Home რუბრიკები საზოგადოება “აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი… რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო?”

“აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი… რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო?”

911
“აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო?”

მართლაცდა, რა მოვულოცოთ საკუთარ თავს:

ის, რომ უბრალო ხალხის საშველი არა და არ არის ამ ქვეყანაში?

თუ ის, ვაიპოლიტიკოსები, ხალხზე ზრუნვის ნიღაბს ამოფარებულნი, საკუთარი კეთილდღეობისთვის ყველაფერს რომ კადრულობენ?

თუ ის, კორონავირუსის პანდემიამ თავდაყირა რომ დააყენა ჩვენი ცხოვრება?…

მავანი იტყვის: ქართველებს ამაზე უარესიც გვინახავს და გადაგვიტანიაოოპტიმიზმი კარგია, მაგრამ მაშინ მოდი იმაზეც ვილაპარაკოთ, რამ გადაგვატანინა, როგორ გადავრჩით, როგორ დავაღწიეთ თავი ათას უბედურებას.

კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ ერის მამას ქართველი ერის მარადიულ სატკივარზე:

“აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი… რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: “ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!” წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: “მოვედინ, დღეო სიხარულისაო!” რა გითხრათ, რით გაგახაროთ?

ნუთუ ისევე ძველებურადვე თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ: “შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი…” სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა, ერთხელ ჩვენ თვითონაც თითი გავძრათ. ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთ-მოვდგეთ. წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს. ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ჩვენთვის ღმერთს არა დაუშავებია რა, არა დაუზოგვია რა, არა დაუკლია რა; თუ ქვეყანაზე ერთიორი კუთხეა იმისთანა, რომ კაცს ეთქმოდესქრისტე ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ დაიბერტყაო, იმათში უკანასკნელი საქართველო არ არის. რაც ღვთის შემძლეობით არის და არა კაცისათი, ის ყველაფერი უკვე მოგვმადლა ღმერთმა. ხელთ გვიჭირავს ეს მშვენიერი ქვეყანა, რომლის მნახავთ შეუძლიათ სამართლიანად სთქვან: “სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა”. ამ სამოთხე ქვეყანაში მარტო ქართველს უგუბდება სული, გული ელევა, ხორცი ადნებარა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ტყე-მინდორი, მთა-ბარი, მიწა-წყალი, ჰავა-ჰაერი იმისთანა გვაქვს, რომ რა გინდა სულო და გულო არ მოიხვეჭო, არ იშოვო, არ გამოიყენო. აქ, ჩიტის რძეს რომ იტყვიან, ისიც იშოვება. ოღონდ ხელი გასძარ, გაისარჯე, იმხნევე, მუცელსა და გულის-თქმას ბატონად ნუ გაიხდი. იცოდე, დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარ სურვილისამებრ. ვართ კი ასეთნი? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით. მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველებისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს. დრო-ჟამი ამას გვიქადის…

რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს _ სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით. ცოდვა არ არის, ეს ერი მოსწყდეს; ცოდვა არ არის, ეს ლომი კოღომ საბუდრად გაიხადოს, ცოდვა არ არის, მელატურამ გამოღრღნას, როგორც მძოვარი, როგორც ლეში. რათ? რისთვის? ვის რა ვირი მოვპარეთ?

“აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო?”

რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ყველა ეს შევძელით და საკითხავად საჭიროა _ რამ შეგვაძლებინა? რამ გვიხსნა? ჯვარცმულნი ქრისტესთვის როგორ გადავრჩით? წამებულნი და სისხლმთხეველნი მამულისათვის რამღა გვაცოცხლა, რამ გვასულიერა?

მან, რომ ვიცოდით _ იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხე-სიმაგრე. მისი ფარ-ხმალი, ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით, ხმალი უნდოდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით, ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა… იმ დროთა ჩარხზე გაჩარხულნი ვიყავით, იმ დროთა ქარ-ცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში ნაჭედნი. “სილბო გვქონდა ნაქსოვისა” _ ვით ქრისტიანებს “და სიმტკიცე ნაჭედისა” _ ვით მეომრებსა და მამულიშვილებს. ამით გავიტანეთ თავი. დროთა შესაფერი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი ცოდნა გვქონდა, დროთა შესაფერი მხნეობდა და გამრჯელობა.

