საქართველოს საზოგადოებრიობამ შეიტყო, რომ ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, რომელიც ბოლო დროს მედიაკავშირ “ობიექტივის” მთავარ რედაქტორად მუშაობდა, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად დაამტკიცა. ძველ “არტოს ბაღში”, ყოფილ პლეხანოვზე, ღია ცისქვეშ, “სოციალური დისტანციის” დაცვით განლაგებული მაგიდების უკაცრიელობაში ვსხედვართ ორნი, ფიანდაზად დაგებული ორი ჭრელი ნოხის მარშრუტით მისულები.
დღის ორი საათია.
მე მგონი, რომ მის პროფესიულ ბიოგრაფიაში ეს არის საინტერესო სიახლე _ არც ნახტომი, არც აღმასვლა _ ახალ, მასშტაბურ ჟურნალისტურ განზომილებაში გადასვლა პასუხისმგებლობის გაზრდილი ტვირთით.
მეთანხმება:
_ მოგეხსენებათ, რომ ტელევიზია არის სახელმწიფო სახელმწიფოში.
_ ვინც ფლობს ინფორმაციას, ის ფლობს ძალაუფლებას. ასეთი გამოთქმაც არსებობს.
_ დიახ. და ამ მიკროსახელმწიფოს ერთ-ერთი მეურვე მეც ვარ პარლამენტის ექვსპარტიული გადაწყვეტილებით.
აზუსტებს:
_ მე წარმადგინა 14 დეპუტატმა: “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციამ _ ირმა ინაშვილმა, სოლიდარობის ალიანსის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძემ, სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა; მხარი დამიჭირა “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ _ 90-მა დეპუტატმა, მათ შორის, “მწვანეთა პარტიის” თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძემ.
_ ისე გამოდის, რომ მთელი პარლამენტის წარმომადგენელი ხართ ე.წ. ბორდში.
_ გარდა ნაციონალებისა და მათი განაყოფის, ბოკერიას პარტიის სახით. ესენი მხარს რომ არ დამიჭერდნენ, სრულიად ნათელია. მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ჩემ წინააღმდეგ რომ მისცეს ხმა.
_ 25 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილის არჩევას ხმა თუ მიეცით?
_ 2020 წლის 25 სექტემბერი ერთგვარ ათვლის წერტილადაც შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს მთავარი ტელევიზიის, პირველი არხის, ისტორიაში.
_ ახლა სხვებმა რომ დაირქვეს.
_ ასეც ხდება… ფაქტი კი ის არის, რომ მაუწყებლის გენერალურ დირექტორად მოვიდა მედიამენეჯერი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური წარსული, არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი.
ვასილ მაღლაფერიძემ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ თავისი პოლიტიკური წარსულის გამო მიიღო, რათა არჩევნებთან დაკავშირებით არ გაჩენილიყო ეჭვები პოლიტიკურ აფილაციასთან _ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით და, რაც მნიშვნელოვანია (მე მივესალმები მის განცხადებას), საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რეპუტაციული ზიანი რომ არ მისდგომოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც ინსტიტუტს.
თინათინ ბერძენიშვილს არ აქვს პოლიტიკური წარსული, სამაგიეროდ, ტელევიზიაში მუშაობის მდიდარი პრაქტიკა გააჩნია: იყო ტელეწამყვანი, მენეჯერი (პროექტებს ხელმძღვანელობდა, ბოლოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო), აქტიურად მონაწილეობდა იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობის დროს დაიწყო და უკვე ტელეეკრანზეა, იმ პროექტების დახვეწაშიც, რომლებსაც მომავალში იხილავს ტელემაყურებელი, დიდი წვლილი აქვს შეტანილი.
საბჭოს 9 წევრიდან მას მხარი დაუჭირა რვამ.
_ ერთ–ერთი იყავით თქვენ.
