Home სხვადასხვა დაიჯესტი ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ცხრა წელიწადი მიუსაჯეს

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ცხრა წელიწადი მიუსაჯეს

და სილვა

ლუის ინასიუ ლულა და სილვა კორუფციასა და ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნეს, მას 9,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ 12 ივლისს იუწყებოდა ტელეარხი Globo.

ლუის ინასიუ ლულა და სილვას ხუთი ბრალდება წაუყენეს. კერძოდ, მას ბრალი დასდეს ქრთამად საკურორტო ქალაქში მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ბინის მიღება. მიუთითებენ, რომ და სილვა ბრაზილიის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავედ იქნა ცნობილი ქვეყნის ახალი კონსტიტუციის მიღების (1988 წელს) შემდეგ.

სახელმწიფოს ყოფილ პირველ პირს უფლება აქვს, შეიტანოს აპელაცია სასამართლოს განაჩენზე, მანამდე კი “თავისუფლებაზე” რჩება.

2014 წელს ბრაზილიის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს გამოძიება და დაადგინეს, რომ ხელისუფლების სათავეში და სილვას მისვლის შემდეგ შეიქმნა კორუფციული სქემა, რომლის ჩარჩოებში სამშენებლო კომპანიები იღებდნენ სამუშაოს ნავთობგაზის კომპანია “პეტრობრაზის” მსხვილი პროექტების განსახორციელებლად, ტოპმენეჯერებისთვის ე.წ. ოტკატების მიცემისა და, აგრეთვე, მმართველი მშრომელთა პარტიისთვის პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების სანაცვლოდ.

და სილვა ბრაზილიის სათავეში იდგა 2003-დან 2010 წლამდე.

12 ივლისს, საღამოს, სან-პაულუს ქუჩებში გამოვიდნენ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები, რომლებმაც გააპროტესტეს პირველი სასამართლო ინსტანციის მიერ სილვასთვის გამოტანილი განაჩენი. სამხედრო პოლიცია იძულებული შეიქნა, ჩარეულიყო, რათა თავიდან აეცილებინა შეტაკება და მასობრივი არეულობა.

პროტესტი დაიწყო ბრაზილიის ამ უმსხვილესი ქალაქის ცენტრალურ პროსპექტზე და მიმართული იყო ბრაზილიის მოქმედი პრეზიდენტის _ მიშელ ტემერის წინააღმდეგ, რომელიც კორუფციაში ჩართული აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ დემონსტრაციაზე შეიკრიბნენ ლულა და სილვას მომხრენი და მოწინააღმდეგეები.

დემონსტრაციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ ბრაზილიის დროშები და მოსამართლე მოროს მხარდამჭერი პლაკატები. ისინი, ამასთანავე, მოითხოვდნენ და სილვას დაუყოვნებლივ დაპატიმრებას.

მოსამართლე მოროს გამოტანილი განაჩენით, თუ მისი გადაწყვეტილება რატიფიცირებული იქნება მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ, ყოფილ პრეზიდენტს აეკრძალება, 19 წლის განმავლობაში დაიკავოს პოზიციები საზოგადოებრივ წარმომადგენლობებში. თუ განაჩენი არ დამტკიცდება, ლულას ექნება შანსი, მონაწილეობა მიიღოს 2018 წლის არჩევნებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here