უსაფუძვლო ბრალდებები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ გაისმის, თითქოს აღვივებს კრიზისებს ვაშინგტონიდან და ევროპიდან სირიამდე, უკრაინამდე და ავღანეთამდე, ამერიკა–რუსეთის ომის ალბათობას ანალიტიკიდან რეალური კალაპოტისკენ წარმართავს. პრინსტონისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტების დამსახურებული პროფესორის, The Nation–ის რედაქტორის _ სტივენ კოენისა და რადიოგადაცემების წამყვანის _ ჯონ ბატჩელორის ყოველკვირეული დისკუსიები ამ პრობლემურ თემაზე წარიმართება. საუბრის მიმოხილვა, რომელსაც დღეს ჩვენს მკითხველებს ვთავაზობთ, ვაშინგტონის ფრიად საეჭვო იდეას ეხება, რომლის მიხედვით რუსეთთან ომი საჭიროა და აუცილებელი.
კოენის აზრით, ასეთი მიდგომის გამამართლებელი არგუმენტები სულ უფრო მეტი და მრავალფეროვანი ხდება, რაც ომის დაწყების რისკს აძლიერებს.
იგი აანალიზებს აშშ-ის პოლიტიკური და მედიაისტებლიშმენტის მიერ საჯაროდ გამოტანილ მტკიცებულებას “ცივი ომის გარდაუვალობის შესახებ.
“ქორები” ცდილობენ, დაარწმუნონ ამერიკელი მოქალაქეები, რომ:
* უკრაინის კრიზისზე მოსკოვის სამი წლის წინანდელი რეაქცია ამართლებს რუსეთის საზღვრებთან ნატოს ძალების პროვოკაციულ ზრდას, რომლის მიზანია აღმოსავლეთ ევროპის მცირე ქვეყნების მიმართ რუსეთის მიერ ჩაფიქრებული აგრესიის აღკვეთა;
* რუსეთის პრეზიდენტის _ ვლადიმერ პუტინის ქმედება, რომელმაც აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების “უზურპირება” მოახდინა, რათა თეთრ სახლში დონალდ ტრამპი მიეყვანა, სხვა არაფერია, თუ არა “ამერიკის დემოკრატიის წინააღმდეგ ომის აქტი”, რომელიც ადეკვატურ პასუხს მოითხოვს;
* სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებამ ტრამპის მიერ სირიაზე რაკეტული დარტყმის განხორციელება განაპირობა, ანუ იმ ქვეყანაზე, რომლის ლიდერი რუსეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული;
* კრემლი დღეს აწარმოებს კიბერშეტევისა და პროპაგანდის მასშტაბურ კამპანიას, რომლის მიზანია ევროპაში არჩევნებზე ზემოქმედება და აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების ხელისუფლებაში მოსკოვისთვის სასურველი, მარინ ლე პენის მსგავსი კანდიდატების მოყვანა. ეს დაასუსტებს ტრანსანალიტიკურ ალიანსს და ნატოსაც კი;
* ბოლო დროს კრემლი გაურიგდა თალიბებს ავღანეთში აშშ-ის განადგურების მიზნით.
ვაშინგტონის ამ ბრალდებებს კოენმა სამი განზოგადებული შენიშვნით უპასუხა:
* ეს იდეები ცალ-ცალკე და ყველა ერთად აძლიერებს ახალი “ცივი ომის” მილიტარიზაციას და ამერიკის პოლიტიკურ და მედიაისტებლიშმენტში წარმოქმნის რუსოფობიურ შეფასებებს, რომლებიც არ გამორიცხავს რეალური ომის შესაძლებლობას;
* დღევანდლამდე არც ერთი რეალური მტკიცებულება, რომლებიც ამ ცილისწამებას დაადასტურებდა, არავის წარმოუდგენია. თუნდაც იმ საკითხზე, რომ თითქოს პუტინმა უბრძანა ჰაკერებს განეხორციელებინათ კიბეროპერაცია ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დასახმარებლად, და რომ იგი (პუტინი) დღესაც იმავეს იმეორებს მისთვის სასურველი ევროპის კანდიდატების მიმართ. თუნდაც იმის დასადასტურებლად, რომ სწორედ ასადი დგას სირიაში განხორციელებული ქიმიური შეტევების უკან; ან იმაზე, რომ მოსკოვს აქვს აგრესიული საომარი გეგმა აღმოსავლეთ ევროპის წინააღმდეგ.
