Home რუბრიკები პოლიტიკა ბორდელის მართვის ეროვნული თავისებურებანი

ბორდელის მართვის ეროვნული თავისებურებანი

852
ბორდელის მართვის ეროვნული თავისებურებანი

არის თუ არა საქართველოში პარტია, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს?” _ “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისამ კითხვას რესპონდენტების 55%-მა უარყოფითად უპასუხა. ეს საკმაოდ საგულისხმო ინდიკატორია, რომელიც მიანიშნებს ნდობის კრიზისზე ქართულ პოლიტიკაში, იმაზე, რომ ძველმა პოლიტიკურმა ელიტამ თავისი შესაძლებლობები ამოწურა. ამომრჩეველთა უნდობლობა, ხშირ შემთხვევაში კი ზიზღი მის მიმართ, სავარაუდოდ, გახდება მთავარი ფაქტორი საპარლამენტო არჩევნების ბედის გადაწყვეტაში.

ეს გლობალური ტენდენციაა. ძველი პარტიებისა და პოლიტიკოსების უარყოფა გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საფრანგეთში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა, ხოლო 31 მარტს გამართულ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში შოუმენმა ვლადიმერ ზელენსკიმ დიდი წარმატება მოიპოვა. მასსა და მაკრონს შორის საერთო თითქმის არაფერია და ამ სხვაობას მათი ქვეყნების პოლიტიკური კულტურის განსხვავებული დონე განაპირობებს, მაგრამ განხილულ კონტექსტში მთავარია, რომ ელექტორატისთვის არც ერთი, არც მეორე ძველ სისტემასთან, პოლიტიკის ძველ სტილთან არ ასოცირდებოდა. ქართველი ამომრჩეველების დიდი ნაწილიც ამ მიმართულებით მიდის და ხმამაღლა ოცნებობს უმწიკვლო “მესამე ძალაზე”.

შეფასების მთავარი ინსტრუმენტი მათთვის, სავარაუდოდ, სუბიექტური აღქმა გახდება _ შეგრძნება და არა განსჯა. “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” იმავე კვლევაში (საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბერს ჩატარდა; გამოიკითხა 599 მოქალაქე თბილისში და 1187 რეგიონებში) არის შემდეგი მონაცემებიც _ კითხვას “წაგიკითხავთ თუ არა რომელიმე საარჩევნო პარტიის საარჩევნო პროგრამა?” რესპონდენტების 66%-მა უარყოფითად უპასუხა. როდესაც დაისვა კითხვა: “ხმის მიცემისას უფრო მნიშვნელოვანია პარტიის საარჩევნო პროგრამა თუ ლიდერის ვინაობა?” _ 39% პირველ ვარიანტს მიემხრო, 46% _ მეორეს.

აქ, ალბათ, საინტერესოა შემდეგი მომენტი: ამომრჩეველს სურს, რომ ავანსცენაზე ახალი, გაუსვრელი ფიგურები გამოჩნდნენ, ანუ ისინი, ვისაც პოლიტიკაში მოღვაწეობის ნულოვანი ან ძალიან მცირე გამოცდილება აქვთ. შესაბამისად, ისინი ვერ მოახდენენ მათი პოლიტიკური უნარების შეფასებას და მხოლოდ ივარაუდებენ, რომ ესა თუ ის სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი, სპორტსმენი თუ მსახიობი კარგი პოლიტიკოსი გახდება. დღეს ქართველი კომენტატორების ნაწილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ირონიით უყურებს _ “კლოუნს ირჩევენ” და ა. შ. თუმცა საქართველოში არსებობს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ კლოუნიც ავირჩიოთ და გიჟიც, შესაბამისი გამოცდილებაც გვაქვს და, რაც მთავარია, საზოგადოების დიდი ნაწილის სიძულვილი ძველი პოლიტიკის მიმართ იმდენად დიდია, რომ ალტერნატივას პრაქტიკულად ნებისმიერ გამვლელში ხედავს.