_ რა თქმა უნდა. საიდუმლო აქ არაფერია, რადგან გადავწყვიტეთ, ფარული კენჭისყრა შეგვეცვალა ღია და საჯარო კენჭისყრით, რომელიც “მოამბის” 3-საათიან გამოშვებაში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
_ საბოლოოდ სამი კანდიდატი იყო წარდგენილი.
_ სამივე ქალბატონი და ესეც ნიშანდობლივია: ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და თინათინ ბერძენიშვილი. ხათუნა ლაგაზიძემ ერთი ხმა მიიღო, ირმა სოხაძემ _ არც ერთი, თინათინ ბერძენიშვილი პრაქტიკულად ერთხმად ავირჩიეთ. იგი რომ კვალიფიციური და კომპეტენტური ადამიანია, უკვე გითხარით, დავუმატებ მხოლოდ იმას, რომ თინათინი არის ევროპის მაუწყებელთა ასოციაციის წევრი და ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელი, საერთაშორისო მედიასაზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობს.
_ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნორმალური და ეფექტიანი მუშაობის უპირველეს პირობად რას მიიჩნევთ?
_ სტაბილურობას, რომლის უზრუნველყოფის უნარი თინათინ ბერძენიშვილს ნამდვილად გააჩნია.
ამასთან დაკავშირებით გაგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სააკაშვილის ხელისუფლების დროს პრაქტიკულად მართავდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და, რა უბედურებაც დამართეს, საყოველთაოდ არის ცნობილი. სხვა თუ არაფერი, მაშინდელი ათეული მილიონობით დაფინანსება არ ხმარდებოდა არც ტელევიზიის განვითარებას, არც თანამშრომლებს.
ჩვენთვის ეს პრიორიტეტული მიმართულებაა და მაქსიმალურად ვცდილობთ, ფინანსები მხოლოდ მიზნობრივად და დანიშნულებისამებრ დაიხარჯოს. სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი პირობა ესეც არის.
ამჟამად განახლებულია ავტომობილების პარკი, განსაკუთრებით, ტელეაპარატურა, აბსოლუტურად შეიცვალა დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ, მოწესრიგდა საინფორმაციო სივრცე, ე.წ. ნიუსრუმი უახლესი ტექნიკით აღიჭურვა, ჟურნალისტებს საუკეთესი სამუშაო გარემო აქვთ.
_ თქვენი იქ მისვლა, ჩემი აზრით, მაინც სხვა რანგის შემთხვევაა: ჩვენი უახლესი ისტორიის აქტიური მონაწილე ხართ, ომი იყო ეს, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, რაც თქვენმა ახალგაზრდა კოლეგებმა სხვისი მონაყოლით თუ იციან ან წაკითხული აქვთ.
თქვენ გვერდით მაშინ ბევრი კარგი ჟურნალისტი, მათ შორის, “ტელევიზიონშჩიკი” მუშაობდა, რომლებსაც სააკაშვილმა ტელევიზიიდან და რადიოდან ფეხი ამოუკვეთა, “ჩარეცხა”.
ბონდო მძინარაშვილის მისვლა “მაუწყებელში” ხომ არ გაგახსენებთ იმ ძველების არსებობას? მათი პოტენციალის გარკვეული დოზით ამოქმედება დადგება ვითომ დღის წესრიგში? თუ ბრწყინვალე, განუმეორებელი ტელე და რადიოდიქტორის, დავით სოკოლოვის, მაგალითი კვლავაც გამონაკლისად დარჩება? ტელევიზია და რადიო ხომ მარტო “მოლაპარაკე თავები” არ არის!
_ სამეურვეო საბჭოში თავის საქმეში წარმატებული, კვალიფიციური და კომპეტენტური ადამიანები მუშაობენ. ჩემი მისვლაც გარკვეულ ნიშნადაც შეიძლება აღვიქვათ. ახალ გარემოსთან ადაპტაციაში გამოცდილება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან სახელმწიფოს სამსახურში დგომა ჩემთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მთელ ამ პერიოდში სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებას გარკვეული ტკივილებიც ახლდა ადამიანური თვალსაზრისითაც და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობითაც. 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალებას ბევრმა გაუაზრებლად დაუჭირა მხარი. სააკაშვილის რეჟიმმა კი სისხლის კალოები დაატრიალა.