წავიდა ის დრო: დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაჟკაცობა, ეხლა ხმალი თაროზე უნდა შევდვათ, აღარაფრის მაქნისია; ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხნისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს. კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს. დღეს მძლეთა მძლეა მარტო ის, ვინც მცველია და ბეჯითი სულით და ხორცითა, ცოდნითა და მარჯვენითა. გვჭირსკი დღეს რომელიმე ეს დროთა შესაფერი სიკეთე?

რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ხმლიანმა მტერმა ვერ დაგმათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით, ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა _ შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს. სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ-ღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისთვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით?..

რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი. ამ ომმა არც ბუკი იცის, არც ნაღარა. უბუკნაღაროდ სთესავს, უბუკნაღაროდ მკის. კოკისებურ შხაპუნა ნიაღვარს კი არ ჰგავს, რომ მთა და ბარი თან წაიღოს, მოარღვიოს, მოღაროს და მოგრაგნოს, “მდუმარე წვიმისაებრ ნაყოფის გამომცემელია”. არც რბევა იცის, არც ძარცვა. ეს მის ბუნებაში არა სწერია, თუ თვითონ ადამიანმა გესლი ულმობელის სიხარბისა შიგ არ ჩააწვეთა, ბუნება არ მოუწამლა, არ მოუშხამა. ეს ომი შრომისაა, და ვითარცა შრომა _ პატიოსანია, ნამუსიანია და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავ-გამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზე. ვაჟკაც გულადზე მშრომელი სამის გაფრენით მეტიაო, – იტყოდა გლეხკაცი თავისებურად ზედგამოჭრით, თუ მართალს ათქმევინებთ. რა გლეხკაცი, თითონ დღევანდელი დღე ამას გვეუბნება, ამას ჰღაღადებს და ჩვენ გვესმის კი ეს ღაღადი? ვაი რომ არა.

მაშ, რა გითხრათ, რით გაგახაროთ?

არ ვიცით _ რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ _ რანი ვართ, ვერ გამოგვისახია _ რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრანდა შინ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით “მე ვარ და ჩემი ნაბადიო” და ამ ბზუილიდან არა გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის.

ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცო ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარა სთქვას: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?” (1887 წ. 31 დეკემბერი).

წმ. ილია მართალი, ერის მამა გვეუბნება, რომ ყველა უბედურება იმან გადაგვატანინა, რომ ვიცოდით, “იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხესიმაგრე”, არსებულ რეალობას სწორედ იმ წამალს ვუძებნიდით, რომელიც ყველაზე უკეთ იმოქმედებდა, “…იმ დროთა ჩარხზე გაჩარხულნი ვიყავით, იმ დროთა ქარცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში ნაჭედნი”…

და, რაც მთავარია, “სილბო გვქონდა ნაქსოვისავით ქრისტიანებსდა სიმტკიცე ნაჭედისა” – ვით მეომრებსა და მამულიშვილებსო”.

ამით გავიტანეთ თავი.

მაგრამ სად და როდის დავკარგეთ დროთა შესაფერი ღონე, დროთა შესაფერი მოხერხება, დროთა შესაფერი ცოდნა, დროთა შესაფერი მხნეობა და გამრჯეობა?!

რა დაგვემართა, რამ დაგვაჩაჩანაკა და დაგვაჩლუნგა ისე, რომ დაგვავიწყდა _ მტერი, მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესი რომაა?!

იმან ხომ არა, განათლების სისტემამეგობრებისრჩევით რომ გავაფარჩაკეთ?

არ ხარ მართალიო, ალბათ, მეტყვის მავანი. აი, იაკობ გოგებაშვილისდედა ენასკოლებში ხომ დააბრუნესო

დააბრუნებინეს!

 მაგრამ ჩემს პირველკლასელ შვილიშვილსა და მის უამრავ თანატოლსდედა ენისწიგნიდან მაინც არ ასწავლიან კითხვას _ სხვა სახელმძღვანელო აქვთ, “დედა ენაკი, როგორც ბუტაფორია, დევს თავისთვის გამოუყენებელი. აი ასეთიდაბრუნებულია”. ამით ვის ვაყრით თვალში ნაცარს, ვის?!

