Home რუბრიკები საზოგადოება ბროწეულის ნერგის წარმოება და ბაღის გაშენება

ბროწეულის ნერგის წარმოება და ბაღის გაშენება

11860
ბროწეული

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

ბროწეული (Punica granatum) ფოთოლმცვენი ეკლიანი ბუჩქი ან ტანდაბალი ხეა (სიმაღლით 2-6 მეტრი). ბროწეულის სამშობლოა ირანი და ანატოლია (თურქეთი), თუმცა დღეს, ამ ქვეყნების გარდა, იგი დიდი რაოდენობით მოჰყავთ სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მშრალ რეგიონებში, ინდოეთში, აშშ-ში, ტროპიკულ აფრიკაში, ისრაელში, ავღანეთში, სირიაში, მაროკოში, ესპანეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ევროპას ბროწეულით, ძირითადად, ესპანეთი ამარაგებს. ევროკავშირის ბაზარზე ბროწეულის მსხვილი მიმწოდებლები არიან, აგრეთვე, თურქეთი და ისრაელი. ევროკავშირი ბროწეულის იმპორტს მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს, საბითუმო ფასი კილოგრამზე 1,80 ევრომდე (ჯიშის მიხედვით) მერყეობს.

საქართველოში ბროწეული ხარობს როგორც დასავლეთ (ტენიანი ჰავის პირობებში), ისე აღმოსავლეთ (მშრალი ჰავის პირობებში) ნაწილში, მაგრამ ამ გემრიელ და სასარგებლო ხილზე მოთხოვნა მეტწილად იმპორტით კმაყოფილდება. საქართველოში ბროწეულის წარმოების კარგი პოტენციალია, დიდია მოთხოვნა სხვა ქვეყნებშიც, სწორედ ამ გარემოებათა გათვალისწინებით ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში ბროწეულის პლანტაციების გაშენება დაიწყო.

სასარგებლო თვისებები

ბროწეული მდიდარია A, C, E, B1, B2, PP ვიტამინებით, რკინით, იოდით, კალციუმით, კალიუმითა და სილიციუმით. თესლის წვნიანი გარსი ბროწეულის მთავარი ღირსებაა. მასში არის გლუკოზა, ფრუქტოზა, ლიმონის, ვაშლისა და სხვა ორგანული მჟავები, ტანინი, მიკროელემენტები.

ბროწეულის წვენი აღძრავს მადას, მატებს ჰემოგლობინს სისხლში, ასუფთავებს სისხლს და ხელს უწყობს ორგანიზმის გასუფთავებას რადიაციისგან. სასარგებლოა გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას. გამოიყენება როგორც გამაჯანსაღებელი საშუალება. ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში ავადმყოფობისა და ოპერაციების შემდგომ.

ბროწეულის კანი, ფოთლები, ხის ქერქი მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით. მათ თხელი ტყავების დასამუშავებლად და საღებავების წარმოებაში იყენებენ.

მოთხოვნები გარემო პირობებისადმი

ბროწეული მშრალი სუბტროპიკული ჰავის მცენარეა, მაგრამ მრავალ ფორმათა წარმოქმნის უნარის გამო მას სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებში გავრცელების ფართო დიაპაზონი აქვს. ბროწეული უხვ და მაღალხარისხიან მოსავალს ცხელი და მშრალი ჰავის პირობებში იძლევა. იგი მაღალხარისხიან პროდუქციას იძლევა იმ რაიონებში, რომლებშიც აქტიური ტემპერატურების ჯამი 40000 აღემატება. აქტიური ტემპერატურების ჯამი დიდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ მოსავლიანობასა და მის ხარისხზე, არამედ იგი წარმოადგენს ბროწეულის კულტურისთვის ადგილის შესარჩევ ერთ-ერთ ძირითად აგროკლიმატურ მაჩვენებელსაც.

ბროწეული ვრცელდება ადგილებში, სადაც მცირე რაოდენობით მოდის ნალექი (180-560 მმ). კარგად ხარობს ტენიან რაიონებშიც, სადაც ნალექების რაოდენობა 1200-2000 მმია.

მცენარის გვალვაგამძლეობა მკვეთრად ეცემა გენერაციული ორგანოების წარმოქმნის სტადიაში. ამ დროს, ჯერ ერთი, მცენარეს დიდი რაოდენობით უვითარდება უნაყოფო ზარისებრი ყვავილები და, მეორე მხრივ, ყვავილები და ნასკვები გაძლიერებულად ცვივა.

