათ კონკურენტუნარიანი, მაღალი ხარისხის ჩაის პროდუქციის მისაღებად. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად შექმნილია მცირეგაბარიტიანი ტექნოლოგიური მანქანა-მოწყობიობები მოკრეფილი ნედლეულის გადასამუშავებლად: ჩაის ფოთლის საგრეხი მანქანა _ როლერი, მოკრეფილი ფოთლის დამხარისხებელი, ჩაის საშრობი მანქანა და ნახევარფაბრიკატის დამხარისხებელი. ყველა დანადგარი აკმაყოფილებს ტექნოლოგიური პროცესების სრული შესაბამისობით დღეში 400-500 კგ სტანდარტული ნაზი და მოუხეშო ნედლეულის გადამუშავებას.

ადრე ჩაის კულტურა იყო ქვეყნის მარჩენალი, ტრადიციული დარგი და შემოსავლების მთავარი წყარო. ამჟამად ამ დარგში შექმნილია სავალალო მდგომარეობა. გასული საუკუნის 90-იან წლებში ქვეყანაში არსებული 65 ათასი ჰა ჩაის პლანტაციიდან, სადაც დასაქმებული იყო დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი, სავარაუდოდ, დარჩენილია 10-12 ათასი ჰა. დანარჩენი ფართობები წლების განმავლობაში სხვადასხვა კულტურით ჩაანაცვლეს ან გაველურდა და განადგურდა. თუ აღნიშნულ ფართობებს შევინარჩუნებთ და გავხდით მათ მოსავლიანს, შეგვიძლია ჰა-ზე მოვკრიფოთ 3-3,5 ტონა მწვანე ნედლეული. ამ რაოდენობის ნედლეულიდან შესაძლებელია მივიღოთ 9-10 ათასი კგ მზა პროდუქცია. ამით საქართველოს შეეძლება, პირველ რიგში, დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნა ჩაიზე და გარკვეული რაოდენობა გაიტანოს საზღვარგარეთ.

მეჩაიეობაში და ჩაის მრეწველობაში განხორციელებულმა პრივატიზაციამ მოსალოდნელი შედეგები ვერ მოგვცა, პირიქით, კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა. პრივატიზაციის შემდეგ საწარმოთა ვერც ერთმა მეპატრონემ ვერ შეძლო საწარმოების და აგროკომპლექსის სრულყოფილად ამუშავება, ჩაის ნედლეულის წარმოება, ხარისხიანი პროდუქციის გამოშვება-რეალიზაცია, საკრედიტო დავალიანებების დაფარვა და მოსახლეობის დასაქმება.

მაინც რატომ უნდა აღვადგინოთ ჩაის კულტურა და რა უპირატესობა აქვს მას:

  1. რაც ზემოთ მოგახსენეთ მისგან მთავარია მოსალოდნელი შემოსავალი და ადამიანთა დასაქმება და ისიც, რომ იგი ჩვენში უალტერნატივო კულტურაა;
  2. ჩვენთან ჩაისთვის ძირითადი ტიპიური ნიადაგებია, რომელიც სხვა კულტურისათვის არ არის პერსპექტიული ნიადაგების მაღალი მჟავიანობის გამო;
  3. მზიანი დღეები, ნალექები, ნიადაგობრივი შემადგენლობა აკმაყოფილებს ჩაის ნაზი ყლორტების წარმოქმნას და მასში არომატული ნივთიერებების გენერაციას, რის გამოც ქართული ჩაი სხვებისაგან გამორჩეულია.
  4. გვყავს ჩაის დარგის სპეციალისტები, მუშახელი, არსებობს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები მაღალკვალიფიციური პოტენციალით;
  5. გვაქვს ჩაის ბუჩქის უხვმოსავლიანი სელექციური ჯიშები, მაღალი ბიოქიმიური და ტექნოლოგიური პოტენციალით;
  6. ჩაის პლანტაციები უდიდეს როლს ასრულებს ნიადაგების ეროზიისაგან დაცვის საქმეში და მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. ამასთანავე, 18-20%-ით დაბალია რადიაციული ფონი სხვა ქვეყნებთან შედარებით;
  7. ქართველი მეცნიერების მიერ შემუშავებულია და დანერგილია ჩაის კულტურის გაშენების, მოვლა-მოყვანის, კრეფის, ტრანსპორტირების, კომპლექსური მექანიზაციის გადამუშავების და რეალიზაციის ტექნოლოგიები;

