Home რუბრიკები პოლიტიკა “ბრიჩსი _ სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ჰორიზონტებისკენ”

“ბრიჩსი _ სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ჰორიზონტებისკენ”

ვლადიმერ პუტინი

4-5 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ სიამენში ბრიჩსის (ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2006 წელს და რომელშიც გაერთიანებულია 5 სახელმწიფო: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა) მორიგი, მე-9 სამიტი გაიმართა. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაქვეყნა საპროგრამო სტატიაბრიჩსი _ სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ჰორიზონტებისკენ”, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ. სწორედ ამ საპროგრამო სტატიაში აღნიშნულ პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს სამიტის მონაწილეებმა სიამენში.

“საჭიროდ მიმაჩნია, წარმოგიდგინოთ რუსეთის მიდგომები ამ დიდ და ავტორიტეტულ გაერთიანებაში თანამშრომლობის მიმართ, გაგიზიაროთ თვალსაზრისი სამომავლო ურთიერთქმედების პერსპექტივაზე.

უნდა აღვნიშნო მიმდინარე წელს ჩინეთის, როგორც ბრიჩსის თავმჯდომარე ქვეყნის, ეფექტიანი მუშაობა, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, სერიოზული წინსვლა გვქონოდა პარტნიორობის ყველა საკვანძო მიმართულებით _ პოლიტიკური, ეკონომიკური ჰუმანიტარული. დავძენ, რომ ხუთეულმა შესამჩნევლად განიმტკიცა პოზიციები მსოფლიოში.

მნიშვნელოვანა, რომ ჩვენი გაერთიანების მოღვაწეობა აგებულია თანასწორობის, პატივისცემისა და კონსენსუსის პრინციპებზე. ბრიჩსში არავის ახვევენ თავს თავის თვალსაზრისს. როდესაც მიდგომები არ ემთხვევა, იწყება გულმოდგინე მუშაობა მათ დასაახლოებლად.

ასეთი ღია, ნდობით გაჟღენთილი ატმოსფერო ხელს უწყობს დასახული ამოცანების წარმატებით რეალიზაციას. რუსეთი დიდად აფასებს “ხუთეულის” ფორმატით გათვალისწინებულ მრავალ ურთიერთქმედებას. საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნების კონსტრუქციული თანამშრომლობა მიმართულია მსოფლიოს სამართლიანი და მრავალპოლუსიანი მოწყობისკენ, ყველა ქვეყნისთვის განვითარების ერთნაირი შესაძლებლობების შექმნისკენ.

რუსეთი მხარს უჭერს ბრიჩსის სახელმწიფოების უფრო მჭიდრო კოორდინაციას, უწინარესად, გაეროსა და “ოციანთა ჯგუფში”, აგრეთვე, სხვა საერთაშორისო სტრუქტურებში. აშკარაა, რომ მხოლოდ ყველა ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება პლანეტაზე სტაბილურობის უზრუნველყოფა, მწვავე კონფლიქტების, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთის, მოგვარების გზების პოვნა.

აღვნიშნავ, რომ რუსეთისა და სხვა დაინტერესებული ქვეყნების ბოლოდროინდელი მოქმედებების წყალობით სირიაში ვითარების გაუმჯობესების წინაპირობები გაჩნდა. ტერორისტებმა მძლავრი დარტყმა იგემეს, შეიქმნა პირობები ვითარების პოლიტიკური დარეგულირების პროცესის დასაწყებად და სირიელი ხალხის მშვიდობიანი ცხოვრებისკენ დასაბრუნებლად. ამასთანავე, სირიასა და სხვა ქვეყნებსა თუ რეგიონებში ტერორისტებთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. რუსეთი მოუწოდებს, არა სიტყვით, არამედ საქმით განმტკიცდეს ფართო ანტიტერორისტული ფრონტის ჩამოყალიბება აღიარებულ საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველზე, სადაც ცენტრალური როლის შესრულება გაეროს დაეკისრება და ამ მხრივ, ჩვენ, ბუნებრივია, ვუფრთხილდებით ჩვენი ბრიჩსელი პარტნიორების მხარდაჭერასა და თანადგომას.

