Home რუბრიკები საზოგადოება “ახალი” ცნობა ამერიკიდან

“ახალი” ცნობა ამერიკიდან

128

სულ რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასება პირბადეზეომიკრონის პირობებში როგორი პირბადე უნდა იყოს გამოყენებული, რომელიც ეფექტურად დაგვიცავს. და, აქ არის საუბარი არა ქირურგიულ პირბადეზე, არამედ აქცენტი კეთდება .. N 95 რესპირატორზე. ის განიხილება, როგორც მართლაც ეფექტური შესაძლებლობა ინფიცირებისგან თავის დაცვის თვალსაზრისით! “_ ამ სიტყვებით გვამცნო ეს სასიხარულოახალიამბავი იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნმა ივანე ჩხაიძემ 5 თებერვალს საზოგადოებრივი არხის გადაცემაშიაქტუალური შაბათი”.

დავიჯერო, მართლა სიახლეა ეს ცნობა მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელისთვის?! მან მხოლოდ გუშინ შეიტყო ამერიკული N 95, N 98, ევროპული FFP 2, FFP 3 ან ჩინური KN 95, KN 98 ხუთშრიანი რესპირატორების შესაძლებლობების შესახებ?! ძალზე ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ, 2021 წლის 22 აგვისტოს გაკეთებულ მის ძველ განცხადებას თუ გავიხსენებთ, გამორიცხული არაფერია: “ნიღბის (იგულისხმება ერთჯერადი, სამფენოვანი ე.წ. ქირურგიული პირბადე _ ი.ლ.) ტარებას თუ მივაღწიეთ ღია და დახურულ სივრცეში, არანაირი დამატებითი ღონისძიება არ იქნება საჭირო”. არადა, ბევრ სახელმწიფოში (საზოგადოებრივ ადგილებში) რესპირატორი N 95-ის ტარება სავალდებულო გახდა თითქმის ერთი წლის წინათ – 2021 წლის პირველი ნახევრიდან, ხოლო გერმანიაში ერთჯერადი ქირურგიული პირბადეების გამოყენება, როგორც კორონავირუსისგან დამცავი საშუალება, 2021 წლის იანვრიდან საერთოდ აიკრძალა.

როგორც ჩანს, ბ-ნი ჩხაიძე ცნობილი სამეულის – გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძის ძლიერი გავლენის ქვეშაა და მათ მოსაზრებასაც მთლიანად იზიარებს, როდესაც ისინი ერთ ხმაში ცდილობენ მოსახლეობის მტკნარ სიცრუეში დარწმუნებას: “ერთჯერადი ქირურგიული პირბადე 95%–ით გიცავთ კორონავირუსისგანო!” მათი გამჭრიახი გონებით კორონავირუსის ყველა შტამისგან, მათ შორის ყველაზე ვირულენტური “დელტა” ვარიანტისგანაც, თურმე ეს პირბადე “გვიცავდა” ორი წლის განმავლობაში 95%-ით, ყველაზე სუსტი “ომიკრონისგან” დასაცავად კი ამერიკაში დაუდგენიათ (აბაა!), რომ N95 რესპირატორი ყოფილა “მართლაც ეფექტური”.