სანამ არ გადაშენებულა ჩაის კულტურა, მეჩაიეობაში მდგომარეობის სასიკეთოდ შემობრუნება ნაწილობრივ შეიძლება, რისთვისაც აუცილებელია:

1. საქართველოს მთავრობამ ვენახთან ერთად ჩაის მიმართ გამოხატოს სახელმწიფოს პოზიცია და იგი მეჩაიეობის რაიონებისათვის პრიორიტეტულ დარგად აღიაროს;

2.საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განკარგულებით, საკუთრების მიუხედავად, ჩატარდეს არსებული ჩაის პლანტაციებისა და გადამამუშავებელი საწარმოების აღწერა-ინვენტარიზაცია; დადგინდეს ფოთოლსაკრეფი, პერსპექტიული და უპერსპექტივო ჩაის პლანტაციები. უპერსპექტივოები ჩამოიწეროს და გამოთავისუფლებული ფართობები გაკულტურების შემდეგ გამოყენებულ იქნას ახალი პლანტაციების გასაშენებლად. ანალოგიურად დადგინდეს ჩაის ფაბრიკების ვარგისიანობა.

3.ჩაის პლანტაციებში მესაკუთრეებმა უზრუნველყონ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, მისი მხოლოდ დანიშნულებით გამოყენება და ამიერიდან აიკრძალოს ჩაის პლანტაციების უნებართვოდ ამოძირკვა-განადგურება;

4.პერსპექტიული ჩაის პლანტაციების მესაკუთრეებისა და ჩაის გადამამუშავებელ საწარმოების მიმართ გაწეული იქნას ფინანსური დახმარება ან გაიცეს შეღევათიანი კრედიტები ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციისა და მხოლოდ ხარისხიანი ნედლეულის დამზადების მიზნით.

5.საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩაის მწარმოებელ და გადამამუშავებელ საწარმოებს გაუწიოს დახმარება პროდუქციის რეალიზაციისა და სათანადო ბაზრის მოძიების მიზნით. პარალელურად განახორციელოს ღონისძიება ქვეყნის მოსახლეობის, ჯარის ნაწილების, სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამამულო ჩაით მომარაგებისთვის. აიკრძალოს ან შეიზღუდოს საზღვარგარეთიდან დაბალხარისხიანი ჩაის პროდუქციის იმპორტი მასზე საბაჟო გადასახადების გაზრდით, როგორც ეს მეზობელ სახელმწიფოებშია;

6.საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და მისი გეოგრაფიული სიახლოვე ჩაის არამწარმოებელ ქვეყნებთან, მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩაის წარმოების გასავითარებლად.

ჩვენ წინააღმდეგი ვართ სუბტროპიკული ზონის კოპერატივები და ფერმერული მეურნეობები დაკავებული იყვნენ მონოკულტურით. ჩაიმ და ციტრუსებმა უნდა დაიკავონ პრიორიტეტული ადგილი. ეს დასაბუთებულია იმით, რომ აღნიშნული კულტურების პროდუქციაზე ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ბაზრის მოთხოვნა, რაც ფერმერებს მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას მისცემს.

თამაზ ცანავა,

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

ვაჟა ფიფია,

ლიცენზირებული ქსპერტი სოფლის მეურნეობაში

3 COMMENTS

  1. ჩაის იავარქმნა დაიწყო იმ დღიდამ, როდესაც ჩაის პლანტაციები მივყიდეთ “გადამთიელს”!… მან მოსპო ჩაის კულტურა საქართველოში!… ამჟამად კი ისღა დაგვრჩენია ბატონ გონერი სალიას მსგსვს ენთუზიასტებს გვერდში ამოვუდგეთ!

  2. Mtavrobidan aucileblad chirdeba daxmareba chais kulturis agordzinebas, chemi azrit pirvel rigshi Sachiroa, daxmareba gaewios im mewarmeebs vinc dgemdea am saqmianobit dakavebuli. Imitom rom saqmec ician. Da movaleobad miichneven am kulturis gadarchenas ratqmaunda saxemwifos daxmarebit .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here