Home სხვადასხვა დაიჯესტი ახალი რეალობა

ახალი რეალობა

მსოფლიომ რუსეთისა და ჩინეთის მიერ შექმნილი თამაშის ახალი წესები მიიღო

მაკრონი-პუტინი

გასულ კვირაში მომხდარმა რამდენიმე მოვლენამ ცხადყო, რომ დღეს ვითარება მსოფლიოში მკვეთრად შეცვლილია. დასავლეთმა რუსეთთან კონფრონტაციაზე, ფაქტობრივად, უარი თქვა _ აშშ იზოლაციონიზმის გზას დაადგა, ტრამპი საშინაო პრობლემებზე გადაერთო და ასე აპირებს გაგრძელებას, ზურგი აქცია ნატოს და საერთაშორისო უსაფრთხოება იმდენად აინტერსებს, რამდენადაც ფულის გასაკეთებლად გამოადგება.

ევროპის წამყვანი სახელმწიფოები _ გერმანია და საფრანგეთი _ რუსეთთან მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების (გავლენის სფეროების განაწილების: სად _ ერთობლივად, სად _ ცალ-ცალკე) გზას დაადგნენ. ამის ახალი მაგალითია გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა (რუსეთიდან ჩინეთში წავიდა ბიზნესმენთა დიდ ჯგუფთან ერთად) და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ვიზიტები სოჭში 18 მაისს და სანქტ-პეტერბურგში _ 25 მაისს (ყურადღება მიაქციეთ: არა ევროკავშირის სახელით, არა ნატოს სახელით, არამედ დამოუკიდებლად). პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ მაკრონმა აღიარა, რომ ნატო ატყუებდა რუსეთს და არ იცავდა დადებულ პირობებს. მაკრონმა ასევე უპირობოდ დაუჭირა მხარი რუსეთის საგარეოპოლიტიკურ ინიციატივებს: შეინარჩუნონ ირანთან ბირთვული შეთანხმება (ამ შეთანხმების დადებისას უპირობოდ უჭერდა მხარს აშშის მიდგომებს); სირიის კრიზისი გადაიჭრას ამ ქვეყნის მოქმედ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების(!), პოლიტიკური დიალოგისა და საკონსტიტუციო პროცესის გზით (ადრე ასადის დამხობას ითხოვდა); აშშმა განაახლოს მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასთან; უკრაინაში ვითარება დარეგულირდეს მინსკის შეთანხმებების საფუძველზე (ადრე რუსეთს მოუწოდებდა, შეეწყვიტაინტერვენციადონბასში).

მაკრონმა განაცხადა შემდეგი:

* საფრანგეთი რუსეთისთვის საიმედო პარტნიორია ერთობლივი(!) მომავლის შექმნაში,

* საფრანგეთი აღიარებს რუსეთის ლიდერობას საერთაშორისო ურთიერთობებში,

* საფრანგეთი აღიარებს იმ განსაკუთრებულ როლს, რომელიც რუსეთმა განსაზღვრა თავისთვის, როგორც მის უახლოეს(!) გარემოცვაში, ისე მსოფლიოს სხვა წერტილებში, მათ შორის _ ახლო აღმოსავლეთში.

ყოველივე ამის შემდეგ მაკრონმა შესთავაზა პუტინს, გამოიმუშავონ ახალი ერთობლივი და ორივესთვის ხელსაყრელი მიდგომები საერთაშორისო საკითხებისადმი.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ძველი სამყარო, თუნდაც ხუთი წლისწინანდელი, აღარ არსებობს, აღარ არსებობს ძველი თამაშის წესები და ყველა, ვისაც კი რამე შეუძლია საერთაშორისო არენაზე, ახალი წესების შექმნას და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ცდილობს. და ყველაფერ ამას დედამიწის ორ საკვანძო ქვეყანასთან _ რუსეთსა და ჩინეთთან _ ახლებური ურთიერთობების ჩამოყალიბებით იწყებს. ეს ახლებური ურთიერთობების ჩამოყალიბება კი რუსეთის და ჩინეთის მიერ შექმნილი თამაშის ახალი წესების მიღებაში მდგომარეობს.

ახლა გულახდილად ვუპასუხოთ საკუთარ თავს: რომელმა ილაპარაკა რუსეთთან ჩვენზე და რომელმა გადაგვიწყვიტა თუნდაც ერთი მცირე საკითხი _ ევროკავშირმა, გერმანიამ თუ საფრანგეთმა? თუ ტრამპი გადაგვიწყვეტს, წლის ბოლომდე რომ შეხვდება, ალბათ, პუტინს?

აი, ასეთი რეალობის ფონზე საქართველოს ხელისუფლება ისევ ამერიკას, ნატოსა და ევროკავშირს გაიძახის, მათ ეტმასნება, მათ იმედზეა საერთაშორისო არენაზე, მათ შორის რუსეთთან მოლაპარაკების საკითხშიც.

გიორგი გავაშელი

1 COMMENT

  1. უკრაინი პრეზიდენტმა , რომლის პარლამენტმა რუსეთი ოფიციალურად აღიარა აგრსორად , დაურეკა პუტინს და ელაპარაკა, ამაზე უკრაინაში მიტინგები არ მოუწყვიათ და არც გადადგომა მოუთხოვიათ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here