Home რუბრიკები პოლიტიკა ბოლო ექვს წელიწადში მხოლოდ პიარში ხელისუფლებამ 160 მილიონი ლარი დახარჯა

ბოლო ექვს წელიწადში მხოლოდ პიარში ხელისუფლებამ 160 მილიონი ლარი დახარჯა

ამ თანხით 5 300 სამუშაო ადგილის შექმნა შეიძლებოდა _ 5 300 ოჯახისთვის საარსებო წყარო. ეკონომიკური ზრდა აი ამას ნიშნავს

3899

მთელი დღე ტყუილად ვიდექი ელიავაზე, ე.წ. უსაქმურთა ბირჟაზე. არავინ მოვიდა, სამუშაო არ მომცეს. არ მინდოდა, მშიერი ბავშვებისთვის მეყურებინა და იმის იმედად, რომ ცოლი მოიფიქრებდა რამეს და მეზობლებში ისესხებდა ფულს, სახლის კარი ღამის ორ საათზე შევაღე. მაგრამ ვერავისთვის გამოურთმევია ფული. არავის ჰქონია, თორემ არ დამამადლიდნენ, რადგან ხშირად ვსესხულობდი და დროულად ვისტუმრებდი კიდეც… ჰოდა, შვილები მელოდნენ, ვერ დაიძინეს მშივრებმა, იმედოვნებდნენ: მამა საჭმელს მოიტანსო. მაშინ გადამეკეტა. დანა ავიღე. პირველი ღია ობიექტი, რომელიც დავინახე, აფთიაქი იყო, მივედი და, როგორც შემდეგ მითხრეს, 18 ლარი წამოვიღე. სირბილით წავედი სადღეღამისო მაღაზიამდე, 15 ლარის პროდუქტი ვიყიდე, სამი ლარი “ტაქსის” მძღოლს მივეცი და სახლში დავბრუნდი. ნახევარ საათში პოლიციამ მომაკითხა და ასე მომისაჯეს ყაჩაღობისთვის რვა წელი”, _ ეს რეალური ისტორიაა, მას რეალური გმირი ჰყავს და, თუ შვებას მისცემს ამჟამინდელ ხელისუფალთ, გეტყვით, რომ ეს ინციდენტი წინა ხელისუფლების პერიოდში მოხდა. 

ეს შესავალი იმის სათქმელად დაგვჭირდა, რომ დღეს იმაზე მეტად გაუჭირდა ხალხს, ვიდრე წინა ხელისუფლების ზეობის პერიოდში. დიახ, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია!

“მზად ვარ, შვილები დავიფიცო, რომ მაქვს ისეთი შეგრძნება, მომდევნო ოთხი წელი იქნება საოცარი”, _ ეს განცხადება რეგიონულ მედიებთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

აბა, როგორ არ გავიხსენოთ 2012 წელს გაკეთებული კიდევ ერთი განცხადება, როცა 2016 წელი საოცარი უნდა ყოფილიყო. პრინციპში, გააჩნია რა იგულისხმება საოცრებაში, თორემ საოცარი ნამდვილად იყო თავისი ბუნდოვანი აწმყოთი და უპერსპექტივო მომავლით. შეუძლია მმართველი გუნდიდან ვინმეს, ერთი მიზეზი მაინც რომ გვითხრას, რატომ უნდა დაუჯეროს ხალხმა ისევ ივანიშვილს?! თუ ის ერთხელ შეცდა(?!), ვინ არის იმის გარანტი, რომ არ შეცდება მეორედ? განა აუცილებლად იუნისეფის დასკვნა იყო საჭირო იმის აღიარებისთვის, რომ საქართველოში მოსახლეობა, სიღარიბის კი არა, სიღატაკის ზღვარზეა? სწორედ ამ დასკვნას გადააყოლეს ოფიციალურად გიორგი კვირიკაშვილი, მაგრამ, ჰოი საოცრებავ, კვირიკაშვილის მოხსნის შემდეგ დაგვიწყეს ნოტაციების კითხვა იმის თაობაზე, რომ თურმე საქართველოში ეკონომიკის არნახული ზრდაა და დაგეგმილზე მეტად მოიმატა ამ მაჩვენებელმა.

მოქმედი პრეზიდენტიც ამბობს ხანდახან ჭკვიანურს, რომელთაგან ერთი დამამახსოვრდა განსაკუთრებით _ ეკონომიკური ზრდის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ამომრჩევლის მაცივარია: რომ გამოაღებ და დაინახავ, იქ რა დევსო.

ხელისუფალნო!

იცით მაინც, რომ მაცივარი (ვისაც აქვს!) უმრავლესობას იმის გამო აქვს გამორთული, რომ მასში შესანახი არა აბადია?

ის თუ იცით, ზაფხულში მინდვრებს რომ არის მოდებული მოსახლეობა და ველურ ფხალს კრეფს, რათა იოლად გადაიტანოს ზაფხული და, თუ რაიმეს იშოვნის, ზამთრისთვის გადაინახოს?

ის მაინც თუ იცით, რომ ბავშვების (ჰო, საფიცარი შვილების) დიდი უმრავლესობა ზაფხულს ისე ატარებს, საზამთროსა და ნესვს ვერც კი სინჯავს, რადგან მშობლებს მისი საყიდელი ფული არ აქვთ?..