უფრო მეტიც: კოენი მიიჩნევს, რომ კრემლის პროპაგანდა, რომელიც ამერიკელი ან ევროპელი კანდიდატების ინტერესების განსახორციელებლად არის გამოყენებული, არაფრით განსხვავდება წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში არჩევნების პროცესში ამერიკელების ჩარევისგან, მათ შორის, რუსეთშიც. ყოველ შემთხევაში, “რუსეთის პროპაგანდის” ეფექტი ძლიერ გაზვიადებულია. დემოკრატიული ქვეყნების მოსახლეობის აზრის იოლად შეცვლა “იარაღად ქცეული ინფორმაციის” მეშვეობით შეუძლებელია, რადგან ისინი ზომბები არ არიან;
* და მესამე: უწინ კრიტიკულად განწყობილ ამერიკულ მედიას შეეძლო გავლენა მოეხდინა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე. დღეს იგი ამ როლში უმეტესად ვეღარ გამოდის, თუმცა ცდილობს პროპაგანდისტული იდეების გავრცელებას. კოენი ასახელებს მასობრივი ინფორმაციის რამდენიმე ალტერნატიულ საშუალებას, რომლებიც საზოგადოებას წარუდგენს ობიექტურ ფაქტებსა და ანალიტიკურ შეფასებებს. მათი პოზიცია ეწინააღმდეგება გაბატონებულ ტენდენციას. ესენია _ The nation, The National Ynterest, The American Conservative, Consirtiumnews და თაკერ კარლსონის საღამოს გადაცემა Fox News-ის ტელეარხზე, მაგრამ მათ არ ძალუძთ წამყვანი გაზეთებისა და გადაცემების მონოპოლისტური ზეგავლენის ნეიტრალიზება.
დაბოლოს, კოენი ლაპარაკობს ორი მოვლენის შესახებ, რომლებიც ვაშინგტონის დამატებით ორთოდოქსულ კონცეფციებად ყალიბდება.
პირველი არის მოძველებული და, ძირითადად, მცდარი მტკიცება იმისა, რომ მაინცდამაინც მოსკოვი არ ასრულებს მინსკის შეთანხმებებს, რომლებიც უკრაინაში სამოქალაქო ომის შეწყვეტას ითვალისწინებს. სინამდვილეში ამერიკის მიერ მხარდაჭერილი კიევის მთავრობა ხელს უშლის მინსკის შეთანხმებების რეალიზაციას და უარს ამბობს საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე. უკრაინის ეკონომიკის ისედაც კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად, კიევი აძლიერებს მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი აღმოსავლეთის ოლქების ბლოკადას _ შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება. ზოგიერთი მიმომხილველი თვლის, რომ ამგვარი მოქმედებით მას (მთავრობას) სურს ულტრამემარჯვენე ძალების გულის მოგება, რომლებზეც ძლიერ არის დამოკიდებული პოლიტიკური თვალსაზრისით. კოენს კი მიაჩნია, რომ არსებობს სხვა შესაძლებლობაც, კერძოდ, კრემლის პროვოცირება გარკვეული რადიკალური პოლიტიკური ან სამხედრო ქმედების განსახორციელებლად, რაც ვაშინგტონსა და ევროპას კიევის შესუსტებული დახმარების რეანიმაციის საშუალებას მისცემს. თუ ასე მოხდება, შეიქმნება სიტუაცია, რომელიც აშშ–ისა და რუსეთის სამხედრო კონფლიქტს გამოიწვევს.
