Home რუბრიკები პოლიტიკა ბინალი აღამ კვირიკაშვილს ყური აუწია

ბინალი აღამ კვირიკაშვილს ყური აუწია

რისთვის ჩამოვიდა ბათუმში ილდირიმი?

3747
კვირიკაშვილი ილდიმირი

15 მარტს ბათუმს თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი ეწვია და ქართველ კოლეგას შეხვდა. სოციალურ ქსელებში ეს ვიზიტი ცალსახად 11 მარტს მომხდარ არეულობას დაუკავშირეს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ პირებს ამაზე მცირე მინიშნებაც კი არ გაუკეთებიათ. საინტერესოა, რა იყო ამის მიზეზი და როგორი პოზიცია შეიძლება დაიკავოს თურქეთმა კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში.

კომენტატორების ყურადღება, უპირველესად, ვიზიტის უცნაურმა (თუ გაურკვეველმა) სტატუსმა მიიპყრო. ორივე მხარის დიპლომატები ქართულ მედიასთან საუბარში უწოდებდნენ მას არა ვიზიტს, არამედ სატრანზიტო შემოსვლას, ვინაიდან ილდირიმი საზღვრისპირა ართვინიდან სტამბოლში ბრუნდებოდა და სატრანზიტო პუნქტად ბათუმის აეროპორტი გამოიყენა. შესაბამისად, საუბარი ეხებოდა მხოლოდ პრემიერმინისტრების ერთობლივ ვახშამს და აზრთა თავისუფალ გაცვლას, მკაფიოდ განსაზღვრული დღის წესრიგის გარეშე.

თუმცა თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიამ გაცილებით კონკრეტული ფორმულირებები გამოიყენა: “შეხვედრაზე ამომწურავად განიხილება ორმხრივი ურთიერთობები. ყურადღება გამახვილდება თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მიმდინარე წლისთვის გათვალისწინებული მეორე სხდომის მოსამზადებელ სამუშაოებზე. მოხდება აზრთა გაცვლა რეგიონული ვითარების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ბინალი ილდირიმის მონაწილეობა საქართველოს პრემიერის, კვირიკაშვილის, მხრიდან მიცემულ ვახშამზე”, _ ნათქვამია “ტრტ”-ს ქართულენოვან ვებგვერდზე.

თურქეთის პრემიერმინისტრი საქართველოს შედარებით ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ესტუმრა. ამასთანავე, ის ჩამოვიდა არა თბილისში ან რომელიმე სხვა ქალაქში, არამედ ბათუმში იქ მომხდარი არეულობის შემდეგ. კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი _ საქართველოში მისი შემოსვლის დეკლარირებული მიზანი ბათუმის აეროპორტის გამოყენება იყო. როგორც ცნობილია, 2006 წლის მარტში საქართველოში თურქეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, აჰმედ ნეჯეთ სეზერის, ვიზიტის დროს, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესახებ, რომელმაც თურქულ ავიაკომპანიებს მიანიჭა უფლება, ის შიდათურქული რეისების ორგანიზებისთვის გამოიყენონ. ამას თბილისში მცირე სკანდალი მოჰყვა _ ოპოზიციის უკმაყოფილების ფონზე პარლამენტის იმჟამინდელმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ მთავრობისგან ხელშეკრულების ტექსტის წარმოდგენა და იმის ახსნა მოითხოვა, თუ რას ნიშნავს ფორმულირება “შიდა რეისები”. სკანდალი მალევე ჩაცხრა, საქართველოს იურისდიქცია ბათუმის აეროპორტში ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, თუმცა სატრანზიტო ან, თუ გნებავთ, სიმბოლურ კონტექსტში, ზოგიერთმა კომენტატორმა ამ აეროპორტს შეიძლება “ნაწილობრივ თურქული” უწოდოს და მეზობელი ქვეყნის ერთგვარ პლაცდარმად წარმოაჩინოს. ამგვარად, ილდირიმის ვიზიტის დაკავშირება ბათუმის აეროპორტთან მათ შეიძლება განიხილონ, როგორც ერთგვარი მინიშნება თურქეთის განსაკუთრებულ სტატუსზე აჭარაში _ არა იმდენად უხეში, როგორიც იქნებოდა პირდაპირი აპელირება ყარსის ხელშეკრულების მიმართ, თუმცა მაინც საგრძნობი.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია 13 წლის წინანდელი ეპიზოდი გავიხსენოთ. 2004 წლის 14 მარტს ასლან აბაშიძის ძალებმა ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის კორტეჟი არ შეუშვეს, ორ ლიდერს შორის დაპირისპირების მორიგი ეტაპი დაიწყო და ვითარება აჭარის გარშემო მკვეთრად დაიძაბა. 17 მარტს კი თურქეთის ელჩმა აზერბაიჯანში, უნალ ჩევიკოზმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყარსის ხელშეკრულების თანახმად, თურქეთს აჭარაში ჯარების შეყვანის უფლება აქვს. საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას ხმა არ ამოუღია და ამისთვის არც ეცალა იმ დღეებში, როდესაც, ლევან ბერძენიშვილის მოგონებებს თუ დავუჯერებთ, სააკაშვილი სრულიად მანიაკალურმა იდეამ შეიპყრო და მან ბათუმის საჰაერო დაბობვა დააპირა. ირიბი პასუხი თურქებს მაშინ (27 მარტს) რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა: “ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიხსენა ყარსის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი რუსეთის მონაწილეობით მოეწერა. ამ თვალსაზრისით, ჩვენ, გარკვეულწილად, უფლება გვაქვს, თავი ამ ხელშეკრულების გარანტორებად ჩავთვალოთ, რომელშიც ნათქვამია, რომ აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ამ პრინციპიდან ამოვდივართ”. ეს განცხადება, ალბათ, შეიძლება განვიხილოთ, როგორც მკაფიო სიგნალი იმისა, რომ რუსეთი არ დაეთანხმება თურქეთის ცალმხრივ მოქმედებას აჭარაში. ამ ეპიზოდის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაირა და სამივე ქვეყნის მდგომარეობასა და ურთიერთობებში ბევრი რამ შეიცვალა.

