Home რუბრიკები საზოგადოება ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის ხორცში სალმონელა აღმოჩნდა

ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის ხორცში სალმონელა აღმოჩნდა

ევროპამ ბრაზილიიდან ხორცის იმპორტი შეაჩერა, საქართველომ _ არა

1823
ხორცი

CNNMoney მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სკანდალში გახვეული არც ერთი ქარხნიდან ევროპაში ხორცი აღარ შევა. ბრაზილიიდან ხორცის იმპორტი საერთოდ აკრძალა ჩინეთმა, ჩილემ, კანადამ, მექსიკამ, ეგვიპტემ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. მკაცრი კონტროლი დააწესა რუსეთმა, ხარისხის ინსპექტირებას იწყებს ამერიკა. ქვეყნებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბრაზილიის ხელისუფლებამ ვადაგასული ხორცით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრა, _ იუწყება commersant.ge

ბრაზილიაში უვარგისი, გაფუჭებული ხორცის გაყიდვის გამო 3 ქარხანა უკვე დაიხურა; 21-ში კი შემოწმება გრძელდება. ამ საკითხზე გამოძიება 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ კი, ბრაზილიის 6 შტატში 194 საწარმოში ჩატარებული რეიდების შედეგად ფედერალურმა პოლიციამ დაადგინა, რომ ქარხანათა უმეტესობა სერტიფიკატებს ქრთამის მეშვეობით იღებდა. იმ კომპანიებს შორის, რომლებშიც ჰიგიენის ნორმების დარღვევა გამოვლინდა, “სადიასა” და “სიერას” ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიები JBS-ი და BRF-ი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიების პროდუქცია საქართველოშიც იყიდება. რაც შეეხება საქართველოს, როგორც შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ბრაზილიიდან იმპორტირებული ხორცი საქართველოში ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარება. მათი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლისას ხორცისა და ხორცპროდუქტების ფიზიკური შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის სიხშირე განსაზღვრულია სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული მონიტორინგის გეგმით, რომელიც ეფუძნება რისკის ანალიზს და ითვალისწინებს პროდუქციის სახეობას, წარმოშობის ქვეყანას, ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობის საფრთხეს. გეგმა მტკიცდება ყოველწლიურად, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით და შედგენისას გათვალისწინებულია ევროკავშირის პრაქტიკა.

აღსანიშნავია, რომ გარკვეულ შემთხვევებში (მაგალითად, გარე წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით ან შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევის შედეგის მიხედვით და ა.შ.) შესაძლებელია, გეგმის გარდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, განხორციელდეს დამატებითი საკონტროლო ღონისძიებებიც.

თითოეულ იმპორტირებულ სასაქონლო პარტიას აქვს შესაბამისი ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატი, რომელშიც არის ინფორმაცია ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისთვის პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ და რომლის გაცემაზეც პასუხისმგებელია ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი სამსახური.

“საქართველოში დაშვებულია მხოლოდ ევროკომისიის მიერ აღიარებულ საწარმოებში წარმოებული პროდუქციის იმპორტი. 2015 წლიდან დღემდე კონტროლი ჩაუტარდა ბრაზილიიდან შემოტანილ ხორცსა და ხორცის პროდუქტების 1305 სასაქონლო პარტიას, ლაბორატორიულად გამოკვლეულ იქნა 290 ნიმუში. მათგან მიკრობიოლოგიური შეუსაბამობა აღმოჩნდა 4 სასაქონლო პარტიაში (სალმონელა). კომპანია JBS-დან შემოსულია 114 სასაქონლო პარტია, მათგან 25, მონიტორინგის გეგმის თანახმად, დაექვემდებარა ნიმუშების აღებას, ერთში აღმოჩნდა სალმონელა (ქათმის გაყინული ღვიძლი _ 25 182 კგ). კომპანია BRF-დან შემოსულია 152 სასაქონლო პარტია, მათგან 30 დაექვემდებარა ნიმუშების აღებას და ერთ სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა სალმონელა (გაყინული ქათამი _ 25 700 კგ). უნდა აღინიშნოს, რომ სწრაფი განგაშის შეტყობინების სისტემით (RASFF), რომელიც ემსახურება ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გადაცემას ევროკავშირის ქვეყნებში და რომელშიც ჩართულია სურსათის ეროვნული სააგენტოც, ბრაზილიიდან ექსპროტირებულ ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე შეტყობინება არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მიერ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ბრაზილიიდან ხორცის იმპორტის ყველა სასაქონლო პარტია დაექვემდებარება ლაბორატორიულ კვლევას და, მიღებული შედეგიდან გამომდინარე, მოხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება”, _ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ბრაზილიიდან იმპორტირებული ხორცის ლაბორატორიული კვლევის მიზეზი ბრაზილიის ხელისუფლების მიერ რამდენიმე მსხვილ ხორცის მწარმოებელ ბრაზილიურ კომპანიაში აღმოჩენილი დარღვევები გახდა.

ცნობისთვის:

სალმონელა დაავადებაა, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. სალმონელას ბაქტერია, ძირითადად, ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც იგი ფეკალიებთან ერთად გამოდის. ადამიანები ინფიცირდებიან, ძირითადად, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით. სალმონელათი დაავადებულის სიმპტომებია: ფაღარათი, სიცხე ან მუცლის სპაზმები. ინფიცირებიდან 8-72 საათის შემდეგზოგიერთ შემთხვევაში სალმონელათი გამოწვეულმა ფაღარათმა, შესაძლოა, ისე გამოფიტოს ადამიანი, რომ საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია გასცდა ნაწლავებს და გავრცელდა, შესაძლოა, განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.

ლუკა მაისურაძე

1 COMMENT

  1. მოეშვით ხორცეულის იმპორტს!
    ადგილობრივი ფერმერებისგან წარმოებული პროდუქცია გახადეთ უსაფრთხო და არაძვირი. მყიდველიც კმაყოფილი იქნება და მწარმოებელიც (და ბიუჯეტიც).
    ისინი(იმპორტიორები) ასაღებენ და ჩვენ დავიხოცოთ? რა კაია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here