ზემოთ ჩამოთვლილ რესპირატორებზე ჯერ კიდევ 2020 წლის 1 ივნისს ვწერდი წერილში “კორონავირუსი: ფაქტები, კითხვები, დასკვნები” (გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”); ვწერდი ივლისშიც (“მასუნთქეთ! სამი მუშკეტერის გასაგონად”), ანუ იმ დროს, როდესაც თვეში მხოლოდ 2–3 ადამიანი გვეღუპებოდა; ვწერდი შემდგომაც და მოვითხოვდი, რომ სამედიცინო პერსონალი, აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი, აღჭურვილი ყოფილიყო ასეთი რესპირატორებით, რადგან რესპირატორები არის მთავარი და არა _ სკაფანდრებსა და შავი ჭირის საწინააღმდეგო კოსტიუმებში გამოწყობა. 2021 წლის სექტემბერში კი წერილში – “მე ბრალს ვდებ” (“საქართველო და მსოფლიო”, 22-28 სექტემბრის და 29 სექტემბერი-5 ოქტომბრის ნომრებში) პირდაპირ ვადანაშაულებდი სამეულს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში _ ქირურგიული პირბადეების დაცვითი შესაძლებლობების წარმოუდგენლად გაზვიადებასა და ხალხში უსაფრთხოების ცრუ განცდის გაჩენაში (აქედან გამომდინარე სავალალო შედეგებით), ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის არასათანადოდ დაცვაში (რესპირატორებით არაღჭურვაში) და სხვა უამრავ უაზრო და უკანონო შეზღუდვების შემოღებაში. მაგრამ რად გინდათ, შეაყარეთ კედელს ცერცვი! როგორც ჩანს, მხოლოდ იმ საქებარ წერილებს კითხულობენ, რომლებიც კანტიკუნტად რომელიმე მათგანს მიეძღვნება. თუმცა, არა მგონია, მთლად ასე იყოს საქმე, კრიტიკულსაც კითხულობენ უთუოდ, მაგრამ ვინაიდან საპასუხო არაფერი აქვთ, ამიტომ მომღერლებთან, არაპროფესიონალებსა და მოუმზადებელ ჟურნალისტებთან “დებატებში” ცდილობენ თავის გამოჩენას. სამაგიეროდ, აგერ ამერიკიდან გვაცნობეს (ან ნება დაგვრთეს): “ამიერიდან თქვენც შეგიძლიათ რესპირატორების გამოყენება” და ჩვენს სიხარულსაც საზღვარი არ აქვს. თუმცა, ვეჭვობ, სამეულმა ან, თუნდაც, ოთხეულმა შეძლოს იმის ახსნა, როგორ გვიცავს კორონავირუსისგან ამერიკის რეკომენდებული რესპირატორი და სამეულის მიერ ორი წლის განმავლობაში ძალით შემოტენილი ერთჯერადი ქირურგიული პირბადეც ერთნაირად, ანუ 95-95%-ით! მათ, არც ერთ მათგანს ხომ ჯერ არც ერთ კითხვაზე თუ წაყენებულ ბრალდებაზე პასუხი არ გაუცია, სამაგიეროდ, მონოლოგის რეჟიმში, იცოცხლეთ, რასაც უნდათ, იმას, უკაცრავად პასუხია და, ბჟუტურობენ. ამ სიტყვას არ ვიხმარდი, მაგრამ, როდესაც ნოზოკომიურ დაავადებებზე ხმას არ იღებენ (როცა ზოგიერთ ჰოსპიტალში კოვიდისგან ლეტალობა 7-ჯერ მაღალია), როცა რუსეთთან შედარებითაც კი ჯერადობით უარესი მდგომარეობაა საქართველოში და მაინც “კუდი აქვთ გადებული ყავარზე” _ ევროპის დონეზე ვართ და ბევრ სახელმწიფოზე უკეთესადაცო; სომხეთსა და აზერბაიჯანში კი ფალსიფიცირებულია დაავადებისა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლები, სინამდვილეში, იქ ხუთჯერ და მეტად აქვთ ეს მონაცემები შემცირებულიო, _ ასეთ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებსაც კოლეგებისთვის და მეზობელი სახელმწიფოებისთვის ჩირქის მოცხება ჰქვია, საჯაროდ, ეთერში რომ წამოროშავ პროფესორი კაცი, ამას ბჟუტური თუ არ ჰქვია, მაშ, სხვა “უკეთესი” რა განმარტება მოეძებნება?! კი მაგრამ, 2020-ში, როდესაც ექვს თვეში მხოლოდ 19(!) გარდაცვლილი გვყავდა (რისთვისაც თბილისის საპატიო მოქალაქეობაც მიენიჭათ კიდეც), ხოლო სომხეთაზერბაიჯანში კი ასობით ეღუპებოდათ იმავე პერიოდში, მაშინ თუ არ იტყუებოდნენ, ახლა რა საფუძველი გვაქვს, ცილი დავწამოთ?! თუ 2021-ში, როდესაც ჩვენთან იფეთქა კოვიდმა და იქ კი ჩაცხრა, მას შემდეგ გახდნენ ყალბისმქნელები?! ჯერადობით მეტი გარდაცვლილი თუ ჰყავთ, ამას როგორღა უმალავენ საკუთარ ხალხს, იქნებ, ესეც მოგვახსენოთ.

კარგა ხანია, გადანაშაულებთ (და არა მხოლოდ მე, ცხადია), მაგრამ მგლის თავზე სახარების კითხვისა არ იყოს, თქვენსას (თუ სხვის ნაკარნახევს) მაინც არ იშლით და არც განმკითხავი ჩანს არავინ.

სირცხვილია, ბატონებო, ეს, დიდი სირცხვილი!

იაკობ ლეჟავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here