ისტორიის ეს პერიოდი სრულად აღწერილი და შემონახული აქვს მხოლოდ გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკას”, რომლის რედაქციაში მუშაობა ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის საუკეთესო ეტაპად მიმაჩნია. შემდეგი იყო გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” და ტელეკომპანია “ობიექტივი”. ეს იყო სააკაშვილის მოძალადე რეჟიმთან ბრძოლის ურთულესი წლები.
“საქართველოს რესპუბლიკის” მაგალითი იმის დამადასტურებელია, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ოფიციოზი და ქვეყანა ინტერნეტის ამარა არ უნდა იყოს დატოვებული. ანალიტიკა აღარ არსებობს. ობიექტური სურათი წაშლილია. მომავალ თაობებს უახლესი ისტორიის გასაანალიზებლად სრულყოფილი და სრულფასოვანი მასალა სჭირდებათ.
ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შიგნითაც აუცილებელია ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ბეჭდურ მატიანეს შექმნის.
რაც შეეხება ტელევიზიის ყოფილი თანამშრომლების დაფასებას, ეს აუცილებელია, რომ არა ამ ადამიანების, ნამდვილი პროფესიონალების მუხლჩაუხრელი შრომა, საქართველოს უახლეს ისტორიას ვინ დაწერდა და ვინ გადაიღებდა?
_ ფორმულირება, რომ რევოლუციას ჩაიფიქრებენ რომანტიკოსები, განახორციელებენ ფანატიკოსები და მისი ნაყოფით სარგებლობენ არამზადები, თქვენც არაერთხელ გამოგიყენებიათ.
_ სამწუხაროდ, იდეოლოგია ქართული რევოლუციებისთვის არაფერს ნიშნავს. ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო არა წმინდა იდეოლოგიური ფაქტორები და პრინციპები, არამედ ძალაუფლების ხელში ჩაგდების დაუოკებელი წყურვილი, ძალაუფლების მოპოვების შემდეგ უზარმაზარი ქონების დაგროვება და ამ გზით საკუთარი მომავლის უზრუნველყოფა.
დღესაც მიზნად აქვთ, ამ ფინანსური რესურსების წყალობით თავს დაასხდნენ ჩვენს ქვეყანას. რევოლუციის ტალღას მოაჯდნენ მიზანთროპები, რომელთაც მსოფლმხედველობაში წვეთიც არ ჰქონდათ ქართული; ეზიზღებოდათ და ეჯავრებოდათ ქართველი ერი, რომელიც მალე მიხვდა, რა შარშიც გაყო თავი. ეს მიხვედრა დიდ მსხვერპლად დაგვიჯდა.
ახლა ბევრს ლაპარაკობენ, რომ დამნაშავეებს უნდა მივუტევოთ, ვაპატიოთ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ არ მაქვს უფლება, ვინმეს რამე ვაპატიო. თუ ვინმეს აქვს ამის უფლება და სურვილი, ესენი არიან: ბუტა რობაქიძის დედა _ ია მეტრეველი, სულხან მოლაშვილის მამა _ ბატონი თამაზ მოლაშვილი, გულიკო და ჯამბულ გამცემლიძეები _ გიორგი გამცემლიძის მშობლები, უნდა აპატიოს ციალა ვაზაგაშვილმა _ იური ვაზაგაშვილის დამ და ზურა ვაზაგაშვილის მამიდამ, რუსუდან შარაძემ უნდა აპატიოს, ბატონ გურამ შარაძის ქალიშვილმა, სერგო თეთრაძის მეუღლემ უნდა აპატიოს, ციცინო შავაძემ _ როინ შავაძის მეუღლემ… იმ ადამიანებმა უნდა აპატიონ, რომელთა ოჯახებზეც გადაიარა იმ რეპრესიების ქარიშხალმა. მე რა უფლება მაქვს, მათ მაგივრად ვინმეს ვაპატიო?!.