თავის დროზე ილია საყვედურობდა თავის თანამედროვეთ, რომ ქვეყანას ისე არ ემსახურებიან, როგორც საჭიროაო. ღმერთმა კი, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე, “დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო”.

განა ჩვენ კი გამოვიჩინეთ კაცობა და მამულიშვილობა? რა გავაკეთეთ ისეთი, მოყვარეს რომ გულს გაუხარებს და მტერს თვალს დაუბრმავებს?

ვერაფერი! რადგან ჩვენს ტვინს უმოქმედობით უკვე ობი აქვს მოკიდებული, მხოლოდ იმას ვიქმთ, რასაც ოკეანის გაღმიდან გვიკარნახებენ. ასეთ სიტუაციაშირა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ?”

?!

უკან მივიხედავთ და ამ ახლო ხანებში თავმოსაწონებელი არა გვრჩება რა, წინ ვიყურებით და ხვალინდელ ნისლში გულის გასახარი არაფერი ჩანს

ახლა თუ იმით ვინუგეშებთ თავს, რომ ჩვენ, ქართველებს, ცამეტი ათეული წლის წინანდელი პრობლემები რაკი დღესაც ცხვირწინ გვიდევს, . . არ გადავშენდებითო, ეგ ვერაფერი ნუგეშია. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ის, რომ ცამეტ ათწლეულზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ იმავეს განვიცდით, რაზეც დიდი ილია ამ თავის ცნობილ წერილში წერს, კარგს ნამდვილად არ გვიქადის, იმაზე კი მიგვანიშნებს, რომ გონს მოვეგოთ, ჭკუა ვისწავლოთ დაჩვენი თავის ჩვენადვე ყუდნებისპრობლემას თავი იმით დავაღწიოთ, რომ საკუთარ თავს ხშირხშირად ვკითხოთ: “აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?”

ამის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს თვითონ ილია. ის თავისი ცნობილი ლექსებით: “ლოცვა”, “ქართვლის დედას”, მორალური განზომილების მნიშვნელობაზე საუბრობს. ეს სწორედ ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: “აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?”

ის, რომ ქრისტიანობა ილიას მიაჩნია ადამიანის ქმედებისა და მორალური საქმიანობის სინთეზად, კარგად ჩანს მის პუბლიცისტურ წერილებშიც. განსაკუთრებით ნიშანდობლივია მისი ერთი პუბლიცისტური წერილი “სიტყვა, თქმული გაენათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავების დღეს 1896 წელს”. იმ ცნობილი სიტყვებით, რომ იგი (გაბრიელ ეპისკოპოსი _ დ. ა.) “სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა, თუ ასე ითქმის და მთელი სიბრძნეც სწორედ ამაშია გამოსახული”, ილია ჭავჭავაძე არა მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს, არამედ XXI საუკუნის დასაწყისში მდგარ აქტუალურ პრობლემასაც ეხმიანება და გვასწავლის, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა. ეს არის საკუთარ თავში მუდმივი მორალური მჩხრეკელობა, ანალიზი საკუთარი ქმედებების და სიკეთის ქმნით პირნათელობა, უპირველესად, საკუთარი თავის წინაშე.

ნუთუ არ შეგვიძლია ისე ცხოვრება, ვინმემ თუ არ გვიკარნახა: რა გვინდა, რატომ გვინდა და როგორ გვინდა?! რატომ არ შეგვიძლია მხოლოდ უფლის კარნახით ვიმოქმედოთ?! როცა გაგვიჭირდება, შველას ხომ მხოლოდ მას შევთხოვთ?!

ილია წერილში “შობა მაცხოვრისა” წერს: “არა მოავლინა ღმერთმან ძე თვისი სოფლად, რათა დასაჯოს სოფელი, არამედ რათა აცხოვნოს სოფელი მის მიერ”. იშვა იგი, რომლის გამო სთქვა იოანე წინამორბედმავე: “აჰა ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი! ესე არს, რომელისათვის იგი ვსთქუ: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელიც პირველ ჩემსა იყო, რამეთუ უპირატეს ჩემსა არს”.

“ნუ გეშინინ, _ ახარებს ქვეყანას ანგელოზი: _ ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი… და ესე იყო თქვენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმა იგი, შეხვეული და მწოლარე ბაგასა”.

