ენციკლოპედიებში ბოდვა ასეა განმარტებული: „აზროვნებითი პროცესის თვისებრივი შეცვლა. ავადმყოფის ცნობიერება რეალობას დამახინჯებულად ასახავს და არ ექვემდებარება კორექციას. ბოდვა ადამიანებსა და მოვლენებს შორის დამოკიდებულებისა და კავშირების რეალობას მოკლებული არაკორეგირებადი განწყობაა. ბოდვა განსხვავდება ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანების მიერ დაშვებული შეცდომებისგან”.
ტრამპი აცხადებს: „პუტინი ბევრს ბოდავს. მისი სიტყვები აზრს არის მოკლებული”. ეს სიტყვები პუტინისა და ტრამპის ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ ითქვა. კრემლის მესვეურები აცხადებენ, რომ საკმარისად მშვიდად შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტის მკვეთრ გამონათქვამებს რუსეთის პრეზიდენტის მიმართ. დიმიტრი პესკოვი ამბობს: „აშშ-ის პრეზიდენტი ცნობილია მკვეთრი სტილისტიკით, მიუხედავად ამისა, მოსკოვი დიალოგის გაგრძელებას ფიქრობს ვაშინგტონთან საკმარისად გაფუჭებული ორმხრივი ურთიერთობების გამოსასწორებლად”.
საინტერესოა, იმ სატელეფონო დიალოგში რა უთხრა პუტინმა ტრამპს ისეთი, რაც ამ უკანასკნელმა ბოდვად შეაფასა. იქნებ, ეს: „მშვიდობა მაშინ იქნება, როცა ჩვენს მიზნებს მივაღწევთ. ეს არის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია. უკრაინა არ უნდა იყოს ნატოს წევრი, იგი უნდა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო“. როგორც შემდგომ გაირკვა, პუტინს ტრამპისთვის სწორედ ეს სიტყვები უთქვამს, მაგრამ ტრამპმა რატომ შეაფასა ეს სიტყვები ბოდვად? პუტინი ამას უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების დღიდანვე ამბობს და სწორადაც ამბობს. უკრაინაში ნეოფაშიზმი უნდა აღმოიფხვრას. რა არის აქ გაუგებარი? ტრამპს ნუთუ ის უკრაინა სჭირდება, რომელშიც ბანდერა და შუხევიჩი ეროვნულ გმირებად იქნებიან გამოცხადებული?! იქნებ, დროა, რომ გერმანიაშიც ჰიტლერი და ნიურნბერგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ჩამოხრჩობამისჯილი დანარჩენი ფაშისტები ეროვნულ გმირებად შერაცხონ?! იქნებ მუსოლინისა და ფრანკოს საფლავების გვირგვინებით შემკობის დროც დადგა ევროპაში?! რა უფრო ჰგავს ბოდვას: პუტინის ის სიტყვები, რომლებიც ზემოთ მოვიხმეთ, თუ პუტინის ამ ნათქვამს კაცი ბოდვას რომ უწოდებს?