არ შეიძლება, რომ ნაცების რეჟიმის მიმართ ვიყოთ ლოიალურები იმის გამო, რომ პირადად ჩვენ არ შეგვხებია მათი კაცთმოძულეობა. მსოფლმხედველობაზეა აქ ლაპარაკი.
ათიათასი ბიზნესმენია აღრიცხული, რომლებსაც ქონება წაართვეს, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ.
_ მაშასადამე, ამ კუთხით თქვენ მტკიცე პოზიციაზე დგახართ, მაგრამ მარტო ეს ხომ არ გვიშველის?
_ არა, რა თქმა უნდა. ჩვენი, საზოგადოებრივი მაუწყებლის, უპირველესი ვალდებულებაა, რომ ხალხში გავაღვიძოთ პოზიტიურის ქმნის სურვილი. ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ქვეყნის სასიკეთოდ უნდა ვიღვწვოდეთ უწინარეს ყოვლისა.
ადამიანის მიმართ პატივისცემა იმიტომ კი არ უნდა გამოვხატოთ, რომ დღეს მას ჩვენზე შეუძლია გავლენის მოხდენა, ზოგადად უნდა ვცემდეთ პატივს ადამიანს.
ამავე დროს არსებობს უფრო დიდი თემები _ სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება. თუ არ ვიფიქრებთ იმაზე, ხვალ და ზეგ როგორი იქნება საქართველო, როგორები ვიქნებით ჩვენ და მომავალი თაობა ამ საქართველოში, დამთავრებულია ჩვენი სიცოცხლე და ეგაა.
ფილოსოფიაში ძალიან გადავიჭერი, მაგრამ, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვსაუბრობთ, ესაა ჩვენი მიზანი: ხალხს ჰქონდეს განათლება, ესმოდეს, რა არის სახელმწიფო, მისი ინტერესები. მთავარია, ვიფიქროთ ქვეყნის გაერთიანებაზე და ამ ქვეყანაში ჩვენს გაერთიანებაზე საერთო მიზნის გარშემო.
არ გვაქვს საერთო მიზანი. ოთხმოციანი წლების დამლევს ჩვენი მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება _ იდეა, რომელმაც გააერთიანა ყველა. მათ შორის, ის პარტიაც, რომელიც 400 ათასზე მეტ წევრს ითვლიდა. იდეა, რომელიც მომწიფდა და საბოლოო ჯამში განხორციელდა: 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგით 97-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას, 9 აპრილს კი გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.
მას შემდეგ გავიდა 30 წელიწადი და დღემდე არ ვიცით, რა გვინდა. დავანგრიეთ ქარხნები, ფაბრიკები და ჯართი პირველ საექსპორტო პროდუქციად ვაქციეთ.
ეს ხომ ჩვენ გავაკეთეთ! მოსკოვი გვეუბნებოდა, დაზგა გაყიდეთ და არ ამუშაოთო?! თუ ვაშინგტონი?!
მოვსპეთ და გავანადგურეთ ყველაფერი.
ახლა მაინც ხომ უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენს იდეაზე? მაგრამ რომელი იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ?
არ ვიცით!
_ როგორც ამბობენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს ეკრძალება ფაქტის, მოვლენის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების, მოსაზრების გამოხატვა. უპოზიციო არსებაა?