რა დიდებული სახეა, რა დიდებული ხატია!.. ღმერთი, მოვლინებული ცხონებად და ხსნად ქვეყნისა, ღმერთი ახლის აღთქმისა, რომელმან უნდა “აღიხვნას ცოდვანი სოფლისანი”. ძე ღვთისა და კაცისა, რომელმან უნდა ნუგეშ-სცეს ქვეყანას, _ მოვედინ, მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენოთ თქვენ”, ღმერთი, რომელმანც უნდა ნათელ-სცეს ბნელს ქვეყანას სულითა წმიდითა, იშვა ვითა ღარიბი ღარიბ საფარ ქვეშ და არის “შეხვეული და მწოლარე ბაგასა”… მარტო ერთი ვარსკვლავიღაა აღმომხდარი აღმოსავლეთით და იგი დაჰნათის ზედ ადგილსა მას შობისასა ნიშნად მისად თუ, _ რა სხივოსანი მადლი მოეფინა ქვეყანას დედისაგან, რომელიც ამიტომ “კურთხეულ არს დედათა შორის: “ყრმა-ღმერთი “შეხვეული და მწოლარე ბაგასა”, არისღა სადმე სხვა ხატი, რომ დიდებამ ასე ადიდოს სიღარიბე და სიღარიბემ ასე ადიდოს დიდება: ყველაზედ უწინარეს ამ ხატითა უთქვა შობისავე უმალ იგი თავდაბლობა კაცთმოყვარე ქრისტე-ღმერთისა, რომელმაც მერე გააოცა ცუდმედიდობით გარყვნილი ძველი ქვეყანა.

იშვა იგი, ვინც გაჭირვებულს და ძირით თხემამდე შერყეულს ქვეყანას მოაცალა ულმობელის საძირკველითვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილდა ამის მაგიერ შთაუდგაგიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენიდა ამაზედ ხელახლად დაადგინა დასარღვევად გამზადებული ქვეყანა, ვითარცა კლდეზედ, რომელსაც ვერც ჟამი და ვერც დრო ვერ შეჰმუსრავს და ვერ შეარყევს. ამ კლდეს ზედ დაანთხია მან თავისი ღვთაებრივი სისხლი და ზედ მოვლინებული, კაცმავე ჯვარს აცვა და ჯვარცმული მაინც ჯვართმცმელთათვის ჰღაღადებდა ღვთისა მიმართ: ღმერთო, შეუნდევ, რამეთუ არა უწყიან რას იქმნან; აი რა სულგრძელი, რა კაცთმოყვარე, რა ყოვლადმოწყალე ღმერთი იშვა დღეს და ამას სამართლიანად ჰხარობს და დღესასწაულობს მთელი ქრისტიანობა.

მას აქეთია აღსდგა ქვეყანა ახალის აღთქმისა, ახალი ცხოვრებისათვის. მას აქეთ შეაფარა კაცმა თავი თვისი ღმერთსა სიყვარულისას, მშვიდობისას, მოწყალებისას და შენდობისას. განახლდა კაცი და დღეს განახლებულს კაცს ძალუძს სასოებით სთქვას: “შენ ხელახლად შემქმენ მე, ქრისტე-ღმერთო, და დამდევ ჩემზედა ხელი შენი… შენ სცან დაჯდომაი ჩემი და აღდგომაი ჩემი. ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკვლიენ და ყოველნი გზანი ჩემნი წინასწარ იხილენ… საკვირველ იქმნა ცნობა შენი ჩემგან, განძლიერდა და ვერ შეუძლო მას, შენ ხარ ხსნა ჩემი, შენი მოძღვრება _ მაცხოვარ ჩემდა, და ვეღარსად განვერინო სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვეღარსად ვივლტოდე: აღ-თუ-ვჰხდე ცად, შენ უნ ხარ. შთა-თუ-ვჰხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ: აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა, _ და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდეს მე და მარჯვენემან შენმან შემიწყნაროს მე” (1886 წ. 24 დეკემბერი).

ჩვენ კი წინასაახალწლოდ, შობის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე მთელი გულით შევღაღადოთ ღვთისმშობელს: “მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა რომელნი შენ ესე გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდეგობათა მტერთაგან, რამეთუ შენა ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. უფალო შეგვიწყალენ!”

ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცო ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარა სთქვას: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here