Home ახალი ამბები ბრძოლა ქურდული სამყაროს ტახტისთვის – ვინ დაიდგამს “გვირგვინს”?

ბრძოლა ქურდული სამყაროს ტახტისთვის – ვინ დაიდგამს “გვირგვინს”?

ბრძოლა ქურდული სამყაროს ტახტისთვის – ვინ დაიდგამს “გვირგვინს” – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ 2018 წელი ქურდული სამყაროსთვის,  რამდენიმე მიზეზით, განსაკუთრებით საინტერესო იქნება.

“1. ამ წელს  სასჯელაღსრულების დაწესებულებას ერთდროულად სამი გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ ტოვებს. მათ სასჯელის ვადა ეწურებათ, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს კლანებს შორის დღეს არსებული ძალთა ბალანსი. 2. აზერბაიჯანის ციხიდან გათავისუფლებული და სტამბოლში დაბინავებული ნადირ სალიფოვი (ლოტი გული) აქტიურად დაიწყებს გავლენების გაფართოებას, რაც, დიდი ალბათობით, სისხლისღვრის გარეშე არ ჩაივლის და 3. ნომერ პირველი „კანონიერი ქურდობისთვის“ ბრძოლა გადამწყვეტ და კრიზისულ ფაზაში შევა.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც 2018 წლის ყველაზე სერიოზულ გამოწვევად მაინც ნადირ სალიფოვის აზერბაიჯანული კლანის გაძლიერებას ასახელებენ. რუსული პრესა, სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ სალიფოვის დაჯგუფება სულ უფრო და უფრო მეტად იკრებს ძალებს. 2017 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენადაც სწორედ მისი გათავისუფლება დასახელდა”,- წერს გამოცემა.

მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ ნადირ სალიფოვმა აზერბაიჯანის ციხე 24 ოქტომბერს, 45 წლის ასაკში დატოვა და პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ მისი უახლოესი მეგობრის, ელშან მამედოვის საფლავი მოინახულა და პირობაც დადო, რომ მისი მკვლელობის გამო შურს იძიებდა. ელშან მამედოვი 11 სექტემბერს ორთაჭალაში, რესტორან „მასპინძელოსთან“ მოკლეს. ვინ შეუკვეთა „გულის“ მარჯვენა ხელის, ელშან მამედოვის მკვლელობა და უშუალოდ ვინ ესროლა მას ორთაჭალაში 12 სექტემბერს? ამის შესახებ ოდნავ ქვემოთ უფრო ვრცლად გიამბობთ, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ნადირ სალიფოვი ქურდულ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება. ის ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეა. მის კლანს უკავშირდება 2016 წლის აგვისტოში, სტამბოლში ცნობილი „კანონიერი ქურდის“ როვშან ჯანიევის მკვლელობა. ძმები სალიფოვების დაჯგუფებას საკუთარი გავლენები აქვს საქართველოშიც, სადაც ბოლო წლებში ამ ჯგუფის არაერთი წევრი დააპატიმრეს.

გათავისუფლების შემდეგ ნადირ სალიფოვი თურქეთში დასახლდა და პრეტენზია განაცხადა ნომერ პირველ „კანონიერ ქურდობაზე“, ამისთვის კი მას პირველ რიგში აზერბაიჯანული კლანის გაერთიანება და, ასევე, რუსეთის ტერიტორიაზე დაფიქსირება სჭირდება, სადაც მასზე ოფიციალურად ძებნაა გამოცხადებული. ამ დრომდე პირველობას არავის უთმობდა შაქრო კალაშოვი, თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „შაქრო მალადოის“ ციხეში მრავალი წლის გატარება მოუწევს, ავტომატურად დღის წესრიგში დადგა ახალი „ბოსების ბოსის“ არჩევის საკითხი. ნადირ სალიფოვი პრეტენდენტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია. ახლა ის ცდილობს რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი აზერბაიჯანულ დიასპორაზე საკუთარი გავლენის მოპოვებას. რუსული წყაროების ცნობით,  ამ მიზნით, მან მოსკოვში გაგზავნა საკუთარი ძმა, ნამიკ სალიფოვი, რომელიც ასევე „კანონიერი ქურდია“. მან იქ მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეახსენა, ვინ არის მათი კრიმინალური ბოსი. დიასპორის გავლენიანი წარმომადგენლების უმრავლესობა სალიფოვს პრეტენზიის გარეშე „დანებდა“.