მეორე ორთოდოქსული კონცეფცია არის ის, რომ მოსკოვი გაურიგდა “თალიბანს” ამერიკელების წინააღმდეგ, რომლებიც, დიდი ხანია, ომობენ ავღანეთში. უეჭველია, რომ მოსკოვი, ისევე, როგორც ვაშინგტონი, ფარულ მოლაპარაკებას ეწევა თალიბებთან ამ ომის უფრო მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით. მაგრამ ნებისმიერმა, ვინც ეროვნული უშიშროების საკითხებით დაკავებულ რუსულ ელიტას იცნობს, შესანიშნავად იცის, რომ მას (ამ ელიტას) ხელს არ აძლევს ამერიკელების ავღანეთიდან გასვლა, რადგან მოსკოვი პირისპირ დარჩება პრობლემის წინაშე და მარტოს მოუწევს ავღანეთიდან რუსეთისკენ (ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით) დაძრული ჯიჰადისტებისა და ნარკოტიკების ნაკადთან გამკლავება. იაფი ავღანური ნარკოტიკისა და ვიჩინფექციის გავრცელებას რუსეთის ხელისუფლება ისედაც თავს ვერ ართმევს.
ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამ გამოხდომებში არც ფაქტები ჩანს, არც ლოგიკა შეიმჩნევა. ასეთი სტერეოტიპული პოლიტიკური რიტორიკა ისტორიულად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა დიდ სახელმწიფოთა შორის ომის დაწყებაში. გამორიცხული არ არის, რომ იგივე განვითარდება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში.
ესაა საშიში და გასათვალისწინებელი.
მაგრამ ანალიტიკური მიმოხილვიდან რეალობაში თუ გადმოვინაცვლებთ, ვნახავთ, რომ ვითარება გაცილებით რთული და ფეთქებადსაშიშია.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ოპერატიული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ვიქტორ პოზნიხერმა ახლახან განაცხადა, რომ არსებობს ამერიკის მიერ რუსეთზე ფარული სარაკეტო-ბირთვული თავდასხმის საშიშროება, კერძოდ, აშშ–ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები შეიძლება გამოყენებული იქნას რუსეთზე მოულოდნელი თავდასხმის განსახორციელებლად.
“ამერიკელების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ევროპაში, რუსეთის ტერიტორიასთან ახლომდებარე ზღვებისა და ოკეანეების აკვატორიებში განლაგებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხომალდები წარმოქმნის მძლავრ ფარულ დამრტყმელ კომპონენტს რუსეთის ფედერაციაზე მოულოდნელი სარაკეტო ბირთვული შეტევის განსახორციელებლად”, _ თქვან მან.
ruposters-ის ცნობით, იმავე დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ნატოს თვითმფრინავების მიერ ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის პატრულირება რუსეთის უშიშროების საფრთხის შემცველ ქმედებად შეაფასა, ხოლო გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პოლონეთში “ტომაჰავკების” გამოჩენის საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება.
ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდისტულმა პორტალმა Arirany-Meari-მ გამოაქვეყნა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ამერიკაზე მოდელირებული თავდასხმის ვიდეორგოლი; ომი, რომელიც, რაღა თქმა უნდა, კორეელების გამარჯვებით დამთავრდა.
ასეა: ზოგი ვიდეოსივრცეში ომობანას თამაშობს, ზოგი ვითარებას აანალიზებს, სხვა ომის რეალურ საშიშროებაზე მიგვითითებს, ჩვენი პლანეტის თავზე კი, ალბათ, უკვე დაჟანგული დამოკლეს მახვილივით ჰკიდია უახლესი ბირთვული იარაღი, ადამიანების მასობრივი განადგურების საშუალება.
ჩვენ კი ვდგავართ და ცისკარას ზღაპრის ჯადოქარივით კოჭებზე ვმარჩიელობთ _ იქნება ომი, არ იქნება ომი…
გვერდი მოამზადა
არმაზ სანებლიძემ