Home რუბრიკები საზოგადოება ბოლო 5 წლის მონაცემებით, 108 615-მა უცხოელმა მოიპოვა საქართველოში ბინადრობის ნებართვა და...

ბოლო 5 წლის მონაცემებით, 108 615-მა უცხოელმა მოიპოვა საქართველოში ბინადრობის ნებართვა და მოქალაქეობა

9900
მოქალაქეობა

2013 წლიდან 2017 წლამდე საქართველოში ბინადრობის ნებართვა 85 604-მა უცხოელმა მიიღო, მათგან 26 111-მა _ მუდმივი ბინადრობისა, ხოლო 59 493-მა _ დროებითი ბინადრობისა. საქართველოს მოქალაქეობა კი, ბოლო 5 წლის მონაცემებით, 23 011-მა ადამიანმა მიიღო. ჯამში, 108 615-მა პიროვნებამ მიიღო ბინადრობის ნებართვა და მოქალაქეობა.

ეს მაჩვენებელი საკმაოდ დიდია ქვეყნისთვის, რომელშიც დემოგრაფიული მდგომარეობა, შობადობის კლება, მოკვდავობის მატება და უმუშევრობის პრობლემაა. დროებითი ბინადრობის ნებართვა ყველაზე დიდი რაოდენობით, 22 089 პირზე, 2015 წელს გაიცა, ხოლო მუდმივი ბინადრობის _ 9 407 პირზე. 2017 წლის მონაცემებით, დროებითი ბინადრობის ნებართვა მოიპოვა 13 336 პირმა, მუდმივისა კი _ 2 820-მა. საქართველოს მოქალაქეობის მიღების ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2013 წელს აღირიცხა _ 6 440 ადამიანი, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქე გახდა 3 097 უცხოელი.

რომელ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც სურს საქართველოში ბინადრობის ან მოქალაქეობის ნებართვის მიღება და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად? _ ამ საკითხებზე გვესაუბრებიან იურისტი ალექსანდრე გადელია და პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი:

ბინადრობის ნებართვის გაცემა უნდა გამკაცრდეს

ალექსანდრე გადელია, იურისტი:

_ ბინადრობის მოწმობის მიღების პროცედურა საკმაოდ მარტივია: უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ან სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით შეუძლია მოითხოვოს ბინადრობა.

_ რა სახის ბინადრობის მოწმობები გაიცემა საქართველოში?

_ არსებობს ბინადრობის ნებართვა სწავლისთვის, შრომის მიზნით, ოჯახის გაერთიანების მიზნით, ბინადრობის ნებართვა ინვესტიციებისთვის (მოქალაქემ უნდა განახორციელოს არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიცია), დროებითი ბინადრობის ნებართვა, აგრეთვე, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე 35 000 აშშ დოლარის ღირებულების საკუთრება აქვს.

_ სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში, მცირერიცხოვანი მოსახლეობის ქვეყანაში, ბინადრობის ნებართვა 85 604-მა უცხოელმა მიიღო, რა უნდა მოიმოქმედოს ამ შემთხვევაში სახელმწიფომ?

_ ბინადრობის ნებართვის გაცემა უნდა გამკაცრდეს, კრიტერიუმი უნდა გადაიხედოს, რადგან ძალიან ზოგადია. ქვეყანაში რეზიდენტი პირებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოში მათი დასაქმებისა და ბიზნესსაქმიანობის საკითხებთან. შესაძლოა, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ ჰქონდეს ქვეყანაში დიდი ხნით დარჩენის უფლება, მაგრამ მუშაობდეს იმ პერიოდში, ესეც შესამოწმებელია. საქართველო პატარა და ღარიბი ქვეყანაა, ამ მხრივ საჭიროა მეტი ყურადღების გამოჩენა, რათა არ დაზარალდეს ხალხი, რომელსაც ისედაც უჭირს დასაქმება. საქართველოში მშვიდი და მიმზიდველი გარემოა ირანელებისთვის, აზერბაიჯანლებისთვის და გააქტიურდნენ კიდეც _ იძენენ ბინებსა და მიწებს. ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის კარგია, მაგრამ დედაქალაქისთვის, სადაც უკვე აღარ არის თავისუფალი ადგილი და ქართველებისთვის გაჭირდა საცხოვრებელი ადგილის პოვნა, არც ისე სახარბიელოა. ეს მდგომარეობა კარგ შედეგამდე არ მიიყვანს ხალხს. აუცილებლად უნდა მიიღოს ხელისუფლებამ ზომები და გაამკაცროს საქართველოში დასახლების პირობები.

