30 იანვარს მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამოინგრა, დაშავდა 14 ადამიანი. მომხდარს რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი, სავარაუდოდ, არ მოჰყვება, რადგან საზოგადოება ძალიან მალე ივიწყებს მსგავს და გაცილებით მძიმე შემთხვევებს. ასე რომ, ხელისუფლებამ შეიძლება დემონსტრაციულად დასაჯოს რამდენიმე დაბალი რანგის მოხელე ან ფირმა “ყვარელრემმშენის” თანამშრომლები, მაგრამ ეს პრინციპულად არაფერს შეცვლის, რადგან პრობლემა სისტემურია.
ინვესტორებისთვის ბიზნესის წამოწყების გასამარტივებლად სააკაშვილის ხელისუფლება ერთი მეორის მიყოლებით აუქმებდა მაკონტროლებელ ორგანოებს და (მისი აზრით) შემზღუდავ ნორმებს. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია მეშახტეების დაღუპვაც, სასტუმრო “ლეოგრანდში” მომხდარი ხანძარიც და უხარისხო მშენებლობასთან დაკავშირებული ინციდენტების მთელი სერია. რეალურად, ბიზნესის კეთების გამარტივება მოქალაქეების უსაფრთხოების ხარჯზე მოხდა.
პარალელურად, მიმდინარეობდა ცივილიზაციური დეგრადაციის პროცესი და საინჟინრო კულტურის დაქვეითება _ უსამართლობა იქნებოდა, ეს მხოლოდ სააკაშვილისთვის ან ივანიშვილისთვის დაგვებრალებინა. პრობლემამ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში იჩინა თავი, როდესაც პოლიტექნიკური ინსტიტუტი თანდათან ნაკლებად პრესტიჟული გახდა და დაიწყო ის, რასაც პირობითად შეიძლება “ჰუმანიტარული გადახრა” ვუწოდოთ. შემდგომ წლებში დაეცა განათლების ხარისხი და ბევრი ძალიან კარგი ინჟინერი თუ პერსპექტიული მეცნიერი, გაჭირვების გამო, იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.
23 იანვარს “ბლუმბერგმა” “ინოვაციების რეიტინგი” გამოაქვეყნა, საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის ვერ მოხვდა. არადა, ამ რეიტინგში, აღიარებული ლიდერებისა და გიგანტი სახელმწიფოების გარდა, მოხვდა ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფო, მალტა, ტუნისი, ტაილანდი, სლოვაკეთი და ა.შ. ხოლო მეზობელმა თურქეთმა პოზიცია ოთხი საფეხურით გააუმჯობესა. საქართველო ამ ქვეყნებს შორის არ აღმოჩნდა; ალბათ, იმიტომ, რომ იქ განათლებისა და მეცნიერების მინისტრად არც შაშკინი, არც ჯეჯელავა არ დაუნიშნავთ. მსგავსი ჩავარდნა ადრე ტრაგედიად იქნებოდა აღქმული, დღეს კი განსაკუთრებულ ემოციებს არ იწვევს _ ყველასათვის ცხადია, რომ საქართველო აზია–აფრიკის ჩამორჩენილი ქვეყნების დონეზე დაეშვა. ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არაა, რომ სიაში ვერ მოვხვდით, რადგან ამას, ასე თუ ისე, ობიექტური მიზეზი აქვს, არამედ ის, რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ამის პრეტენზია აღარ აქვს და განხილული პრობლემატიკა საერთოდ არ ანაღვლებს. ის ვეღარ ხედავს პრინციპულ სხვაობას სპორტსმენების გამარჯვებასა და მსგავს რეიტინგებში დაწინაურებას შორის.
საბოლოოდ, ავანსცენაზე გამოვიდა ნახევრადგანათლებული ან (და) დაშინებული ინჟინერი, რომელიც ბიზნესმენს, პოლიტიკოსსა და დიზაინერსაც კი ხმას ვერ სცემს, რადგან უმუშევრად დარჩენის ეშინია. აგრეთვე, ჩვენ მივიღეთ ნორმების საყოველთაო დარღვევა, იაფი, უხარისხო მასალების გამოყენება და უამრავი სხვა ფაქტორი, რომლებმაც ვარკეთილის და ბევრი სხვა ინციდენტი გარდაუვალი გახადა.