_ ასეთი დამოკიდებულება არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული თავისუფლების შეზღუდვა. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ ჟურნალისტს არ უნდა ჰქონდეს თავისი პოზიცია. ყველა ადამიანი შეფასებისას ან ინფორმაციის მიწოდების დროს არის სუბიექტური. ობიექტურობაზე არავის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს არ უნდა ჰქონდეს აკვიატებული დამოკიდებულება ვინმეს მიმართ. საზოგადოებრივ მაუწყებელში უნდა წარმოჩნდეს პირველწყაროს პოზიცია. “ობიექტივის” მთავარი რედაქტორი რომ ვიყავი და გადაცემებსაც ვუძღვებოდი, მქონდა ჩემი, მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია, რაც ნიშნავდა: ჩემთან სტუმრად რომ მოსულიყო “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, მე ვერ ვიქნებოდი მიუკერძოებელი. რადგან სხვა შემთხვევაში ჩემს მაყურებელს ვერ დავარწმუნებდი, რომ არსებობს მიუკერძოებლობის თუნდაც ერთი პროცენტი იმ რესპონდენტის მიმართ, რომელსაც გუშინ სასტიკი დანაშაულის ჩადენაში ვამხელდი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა არ უნდა შეაფასოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში რომელიმე პოლიტიკოსის მოღვაწეობა, რადგან მას გაუჭირდება კომუნიკაცია ამ რესპონდენტთან, საზოგადოება კი მის (კორესპონდენტის) მიუკერძოებლობაშიც შეიძლება დაეჭვდეს.
“ობიექტივი”, როგორც პარტიული ტელევიზია, არ ზღუდავს ჟურნალისტს, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ამ მედიაკავშირში მუშაობდეს “პატრიოტთა ალიანსის” მიმართ უარყოფითად განწყობილი ჟურნალისტი. წარმოგიდგენიათ “მთავარში” ჩემნაირი კორესპონდენტი? არა, რა თქმა უნდა.
საზოგადოებრივ მაუწყებელში ნეიტრალურობის პრინციპი არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგრამ მე გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებ იმის გათვალისწინებით, მოეწონება თუ არა ეს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, “ნაციონალურ მოძრაობას” თუ “პატრიოტთა ალიანსს”.
მეტიც, სულ ახლახან კი ისეთი განცხადებები მოვისმინეთ ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, რომ დავრწმუნდი _ მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ტელევიზიის გაუქმებაზეც კი დაიწყეს ლაპარაკი, აქაოდა, მაღალი რეიტინგი არ აქვსო. მე უფრო მარტივ გამოსავალს შევთავაზებ: ჯერ ის პარტიები გავაუქმოთ, რომელთაც პულსი არ ესინჯებათ, კვალიფიციურ სუბიექტებად იწოდებიან და ერთი მისხარი სიკეთე არ მოაქვთ ქვეყნისთვის. პირიქით, ხელს უშლიან სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალურ მუშაობას და ამაში ბიუჯეტიდან დაფინანსებასაც იღებენ. საზოგადოებრივ მაუწყებელს არავისი და მით უმეტეს, ამათი წამოსაძახებელი არაფერი სჭირს. ჩვენ მაყურებელს და მსმენელს მიუკერძოებლად ვაწვდით დაბალანსებულ ინფორმაციას, ხოლო, “ვისაც ყურნი აქვთ სასმენლად, ისმინონ”. მოკლედ, ჯერ გვიყურონ და მერე გაგვაკრიტიკონ, ოღონდ _ არგუმენტირებულად.
სხვა ვალდებულებები გვაკისრია, რომლებიც უნდა დავიცვათ.
ხოლო პირადი სიმპათია-ანტიპატიის გამოსახატავად მედია არასოდეს გამომიყენებია და არც მომავალში ვაპირებ.
_ დაბოლოს, ორ შეკითხვას გავაერთიანებ: ქართული ენის სიწმინდის დაცვა ტელევიზიაში, ეს ერთი; და მეორე _ სიუჟეტების ერთფეროვნება და დაშტამპულობა.
_ ენობრივი სიწმინდის დაცვა დღევანდელ მედიასივრცეში ყველაზე დიდი და სერიოზული პრობლემაა. ყველგან, მათ შორის, ჩვენთანაც, საზოგადოებრივ მაუწყებელში სერიოზულად არის მისახედი. აუცილებლად უნდა აღდგეს სტილისტი-რედაქტორების ინსტიტუტი. გამომცემლობებსაც ეს პრობლემა აწუხებთ, არა მხოლოდ გაზეთებსა და ტელევიზიებს.
