საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე დაგვაყენა. უფრო ზუსტად კი, ოპოზიციას, არჩევნებთან ერთად, მიშას გათავისუფლების მოთხოვნაც გაუჩნდა. ამ დროს ხელისუფლება ერთი შეხედვით (კიდევ ვიმეორებთ, ერთი შეხედვით) მყარ პოზიციაზე დგას და სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით გასამართლებული და სასჯელმისჯილი სააკაშვილის ციხიდან გაშვებას არ აპირებს.
ოპოზიციამ 14 ოქტომბერს მასშტაბური აქცია დააანონსა და ყველაფერს გააკეთებენ, რაც შეიძლება, ბევრი ხალხი რომ მიიყვანონ. ოპოზიციის განცხადებით, რუსთაველზე, სულ ცოტა, 100 ათასი კაცი შეიკრიბება, რაც, მათი ბოლოდროინდელი აქციებიდან გამომდინარე, ცოტა დაუჯერებელი ჩანს, მაგრამ ისიც დაუჯერებელი ჩანდა, ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს რომ დაავიწყდებოდა, რა ხდებოდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში.
ახლა მთავარი ვთქვათ: ოპოზიციამ ცალკე და სააკაშვილმა ცალკე გააპროტესტეს ის, რომ მიშას საკანში ტელევიზორი არ დახვდა. ევროპელმა ელჩებმაც ხმა აიმაღლეს, _ ტელევიზორი აუცილებელია და შეტანის შესაძლებლობა მიეცითო. ჰოდა, ზის ახლა მიშა და მშვიდად უყურებს ტელევიზორს, მაგრამ… სად იყვნენ ის ევროპელი ელჩები და დღევანდელი ოპოზიციის ლიდერები, როცა, მაგალითად, გლდანის ციხეში პატიმრებს ტელევიზორი ეკუთვნოდათ და ის არც ერთ, ვიმეორებთ, არც ერთ კამერაში არ იყო. როცა ამის შესახებ რამდენიმე წლის წინათ ერთ–ერთ ელჩს ვუთხარი, თავი იმართლა: ჩვენ რომ შევდიოდით, ტელევიზორები იდგაო. რეალურად კი, ტელევიზორი ელჩების ვიზიტისას ადმინისტრაციის კაბინეტებიდან საკნებში დროებით შეჰქონდათ, თანაც იმ საკნებში, რომლებშიც არც ერთი პატიმარი არ იტყოდა, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო. ზონაში ტელევიზორები კი იყო ყველა საკანში, მაგრამ არ აჩვენებდა არც ერთ ოპოზიციურ არხს, ისინი, უბრალოდ, გათიშული იყო. ციხის მაღაზიაში, არც გლდანში და არც ზონებში, არ იყიდებოდა ოპოზიციური გაზეთები. რაც შეეხება მოპყრობას, პატიმრების გადათვლისას, ანუ დილა-საღამოს, საკნიდან გამოსულ პატიმრებს ოფიცრები აგინებდნენ, შესვლისას _ ისევ აგინებდნენ. გლდანის ციხის პატიმრებს უფლება ჰქონდათ, ყოველ დილით სუფთა ჰაერზე ე.წ. ერთსაათიანი “პრაგულკა” გაეკეთებინათ, მაგრამ, თუ ამას მოისურვებდნენ, უკან დაბრუნებულებს საკანი არეული ხვდებოდათ, ჭურჭელი, ლეიბები, ტანსაცმელი იატაკზე ეყარა და ზედ წყალი იყო დასხმული. ე.წ. შმონის სახელით საკანს იმიტომ ურევდნენ, რომ პატიმრებს “პრაგულკის” სურვილი აღარ გასჩენოდათ. თანაც, ერთი საათის ნაცვლად, სუფთა ჰაერზე გასეირნება 10 წუთზე მეტს არასდროს არ გრძელდებოდა.
