Home რუბრიკები საზოგადოება ბობი ფიშერი _ მეამბოხე მოჭადრაკე

ბობი ფიშერი _ მეამბოხე მოჭადრაკე

3537
ბობი ფიშერი

რობერტ ფიშერს თანამედროვეობის ყველაზე გამოჩენილ მოჭადრაკეს უწოდებდნენ. ტურნირების ორგანიზატორები, გამოჩენილი ადამიანები და თვით გავლენიანი პოლიტიკოსებიც კი მზად იყვნენ, დაუჯერებელ დათმობებსა და ფულად დანახარჯებზე დათანხმებულიყვნენ, ოღონდ მას თამაში განეგრძო. ამერიკელმა სუპერმოჭადრაკემ, რომელიცცივი ომისეპოქაში დაუპირისპირდა იმხანად დიდების ზენიტში მყოფ საბჭოთა მოჭადრაკეებს, კარიერის პიკზე დაუმარცხებელმა მიატოვა ჭადრაკის თამაშიპოპულარული ადამიანები, მომღერლები, მსახიობები მზად იყვნენ, უზარმაზარი თანხა გადაეხადათ, ოღონდ ბობი ფიშერისგან ესწავლათ ეს ბრძნული თამაში.

ესპანური გაზეთი El Mundo წლების წინათ წერდა ბობი ფიშერზე: “XX საუკუნის ყველაზე გენიალური პარანოიკი, რომელმაც გაანადგურა კლასიკური ჭადრაკი”. ებრაელი-ანტისემიტი, ცოლის მოძულე, აშშ-ის ეროვნული გმირი, რომელზეც აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, ჰიტლერისა და ბენ ლადენის თავგამოდებული თაყვანისმცემელი _ მისი ცხოვრების სცენარი შეიძლება დაიწეროს, როგორც თავდაუზოგავი ბრძოლა საკუთარი ინტელექტის წინააღმდეგ.

ბობი ფიშერი, 1957 წელი
ბობი ფიშერი, 1957 წელი

რობერტ ჯეიმს ფიშერი 1943 წლის 9 მარტს დაიბადა იმხანად მსოფლიოს ერთ-ერთ კრიმინალურ ქალაქ ჩიკაგოში. დედამისი იყო შვეიცარიელი ებრაელი რეგინა ფიშერი (ქალიშვილობის გვარი ვენდერი), თავის დროზე ნაცისტური გერმანიიდან გაქცეული საბჭოთა კავშირში, სადაც დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი. სწორედ მოსკოვში გაჰყვა ცოლად გერმანელ ბიოფიზიკოს გერჰარდ ფიშერს. 1939 წელს ცოლ-ქმარი ფიშერები სსრკ-დან აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად _ ამ ამბავმა, აგრეთვე, რეგინას მონაწილეობამ მემარცხენე ორგანიზაციების ანტისამთავრობო პიკეტებსა და სხვა აქციებში ამერიკულ კონტრდაზვერვას ეჭვები გაუჩინა ფიშერების კეთილი ზრახვების შესახებ. რეგინას თითქმის სიკვდილამდე უთვალთვალებდნენ, 1997 წლამდე…

6 წლის ბობის დაბადების დღეზე ჭადრაკი აჩუქეს. მას შემდეგ საჭადრაკო დაფა გვერდიდან არ მოუშორებია _ დღე და ღამ ზედიზედ ეთამაშებოდა პარტიებს საკუთარ თავს. დედამისმა ფსიქოთერაპევტსაც კი მიმართა, მაგრამ მან დაამშვიდა ქალი, უთხრა, რომ ჭადრაკი უკეთესია, ვიდრე როკ-ნ-როლი. ბოლოს და ბოლოს, რეგინა იძულებული შეიქნა, ბობი საჭადრაკო კლუბში მიეყვანა. ფიშერი 10 წლის იყო, როდესაც პირველი ტურნირი მოიგო.

14 წლისამ, საყვარელ თამაშში ხელი რომ არ შეშლოდა, სკოლა მიატოვა, 15 წლისა კი აშშ-ის ჩემპიონი გახდა. “ერთადერთი, რაც მინდა ვაკეთო, ჭადრაკის თამაშია”, _ ამბობდა ბობი, რომელსაც სკოლის მიტოვების გამო დედა ეჩხუბა და ბობი 1960 წლიდან მარტო ცხოვრობდა.

ფიშერს ბავშვობიდანვე ჰქონდა დასახული მიზნად მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვება და ამისთვის შეუპოვრად შრომობდა. ჯანმრთელობისა და სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობდა არა მხოლოდ ჭადრაკში, არამედ ცურავდა, თამაშობდა ჩოგბურთს, სრიალებდა თხილამურებითა და ციგურებით.