ნერგის წარმოება

ბროწეული მრავლდება თესლით და ვეგეტატიური ნაწილებით. თესლით გამრავლების დროს თაობა არაერთგვაროვანია. ბროწეულის ნერგის გამოყვანა და მაღალპროდუქტიული ერთგვაროვანი ნარგაობის მიღება, რომელიც ადრე შედის მსხმოიარობაში, შესაძლებელია ვეგეტატიური ნაწილებით გამრავლების გზით.

პრაქტიკული და ეკონომიური თვალსაზრისით, ყველაზე მოხერხებული და გამართლებული წესი კალმებით დაფესვიანებაა, რომლისთვისაც გამოიყენება, როგორც მწვანე, ისე გამერქნებული კალმები.

ბროწეულის გამრავლებისა და ნერგის წარმოების გადიდებისთვის, ჯიშებისა და ფორმების დიდი რაოდენობით სარგავი მასალის მიღებისთვის გთავაზობთ ჩვენ მიერ შემუშავებულ პროგრესულ მეთოდს: კალმების დაფესვიანება და ნერგის აღზრდა წარმოებს წაკვეთილი კონუსური ფორმის, საკვები სუბსტრაქტით (ნიადაგი + ნაკელი 1:1-თან შეფარდებით) შევსებული პოლიეთილენის ტომრების გვერდით ზედაპირზე.

დასაფესვიანებლად გამოიყენება ერთწლიანი 20-25 სმ სიგრძისა და 0,9-1,1 სმ დიამეტრის კალმები, რომლებიც ტომრის ზედაპირზე უნდა განვალაგოთ 15X15 სმ კვების არით. სუბსტრატში მოთავსებულ კალმის ნაწილზე კვირტები დაბრმავებულია. სტანდარტული ნერგის გამოსავლიანობა 1 მ2-ზე 160-170 ცალი ნერგია.

ბაღის გაშენება

ადგილის შერჩევისას გასათვალისწინებელია ფართობის რელიეფი. ბაღი შეიძლება გაშენდეს როგორც ვაკე ადგილებში, ისე სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობებზე. განსხვავებული რელიეფის პირობებში უპირატესობა ვაკე ან მცირე დაქანების ფერდობებს ენიჭება, სადაც გაადვილებულია სამუშაოთა მექანიზებულად ჩატარება, უკეთესია მცენარეთა კვების პირობები. ფერდობი ადგილებიდან ბაღის გასაშენებლად პირველ რიგში სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის დაქანებები უნდა გამოიყოს.

ბაღის გაშენებისას, დარგვის წინ, შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე ნიადაგი 40-45 სმ სიღრმეზე უნდა მოიხნას. უმჯობესია, პირველ წელს გასაშენებელ ნიადაგზე სიდერატების ან ერთწლიანი მცენარეების თესვა.

ბაღის გაშენებისას ნაკვეთის დაგეგმვა კვადრატული წესით ტარდება. ასეთი წესით გაშენებულ ბაღში ნიადაგის დამუშავებისას მექანიზაციის გამოყენება იზრდება, როდესაც მცენარეთა შორის მანძილი ჯიშებისათვის _ 5X3; 4 X 2,5 მ-ია;

ბროწეულის კულტურის გაშენება შეიძლება როგორც შემოდგომაზე, ასევე გაზაფხულზე; მცენარის გახარებისათვის დარგვა უმჯობესია ადრე გაზაფხულზე. დასარგავად საუკეთესო პერიოდია მარტი, რადგან ნიადაგში საკმაო ტენია და მცენარის ვეგეტაცია არ არის დაწყებული.

არ უნდა დავუშვათ ნერგების ფესვების მექანიკური დაზიანება და მისი გამოშრობა, ამიტომ ნერგები დარგვამდე მიმარხულ მდგომარეობაში უნდა შევინახოთ, ამგვარად ფესვები საკმაო რაოდენობის ტენით იქნება უზრუნველყოფილი. ნერგის მიმარხვისას ნიადაგი ირწყვება.

ბაღის გაშენებისას ერთ-ერთი საკითხია მინერალური სასუქების დოზებისა და საკვები ელემენტების შეთანაწყობით გამოყენება. სარწყავ ნიადაგზე ბროწეულის ბაღის ქვეშ კარგ შედეგს იძლევა სრული მინერალური სასუქის გამოყენება _ N120P120 K120 დოზით (მოქმედი ნივთიერება).

ბროწეული აღმოსავლეთ საქართველოში უნდა გაშენდეს ზღვის დონიდან 500 სიმაღლემდე _ ქვემო ქართლისა და კახეთის რაიონებში, ხოლო დასავლეთ საქართველოში 300-400 მეტრამდე _ იმერეთის, აჭარაგურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის რაიონებში.