ახლა ლეიბებზე გადავიდეთ. ლეიბის ფუნქციის შემსრულებელი იყო ნაჭერში ერთი თითის სისქეზე ჩაყრილი შავი ბამბა. ეს ხდებოდა ციხეში და ეს ხდებოდა ზონაშიც. თუ შემთხვევით რომელიმე პატიმარი დამატებით ლეიბს იშოვიდა და უპოვიდნენ, ლამის ცემით კლავდნენ და, რაღა თქმა უნდა, ართმევდნენ. მიშას კიდევ თურმე ლეიბის სისქე ეპატარავა და მეორე მოითხოვა. რატომ არ თქვა არც ერთმა ოპოზიციონერმა, რომ ასეთივე ლეიბზე რამდენიმე ათას პატიმარ სძინავს და დამატებითი ლეიბი მათთვისაც შეეტანათ? თუ მიშა მაგარი ტიპია? როგორც ჩანს, არის, რადგან ყველა სურვილს ზედმიწევნით უსრულებენ და ეს მაშინ, როცა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ასეთი ელემენტარული სურვილის გამხელაც კი უსასტიკესად ისჯებოდა. აი, შიმშილობის პროცესი ყველაზე საინტერესოა. ოფიციალურად შიმშილობა გამოცხადებულად ითვლება მაშინ, როცა დილით შენს სარგო პურს არ იღებ. ეს ნიშნავს, რომ შიმშილობა დაიწყე. ვთქვათ, წინა დღის პური დაგრჩა და ახალი აღარ გინდა, მაინც უნდა აიღო, თუ გინდა, გადააგდე, მაგრამ უნდა აიღო, სხვაგვარად, პურზე უარის თქმა შიმშილობის დაწყებად ითვლება. ასეთ შემთხვევაში ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, პატიმარი სამარტოო საკანში გადაიყვანოს, რათა მას პროტესტის გამოხატვა გაუადვილდეს. სხვა პატიმრების გარემოცვაში შიმშლობა ძნელია, რადგან ოთახში საჭმლის სუნი ტრიალებს, სხვები ჭამენ და რამდენიმედღიანი შიმშილობის შემდეგ საჭმლის სუნზე, შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემები დაგეწყოს. ადრე პატიმარი ცალკე საკანში კი არა, კარცერში ჩაჰყავდათ, ხოლო, როცა დილის საუზმე, შუადღის სადილი და საღამოს ვახშამი დარიგდებოდა, ცარიელ და ოხშივარავარდნილ ქვაბებს 10-15 წუთის განმავლობაში სწორედ კარცერის დერეფანში დგამდნენ, რათა მოშიმშილეებს (და ხშირად რამდენიმე ადამიანი შიმშილობდა პროტესტის ნიშნად) საჭმლის სუნი მისვლოდათ, მორალურად გატეხილიყვნენ და ან ჭამა დაეწყოთ და შესაბამისად, პროტესტი შეეწყვიტათ, ან გული წასვლოდათ და საავადმყოფოში გადაეყვანათ, სადაც უკვე გადასხმების შემდეგ კარგად “დატრენინგებული ექიმები” აიძულებდნენ საკვების მიღებას. ახლა სააკაშვილის მომხრეები იტყვიან, მიშასაც აწამებენ, რამდენიმე აზერბაიჯანელმა ცხვარი დაუკლა და მიუყვანაო, მაგრამ ხომ ხვდებით, რომ ეს და ის სრულიად სხვადასხვა რეალობაა.
ცალკე თემაა პაემანი. სააკაშვილის ზეობის ხანაში გამორიცხული იყო, პატიმარი ვინმეს მოენახულებინა ოჯახის წევრების გარდა. საუბარი არ არის გრძელვადიან პაემანზე, რომელიც 2011 წელს შემოიღეს, არამედ ჩვეულებრივ პაემანზე, როცა ჯავშნიანი შუშის სხვადასხვა მხარეს სხედან ადამიანები და ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრებიან. ოჯახის წევრებად ითვლებოდნენ მშობლები, დედმამიშვილები, შვილები… ბებია და ბაბუა _ არა, ბიძაშვილ-მამიდაშვილებზე ხომ ზედმეტია საუბარი. რაც მთავარია, ტელეფონზე საუბარს უსმენდნენ და, თუ რომელიმე პატიმარი დაიწუწუნებდა, მას საკნის ნაცვლად კარცერში წაიყვანდნენ, კარგად “დაამუშავებდნენ” და თანაც დაარიგებდნენ, რომ სხვა დროს ოჯახის წევრებთან არ ეწუწუნა და ეთქვა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. სააკაშვილთან კი, ვისაც არ დაეზარა, ყველა შევიდა და ბოლოს იმხელა რიგი დადგა, პარლამენტის თავმჯდომარე იძულებული