ნადირ სალიფოვის ამბიციებსა და ქურდული სამყაროს ტახტზე ასვლის სურვილს უკვე შეეწირა რამდენიმე „ავტორიტეტი“. მაგალითად, დავით ალხანიშვილი (დათო პანკისკი), რომელიც 2017 წლის დეკემბერში სტამბოლში მოკლეს. ეთნიკურად ჩეჩენი ალხანიშვილი პანსკისში დაიბადა. ბოლო პერიოდში მისი გავლენები საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის ცნობილ ჩეჩენ „კანონიერ ქურდს“ აზიზ ბატუკაევს გაურიგდა.

საიდუმლოს უკვე აღარ წარმოადგენს ამ უკანასკნელის მჭიდრო კავშირები ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან, რასაც ყირგიზეთიდან ბურუსით მოცული მისი ექსტრადირების ამბავიც მოწმობს. ბატუკაევს ყირგიზეთის სასამართლომ 2013 წელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ის მალევე სასიკვდილო დიაგნოზის საფუძველზე გაათავისუფლეს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სამედიცინო ცნობა გაყალბებული იყო, თუმცა ის უკვე სამშვიდობოს გახლდათ. დადასტურებული ინფორმაციით, ყირგიზეთიდან აზიზ ბატუკაევი რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის, ადამ დელიმხანოვის პირადი თვითმფრინავით გაიყვანეს და ჩეჩნეთში ჩასვლისთანავე რუსეთის მოქალაქეობაც უბოძეს. ამით ქურდული სამყაროს ჩეჩნურ განშტოებაში უპრეცედენტო კომბინაცია გათამაშდა და ერთი ორად გაიზარდა ეთნიკურად ჩეჩენი ქურდების რაოდენობაცა და გავლენებიც. ბატუკაევის ჩეჩნური კლანი ერთ-ერთია, ვინც ნადირ სალიფოვისთვის პრობლემას წარმოადგენს. მაგალითად, დათო ალხანიშვილმა რამდენჯერმე გადაუღობა გზა „გულის“, რომელიც ფიქრობს, რომ ყველა პრობლემური საკითხი პირადად მასთან უნდა წყდებოდეს. როგორც ჩანს, ალხანიშვილმა ეს არ გაითვალისწინა, რის შემდეგაც ის სტამბოლში ჩაცხრილეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთში „გულისთან“ დაპირისპირებული სხვა კლანებიც არიან, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნადირ სალიფოვისთვის ეს იქნება საკმაოდ ცხელი და რისკიანი წელი. მასზე თავდასხმა უკვე რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ყველა ჯერზე ის უვნებელი გამოძვრა.

სალიფოვს პრობლემები აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშიც, სადაც სიტუაციის დასალაგებლად თავისი უახლოესი მეგობარი, რაშად ისმაილოვი გაგზავნა, თუმცა ადგილობრივმა „კანონიერმა ქურდმა“ რაულ ბარცბამ (პიზა) მას ცეცხლი გაუხსნა. ისმაილოვი სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ, დიდი ალბათობით, სალიფოვის დაჯგუფება ამას არ გადაყლაპავს.

ქურდულ სამყაროში ნომერი პირველი „კანონიერი ქურდის“ ტიტულს 2017 წლამდე შაქრო კალაშოვი ფლობდა. რუსული პრესა წერს, რომ კალაშოვი მის მემკვიდრედ ვასილ ქრისტოფეროვს (ვასია ვასკრესს) განიხილავდა. მართალია, ქრისტოფეროვს აქვს საკმაოდ სერიოზული გავლენები და სლავური წარმოშობის „კანონიერ ქურდებს“ შორის დიდი სიმპათიითაც სარგებლობს, მაგრამ საკითხავია, გაუძლებს თუ არა ის ნადირ სალიფოვის მზარდ ამბიციებსა და მწვავე კონკურენციას.