აღმოსავლეთ საქართველოში რეკომენდაცია ეძლევა შემდეგ ჯიშებსა და ფორმებს: ფიროსმანი, შირვანი, აფშერონის წითელი, ვეძისური, ქართული #1, თენგო, იალია, ფორმა #8, ბურაჩნი, გიულ-ნარი, სულუ-ნარი, ზაქათალას წითელი, ფრანცისი;

დასავლეთ საქართველოში: იმერეთის საუკეთესო, მაღლაკი, ზუგდიდი, ხორშა, ბუკისციხე, ერკეთი, ფორმები #5, #11, #63, #70, რომელთა მოსავალი 161-224 ც/ჰა.

ფიროსმანი, ბურაჩნი, სულუ-ნარი, ზაქათალას წითელი, ფრანცისი, ვეძისური, ქართული #1, თენგო, იალია, იმერეთის საუკეთესო, მაღლაკი, ფორმა #11 და #70 _ მომჟავო-მოტკბო, უნივერსალური დანიშნულების ჯიშები და ფორმებია. ისინი გამოყენებული უნდა იქნას, როგორც ნედლი ხილის სახით, ასევე წვენების დასამზადებლად. შირვანი, ფორმა #8, #63 და ბუკნარი, როგორც ტკბილი ჯიშები და ფორმები, გამოიყენება სადესერტო ხილის სახით, ხოლო გიულ-ნარი, მაღლაკი, ერკეთი, ბუკისციხე და ფორმა #1, როგორც მჟავე ჯიშები და ფორმები, მოიხმარება კერძების საკმაზად, საწებლების დასამზადებლად, ლიმონმჟავის მისაღებად და სხვ.

ჯიშები და ფორმები: ფიროსმანი, შირვანი, აფშერონის წითელი, ვეძისური, ქართული #1, თენგო, იალია, ფორმა #70, ბურაჩნი, სულუ-ნარი, ზაქათალას წითელი, ბურაჩნი, იმერეთის საუკეთესო _ საშუალოდ მოზარდი ჯიშებია და უნდა გაშენდეს ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით 5X3; 4X2,5 მეტრზე, ხოლო ფრანცისი და გიულ-ნარი 4X2; 3X2 მეტრზე.

ბაღები შენდება ერთშტამბიანი ნერგებით. მცენარეებს მიეცემა დაბალტანიანი ხის ფორმა. შტამბის სიმაღლე იქნება 50-70 სმ-ია; ნიადაგი ყოველთვის უნდა იყოს ფხვიერ მდგომარებაში, ორგანული და მინერალური სასუქებით განოყიერებული.

მავნებელდაავადებები

სხვა მრავალწლოვანი კულტურებისგან განსხვავებით, ბროწეულს წამლობა ნაკლებად სჭირდება. ბროწეულს ძირითადად აზიანებს ნაყოფჭამია, ბუგრი, ტკიპა. ავადდება ფომოფსისით (ტოტების კიბო).

ღონისძიებები: გამხმარი ტოტებისა და მკვდარი ფესვების მოცილება და დაწვა. Gგაზაფხულზე 1%-იანი ბორდოს სითხის, შემოდგომაზე 5%-იანი სპილენძის აჯასპის შესხურება.

მოსავალი

ბროწეული პირველ მოსავალს მესამე წელს იძლევა, მაგრამ სრულ პოტენციალს მეხუთე-მეექვსე წლიდან ავლენს. ბროწეულის ხე 15-20 წლის განმავლობაში კარგად ისხამს, შემდეგ კი შეიძლება მისი განახლება როგორც ახალი ნარგავით, ასევე ძველი ნარგავის ტოტების გადაჭრით. კარგი მოვლისას და შესაბამისი ჯიშის პირობებში ერთი ხის მოსავალი 50-60 კგ-ს აღწევს.

შენახვა

დაუზიანებელი, საღი ბროწეული, ჩვეულებრივ, ერთ თვეს ინახება, მაცივარში კი შვიდ თვესაც ძლებს. სპეციალისტების რეკომენდაციით, უკეთესი შედეგისათვის უპრიანია, ბროწეული სათითაოდ შეახვიონ ქაღალდში და დაბალტენიან მაცივარში შეინახონ 00-50 ჩ ტემპერატურაზე 80-85%-იან ტენიანობით.

იუზა ვასაძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,

ნადეჟდა მიროტაძე,

ლალი გოგინავა,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორები,

ნატრული მიქაძე,

 სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი

1 COMMENT

  1. მადლობᲗ რᲩევისᲗვის ხუᲗი წელია დავრგე კარგი ბუᲩქი გახდა ჯერ ყვავილი არ გამოუტანია არც ერᲗი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here