უყურადღებოდ ვერ დავტოვებ კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილ ვითარებას, რომელიც ბოლო პერიოდში გამწვავდა და მასშტაბური კონფლიქტის ზღვარზეა. რუსეთის აზრით, გათვლა იმაზე, რომ კორეის სახალხოდემოკრატიული რესპუბლიკის სარაკეტობირთვული პროგრამის შეჩერება მხოლოდ ფხენიანზე წნეხის გაძლიერებით შეიძლება, მცდარი და უპერსპექტივოა.

რეგიონის პრობლემა ყველა დაინტერესებული მხარის პირდაპირი დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს, წინაპირობების წამოუყელებლად. პროვოკაციები, ზემოქმედება, საომარი და შეურაცხმყოფელი რიტორიკა _ ეს არის გზა არსაით.

ჩინელ კოლეგებთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ კორეის ნახევარკუნძულის პრობლემის მოგვარების “საგზაო რუკა”, რომელიც ითვალისწინებს დაძაბულობის ეტაპობრივად შემცირებას, მშვიდობისა და უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას.

რუსეთი გამოდის გლობალური საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში ბრიჩსის ქვეყნების ურთიერთქმედების გაფართოების იდეით. გვსურს, ერთობლივად ჩამოვაყალიბოთ თანამშრომლობის შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი ბაზა, პერსპექტივაში კი შევიმუშაოთ და მივიღოთ უნივერსალური წესები ამ სფეროში სახელმწიფოების საპასუხისმგებლო ქცევებზე. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ბრიჩსის ქვეყნების მთავრობათაშორისი შეთანხმება საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს უფაში გამართულ სამიტზე, რუსეთის ინიციატივით, მიღებული იქნა და წარმატებით რეალიზდება ბრიჩსის ეკონომიკური პარტნიორობის სტრატეგია. იმედია, თანამშრომლობის ახალ მასშტაბურ ამოცანებზე ვიმსჯელებთ ვაჭრობის, ინვესტიციების, საწარმოო კოოპერაციების სფეროებში.

ჩვენი ქვეყანა “ხუთეულის ფორმატში” ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებითაა დაინტერესებული. უწინარესად, აღვნიშნავ განვითარების ახალი ბანკის საოპერაციო მოღვაწეობის დაწყებას. უკვე მოწონებულია 1,5 მლრდ დოლარის 7 საინვესტიციო პროექტი ბრიჩსის ქვეყნებში. მიმდინარე წელს მოსალოდნელია 2,5-3 მლრდ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტების დამტკიცება. მათი რეალიზაცია ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ეკონომიკის ზრდას, არამედ ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციასაც.

რუსეთი იზიარებს ბრიჩსის ქვეყნების შეშფოთებას თანამედროვე გლობალური საფინანსოეკონომიური არქიტექტურის გამო, რომელიც არ ითვალისწინებს განვითარებული ქვეყნების მზარდ ეკონომიკურ წონას.

პარტნიორებთან ერთად, მზად ვართ, განვახორციელოთ რეფორმები საერთაშორისო საფინანსო რეგულირების სფეროში; ერთობლივად ვიმოქმედოთ შეზღუდული რაოდენობის სარეზერვო ვალუტების მეტისმეტი დომინირების დასაძლევად; მივაღწიოთ კვოტებისა და ხმების დაბალანსებულ განაწილებას საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში.