თანამედროვე ქართული პოლიტიკა აღიქმება, როგორც უკიდურესად ბინძური საქმე. ამაზე ირიბად მიანიშნებს პასუხები კითხვაზე: “მოუწონებდით თუ არა თქვენს ვაჟიშვილს (ქალიშვილს) პოლიტიკაში წასვლას?” პირველ შემთხვევაში რესპონდენტების 74%-მა უპასუხა “არა” , ხოლო მეორე შემთხვევაში _ 77%-მა. 61% თვლის, რომ პარტიების დაფინანსება მხოლოდ ფორმალურად არის გამჭვირვალე; 75% მიჩნევს, რომ პარტიები, ძირითადად, სკანდალებითა და ურთიერთბრალდებებით არიან დაკავებულნი და მხოლოდ 14% თვლის, რომ ისინი პრობლემების გადაწყვეტის გზებს ეძებენ. გასაკვირი არაა, რომ მოქალაქეებს ამ რეალობის შეცვლა სურთ, მაგრამ დიდი ნაწილი ახალი ძალის ერთგვარიგამოცხადების” (ეპიფანიის) კვაზირელიგიურ მოლოდინშია და ეყრდნობა, უპირველესად, რწმენასა და შეგრძნებას და არა განსჯასა და კრიტიკულ აზროვნებას.

ჰიპოთეზური “მესამე ძალის” მიმართ ყველაზე ხშირად გამოიყენება ზმნა “გამოჩნდება”; მოქალაქეების დიდი ნაწილი არ თვლის, რომ ეს მისი ძალისხმევის შედეგად მოხდება, რომ მის ჩამოყალიბებაში რაიმე ფორმით მონაწილეობა უნდა მიიღოს და ა. შ. ასეთი ვითარებაა სხვა სფეროებშიც. იმავე კვლევაში რესპონდენტები ახასიათებენ შრომითი უფლებების კუთხით შექმნილ მდგომარეობას, როგორც რთულს, მაგრამ, ამათანავე, 96% ამბობს, რომ არ არის პროფკავშირის წევრი; ხოლო 90% აცხადებს, რომ სურვილი არ აქვს, პროფკავშირის წევრი გახდეს. ძველი პროფკავშირები უკიდურესად დისკრედიტებულია, ხოლო ახლის შექმნა დასაქმებულთა მხრიდან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ უმრავლესობას ურჩევნია, დაელოდოს, როდისგამოჩნდებავიღაც და პრობლემებს მოუგვარებს.

ეს ვითარება მომავალი საპარლამენტო არჩევნების მთავარ პოლიტტექნოლოგიურ ამოცანად “ახალი ძალის” კონსტრუირებასა და მის წარმატებულ პრეზენტაციას ხდის. ძველი პარტიები ტრადიციულად შეეცდებიან, რებრენდინგი ჩაატარონ და ავანსცენაზე “ახალი სახეები” გამოიყვანონ, მაგრამ ამასთანავე, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობენ მარიონეტული პოლიტიკური გაერთიანებების შექმნას, რათა მოახდინონ იმ ამომრჩეველთა კონსოლიდაცია, რომელთაც ნებისმიერ შემთხვევაში ვერ “მისწვდებიან”.

პოლიტიკურ ტერმინში “ახალი სახეები”, ალბათ, მაინც არის ამომრჩევლებისთვის შეურაცხმყოფელი ქვეტექსტი, რადგან მათი დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ ეს “სახეები” პარტიის ძველ, უცვლელ არსს, მის შეცდომებს და დანაშაულებებს ნიღბავენ. მიუხედავად ამისა, ამ თამაშში მონაწილეობას განაგრძობს, რადგან საკუთარის წამოწყება არ ძალუძს. ამას არაერთი მიზეზი განაპირობებს, მათ შორის ავტორიტარული სისტემებისთვის დამახასიათებელი სამოქალაქო პასიურობა, სიზარმაცე, არათანმიმდევრულობა და სხვ.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. 1958 წელს გამოცემულ წიგნში “ჩამორჩენილი საზოგადოებების მორალური ბაზისი”, რომელიც სამხრეთ იტალიას აღწერდა, ამერიკელი სოციოლოგი ედვარდ ბანფილდი წერდა: ამომრჩეველი ასეთ საზოგადოებებში, როგორც წესი, იყენებს ბიულეტენს იმისთვის, რომ მიიღოს მატერიალური ამონაგები მოკლევადიან პერსპექტივაში _ მან შეიძლება ჩათვალოს, რომ საქმე ეხება მის გრძელვადიან, კლასობრივ ან საზოგადოებრივ ინტერესს, მაგრამ ეს არ იმოქმედებს მის არჩევანზე, თუ ოჯახის კონკრეტული მატერიალური ინტერესით იხელმძღვანელებს”.