დღეს ქართული საზოგადოება კვლავ მსჯელობს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს თურქეთის ჩარევამ აჭარაში განვითარებულ პროცესებზე _ აქ მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ისიც, რომ 2004 წლის თურქეთი აშშის ერთგული მოკავშირე იყო და ევროინტეგრაცია სწყუროდა. ამგვარად, ვაშინგტონსა და ბრიუსელს გარკვეულ გარემოებებში მისი შეკავება შეეძლო. დღეს კი პრეზიდენტი ერდოღანი დასავლეთთან კონფრონტაციის გზას დაადგა და ამ ფაქტორმა შეიძლება აღარ იმუშაოს. ამასთანავე, გამორიცხული არაა, კრემლმა განსხავავებული პოზიცია გამოხატოს.

აშკარაა, რომ აჭარაში საქართველოს ხელისუფლებამ ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იმოქმედოს _ უმართავი პროცესების დაწყება არ დაუშვას და თურქეთს ჩარევის ან თუნდაცთითის დაქნევისსაბაბი არ მისცეს. 2014 წლის 17 სექტემბერს “საქართველო და მსოფლიო” წერდა: “არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ნაციონალები განიხილავენ ავტონომიურ რესპუბლიკას, როგორც ერთ-ერთ მთავარ პლაცდარმს შესაძლო რევანშისთვის. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აჭარის მოქმედი მთავრობა რაც შეიძლება დისკრედიტებული იყოს და ვარშალომიძის მთავრობასთან შედარებით უსუსურად გამოიყურებოდეს. პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა შეიძლება აჭარაში რელიგიურ თუ ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტების პროვოცირება სცადონ. ასეთ სიტუაციაში “ქართული ოცნების” სასიცოცხლო ინტერესებშია, აჭარაში თავისი მხარდამჭერების კონსოლიდირება მოახდინოს და მთავრობა გაათმაგებული ენერგიით აამუშავოს”. გავიდა ორწელიწად-ნახევარი და ჩვენ ვიხილეთ არეულობა ბათუმის ქუჩებში, ნეპოტიზმსა და ელიტარულ კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლება (როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი) და ღია პროვოკაციაზე გადასული “ნაცმოძრაობა”. ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ვანდალებს, რომლებიც ბათუმს არბევდნენ, ხოლო ნაციონალების კონტროლქვეშ მყოფი მედიასაშუალებები, აგერ უკვე ათი დღეა, პრაქტიკულად დაუფარავად ცდილობენ, გააღვივონ კონფლიქტი აჭარისა და საქართველოს სხვა რეგიონების მცხოვრებლებს შორის. ისინი უთმობენ ეთერს აშკარა პროვოკატორებს, რომელთა რეპლიკებს შემდგომ სოციალურ ქსელებში მათი ოპონენტი ულტრანაციონალისტური ჯგუფები ავრცელებენ (ვინ აკონტროლებს მათ, ცალკე საუბრის თემაა, იქ არა მხოლოდ ნაციონალების ინტერესები იკვეთება), რათა ტემპერატურა კიდევ უფრო აწიონ. ეს მთელი ქვეყნის თვალწინ ხდება და ხელისუფლება ამაზე არც რეაგირებს და არც მკაფიო პოზიციას გამოხატავს.