მეტროს სადგური სპეციფიკური ადგილია. იქ, სადაც მუდმივად იცვლება წნევა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვიბრაცია და ა.შ., სამუშაოებს უნდა ასრულებდნენ (და აკონტროლებდნენ) გარკვეული ცოდნისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ტენდერების სისტემა, რომლის მიერ შემსრულებლის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი დაბალი ფასია. სინამდვილეში იქ სხვა ფაქტორებიც მოქმედებს _ ნეპოტისტური კავშირები, “ატკატების” სისტემა და ა.შ., მაგრამ ასე რომც არ იყოს, ეს ის სიტუაციაა, როდესაც მეზობელ ხელოსან ჟორას, რომელმაც ჩაქუჩს ხელი პირველად გუშინწინ მოჰკიდა, შეუძლია გაარემონტოს მეტროც, აეროპორტიც, ააშენოს ხიდები და გზები დააგოს.
ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში მკაცრი კონტროლია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გააკონტროლა და ჩაიბარა მერიამ და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ის, რაც “ყვარელრემმშენმა” მეტროსადგურ “ვარკეთილში” გააკეთა _ ჭერი დამონტაჟებიდან ხუთ თვეში ჩამოიშალა. ან ვის რად უნდოდა ეს ჭერი, როდესაც მეტროპოლიტენის წინაშე გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები დგას, მაგალითად, მგზავრგამტარუნარიანობის გაზრდა, “დენიკინის დროინდელი” ესკალატორების შეკეთება, აღჭურვილობის განახლება?! მაგრამ “ფასადურ აზროვნებას” ისევ “განახლებულ”, მეტიც “მოდერნიზებულ” ჭერამდე მივყავართ.
ამონარიდი მერიის საიტზე 2017 წლის 22 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციიდან: “თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, განახლებული მეტროსადგური “ვარკეთილი” დაათვალიერა. დავით ნარმანიას თქმით, მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა”.
ვარკეთილის ინციდენტის შემდეგ მან “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ საკუთარ თავზე “გარკვეულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას” იღებს და ერთობ სევდიანად, ამასთანავე, ფილოსოფიურად დასძინა, რომ “ზოგადად სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიების დიდ ნაწილს დაბალი კვალიფიკაცია აქვს ან არასათანადოდ ასრულებს სამუშაოს”. ვერაფერს ვიტყვით: ბიძინა ივანიშვილმა 2014-ში მერობის კანდიდატად ფრიად გამჭრიახი კანდიდატი შეგვირჩია.
მისმა შემცვლელმა კახი კალაძემ იანვრის დასაწყისში, მუხიანის სპორტულ კომპლექსში ვიზიტის შემდეგ, განაცხადა: “შეურაცხმყოფელია ის, რაც ვნახე _ მაისში გახსნილი სპორტული კომპლექსი დღეს უკვე თავიდან სარეაბილიტაციოა”. ამით მან თითქოს თავი დაიზღვია და ნარმანიასდროინდელი სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოებისგან დისტანცირება მოახდინა. დაახლოებით ასე იქცეოდა ნარმანიაც და, სავარაუდოდ, ასე მოიქცევა კალაძის შემცვლელიც, რადგან ვერ ერთი მათგანი ვერ შეცვლის სისტემას, რომლის ნაწილიც თვითონ არის.
კალაძემ, აგრეთვე, განაცხადა, რომ დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო გაიღებს. ეს, ალბათ, ერთგვარი წინმსწრები ნაბიჯია _ ხელისუფლებას ურჩევნია, დაშავებულები ამით დაკმაყოფილდნენ და კომპენსაციებზე არ ისაუბრონ. არადა, ძალიან კარგი იქნება, რომ იჩივლონ, უზარმაზარი კომპენსაციები მოითხოვონ და მერიას თუ “ყვარელრემმშენს” სასამართლოში სული ამოჰხადონ, რადგან ასე მნიშვნელოვანი პრეცედენტი შეიქმნება. თუმცა საქართველო დაბალი სამართლებრივი კულტურის ქვეყანაა, ღარიბი ადამიანებისთვის მკურნალობის ხარჯის დაფარვაც დიდი შეღავათია და ჩვენ გარშემო არც ისე ბევრი იურისტია, რომლებიც შეძლებენ, ამ საქმეს ხელი თამამად მოჰკიდონ და სასურველ შედეგამდე მიიყვანონ, მაშინ, როდესაც ხელისუფლების კონტროლი სასამართლოზე ტოტალურს მიუახლოვდა.