ქურდული სამყაროს ტახტზე პრეტენზიას აცხადებს ედუარდ ასატრიანის (ასატრინა) და დიმიტრი ჭანტურიას (მირონა) ტანდემიც, რომლებიც სრულიად მოულოდნელად გაერთიანდნენ და დამოუკიდებელი კლანის ფორმირება დაიწყეს. მოულოდნელად იმიტომ, რომ თავის დროზე ასატრიანს ჭანტურიამ სხვა ქართველ „კანონიერ ქურდებთან“ ერთად სცემა. შესაბამისად, მათი გაერთიანება საკმაოდ ბევრ კითხვას იწვევს.

დიმიტრი ჭანტურია ქურდული სამყაროს ნათლიმამის, ასლან უსოიანის (ძედ ჰასანი) შვილობილი და ახლო ნათესავია. ცნობილია, რომ „ძედ ჰასანი“ ჭანტურიას თავიდანვე თავის მემკვიდრედ განიხილავდა. უსოიანის მკვლელობის შემდეგ მისი გარემოცვა ცდილობდა „მირონას“ „ტახტზე“ აყვანას, თუმცა საბოლოოდ „ძედ ჰასანის“ შემცვლელად შაქრო კალაშოვი მოგვევლინა, რომელიც, უსოიანის მსგავსად, საქართველოში დაბადებული ქურთი იეზიდი გახლავთ.

პრეტენდენტებს შორის ასევე განიხილებოდა ლაშა შუშანაშვილის კანდიდატურაც, რომლის კლანიც საბერძნეთში საკმაოდ გაძლიერდა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ძმები კახა და ლაშა შუშანაშვილები ნადირ სალიფოვს გაურიგდნენ. მათ შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და როგორც რუსული პრესა წერს, ისინი საერთო მტერმა – მერაბ ჯანგველაძემ გააერთიანათ.

პრესა ნომერ პირველ „კანონიერ ქურდობას“ უწინასწარმეტყველებდა ვლადიმერ ტიურინსაც (ტიურიკი), თუმცა ის ბრძოლის ასპარეზს ორი მიზეზით გამოეთიშა: 1. დააპატიმრეს მისი მთავარი საყრდენი, „კანონიერი ქურდი“ იური პიჩუგინი (პიჩუგა) და 2. ტიურინს უკრაინამ წაუყენა ბრალდება ყოფილი დეპუტატის, დენის ვორონენკოს მკვლელობისთვის.

ამრიგად, დღეის მდგომარეობით ყველაზე მეტი შანსი ეთნიკურად აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეს, ნადირ სალიფოვს აქვს, თუმცა მისი მხარდაჭერის ბალანსი შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც ციხეს რამდენიმე გავლენიანი კანონიერი ქურდი დატოვებს, მათ შორის ბადრი კოღუაშვილი, რამაზ ძნელაძე და ახმედ დომბაევი. სამივე მათგანი სასჯელაღსრულების დაწესებულებას სწორედ 2018 წელს ტოვებს. მართალია, ისინი ტახტზე პრეტენზიას არ აცხადებენ, თუმცა მათი აზრი მეტწილად განაპირობებს, დაიდგამს თუ არა „გული“ ბოსების ბოსის გვირგვინს.

პრესა და სამართალდამცავი უწყებები ვარაუდობენ, რომ მთელი ეს ბრძოლა სისხლისღვრის გარეშე არ ჩაივლის. როგორც ცნობილია, სალიფოვის კლანიდან ერთ-ერთი პირველი ელშან მემედოვი მოიცილეს, რომელსაც 2017 წლის 12 სექტემბერს თბილისის ცენტრში სამი ტყვია ესროლეს.

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული დანაშაულისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს რუსეთის ფედერაციის ორ მოქალაქეს – 42 წლის ჰუსეინ ისკანდეროვს და 38 წლის ემინ ახმედოვს. ორივე მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა და ოფიციალური ძებნა გამოცხადდა.

გახმაურებული მკვლელობის გახსნის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს, სადაც განმარტეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გრძელდება (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში).

როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, ორივე ბრალდებული – ჰუსეინ ისკანდეროვი და ემინ ახმედოვი, ნადირ სალიფოვთან დაპირისპირებულ ჯგუფს წარმოადგენდნენ და მამედოვის მკვლელობით მათ შური იძიეს ასევე ცნობილი „კანონიერი ქურდის“ როვშან ჯანიევის (ლენკორანსკი) მკვლელობის გამო. ჯანიევი 2016 წლის სექტემბერში სტამბოლში მოკლეს. მკვლელობის შემკვეთად – იმ დროისთვის აზერბაიჯანის ციხეში მყოფი ნადირ სალიფოვი, უშუალო შემსრულებლად კი სწორედ ელშან მამედოვი სახელდებოდა.

რაც შეეხება აბანოთუბანში მამედოვის ჩაცხრილვას, დადასტურებული ინფორმაციით, 2017 წლის 12 სექტემბერს მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ის რესტორანში ნადირ სალიფოვის უახლოეს გარემოცვასთან, მათ შორის ილჰამ გაჯიევთან ერთად იმყოფებოდა. მოულოდნელად მან ყავის დალევა შეწყვიტა, რესტორნიდან გავიდა და „ტოიოტა ლენდ კრუიზერის“ მარკის ავტომობილში (სანომრე ნიშნებით GO-360-OO) ჩაჯდა, რა დროსაც გაისმა გასროლის ხმა. მამედოვს სამი ტყვია თავის არეში ესროლეს, რის შედეგადაც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ქილერი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და როგორც გაირკვა, ქვეყნის დატოვებაც ოპერატიულად მოახერხა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ელშან მამედოვს პირადად ჰუსეინ ისკანდეროვმა ესროლა.

ამჟამად, მამედოვის მკვლელობაში ბრალდებული ორივე პირი სანკტ-პეტერბურგის იზოლატორში იმყოფება. ჩვენი ინფორმაციით, ისკანედროვი და ახმედოვი რუსმა სამართალდამცველებმა სანკტ-პეტერბურგის სასამართლოს შენობასთან კიდევ ერთი მკვლელობის მომზადების ფაქტზე აიყვანეს. დაკავებულების ჩხრეკისას იარაღი, ხელბორკილები, ნიღბები და ბინოკლები ამოიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ მათზე ქართულ მხარეს საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული, სავარაუდოდ, საქართველოში ექსტრადირება ვერ მოხდება, რადგან ისკანდეროვიც და ახმედოვიც რუსეთის მოქალაქეები არიან, საკუთარი ქვეყნის მოქალაქის უცხო ქვეყნისთვის გადაცემას კი კანონმდებლობა კრძალავს.

ვინ შეუკვეთა ელშან მამედოვის მკვლელობა? სხვადასხვა წყაროების მონაცემებით, მამედოვის მკვლელობა რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანელ კრიმინალურ „ავტორიტეტ“ რაფიკ აივაზოვზე თავდასხმას უკავშირდება. ცნობილია, რომ მამედოვმა აივაზოვს საკუთარ რესტორანში ყური მოაჭრა, მოგვიანებით კი მოჭრილი ყურის ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამედოვის მკვლელობის ფინანსური მხარე 2016 წელს მოკლული „კანონიერი ქურდის“ როვშან ჯანიევის ოჯახმა უზრუნველყო. კერძოდ, საუბარია როვშან ჯანიევის ცოლისძმაზე, ზაურ ახმედოვზე, რომელიც გახლავთ მოსკოვის ერთ-ერთი უმსხვილესი აგროსაწარმოს, „ფუდ სიტის“ აქციონერი. დასახელდა კონკრეტული თანხაც, რომელიც ზაურ ახმედოვმა მამედოვის მკვლელობაში გადაიხადა. საუბარია 500 ათას დოლარზე. ქართველი სამართალდამცველების მიერ ელშან მამედოვის მკვლელობაში მხილებული ერთ-ერთი პირი, ემინ ახმედოვი ზაურ ახმედოვის ძმა გახლავთ.

წყარო: “პრაიმტაიმი”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here