რუსი ჟურნალისტი, სახელმწიფო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხების ფედერალური სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოს“(Россотрудничество) ხელმძღვანელი, ცნობილი საბჭოთა და რუსი სახელმწიფო მოღვაწის – ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი ევგენი ( სანდრო) პრიმაკოვი რუსეთის მულტიმედიურ ჰოლდინგ „ერ-ბე-კა“-ს (РБК) მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ამ ვრცელი ინტერვიუდან:
„— მეზობლებთან ბოლო პერიოდში წარმოქმნილი გართულებების ფონზე, დსთ კვლავ მეგობრულ რეგიონად ითვლება?
— ის გაცილებით მეგობრულია, ვიდრე ბევრი სხვა, ნებისმიერ შემთხვევაში, ის ჩვენი პრიორიტეტი იყო, არის და იქნება. ეს 2022 წლის თებერვალში არ დაწყებულა. 2020 წელს სააგენტოში ჩემი მისვლის შემდეგ დავიწყეთ ამ ტერიტორიაზე რესურსების გადანაწილება – პერსონალის, მცირე თანხის. ყოველთვის ვამბობდი, რომ, თუ მოულოდნელად დავიწყებთ გავლენის დაკარგვას, მაგალითად, ლუქსემბურგში, ამას როგორმე გავუმკლავდებით, მაგრამ, თუ გავლენას დავკარგავთ ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში, რაც ახლა ხდება, სამწუხაროდ, ეს კატასტროფული იქნება.
ამასთანავე, ჩვენ უნდა გვესმოდეს ამ პროცესის სირთულე – რა ძალისხმევას იყენებენ ჩვენი მოწინააღმდეგენი ახლო საზღვარგარეთის სივრციდან ჩვენს გამოსაძევებლად. ფიქრობთ, რომ მაია სანდუ [მოლდოვას პრეზიდენტი] დამოუკიდებელი ქალბატონია, რომელმაც გადაწყვიტა, რუსეთისთვის ზურგი ექცია მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ ასე გადაწყვიტა? ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რა უზარმაზარი ძალებია იქ ჩართული. გარდა ამისა, არსებობს მუშაობა ოქსფორდსა და კემბრიჯში ნასწავლი ადგილობრივი ელიტებისა, რომლებიც მიზნად ისახავენ სუვერენიტეტის დამყარებას პრინციპით „ჩვენ, რუსეთი კი არა, ანტირუსეთი ვართ“ .
ეს გარკვეული შეცდომებია, რომლებიც დავუშვით 90-იან წლებში, როცა ყველაფერს მივაფურთხეთ, რაც ახლო საზღვარგარეთში ხდებოდა. 10-15 წლის განმავლობაში ჩვენ, საერთოდ, არ გვიმუშავია ამ მიმართულებაზე, გამომდინარე იმ მოსაზრებიდან, რომ მეგობარი ქვეყნები ჩვენგან არ წავიდოდნენ.
დღეს ჩვენ ვაცნობიერებთ ახლო საზღვარგარეთის ქვეყნების უზარმაზარ მნიშვნელობას რუსეთისთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომლებითაც ცდილობდნენ ჩვენს იზოლირებას – ეს არის პარალელური იმპორტი, ეკონომიკური პროექტები, სავაჭრო დერეფნები, გადახდის სისტემები, აღარაფერს ვამბობ შრომით მიგრაციაზე, რომელიც ახლა ძალიან მტკივნეული საკითხია ქვეყანაში. სწორედ ამიტომ არის მოწინააღმდეგეებისთვის ასე მნიშვნელოვანი ჩვენი მოწყვეტა მოკავშირეებისგან.
– რუსეთი განაგრძობს მიგრანტებისთვის შეზღუდვების გამკაცრებას. რამდენი მიგრანტი გვჭირდება და, საერთოდ, ველოდებით თუ არა მათ?
— ეს კითხვა ეკუთვნის შრომის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებს და არა „როსსოტრუდნიჩესტვოს“. ჩვენთან ადამიანები საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში მოდიან — ჩვენ გვაქვს სამთავრობო კვოტა, ეს მეზობელი ქვეყნებისთვის წელიწადში დაახლოებით 8 ათასი ადგილია. სინამდვილეში გაცილებით მეტი მოდის, რადგან ზოგი ამას დამოუკიდებლად აკეთებს. ჩვენ ძალიან ფრთხილად ვარჩევთ ადამიანებს. ეს არ არის საიმიგრაციო ისტორია, რადგან, როგორც ჩვენ, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს გვესმის, რომ ადამიანები ჩვენთან სასწავლებლად მოდიან და არა ემიგრირებისთვის.
ამასთანავე, ენობრივი მოთხოვნების გამკაცრების შედეგად მოიმატა რუსული ენის შემსწავლელ კურსებზე მოსულთა რაოდენობამ. მეორე მხრივ, იმ ქვეყნებში, რომლებშიც „რუსული სახლები“ არსებობს, გარკვეული სოციალური დაძაბულობაა — ესკალაცია იწყება, როდესაც ამ ქვეყნებში ზოგიერთი ანტირუსული პარტია ამკაცრებს რიტორიკას – „რუსეთს არ სურს თქვენი დანახვა. სხვაგან გავიქცეთ“. სად სხვაგან? სად სჭირდებათ ეს ადამიანები, გარდა რუსეთისა? ჩინეთში? იქნებ მათ ევროპაში ელიან სამუშაოს მისაცემად? ნაკლებად სავარაუდოა.
ჩვენ გვაქვს საერთო ენობრივი სივრცე, სადაც ისინი თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ. ეს, პირველ რიგში, ჩვენთან საერთო მენტალიტეტისა და კულტურული ბაზის მქონე ადამიანებს ეხება – ძირითადად, თანამემამულეებს. 90-იან წლებში რუსეთში ინტელიგენციას ჰქონდა იდეა – „წასვლის დროა“, მაგრამ ახლა მთავარი იდეა ასეთია – „შინ დაბრუნების დროა“. არსებობს ორი მიდგომა: პირველი – კარგია, რომ თანამემამულეები საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ეს ნიშნავს, რომ იქ გვეყოლება რაღაც პრორუსული პარტია. მაგრამ მე მეორე მიდგომის მომხრე ვარ – ჩვენი თანამემამულეები იქ ასიმილაციას განიცდიან; მეორე, მესამე თაობა – და სულ ესაა, ისინი ჩვენთვის დაიკარგებიან, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელდობრ, რეპატრიაციის პროგრამა და არა მიგრანტების იმპორტი.
– მაშ, რას ელის რუსეთი დსთ-ის ქვეყნების მცხოვრებლებისგან, საიდანაც მიგრანტები მოდიან?
– ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, ნამდვილად ჩვენი ძმები არიან თუ არა ისინი, საერთო ისტორიით, საერთო სივრცით, საერთო ისტორიული ბედით გაერთიანებულნი. მეჩვენება, რომ არ შეგვიძლია ვთქვათ: „ბიჭებო, ჩვენი ბაბუები ერთად იბრძოდნენ, ჩვენ სამუდამოდ ძმები ვართ, მაგრამ არ გვინდა, რომ თქვენმა შვილებმა ჩვენს სკოლებში ისწავლონ“. ერთი მეორესთან შეუთავსებელია. ჩვენ ერთი უნდა ავირჩიოთ და მაშინ უფრო საიმედო პარტნიორი ვიქნებით მკაფიო ეროვნული ინტერესებით“.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