იქამდეც მივედით, რომ საექსპერტო საზოგადოება ღიად მსჯელობს იმაზე, რომ ამომრჩევლებს ყიდულობენ _ ვალების ჩამოწერით, საკრედიტო წნეხის შემსუბუქების დაპირებით ან, სულაც, ხახვითა და კარტოფილით. ბიძინა ივანიშვილს ეს ჯერჯერობით უკეთ გამოსდის, რადგან მეტი რესურსი აქვს. ელექტორატის პროსტიტუირების პროცესი ღრმავდება და ეს, ალბათ, ლოგიკური შედეგია იმ პოლიტიკისა, რომლის ქვაკუთხედს წარმოადგენს ინტერესები და არა იდეები.

ყველაზე ბეჯით სტუდენტებსაც კი ხშირად უჭირთ იმის ახსნა, რატომ იქცეოდნენ მათი წინაპრები დაახლოებით ასი წლის წინათ ამა თუ იმ სიტუაციაში ასე და არა სხვაგვარად. ეს, ალბათ, ბუნებრივია, რადგან იმ საზოგადოებისთვის ცენტრალურ ადგილს იდეები და პრინციპები იკავებდა. ის უშვებდა უამრავ, ზოგჯერ საბედისწერო შეცდომას, მაგრამ ყოფნიდა ენერგია იმისთვის, რომ სწრაფვა უკეთესობისკენ წამითაც არ შეენელებინა. ის ნამდვილად არ იყო იდეალური, მაგრამ მასში გაცილებით ნაკლები პესიმიზმი და ცინიზმი იყო. ის მეტს ფიქრობდა “საზოგადო საქმეზე”. სამწუხაროდ, ეს ტერმინი ლექსიკონიდან ამოვარდა, თუმცა ეს, ალბათ, ბუნებრივია.

დღევანდელი ვითარება ქმნის ნოყიერ ნიადაგს პათოლოგიური თეორიებისთვის, რომელთა თანახმად, საზოგადოება ბნელია და ამიტომ რჩეულმა უმცირესობამ უნდა მართოს ის, როგორც ცხვრის ფარა. ვრცელდება მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ სიღარიბე და დემოკრატია შეუთავსებელია და საქართველოსთვის ოპტიმალური ავტორიტარული მმართველობაა (იმაზე, თუ რამდენად მკაცრი უნდა იყოს ის, ცალკე კამათობენ). მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოსავალს ვერ ხედავს და სწორედ აქედან იწყება მესიანისტური ოცნებები “მესამე ძალაზე”, რომელიც “გამოჩნდება” და გვიხსნის. ამ ილუზიებმა შეიძლება გამოკვებოს რეჟიმი, რომელიც გაცილებით საშიში იქნება, ვიდრე ყველა ძველი ერთად აღებული.

“კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” კვლევაში იყო კიდევ რამდენიმე საგულისხმო კითხვა და პასუხი. მოსაზრებას _ “პოლიტიკაში ყოფნისას ადამიანს უწევს საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა” _ დაეთანხმა 39% და სრულად დაეთანხმა 31% (ჯამში 70%). ხოლო მოსაზრებას “ადამიანები პოლიტიკაში საკუთარი კეთილდღეობისთვის მიდიან” დაეთანხმა გამოკითხულთა 35% და სრულად დაეთანხმა 52% (ჯამში 87%). ამ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ, სახელმწიფოში კი არა, ბორდელში ვცხოვრობთ შესაბამისი მორალური კოდექსითა და განვითარების პერსპექტივით.

ბიძინა ივანიშვილიც მართვის შესაბამის მეთოდებს იყენებს, ყურადღებას არ აქცევს პერსონალის მელოდრამატულ ისტერიკებს, როგორც პროცესის განუყოფელ ნაწილს, და დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური ელიტისა და ელექტორატის კონსოლიდაციის საქმეში ფული, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტ როლს შეასრულებს. ასეთი მმართველი და ეს მეთოდები უადგილო და უშედეგო იქნებოდა იმ საზოგადოებაში, რომელიც იბრძოდა და იდეალებს არ ივიწყებდა, მაგრამ საზოგადოებაში, რომელიც დაეცა, ის სავსებით ბუნებრივია და, ალბათ, ოპტიმალურიც.

“მესამე ძალა”? იყიდის, შეფუთავს და საზოგადოებას შესთავაზებს. არაფერი არ შეიცვლება იმ მომენტამდე, სანამ მოქალაქეთა კრიტიკული მასა არ გადაწყვეტს, რომ თვითონ არის არათუ მესამე, არამედ პირველი ძალა და საკუთარი ხელით არ დაიწყებს ახალი პოლიტიკის შექმნას.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here