Home რუბრიკები საზოგადოება ბიატლონის მეფე

ბიატლონის მეფე

ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში

768
ულე-აინარ ბიორნდალენი

ულეაინარ ბიორნდალენი დაიბადა 1974 წლის 29 იანვარს ნორვეგიის სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქ დრამენში. როგორც თვითონბიატლონის მეფემთქვა, “ის არის ნორვეგიელი გლეხის ოჯახიდან, რომელსაც ჰყავდა 9 ძროხა და 5 შვილი და ამ ოჯახში ზოგჯერ ძროხებს მეტ ყურადღებას უთმობდნენ, ვიდრე ბავშვებს”.

მიუხედავად იმისა, რომ ულეაინარი დაიბადა სკანდინავიურ ქვეყანაში, სადაც თხილამურები ყველა ოჯახშია, მის ბიოგრაფიაში ბიატლონი სპორტის ერთადერთი სახეობა არ ყოფილა. ბავშვობაში დაკავებული იყო მძლეოსნობით, ფეხბურთითა და ველოსიპედითაც კი, თუმცა ნორვეგიულმა ფესვებმა მაინც თავისი გაიტანა _ ჭაბუკმა ულეაინარმა ძალისხმევა ბიატლონის დაუფლებისკენ მიმართა. ბიორნდლენი ნორვეგიის სათხილამურო გიმნაზიაში დროის უდიდეს ნაწილს სპორტს უთმობდა და სწავლით თავს მაინცდამაინც არ იკლავდა. მომქანცველი ვარჯიშების მძიმე წლებმა ნაყოფი გამოიღო. 1993 წელს ბიორნდალენმა ფურორი მოახდინა, როცა იუნორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბიატლონის სამ სახეობაში გაიმარჯვა.

1994 წელს 20 წლის სპორტსმენი მონაწილეობდა თავის პირველ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც ნორვეგიაში, ლილეჰამერში გაიმართა. ამ თამაშებში სპორტსმენის წინაშე იდგა ერთი ამოცანა _ გაეცნობიერებინა, რა იყო ოლიმპიური თამაშები და ნამდვილი სპორტული ბრძოლა. ეს თამაშები ბიორნდალენისთვის რეპეტიცია იყო ბრწყინვალე კარიერის წინ.

“ოლიმპიურმა მოთელვამ” თავი იჩინა 1995 წელს, როდესაც სპორტსმენმა მსოფლიო თასის საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

დაგი და ულე-აინარ ბიორნდალენი
დაგი და ულე-აინარ ბიორნდალენი

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მედალი (ვერცხლის) კი ულე-აინარ ბიორნდალენმა 1996 წელს ჰოხფილცენიდან (ავსტრია) წაიღო შინ. ეს მედალი, რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, საზაფხულო ბიატლონში მოიპოვა.

1998 წელი ბიორნდალენის საჩემპიონო ეპოქის საწყისი წელიწადია. შორეულ ნაგანოში (იაპონია) გამართულ ოლიმპიურ თამაშებში 10 კმ-ზე რბოლაში გაიმარჯვა, იმავე წელს სლოვენიაში “ბიატლონის მეფემ” მსოფლიო ჩემპიონობაც მოიპოვა.

2002 წლის ოლიმპიადისთვის მზადების პერიოდში სპორტსმენმა ვერაფრით შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატებში გამარჯვება. თხილამურებით შესანიშნავად სრიალებდა, მაგრამ სროლისას ხშირად აცდენდა მიზანს, თუმცა სოლტ-ლეიკ-სიტის ოლიმპიურ თამაშებში შესანიშნავად ისროლა. ეს იყო ერთი სპორტსმენის თამაშები. იქ ბიორნდალენმა 4 ოქროს მედალი მოიპოვა _ 20 კმ-ზე ინდივიდუალურ რბოლაში, 10 კმ-ზე სპრინტში, 12,5 კმ-ზე გამოდევნებით რბოლაში და 4X7,5 კმ-ზე ესტაფეტაში. ბიატლონში შესანიშნავი ასპარეზობის გარდა, ნორვეგიული თხილამურებით რბოლაშიც მონაწილეობდა და მეხუთე ადგილი დაიკავა. შემდეგ წელს კი ხანტი-მანსიისკიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში 10 კმ-ზე სპრინტში და 15 კმ-ის მასობრივ რბოლაში გაიმარჯვა.