როდესაც ხელისუფლებას მივმართავთ, როგორც წესი, ნეიტრალურ, კორექტულ ფორმულირებას ვირჩევთ, მაგალითად “ბატონებო!” ან “პატივცემულებო!”, თუმცა ეს, ალბათ, ის შემთხვევაა, როდესაც მიმართვა უნდა დაიწყოს სიტყვით “იდიოტებო!”. უკან დაგვრჩება თქვენი პრიმიტიული თამაშები, ივანიშვილის, სააკაშვილის, კვირიკაშვილის, ღარიბაშვილის, ვარშალომიძის, ხაბაძის, პატარიძის, მღებრიშვილის ინტერესები, თუ ვერ გაიგებთ, რომ მძლავრ უცხო სახელმწიფოებს აჭარა მიზანში აქვთ ამოღებული, რომ ისიმპერიების გზაჯვარედინია”, სადაც ადგილობრივი ელიტა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოქმედებდეს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენს ისტებლიშმენტს სახელმწიფოებრივი აზროვნება არ გააჩნია და ძალაუფლების თუერთი ბღუჯა დოლარებისგულისთვის ხელს ყველაფერზე მოაწერს.

არის მეორე უკიდურესობა _ მომხდარი არეულობის წარმოჩენა მხოლოდ პოლიტიკური თამაშის ნაწილად, მაშინ, როდესაც მის უკან ბევრი რეალური პრობლემა დგას. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან გაღიზიანებულია, აჭარის პოლიტიკური და ეკონომიკური ლანდშაფტი დანაღმულ ველს ჰგავს, თანაც ისეთს, რომელზეც ნაღმების რამდენიმე ფენაა _ ძველის-ძველი, შედარებით ახალი, უახლესი _ ერთის აფეთქება დანარჩენების დეტონაციას გამოიწვევს. მას სჭირდება განაღმვა, მაგრამ ამის ნაცვლად ქართული ელიტა ამ ველზე კუკუ-დამალობანას თამაშობს. რა მოხდება, თუ პროვოკატორები იმუშავებენ იმაზე, რომ შემდეგი მასშტაბური დაპირისპირება ბათუმში ქართველებსა და თურქებს შორის მოხდეს? რას მოიმოქმედებს ამ შემთხვევაში ერდოღანი?

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მოვლენებმა შეაშფოთა არეულობას გადაჩვეული საქართველო, იქ 11 მარტს არ მომხდარა არაფერი ისეთი, რაც დროდადრო სხვა ქვეყნებში არ ხდება და ასეთ ვითარებაში უცხო ქვეყნების ჩარევა თავისთავად შეიცავს პრეტენზიას დომინირებაზე. თუ საქართველოს ხელისუფლება აღიქვამს ილდირიმის ვიზიტს, როგორც უკმაყოფილების სიგნალს, ის ნეგატიური რეაქციისგან, სავარაუდოდ, თავს შეიკავებს, მეტიც, შეიძლება გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც, ერთი მხრივ, მოეწონება ერდოღანს, მაგრამ, მეორე მხრივ, ქართულ საზოგადოებაში რამდენადმე შესამჩნევ პროტესტს არ გამოიწვევს. ეს შეიძლება გახდეს ერთი ან რამდენიმე სასწავლებლის დახურვა, რომელთა უკან ფეთჰულა გიულენის ინტერესები მოიაზრება, ან რომელიმე ეკონომიკურ პროექტში თურქებისთვის განსაკუთრებული პრეფერენციების მინიჭება. ცხადია, ეს პალიატიური ზომა იქნება, რომელიც არ შეცვლის მთავარს _ თურქეთის გავლენა აჭარაში და მთლიანად საქართველოში დღესდღეობით არ არის სათანადოდ დაბალანსებული სხვა მოთამაშეების მიერ და მას ზრდის ტენდენცია ახასიათებს.

თუ ადრე ჩვენ ვესაუბრებოდით სავსებით პროგნოზირებად თურქეთს, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში მკაფიოდ განსაზღვრულ ნიშას იკავებდა, ახლა დასავლეთის გადამტერების და რუსეთთან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების, აგრეთვე, იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, რომელიც მკვეთრად გაზრდის პრეზიდენტის უფლებებს, საქმე ახალ, ძნელად პროგნოზირებად და, სავარაუდოდ, გაცილებით ამბიციურ თურქეთთან გვექნება. სამწუხაროდ, ქართველი ელიტის უდიდეს ნაწილს ამ ცვლილებების მნიშვნელობა არ ესმის.

დიმიტრი მონიავა

2 COMMENTS

  1. აიღეთ ეს სამარცხვინო სურათი აქედან, აიღეთ! როგორ ვერ ხვდებით, რომ ამ სურათით საქართველოს შეურაცხყოფთ?!

    • შენაი ვეჟო, ეტყობა პახოდუ პაჟიზნი დაყლევდი, თორემა მშობელი დედის საშოი ეგეთ დოდოყლესა როგორღა გაგიმეტებდა საშობად ჰა?~
      მარტოკინას სარკეში ჩაგიხედამს შე ხვადის კურკლო შენა…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ქენდალაღაძე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here