ამავე დროს, უნდა აეწყოს ჟურნალისტების მომზადებისა და გადამზადების სისტემა და დაწესდეს მუდმივი კონტროლი, რადგან, რაც ტელეეკრანებიდან ისმის, ის მსმენელთა და მაყურებელთა მეხსიერებაში ილექება და სწორ ფორმად აღიქმება.
სახელმწიფო ენის დაცვის კანონი კი არსებობს, მაგრამ, ფაქტობრივად, არ მუშაობს, ყოველ ნაბიჯზე ვრწმუნდებით, რომ სახელმწიფო ენას პატივს არ ვცემთ.
_ ამაში პოლიტიკოსები პირველობენ. რაც უფრო მაღალი თანამდებობა უკავია რესპონდენტს, მით უფრო ვრცელდება და მკვიდრდება მისი ბარბარიზმები ხელქვეითებს შორის თუ, საერთოდ, ხალხში. თუ, მაგალითად, პრემიერს მიაჩნია, რომ ქართული “შედეგიანობა” შეიძლება ჩაანაცვლო “ეფექტურობით”, მინისტრებიც ასე უბნობენ. არადა, უნდა თქვან “ეფექტიანად” ვაგვარებთ ამა თუ იმ პრობლემას, ე.ი. შედეგიანია ჩვენი ძალისხმევაო. “ეფექტური” კი გარეგნულ ეფექტს ნიშნავს, მაგალითად, ეფექტური ჩაცმულობა _ ლამაზი, კოხტა; ან ბალერონის ეფექტური ნახტომი.
კოვიდ-19-ის შემთხვევების ჩამოთვლისას ჩვენი უაღრესად პატივცემული ექიმები ამბობენ _ ამდენი და ამდენი შემთხვევა “გახლავთო”. ეს ან “პიჟონობაა”, ან არცოდნის ბრალია: “გახლავთ” “შემთხვევას” აბსოლუტურად არ ესადაგება. დაახლოებით ისეა, ჩვენმა ფინანსისტებმა ბიუჯეტი ბატონობით რომ მოიხსენიონ ან მავანის ვალზე თქვან _ მილიონობით ვალი გახლავთო.
_ უფრო გავრცელებულ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ “მასიურის” და “მასობრივის” აღრევა, მაგრამ მარტო ეს რომ იყოს! სახელმწიფო დოკუმენტებშიც სერიოზული ლაფსუსებია. მდგომარეობის გამოსასწორებლად, ვფიქრობ, საფრანგეთის მაგალითი უნდა გადმოვიღოთ. იქ სახელმწიფო ენას ძალიან მკაცრად იცავენ, აჯარიმებენ ყველას, ვინც ამახინჯებს და აბინძურებს ფრანგულს. ამ საქმეში, ჩემი აზრით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა შეასრულოს მთავარი როლი. თუნდაც გაიმეოროს ერთ დროს პოპულარული ტელეგადაცემა “ენა ჩვენი ქართული”. პირდაპირ გეტყვით: ცოტანი დავრჩით, ვინც ამ პრობლემით ვართ შეწუხებული და ვცდილობთ, გამოვასწოროთ სიტუაცია. ბევრისთვის ენის ასეთი დამახინჯება ჩვეულებრივი ამბავია, მიაჩნიათ, რომ ასეც უნდა იყოს.
მეორე თემა, რომელზეც ყურადღება გაამახვილეთ, არის არა მხოლოდ ერთფეროვნება და უსახობა, არამედ, რაც ძალიან სამწუხაროა, ნეგატიური დღის წესრიგი. ძირითადი სვლები მედიაში შავი ფიგურებით კეთდება. ანგარიშს არ უწევენ იმას, როგორ იმოქმედებს ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ადამიანების ფსიქიკაზე. უფრო პირიქით, კარგად იციან, როგორ იმოქმედებს, ამიტომაც განახორციელებენ შტურმს, უტევენ და, შესაბამისად, ცდილობენ, ამით პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩასვან თავიანთი საქმიანობა.