 ულე-აინარ ბიორნდალენი
ულე-აინარ ბიორნდალენი

2006 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის სამზადისის შედეგები 4 წლის წინანდელი შედეგების საწინააღმდეგო აღმოჩნდა. მსოფლიოს ჩემპიონატის 4 ოქროს მედლის მოგების შემდეგ ბიორნდალენმა ტურინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მხოლოდ 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მაგრამ ეს არ ყოფილა დასასრული. “ბიატლონის მეფემ” განაგრძო კარიერა. 2007-2011 წლებში ბიორნდალენმა მსოფლიოს ჩემპიონატებში 9 ოქროს მედალი მოიპოვა, 2010 წელს კი კანადის ქალაქ ვანკუვერში გამართულ ოლიმპიურ თამაშებში ნორვეგიის ნაკრებთან ერთად გაიმარჯვა 4X7,5 კმ-ზე ესტაფეტაში, ხოლო 20 კმ-ზე ინდივიდუალურ რბოლაში ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

2014 წელს სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის ნორვეგიელი ბიატლონისტი შესანიშნავად მოემზადა და 2 ოქროს მედალი მოიპოვა სპრინტსა და შერეულ ესტაფეტაში. ამრიგად, ულე-აინარ ბიორნდალენი რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ბიატლონში და ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი _ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში.

 ბიორნდალენი და ბელორუსი მეუღლე დარია დომრაჩოვა
ბიორნდალენი და ბელორუსი მეუღლე დარია დომრაჩოვა

ბიორნდალენის სახელი ყოველთვის ასოცირდებოდა შეჯიბრებებისთვის მზადების საკმაოდ უცნაურ მეთოდიკასთან მედიტაციისა და იოგას გამოყენებით. რბოლების საკუთარი თავის გასაკონტროლებლად და სროლაში ხარვეზების აღმოსაფხვრელად ბიორნდალენმა 1996 წელს დაიქირავა პირადი ფსიქოლოგი ოივინდ ჰამერი, რომელიც მტვერსასრუტის შეძენისას გაიცნო მაღაზიაში _ სწორედ მისგან იყიდა მტვერსასრუტი, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა, როგორც თილისმა და როგორც დასუფთავების საშუალება. ბიორნდალენი სისუფთავის მოყვარულია, ხელის ჩამორთმევასაც კი თავს არიდებს, ვინმემ ინფექცია რომ არ გადასდოს.

მიღწევები:

ნორვეგიელი ბიატლონისტი რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონია, არის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში (20 გამარჯვება). ოთხიდან ოთხი გამარჯვება მოიპოვა 2002 წელს სოლტ-ლეიკ-სიტის ოლიმპიურ თამაშებში და ერთადერთი აბსოლუტური ჩემპიონია ბიატლონში. ბიორნდალენის ანგარიშზეა 96 პირადი გამარჯვება მსოფლიოს თასის ეტაპებზე ბიატლონსა და თხილამურებით რბოლაში (შესაბამისად, 95 და 1), სულ კი პირად და გუნდურ დისციპლინებში 133-ჯერ გაიმარჯვა.

2018 წლის 3 აპრილს განაცხადა, რომ დაასრულა სპორტული გარიერა.

ულე-აინარ ბიორნდალენის გამონათქვამები:

* ზოგჯერ მწყინს, რომ ადამიანებმა არ იციან ჩემზე ბევრი რამ, მაგალითად, ის, რომ შესანიშნავად დავდივარ გაჭიმულ ბაგირზე. ბავშვობაში კი ვოცნებობდი ფოტოგრაფობაზე, ფოტოაპარატიც კი ვიყიდე.

* ბავშვობაში სიზუსტეს მიმაჩვიეს. და თუ 5 წუთით მაგვიანდება ინტერვიუზე, ძალიან ვნერვიულობ.

* რბოლებს ადამიანები იგებენ, მაგრამ არ შეიძლება ინვენტარიც არ დააფასო.

* იმუშავე მხოლოდ მათთან, ვინც შენზე ძლიერია. სწორედ ასეთი ადამიანები გეხმარებიან ზრდაში.

* მე ვცხოვრობ იტალიაში. მომწონს ამ ქვეყნის მთები, ბუნება, სამზარეულო, მაგრამ მე ნორვეგიელი ვარ და მომწონს ნორვეგიელები. ისეთი ადამიანები, როგორიც ჩვენ ვართ ევროპაში აღარ არიან: ნორვეგიელებისთვის უცხოა ევროპული პრაგმატიზმი და ფუფუნებისკენ ლტოლვა. ნორვეგიელები ადამიანებს არ ყოფენ მდიდრებად და ღარიბებად და ნორვეგიაში ცნობილ ადამიანებს არასოდეს ექმნება პრობლემები. ყველა ნორვეგიელი დელიკატურია და არასოდეს მოგაბეზრებს თავს ფოტოს ან ავტოგრაფის თხოვნით. ევროპაში ასე არ არის. იქ ადამიანები შეშლილები არიან. ერთმა შუა ზაფხულში მთხოვა, ავტოგრაფი დამეტოვებინა მის თხილამურზე.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here