საბოლოოდ, მივიღეთ სიტუაცია, როდესაც უბრალო ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დამოკიდებულია მხოლოდ ხელისუფალთა კეთილ ნებაზე და მათი პიარპოლიტიკის ნიუანსებზე. საუკეთესო შემთხვევაში, ეს ფეოდალიზმია, რეალურად კი _ მონათმფლობელობა.
ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, რომელსაც ბარბაროსები დაეპატრონენ. არაფერია უფრო შეურაცხმყოფელი ცივილიზებული ადამიანისთვის, ვიდრე დამორჩილება მათი პოლიტიკური დიქტატის, მსოფლმხედველობის, ეთიკისა და ესთეტიკის მიმართ.
კიდევ ერთი სიახლე დედაქალაქის ცხოვრებიდან, რომელმაც აზრთა სხვაობა გამოიწვია, რუსთაველზე კავშირგაბმულობის სახლის ადგილას ახალი სასტუმროს აშენებაა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ (ერთხმად) გასცა ნებართვა მისი ესკიზის წინასწარ შეთანხმებაზე, შესაბამისად, ჩათვალა, რომ შენობა არსებულ განაშენიანებასა და გარემოს შეესაბამება.
პრინციპში, იმის შემდეგ, რაც პირველ სკოლის თავზე უზარმაზარი კორპუსი წამოჭიმეს, იმ მიდამოებში არანაირმა ცვლილებამ არ უნდა გაგვაკვირვოს, მაგრამ სოციალურ ქსელებში, ე.წ. მრგვალ სასტუმროზე საუბრისას ნათლად გამოჩნდა ბარბაროსული მსოფლმხედველობის თავისებურებები. ბარბაროსს არ შეუძლია აღიქვას შენობა არქიტექტურულ გარემოსთან ერთად, ზოგად კულტურულ კონტექსტზე საუბარი ხომ ზედმეტია. შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი მისთვის პირველი შთაბეჭდილებაა _ “ლამაზია!” (პლუს ამას _ შემოსავალს მოიტანს). ისინი, უბრალოდ, კლავენ რუსთაველის გამზირს; უფრო სწორად, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ის ცოცხალია და ამ პროცესის შეჩერება, როგორც ჩანს, შეუძლებელია. ძნელი წარმოსადგენია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს თუნდაც რამდენიმე წევრს ეს არ ესმოდეს, თუმცა, როგორც ჩანს, იძულებული არიან, ბარბაროსების დიქტატს დაემორჩილონ. ბარემ “ყვარელრემმშენს” ააშენებინონ _ ბანკეტი უნდა გაგრძელდეს!
არის ასეთი კონფორმისტული თეორია, რომლის თანახმად, “ჭეშმარიტმა რომაელებმა” (თუ გნებავთ _ ელინებმა) მსგავს სიტუაციებში არ უნდა იფიქრონ ძალისმიერ წინააღმდეგობაზე, არამედ ხელი შეუწყონ ბარბაროსების აღზრდა-განათლებას, მათ ეტაპობრივ გაკეთილშობილებას, მაგრამ ეს, ალბათ, მხოლოდ იმ შემთხვევებში მუშაობს, როდესაც ბარბაროსი თავის კულტურულ არასრულფასოვნებას, მარტივად რომ ვთქვათ, თავის “ბარბაროსობას” აცნობიერებს. საქართველოში ასე არ არის სწორედ იმიტომ, რომ “ჭეშმარიტი რომაელების” უმრავლესობა ბარბაროსთა ბელადებს მიეყიდა და ვერ ბედავს, პირში უთხრას, რომ მათი გემოვნება, რწმენა-წარმოდგენები თუ შეფასების კრიტერიუმები ნულოვანი ღირებულებებისაა. ისინი ტაშს უკრავდნენ მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერ სისულელეს და, საბოლოოდ, თანდათან გაფლანგეს თავიანთი ცოდნა და პოტენციალი, მოკლეს საკუთარ თავში ცივილიზებული ადამიანი და ბარბაროსებად იქცნენ. ეს ძალიან სევდიანი, მაგრამ, ალბათ, მაინც კანონზომიერი ფინალია.
დიმიტრი მონიავა