აშშ-ის პირველობის მოგების შემდეგ, 1958 წელს, ფიშერმა პორტოროჟეს (იუგოსლავია) საზონათაშორისო ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ტურნირის წინ ამერიკის საჭადრაკო ფედერაციამ საბჭოელებს მიმართა წინადადებით, მოეწყოთ ორი საწვრთნელი მატჩი ფიშერის მონაწილეობით: ერთი _ ბორის სპასკისთან, მეორე _ ევგენი ვასიუკოვთან. ამისთვის ფიშერი სსრკ-ში ჩავიდა (პირველად და უკანასკნელად), მაგრამ მოსკოვში ჩასვლისთანავე მოინდომა, მატჩი ეთამაშა მიხეილ ბოტვინიკთან, რომელმაც ცოტა ხნის წინათ დაიბრუნა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მატჩ-რევანშში სმისლოვთან. როდესაც ბობი ფიშერს უთხრეს, რომ ბოტვინიკთან მატჩის გამართვა გამორიცხული იყო, უარი თქვა სპასკისა და ვასიუკოვთან შეხვედრაზე და პეტროსიანთან ბლიცპარტიებით შემოიფარგლა.

ბობი ფიშერი (დგას) , 1960 წელი
ბობი ფიშერი (დგას) , 1960 წელი

საზონათაშორისო ტურნირზე კი ფიშერმა მსოფლიოს ჩემპიონის პრეტენდენტობაც მოიპოვა და საერთაშორისო გროსმაისტერის ტიტულის ნორმასაც გადააჭარბა. თხუთმეტ-ნახევარი წლის ბობი 1958 წელს გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა გროსმაისტერი და გააუმჯობესა ბორის სპასკის რეკორდი, რომელმაც ეს ტიტული 18 წლისამ მოიპოვა. 1959 წელს ფიშერი მონაწილეობდა პრეტენდენტთა ტურნირში, თუმცა წარუმატებლად. მიკრომატჩი მიხეილ ტალთან (ტურნირის გამარჯვებულთან) ბობიმ მშრალად წააგო _ 0:4. წარუმატებლობამ ძალიან იმოქმედა ფიშერის პატივმოყვარეობაზე და მან განაგრძო თავდაუზოგავი შრომა. შედეგმაც არ დააყოვნა _ 1960-1962 წლებში ბობიმ მოიგო 4 საერთაშორისო ტურნირი და მხოლოდ ერთში გავიდა მეორე ადგილზე. 1960-იანი წლების შუაში ბობი ფიშერი უკვე მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე იყო.

1971 წელს კი დადგა გენიოსის ვარსკვლავური დროება. ამ მომენტისთვის ფიშერმა უკვე აჩვენა მსოფლიოს თამაშის დაუნდობელი სტილი, რომლის არსიც იყო არა მარტოდენ გამარჯვება, არამედ მოწინააღმდეგის ტოტალური დემორალიზება, ფეხქვეშ გათელვა და განადგურება. ფიშერმა შეუბრალებლად დაამხო საბჭოთა ვაჟი მოჭადრაკეების ჰეგემონია (ქალებში იმხანად ნონა გაფრინდაშვილი ჩემპიონობდა), როცა შესარჩევ ტურნირში ფენომენალური შედეგი აჩვენა _ მოიგო პარტიების 85%. მარკ ტაიმანოვსა (სსრკ) და ბენტ ლარსენს (დანია) ის შეუბრალებლად გაუსწორდა _ 6:0 და 6:0. ცოტაოდენი წინააღმდეგობა გაუწია ტიგრან პეტროსიანმა, მაგრამ მან პირველი 5 პარტიის შემდეგ ზედიზედ წააგო მომდევნო ოთხი.

ბობი ფიშერი (დგას) , 1960 წელი

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩისთვის მზადება ხანგრძლივი და მძიმე მოლაპარაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ფიშერს სურდა, შეხვედრა გამართულიყო იუგოსლავიაში, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ბორის სპასკისთან _ ისლანდიაში. ფიშერი ზედიზედ აყენებდა ისეთ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც ორგანიზატორებისთვის რთული იყო. ფიშერს მხარს უჭერდა ფიდეს _ მსოფლიოს საჭადრაკო ფედერაციის _ პრეზიდენტი, ჰოლანდიელი მაქს ეივე. საბჭოთა საჭადრაკო ფედერაციამ კი, რომელიც დაიღალა ფიშერის გაუთაველებელი პრეტენზიებით, მოითხოვა ამერიკელისთვის პრეტენდენტის ტიტულის ჩამორთმევა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

(დასასრული შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here