სხვათა შორის, ივანიშვილმა ისიც თქვა, _ უახლოეს ოთხ წელიწადში საქართველოდან წასული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკან დაბრუნდება, ისეთ პირობებში ვიცხოვრებთო. არადა, დღევანდელი რეალობა მწარეა: ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, საზღვარგარეთ ლუკმაპურის შოვნის იმედით საქართველოს ყოველდღიურად ტოვებს სულ უფრო მეტი ადამიანი. შვილების მომავალი რომ უზრუნველყონ, იმ შვილების, რომლებსაც ზაფხულში ხილი ენატრებათ და ზამთარში _ სითბო, დედები და მამები უცხოეთში მოჯამაგირეებად მიდიან. ეს მწარე რეალობაა, რომელსაც არც წინა ხელისუფლება უსწორებდა თვალს და არც ეს ხედავს.

როგორ შეიძლება, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მაღალი ჰქონდეს სახელმწიფოს და თან ყოველთვიურად ძვირდებოდეს პროდუქტები, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანისთვის, კვირაში ერთხელ რეკორდს ხსნიდეს საწვავის ფასი და არ იმატებდეს პენსია, არ იზრდებოდეს დასაქმებულთა რაოდენობა… საწარმოების გახსნა კი ისეთ იშვიათობას წარმოადგენს ხელისუფლებისთვის, რომ ორიოდე კვირის წინათ ქობულეთის მერმა ზარ-ზეიმით თავად გაჭრა წითელი ლენტი 12 კვ. მ ფართობის სანაყინის გახსნის ცერემონიაზე და სიამაყით განაცხადა: სამი კაცი დასაქმდებაო.

ხვდებით მაინც, ბატონებო, რა დღეში ხართ?! სანაყინე და სამი კაცი რა მოსატანია, როცა რუსეთში, ყაზანში, 45 ჰექტარზე ტურისტული კომპლექსის მშენებლობა ქვეყნის პრეზიდენტმა მხოლოდ იმიტომ დაიწუნა: მასშტაბებია გასაზრდელი, უფრო მეტი ადამიანი რომ დასაქმდეს და უფრო მეტი შემოსავალი რომ გაჩნდესო.

მაგრამ ჩვენ ხომ რუსეთს არ ვუყურებთ, რუსეთი ხომ მტერია; მსოფლიოს ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის ლამის მთელმა მსოფლიომ მადლობა გადაუხადა მას, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, ტელევიზიითაც მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ პენალტების სერიის დროს რუსეთის ნაკრები დავთარსოთ და ჯადო გავუკეთოთ…

ავად ხართ, ხალხო?!

ჟურნალისტები ხართ თუ ფაშიზმის მიმდევრები?!

რა ჯადო, რა დათარსვა?! მჩხიბავიც დაგექირავებინათ ბარემ…

ისევ მთავარ სატკივარს დავუბრუნდეთ. ხელისუფალნი აშკარად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. ამბობენ, რომ წინ მივიწევთ და ამას ევროპა და ამერიკაც აღიარებენო. თუ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაშინ რისთვისაა საჭირო მუდმივად მაღალპროცენტიანი საგარეო ვალის აღება?! გვაიძულებს ამას ვინმე? თუ ეკონომიკა იზრდება, სად მიდის ეს მზარდი შემოსავლები? _ ადგილობრივი ბობოლების ჯიბეში ცოტა და უფრო მეტი იმ “ჩვენი გულშემატკივარი” საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ანგარიშებზე ხომ არა, ვითომ რომ გვეხმარებიან და სინამდვილეში სისხლს გვწოვენ? შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ხელისუფლებაც, წინამორბედის დარად, ქაღალდზე აკეთებს საქმეს და ევროპა-ამერიკის გასაგონად ტრაბახობს. გაირკვა კიდეც: მხოლოდ პიარში ბოლო ექვს წელიწადში 160 მილიონი ლარი დახარჯულა. ამ თანხით 5 300 სამუშაო ადგილის შექმნა შეიძლებოდა და ეს რომ გაგეკეთებინათ, მერწმუნეთ, უფრო დიდ პიარს ვერც კი ინატრებდით. 5 300 სამუშაო ადგილი 5 300 ოჯახის საარსებო წყაროა. აი, ეკონომიკური ზრდა ამას ნიშნავს.

წინ მივდივართო.

მაშინ რას ვერჩოდით სახელმწიფოს პირველ პირს _ იმას, რომ გავუშვით?!

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ახალი პრემიერი ფინანსთა მინისტრად 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე მუშაობდა. 2018 წლის ბიუჯეტის წარდგენისას მან განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ აქვს საიმისო რესურსი, 2018 და 2019 წლებში 600 ათასამდე პენსიონერს პენსია რომ გაუზარდოსო, 2020 წლიდან _ კი, ბატონოო. გაპრემიერებული ბატონი მამუკა კი აცხადებს: 2019 წელს პენსიის მატება შესაძლებელიაო. რა გამოდის?! ის ან ადრე იტყუებოდა, ან ახლა გვატყუებს. არ მითხრათ: ბახტაძემ ნოემბერშივე იცოდა, პრემიერი რომ გახდებოდა და ეს “მატება” სათავისოდ შემოინახაო. გამოდის, ბიუჯეტში დიდი ხვრელები არსებობს და ამ ხვრელებს ხელისუფლება, როცა უნდა, მაშინ ავსებს. ეს ყველაფერი კი, მინიმუმ, არასტაბილურობის შეგრძნებას იწვევს და ყველაზე მეტად სწორედ დაბალ ფენას ურტყამს.

ერთი შეხედვით, ბახტაძე თითქოს სწორად აღწერს იმას, რაც გვიჭირს, მაგრამ რის გაკეთებას აპირებს, ამაზე მხოლოდ არაფრისმთქმელი, ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება.

უკვე დროა, აგვიხსნათ, ბატონო პრემიერო, კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებთ და როგორ, დროა!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here