მაპატიეთ და, სალაფავის ასეთი დოზით მიწოდება საზოგადოების მიმართ უპატივცემულობის დემონსტრირებაა, რაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია.
ასე ვიტყვი: ჟურნალისტებმა ადამიანებს უნდა დავუტოვოთ სასიცოცხლო სივრცე, რომელიც მთლიანად ოკუპირებული გვაქვს და ვაიძულებთ, მიიღონ მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ და რაც, ძირითადად, ნეგატიური ინფორმაციით არის შემოსაზღვრული.
ეს უკულტურობის ნიშანია.
ხშირად მითქვამს, რომ ჩვენი მაყურებელი და მსმენელი ჩვენზე უფრო ჭკვიანი, გონიერი, გამოცდილი და განათლებული ადამიანების ერთობლიობაა.
_ დავუმატოთ ამათ ჩვენი მკითხველებიც.
_ დაგეთანხმებით! ჩვენ ჟურნალისტებს წარმოდგენა აქვთ, რომ ყველაზე ჭკვიანები არიან (ყველაზე ლამაზები რომ არიან, ეს ხომ ფაქტია!..), ყველაზე გონიერები და ყველა დანარჩენს არ გააჩნია ანალიზის უნარი და ამათ უნდა დაუღეჭონ და პირში ჩაუდონ. არავის სჭირდება ეს!
_ ხომ არ გაიაფდა ჟურნალისტიკა?
_ კი. არა მხოლოდ გაიაფდა, არამედ გაილანძღა. ხშირად _ დამსახურებულად. მე გული მწყდება, ამას რომ ვამბობ, მაგრამ მოდით ვიკითხოთ: რას ვაკეთებთ მისთვის, რომ ჟურნალისტები არ გაგვაკრიტიკონ, არ გვლანძღონ? პრაქტიკულად _ არაფერს. ჩვენ თვითონ არ ვუფრთხილდებით ჩვენი პროფესიის პრესტიჟსა და რეპუტაციას.
რეპუტაციული ზიანი, რომელიც ამ წლებში მიადგა ჩვენს პროფესიას, იოლად გამოსასწორებელი არ იქნება. ათწლეულები დასჭირდება იმას, რომ ჟურნალისტებმა დაიბრუნონ საზოგადოების ნდობა. თუ სიმართლის ჭეშმარიტი მსახურები ვიქნებით, მოდი, ასე ვიტყვი, ნდობა გაიზრდება კი არა, გაჩნდება. ძალიან დაზიანებულია ჟურნალისტიკა. ახალგაზრდებს ეს ნაკლებად აღელვებთ, მაგრამ უფროსი თაობის ჟურნალისტებისთვის, რომლებიც, ათწლეულებია, მივსდევთ ამ ხელობას, ეს სივრცე მთელი ჩვენი ცხოვრებაა და არა ადგილი, სადაც შემთხვევით და დროებით შევიარეთ.
არ მინდა, კატასტროფული სურათი დავხატო, რადგან ჩვენს ქვეყანაში პასუხისმგებლიანი ჟურნალისტებიც არიან, მაგრამ, ცნობილი შეფასება რომ გავიმეორო, სამწუხაროდ, ამ პროფესიაშიც გაგვიბატონდა “სირეგვნე შეუწონარი”.
* * *
ბონდო მძინარაშვილთან ინტერვიუს ჩამოსართმევად რომ მოვდიოდი, ბატონმა ნუგზარ ფოფხაძემ მილოცვა დამაბარა საუკეთესო სურვილებით. მთხოვა, თუ შესაძლებლობა ექნებოდა, გენერალური დირექტორობა მიელოცა ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილისთვის.
_ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ნუგზარს, ვიცი, როგორი გულშემატკივარიცაა არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის, არამედ, საერთოდ, ქართველი ჟურნალისტების, რომელთა არაერთი თაობა აღზარდა, უხელმძღვანელა და გზაზე დააყენა.
…ესეც ჩემი ფოსტალიონობის ერთი “დღე პირველი, დღე უკანასკნელი”.
არმაზ სანებლიძე