დარწმუნებული ვარ, რომ ბრიჩსის ქვეყნები მომავალშიც ერთობლივად გამოვლენ პროტექციონიზმისა და ახალი ბარიერების შექმნის წინააღმდეგ ვაჭრობაში. ვუფრთხილდებით “ხუთეულში” შექმნილ კონსესუსს ამ საკითხზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს, თანმიმდევრულად დავიცვათ ღია, სამართლიანი და ურთიერთსასარგებლო ვაჭრობის სისტემის საფუძვლები, განვამტკიცოთ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის საკვანძო რეგულატორის, როლი. ჯანსაღი კონკურენციის წასახალისებლად ეფექტიანი მექანიზმების შექმნას ემსახურება რუსეთის ინიციატივა ბრიჩსის ქვეყნების ანტიმონოპოლიური სამსახურების თანამშრომლობის განვითარების ხაზით. საუბარია თანამშრომლობაზე იმ ზომების შესამუშავებლად, რომლებიც შეზღუდავს დიდი ტრანსნაციონალური კორპორაციების საქმიან პრაქტიკას და იმოქმედებს კონკურენციის წესების დარღვევის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია რუსეთის წინადადება ბრიჩსის ენერგეტიკული საგამოძიებო პლატფორმის შესახებ. ჩვენი აზრით, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, მოგვარდეს საინფორმაციო-ანალიტიკური და სამეცნიერო-საკვლევი მუშაობა ბრიჩსის ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით. პერსპექტივაში კი ხელს შეუწყობს ერთობლივი საინვესტიციო ენერგოპროექტების რეალიზაციას.

აქტუალური ამოცანაა ბრიჩსის ქვეყნების თანამშრომლობა მცირე და საშუალო მეწარმეობის სფეროში. ჩვენი აზრით, აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესის ნაციონალური ინტერნეტრესურსების ინტეგრირება, რომელზეც განთავსდება მისამართები და კომერციული ინფორმაცია, გაიცვლება მონაცემები საიმედო პარტნიორების შესახებ.

რუსეთი მხარს უჭერს სახელმწიფოებრივ-კერძო დიალოგის “ქალები და ეკონომიკა” ჩამოყალიბებას. საუბარია დისკუსიების მუდმივ რეჟიმში გადაყვანაზე ბრიჩსის ქვეყნების საქმიანი წრეების ექსპერტების, ქალთა ასოციაციების, აგრეთვე, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა შორის. ასეთი დიალოგი პირველად 2017 წლის 3 ივლისს ნოვოსიბირსკში გაიმართა ბრიჩსისა და თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის (ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი _ რედ.) ქალთა საერთაშორისო კონგრესზე.

მიმდინარეობს მუშაობა ბრიჩსის ქალთა საქმიანი კლუბის შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს მეწარმე ქალების ურთიერთობას სპეციალიზებული ელექტრონული საინფორმაციო რესურსის გამოყენებით.

თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებად განვიხილავთ ერთობლივ მუშაობას მეცნიერების, ტექნიკის, ინოვაციების, სამედიცინო სფეროებში. აქ ჩვენს სახელმწიფოებს დიდი პოტენციალი აქვთ განვითარებული სამეცნიერო ბაზის, უნიკალური ტექნიკური საშუალებების, კვალიფიციური სპეციალისტებისა და პროდუქციის უზარმაზარი ბაზრის სახით.

პარტნიორებთან ერთად, უნდა ვიმსჯელოთ ინფექციური დაავადებების საფრთხის შემცირების, ეპიდემიების პროფილაქტიკისა და მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი პრეპარატების შექმნის საკითხებზე.

პერსპექტიული ჩანს ურთიერთქმედება ჰუმანიტარულ სფეროში. კულტურის სფეროში ბრიჩსის ქვეყნების მთავრობებს შორის შეთანხმების სარეალიზაციოდ ველოდებით პარტნიორთა ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობას პოპულარული მუსიკის საერთაშორისო კონკურსებში “ახალი ტალღა” და “საბავშვო ახალი ტალღა”; გვაქვს ინიციატივა “ხუთეულის” ქვეყნებისთვის საერთო ტელეარხის შექმნის შესახებ.

რუსეთს სურს ბრიჩსში თანამშრომლობის გაღრმავება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში. კოლეგებთან ერთად, მზად ვართ, მომავალშიც შევუწყოთ ხელი დემოკრატიზაციასა და ჯანსაღ წამოწყებებს საერთაშორისო სამართლის საფუძვლებზე. დარწმუნებული ვარ, სიამენის სამიტი სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს, მოძებნოს პასუხები XXI საუკუნის გამოწვევებზე და “ხუთეულის” ქვეყნების ურთიერთქმედებას ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here