Home რუბრიკები საზოგადოება “ბალტიმორული ტყვია”

“ბალტიმორული ტყვია”

ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი კაცობრიობის ისტორიაში

1765
მაიკლ ფელპსი

მაიკლ ფელპსი (მაიკლ ფრედ ფელპსი II) _ ამერიკელი მოცურავე, დაიბადა 1985 წლის 30 ივნისს ქალაქ ბალტიმორის ჩრდილოეთის რაიონ ტოუსონში. ის ერთადერთია კაცობრიობის ისტორიაში, ვისაც 23 ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს მოპოვებული (13 _ ინდივიდუალურ დისტანციებზე, 10 _ ესტაფეტებში), არის 26-გზის მსოფლიოს ჩემპიონი, მრავალგზის რეკორდსმენი, აბსოლუტური რეკორდსმენი ჯილდოების რაოდენობის (28) მხრივ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში.

ჟურნალისტებმა მაიკლ ფელპსს “ბალტიმორული ტყვია” შეარქვეს (მეორე მეტსახელია “მფრინავი თევზი”). ის წარმატებით გამოდიოდა თავისუფალი და ბატერფლაის სტილით ცურვაში, აგრეთვე, კომპლექსურ ცურვაში.

ფელპსების სამიშვილიან ოჯახში მაიკლი ნაბოლარა იყო. დედამისი _ დებორა სიუ საშუალო სკოლის დირექტორია, მამა _ მაიკლ ფრედ ფელპსი ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა საშუალო სკოლაში.

მაიკლმა ტოუსონის საშუალო სკოლა 2003 წელს დაამთავრა. ცურვაზე სიარული დის გავლენით დაიწყო, როცა 6 წლის გახდა. აღსანიშნავია, რომ პატარა მაიკლს ექიმებმა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის დიაგნოზი დაუსვეს. 10 წლის იყო, როცა ვარჯიში დაიწყო მწვრთნელ ბობ ბოუმანის ხელმძღვანელობით. თავის ასაკობრივ ჯგუფში დიდ წარმატებებს მიაღწია და სიდნეის 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

მაიკლ ფელპსი
მაიკლ ფელპსი

2001 წლის 30 მარტს მსოფლიო ჩემპიონატზე ფელპსმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა 200 მ დისტანციაზე ბატერფლაის სტილით ცურვაში. 15 წლისა და 9 თვის მაიკლი ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის, ვისაც კი მსოფლიოს რეკორდი დაუმყარებია ცურვაში.

2000 წელს სიდნეის ოლიმპიადაზე 15 წლის ფელპსი მხოლოდ 200 მ დისტანციაზე გამოვიდა ბატერფლაის სტილში და მეხუთე ადგილი დაიკავა. ათენის ოლიმპიადაზე, 2004 წელს, 19 წლის ფელპსმა 8 მედალი მოიგო, მათგან 6 _ ოქროს და 2 _ ბრინჯაოსი; ამასთანავე, დაამყარა 3 ოლიმპიური და 1 მსოფლიო რეკორდი.

2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე ფელპსმა მოიგო ყველა დისტანცია, რომელზეც სტარტი აიღო, და მოიპოვა 8 ოქროს მედალი, ამასთანავე, დაამხო თანამემამულე მარკ სპიტცის რეკორდი (7 ოქროს მედალი ერთ ოლიმპიადაზე, 1972 წელს მიუნხენში). 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიურ თამაშების შემდეგ, მოპოვებული მედლების ჯილდოების საერთო რაოდენობით ფელპსმა აჯობა სპორტის სახეობების ყველა წარმომადგენელს. მან მოხსნა საბჭოთა ტანმოვარჯიშე ლარისა ლატინინას რეკორდი (18 მედალი), რომელმაც 48 წლის განმავლობაში იარსება.

მაიკლ ფელპსი და ბობ ბოუმანი
მაიკლ ფელპსი და ბობ ბოუმანი

2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ, 27 წლის მაიკლ ფელპსმა განაცხადა, რომ დაასრულა სპორტული კარიერა, მაგრამ 2014 წელს სპორტსმენი კვლავ გამოვიდა საასპარეზოდ _ 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე 5 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფელპსი ამჟამად მსოფლიოს 7 მოქმედი რეკორდის მფლობელია, სულ კი დამყარებული აქვს 37 მსოფლიო რეკორდი (29 ინდივიდუალური და 8 ესტაფეტაში). მაიკლის ანგარიშზე კიდევ 2 რეკორდია, რომლებიც 25 მ სიგრძის აუზში დაამყარა. ყველაზე მეტი რეკორდი მაიკლ ფელპსმა დაამყარა 2003 (8), 2007 (6), 2008 (9) და 2009 (7) წლებში.

ინდივიდუალურ დისტანციებზე 13-ჯერ გამარჯვებით მაიკლ ფელპსმა დაამხო რეკორდი ძველბერძენი მძლეოსნის _ ლეონიდ როდოსელისა, რომელმაც 12-დან თავისი ბოლო 3 ოქროს მედალი ჩვ.წ. აღრიცხვამდე 152 წელს მოიგო.

რამდენიმე ფაქტი მაიკლ ფელპსის ცხოვრებიდან:

* მაიკლ ფელპსი არა მხოლოდ სპორტშია წარმატებული, არამედ პირად ცხოვრებაშიც. ის დაქორწინებულია მოდელ ნიკოლ ჯონსონზე, რომელმაც 2010 წელს მოიპოვა ტიტული “მის კალიფორნია”.

2016 წელს ნიკოლმა ბედნიერ მეუღლეს ვაჟი გაუჩინა, რომელსაც რობერტი დაარქვეს, 2018 წელს კი წყვილს მეორე ვაჟი შეეძინა.

* 2009 ზედს სპორტსმენი დოპინგის გამოყენებაში დაადანაშაულეს. პაპარაცებმა მოცურავე მარიხუანის მოსაწევი მოწყობილობით გამოიჭირეს და, მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენის ტესტირებამ საეჭვო არაფერი აჩვენა, ხოლო კანაბისის მოწევა აკრძალული არ არის შეჯიბრებისგან თავისუფალ პერიოდში, აშშ-ის ცურვის ფედერაციამ ფელპსი საჩვენებლად დასაჯა _ დისკვალიფიკაცია მისცა 3 თვით, იმიტომ, რომ იმედი გაუცრუა ადამიანებს, რომლებსაც მისი სჯეროდათ.

* მაიკლ ფელპსის სპორტულ მიღწევებს, ცურვის ტექნიკასთან ერთად, ხშირად უკავშირებენ მის განსაკუთრებულ ფიგურას. მაიკლს 47 ზომის ტერფი აქვს, რაც, სტატისტიკის მიხედვით, მეტია მის სიმაღლესთან შედარებით. ამას გარდა, სპორტსმენს აქვს არაპროპორციულად მოკლე ფეხები, ტორსი და ხელები კი _ გრძელი. მაიკლ ფელპსის ხელების განშლა 203 სმ-ს აღწევს, რაც 10 სმ-ით მეტია მის სიმაღლეზე (193 სმ). ფელპსის სხეულის პროპორციები მნიშვნელოვნად განსხვავდება ლეონარდო და ვინჩის იდეალური ადამიანისგან, რომელიც ლეონარდო და ვინჩიმ დახატა. და ვინჩის ადამიანის ხელების განშლის სიგრძე ამ ადამიანის სიმაღლის ტოლია.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here