შეიქნა, სპეციალური განცხადება გაეკეთებინა და შესვლა შეეზღუდა. ბატონებო… ქალბატონებოც! რატომ არ აყენებთ სააკაშვილს ზუსტად იმავე მდგომარეობაში, როგორშიც სხვა პატიმრები არიან? დაინდო მიშამ ვინმე, როცა დააკავა? დაინდო სულხან მოლაშვილი ან მაღალჩინოსანი სამხედროები? თუ დასავლელი პარტნიორების გეშინიათ? და ამ პარტნიორებს ყურები ხომ აქვთ და თქვენი საუბარი ხომ ესმით? არ შეგიძლიათ, აუხსნათ, რომ სააკაშვილი არის პატიმარი და აღარ არის პრეზიდენტი, რაც, აგერ უკვე მეცხრე წელია, ვერ დაიჯერა და ვერ გაითავისა. პატარა ბავშვს სათამაშოს რომ წაართმევ და ჭიჭყინებს, სწორედ ისე ჭიჭყინებს სააკაშვილი და ზუსტად ცხრა წელია, სათამაშოდქცეული საქართველოს დაბრუნება უნდა. ასეთი მოპყრობა კი არა, მკვლელობას, გაუპატიურებას “აპრავებდა” კაცი უცხოელებთან და ადამიანურ მოპყრობას ვერ აკეთილშობილებთ. მას რომ მართლა ისე მოეპყრან, როგორც მისი მმართველობისას ხდებოდა ციხეში, ახლა, შიმშილით მისავათებული კი არა, რამდენიმე დღის დამარხული უნდა იყოს. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ სააკაშვილის ტოლფასი საფრთხე რომ ყოფილიყო ნაციონალების მმართველობის პერიოდში და ის ციხემდე მიეყვანათ, არ მოკლავდნენ? არ იყო ასეთი საფრთხე ზურაბ ჟვანია? არ ჰქონდა მიშას განცდა, რომ სწორედ ჟვანიას ჩრდილში იყო? უცხოელთა თვალში მაინც და მისი გამოხდომების მოსმენას გაწონასწორებულ ჟვანიასთან საუბარი ერჩივნა ყველას? გამორიცხულია, სახელმწიფოს რამე ეშველოს, სანამ ორმაგი სტანდარტი იქნება. კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს და, თუ სააკაშვილს ერგება 2 ლეიბი, შეუტანეთ ყველა პატიმარს ორი ლეიბი. თუ სააკაშვილისთვის შეიძლება, ოჯახის წევრების გარდა, მოინახულოს “გელფრენდმა”, შეუშვით ნაშები სხვა პატიმრებთან. სხვა შემთხვევაში, ეს ორმაგი სტანდარტი და მიდგომა უსამართლობის განცდას იწვევს და კიდევ განცდას იმისას, რომ ოპოზიციურ პარტიაზე მიკედლება მომგებიანია, რადგან უკანონობა გეპატიება და, თუ არ გეპატიება, კანონს მოგარგებენ, შეიკრიბება ასი კაცი ციხესთან და მოთხოვნილს მიიღებ.
იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ რუსთავის ციხესთან აქციებისას გადაკეტილი გზა (ვიწროა და იმიტომ) პრობლემებს უქმნის იქ მცხოვრებთ გადაადგილებაში? იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ ციხესთან ახლოს, კოვიდკლინიკის გარდა, გადაუდებელი ოპერაციების განყოფილებაც არის და იქ ხშირად მიჰყავთ პაციენტები? ამ აქციის გამო, თუნდაც ერთ პაციენტს რამე რომ დაემართოს, ვინ არის პასუხისმგებელი? ნაციონალებისთვის ერთი გარდაცვლილით მეტი, ერთით ნაკლები არაფერს წყვეტს, მაგრამ თქვენთვის, ბატონებო, თქვენთვის?!
ვერ გეტყვით, რა მოხდება 14 ოქტომბერს, მაგრამ, თუ ნაციონალებმა დაინახეს, რომ ხალხის მასა საკმარისია შტურმისთვის (დაგვიჯერეთ, ამის მცდელობა ექნებათ), ფარად ხალხს დაიყენებენ. შემდეგ პოლიცია პროპორციულ ძალას გამოიყენებს, მაგრამ ოპოზიციური ტელევიზიები ამ ყველაფერს სისხლისღვრად მონათლავენ და… დასავლეთი აუცილებლად დაიწყებს საუბარს რიგგარეშე არჩევნებზე. სახელმწიფომ სახელმწიფოებრიობა არ უნდა დათმოს, სხვაგვარად გამწარებული ხალხი გამოვა ქუჩაში და კატასტროფულ პროცესებს ვეღარავინ შეაჩერებს. მერე ეგებ სააკაშვილის ახლოდან ნახვის სურვილი მისგან გამწარებულებმაც გამოთქვან.
ბესო ბარბაქაძე