ოცდახუთი წელიწადია, რაც პუტინი რუსეთის ხელისუფლების სათავეშია და ამ ხნის განმავლობაში ვერავინ გაიხსენებს მის მიერ წამოყენებულ ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს. ტრამპმა კი სულ რაღაც ხუთ თვეში მსოფლიო არამხოლოდ არათანმიმდევრულობით, არამედ საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო გამონათქვამებითაც გააოცა. მის მიერ კანადაზე, გრენლანდიასა და პანამის არხზე გაკეთებული განცხადებები რად ღირს… ან თუნდაც ის როგორ მოგწონთ, რომ კაცი, რომელიც მსოფლიოს უკრაინის ომის ერთ დღეში დამთავრებას ჰპირდებოდა, ახლა ასეთ განცხადებას აკეთებს: „ვაპირებთ იარაღის გაგზავნას. მათ უნდა შეძლონ საკუთარი თავის დაცვა. ისინი ახლა ძალიან მძიმე დარტყმებს იღებენ. მოგვიწევს მეტი იარაღის გაგზავნა”. შეადარეთ ტრამპის ეს ორი ნათქვამი ერთმანეთს და შემდეგ მის მიერ პუტინის მიმართ ნათქვამი ის უხერხული სიტყვაც გაიხსენეთ – ბოდვა. რეალობას მთლიანად მოწყვეტილი და ერთმანეთს აცდენილი გამონათქვამების გამო პუტინს მისთვის შეურაცხმყოფელი ეპითეტები არ უკადრებია. ტრამპმა კი პუტინის მიმართ ისეთი მძიმე სიტყვა გამოიყენა, რომლის შემდეგ, წესით, ყველაფერი მთავრდება, რადგან უკანდასახევი აღარ რჩება. ტრამპმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა. მან დაასამარა პუტინთან კონსტრუქციული ურთიერთობის პერსპექტივა. ეს, სავარაუდოდ, მძიმედ აისახება მსოფლიო პოლიტიკაზე. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს, არის ის, რომ პუტინი ყურადღების ღირსად არ ჩათვლის ამ არცთუ გაწონასწორებული პიროვნების როყიო წამოცდენებს. ალბათ, ამას ნიშნავს პესკოვის ის განცხადებაც, ზემოთ რომ მოვიხმეთ: „აშშ-ის პრეზიდენტი ცნობილია მკვეთრი სტილისტიკით, მიუხედავად ამისა, მოსკოვი დიალოგის გაგრძელებას ფიქრობს ვაშინგტონთან საკმარისად გაფუჭებული ორმხრივი ურთიერთობების გამოსასწორებლად”. ხედავთ განსხვავებას კულტურასა და უკულტურობას, თავშეკავებასა და თავშეუკავებლობას, ზრდილობასა და უზრდელობას, ტაქტის გრძნობასა და უტაქტობას შორის?!
ამ საკითხზე ამდენს არ ვისაუბრებდი, რომ არა ერთი გარემოება. პოლიტიკისა და დიპლომატიის ის უზარმაზარი დეფიციტი, ტრამპის ამ ნათქვამში რომ გამოსჭვივის, სინამდვილეში, ტრამპს კი არა, მთლიანად მის ქვეყანას ახასიათებს. ეს არის, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ურთიერთობებში კრიზისებით დამძიმებული ზესახელმწიფო, რომელიც არსებულ მსოფლიო წესრიგსა და საერთაშორისო სამართალს აუჯანყდა, უფრო სწორად, ფეხქვეშ გათელა ერთიც და მეორეც, გავიდა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში მიღებული ზნეობრივი ნორმებიდანაც და ჩამოყალიბდა, როგორც ხულიგანი, რომელიც ურთიერთობებში მხოლოდ ყოყლოჩინობას, მუქარას, შანტაჟსა და და ძალმომრეობას იყენებს. მის პოლიტიკასა და დიპლომატიას ერთი სამოქმედო მეთოდი აქვს – ომი. ტრამპმა, როგორც უკრაინაში ომის დამთავრების შესახებ განაცხადა, ისევე თქვა იმის შესახებაც, რომ ომების დამამთავრებელი და მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი იქნებოდა, მაგრამ, როგორც პირველი დაპირება ვერ შეასრულა, ისე ვერ შეასრულა მეორეც. როგორც კი ჩათვალა, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის წონასა და გავლენას ბიძგი და წინ წაწევა სჭირდებოდა, ირანი ისრაელს დააბომბინა, დამაგვირგვინებელი დარტყმა კი თავად შეასრულა და ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებულად გამოაცხადა. ტრამპი ამბობდა: “მივიტანეთ ძალიან წარმატებული იერიში ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის, ფორდოზე, ნათანზზე და ისპაანზე. ყველა თვითმფრინავი უკვე ირანის საჰაერო სივრცის გარეთაა. ბომბების სრული პარტია მთავარ ობიექტზე, ფორდოზე, ჩამოვაგდეთ. ყველა თვითმფრინავი შინ უსაფრთხოდ ბრუნდება. ვულოცავ ჩვენს დიად ამერიკელ მებრძოლებს. მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო. ახლა მშვიდობის დროა!”