ქართველები ჩვენს ტერიტორიაზე უკვე ვართ დაქირავებული მუშები და მალე ვიქნებით ულუკმაპუროდ დარჩენილი ხელგაწვდილი მათხოვრები

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ მსოფლიოში მიგრაციული პროცესები ძალიან მწვავეა, საქართველოც შედის ამ მოცემულობაში. ეს პროცესი ღრმად და სერიოზულად არის შესასწავლი. ამას ერთჯერადი ღონისძიებების გატარება არ უშველის. ხელისუფლებამ კი არ იცის, როგორ მოაგვაროს, არა მხოლოდ ეს საკითხი, არამედ სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც. ყველგან ჩანს მათი უცოდინარობა. დემოგრაფიული მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა, უცხოელები კი ბინადრობის ნებართვას ყიდულობენ. ამ შემთხვევაში ხელისუფლება კმაყოფილდება დღევანდელი კვერცხით. მას არ აინტერესებს, რა იქნება ხვალ. დღევანდელი კვერცხი რომ ურჩევნია, ჩანს იმ გადაწყვეტილებებიდან, რომლებიც ხელს უწყობს უცხოელთა შემოდინებას.

_ თუ ხელისუფლება დაიწყებს ამ საკითხზე მუშაობას, სამაგალითოდ რომელი ქვეყანა უნდა აიღოს?

_ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლა დაიწყო აქტიური პროცესები. პრეზიდენტმა ტრამპმა, ტერორიზმიდან გამომდინარე, მოქალაქეობის მიღება და ქვეყანაში შეღწევის შესაძლებლობა გაამკაცრა და დღეს ასე იოლად ვეღარ მიიღებთ ამერიკის მოქალაქეობას. ევროპაში ეს შედარებით იოლია, მაგრამ ევროკავშირი წალეკა ამ გაიოლებული პოლიტიკით ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან შესულმა მიგრანტებმა და ეს მაგალითი არ გამოგვადგება. უნდა ავიღოთ მაგალითი ქვეყნებიდან, როგორიც არის ყატარი და გაერთიანებული არაბული საამიროები. მათ აქვთ კანონები, რომლებიც უკრძალავს ჩამოსულს მიწის შესყიდვასა და მოქალაქეობის მიღებას. ადგილობრივი მოსახლეობა დაცულია შეტევისგან, რომ უცხოელი შეიძენს მიწის ნაკვეთს, ეს ყველაფერი კარგად არის ჩაწერილი კანონებში. ამ ქვეყნებში შესულთა უფლებები შეზღუდულია და მათ არ აქვთ შესაძლებლობა, გაუთანაბრდნენ ადგილობრივებს. საქართველოს მოსახლეობა გადის ქვეყნიდან ლუკმაპურის საშოვნელად და ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია, სანამ ხელისუფლება არ შეძლებს საწარმოების გახსნას, ეკონომიკის განვითარებას, ინფლაციის შეჩერებას, უმუშევრობის დაძლევას და .. ამ ქვეყნის ხელისუფლების მოქმედებიდან გამომდინარე, უახლოეს პერსპექტივაში არ არსებობს პრობლემების გადაჭრის ნიშანწყალი. დადგება დრო, როდესაც შემოსული ადამიანების რაოდენობა გადააჭარბებს ადგილობრივ მოსახლეობას. ქართველები ჩვენს ტერიტორიაზე უკვე ვართ დაქირავებული მუშები და მალე ვიქნებით ულუკმაპუროდ დარჩენილი ხელგაწვდილი მათხოვრები.

_ ახსენეთ დემოგრაფიული პრობლემა, ამ პრობლემის ფონზე კი გამძაფრდა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. რას მოუტანს ეს საქართველოს?

_ ეს არის დამღუპველი საქართველოსთვის. მეტიჩარა გოგო-ბიჭები, რომლებიც აყოლილები არიან ევროპელებისა და ამერიკელების ხმას, მათ მოწოდებებს, რომ თავზე ხელი გადავუსვათ მამათმავლებს და პატივი ვცეთ, ძალიან ცუდად მოქმედებს ერის გამრავლებაზე. საერთოდ, რა გამრავლებაზეა ლაპარაკი, თუ ქალი ქალს გაჰყვება ცოლად და კაცი _ კაცს. არ ვამბობ, რომ ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ურთიერთობა მახვილით ამოიშანთოს, მაგრამ ტელეეკრანზე მათი კეკლუცობა აუცილებლად უნდა აიკრძალოს. ყოველდღიურად ასეთი შინაარსის გადაცემების ჩვენება ბინძური პროპაგანდაა. ქართველი ერი ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშეა. რესპუბლიკელებსა და გადაგვარებულად მოაზროვნე ადამიანებს არ უნდა ავყვეთ.

_ ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებაც აქტუალურია, რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ქართველი საზოგადოება ამ ყველაფერმა?

_ ნარკოპოლიტიკის შემსუბუქება დაუშვებელია. ჩვენ თვითონ ვვარდებით წინააღმდეგობაში: დასავლეთი მოგვიწოდებს, ვებრძოლოთ თამბაქოს მოწევას და რიგ ქვეყნებში აკრძალეს კიდეც, ამ დროს ჩვენ ვაკეთებთ უარესს _ ვუშვებთ ნარკოტიკის მოხმარებას. არადა, თამბაქო ნაკლებად საზიანოა, ვიდრე ნარკოტიკები. ნარკომანებზე თავზე ხელის გადამსმელებისა და მომხმარებლების განცხადებები, რომ შეიძლება მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების დაშვება, სწორი არ არის. მაგალითს იღებენ ევროპის ქვეყნებიდან, სადაც შერბილებულია ნარკოპოლიტიკა, მაგრამ იქ მოსახლეობა მრავალრიცხოვანია, ადამიანების თვითშეგნება _ მაღალი, თუმცა არც იქ მოაქვს დადებითი შედეგი… შევხედოთ ჰოლანდიის მოსახლეობის რაოდენობას, მოსახლეობის ერთ სულზე რამდენია შემოსავალი, რამდენად მაღალია შრომისნაყოფიერება ამ ქვეყანაში და აქედან გამომდინარე ვიმსჯელოთ. ამ ხელისუფლებას ურო რომ ჩაარტყა, მაინც ვერ გამოფხიზლდება, ერთადერთი გამოსაფხიზლებელი საშუალება იყო არჩევნები, მაგრამ არჩევნებიც ისე ჩატარდა, როგორც მათ სურდათ _ გაყალბებით. გაჭირვებული ხალხი 15-20 ლარად გაიყიდა. დაგვიდგა დრო, რომ უნდა ვიბრძოლოთ თავის გადასარჩენად. ამისთვის საჭიროა დემოგრაფიული სურათის გაუმჯობესება, მაგრამ როგორ უნდა გაუმჯობესდეს, თუ პროპაგანდა მიმდინარეობს მსუბუქი ნარკოტიკებისა და ლგბტ თემის? ყველა ეს პროცესი ეწინააღმდეგება მცირერიცხოვანი ქართველი ერის განვითარებას. გავა 15-20 წელი, აღმოვჩნდებით სერიოზული პრობლემის წინაშე და მაშინ უკვე გვიანი იქნება ვითარების გამოსწორება.

ცნობისთვის: მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძირითადად ემიგრანტების დაფუძნებული ქვეყანაა, მოქალაქეობის მიღების პროცესი 2000 წლიდან კიდევ უფრო გართულდა. 2017 წელს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საემიგრაციო პოლიტიკის გასამკაცრებლად შეიმუშავა კანონპროექტი თჰე ღაისე, რომელიც მწვანე ბარათის გაუქმებას ითვალისწინებს. დონალდ ტრამპის აზრით, გათამაშების პროგრამის გაუქმება შეამცირებს არაკვალიფიცირებული მიგრანტების ნაკადს და, შესაბამისად, გაზრდის ამერიკელი მუშების ანაზღაურებას.

მოამზადა გვანცა ნამიჭეიშვილმა

2 COMMENTS

  1. საშიში და საშინელებაა ეს ფროცესიმ. აუცილებლად უნდა გამკაცრდეს და გაკონტროლდეს ეგ ფროცესი, ხვალ უკვე გვიანი იქნება.

  2. 14 წელია საბერძნეთში ვცხოვრობ და დღემდე ვერ მივაღწიე კანონიერი გზებით აქ ბინადრობის ნებართვის მიღებას. უამრავი რთული ბიუროკრატიული პროცესია გასავლელი. კანონიც კი, რომელიც ბინადრობის უფლებას აძლევს ემიგრანტებს, 2005 წლის შემდეგ არ გამოსულა. მხოლოდ ბოლო 3 წელია დაიძრა საქმე.და ეს ბოლო 3 წელი ინსტანციიდან ინსტანციაში დავდივარ, რომ როგორმე მივიღო კანონიერად ცხოვრების უფლება. მოქალაქეობის მიღებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. არ არის ასე მარტივი, როგორც საქართველოში. მანდ რატომ უფრიალებთ ასე იოლად მოქალაქეობის მიღებას, საინერესოა?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here