ტრამპმა სწორედ ირანთან დააკავშირა ერთმანეთთან ორი სიტყვა – მშვიდობა და იძულება. როგორც მან განაცხადა, მისი სტრატეგია ოთხ მთავარ ფუნდამენტზე დგას: “სამშობლოს დაცვა; ამერიკული კეთილდღეობის განვითარების ხელშეწყობა; ამერიკის გავლენის გაძლიერება; მშვიდობის დამყარება იძულებით”.
იძულების მეთოდის გამოყენება მშვიდობის დასამყარებლად ტრამპის გამოგონება არ არის. ისტორიაში ბევრი მაგალითის მოძებნა შეიძლება, რომლებსაც ეს ტერმინი შეესაბამება, მაგრამ ყველაზე დიდი და მეტყველი მაგალითი ამისა წითელი არმიის მიერ ფაშისტური გერმანიის დამარცხებაა. ასე რომ, პრეზიდენტ ტრამპს თვითონ ამ მიდგომაში არ ვედავები, აქ საკამათო ის არის, იდგა თუ არა ირანის დაბომბვის აუცილებლობა. ეს ხომ პირდაპირი გაგრძელებაა ერაყზე, ლიბიაზე, ტუნისზე, ეგვიპტეზე, სირიაზე და, რაც მთავარია, იუგოსლავიაზე მიტანილი იერიშებისა, სადაც აგრესიის განხორციელების არანაირი აუცილებლობა არ იდგა. ეს არის საქმე. ის, რაც ირანის შესახებ ტრამპმა გვითხრა (მშვიდობის დამყარება იძულებით), წმინდა წყლის დიფსთეითური მიდგომაა. ტრამპი აკი დიფ სთეითს ებრძვის. რა გამოდის, როდესაც სჭირდება, დიფ სთეითს ებრძვის და, როდესაც სჭირდება, დიფ სთეითის სამსახურში დგას?
როგორც უკვე ვთქვი, ეს არ არის ტრამპის არათანმიმდევრულობა, ეს არის სისტემის კრიზისი. ვინც უნდა იყოს აშშ-ის ხელისუფლების სათავეში – ბრძენი თუ შლეგი, შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი თუ თავზეხელაღებული ავანტიურისტი, იგი ბოდვისთვის (როგორც ტრამპს დაემართა) იქნება განწირული, ვინაიდან მოშლილი და რღვევის პირზე მისული სახელმწიფოებრივი და იდეოლოგიური სისტემა ერთი კედლიდან მეორე კედელს მიანარცხებს, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადაჩეხავს. პუტინის შესახებ თქმა იმისა, რომ ბოდავს, სასაცილოა, ვისგანაც უნდა მოდიოდეს იგი, რადგან დღევანდელ მსოფლიოში თუ ვინმე ბოდავს, სწორედ დასავლური სახელმწიფოების ლიდერები ბოდავენ. მათ შორის არის პრეზიდენტი ტრამპიც. მეტიც, ამ საქმეში იგი აშკარა და უკონკურენტო ლიდერად გვევლინება.
ბოდვაა ისიც, რასაც დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებენ. 10 ივლისს ისინი ერთობლივი დეკლარაციის გამოქვეყნებას გეგმავენ, რომელშიც გაცხადებული იქნება ბირთვული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. დეკლარაციაში პირველად ჩაიწერება, რომ დამოუკიდებელ ბირთვულ სახელმწიფოებს (დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს) შეეძლებათ მათ ხელთ არსებული არსენალის კოორდინირება, რაც სერიოზული საფრთხის არსებობის შემთხვევაში გამოიწვევს მათ ერთობლივ პასუხს. ეს განცხადება ბოდვად იმიტომ შევაფასე, რომ არც დიდ ბრიტანეთს, არც საფრანგეთს, არც საერთოდ კოლექტიურ დასავლეთს რუსეთიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრება. დასავლეთი ცდილობს, რუსეთისთვის საფრთხის შექმნას (ქმნის კიდეც), რაც პლანეტას აყენებს გლობალური საფრთხის წინაშე. პრობლემა, რუსეთში კი არა, შიგნიდან გამომპალ დასავლეთშია, მის კრიზისულ ცნობიერებაშია, მსოფლიოს დაპყრობის შესახებ მისი სურვილებისა და რეალობის შეუსაბამობაშია, მის ჰალუცინაციებსა და ბოდვებშია.
ვალერი კვარაცხელია