Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ში მოწმეები ბურუსით მოცულ გარემოებებში იღუპებიან

აშშ-ში მოწმეები ბურუსით მოცულ გარემოებებში იღუპებიან

2021 წლის 6 იანვრის მოვლენები ვაშინგტონში ჰგავს ბერლინში რაიხსტაგისთვის ხანძრის გაჩენას 1933 წლის 27 თებერვალს, რომელმაც გერმანიაში ნაცისტების ძალაუფლება განამტკიცა. გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) ასეულობით თანამშრომელი და გამომძიებელი ტრამპის მომხრეების წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებებს თხზავენ. კაპიტოლიუმის მოვლენების ასეულობით მონაწილე ციხეში ზის (ზოგი შინაპატიმრობაშია) და შიშით ელოდება სასჯელს.

დემოკრატიული პარტიის გაავებული მომხრეები სოციალურ ქსელებში ხალხის მტრებს ეძებენ, მოითხოვენ მათ დაპატიმრებასა და დახვრეტას. მასების მრისხანებას აღვივებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. დისიდენტებთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ მეგობრები და ნაცნობები, შეშინებული ადამიანები ასმენენ ნათესავებსა და შეყვარებულებს. უშიშროების ორგანოებში კი სინანულით ამბობენ, რომ დასმენების რაოდენობა ბევრი არ არის და გააქტიურებას მოითხოვენ. უფრო მეტიც, 6 იანვრის მოვლენების მოწმეები და უშუალო მონაწილენი ერთმანეთის მიყოლებით კვდებიან. ახლახან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ორმა პოლიციელმა, რომლებიც 6 იანვარს კაპიტოლიუმს იცავდნენ _ კაილ დეფრიტაგმა და გიუნტერ ჰაშიდამ. იყო სხვა მსხვერპლიც. მაგალითად, ეშლი ბებიტი, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ვეტერანი, ახალგაზრდა და ლამაზი თეთრკანიანი ქალი, რომელსაც დაუფიქრებლად მოუსწრაფა სიცოცხლე კაპიტოლიუმის მცველმა. ეშლის ტრაგედიის ფონზე თითქოს ჩაიკარგა პოლიციელი ბრაიან სიკნიკის სიკვდილი. 6 იანვარს, საღამოს, ის კაპიტოლიუმიდან თავის განყოფილებაში მივიდა, იქ დაკარგა გონება და მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. საინტერესოა, რომ სიკნიკი ტრამპის მხარდამჭერი იყო და ამის შესახებ მის გარშემო ყველამ იცოდა.

გიუნტერ ჰაშიდა
ეშლი ბებიტი
კრისტოფერ ს. ჯორჯია
ჯეფრი სმიტი

“დემოკრატმა” ჟურნალისტებმა სიკნიკის სიკვდილზე რა აღარ შეთხზეს. The New York Times-ი იუწყებოდა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სიკნიკი ცეცხლმაქრით სცემეს. აი სათაური: “ის ოცნებობდა პოლიციელობაზე, მაგრამ ტრამპისტების ბრბომ მოკლა”. პათოლოგოანატომების ვერდიქტი დიდხანს არ ჩანდა. მათ მხოლოდ აპრილში დაადგინეს, რომ სიკნიკი ინსულტით გარდაიცვალა. ამის შემდეგ The New York Times-მა დაიწყო ტირაჟირება ვერსიისა, რომ სიკნიკის სიკვდილი პატარა ბალონიდან წიწაკის სპრეის შესხმამ გამოიწვია, თუმცა კითხვები მაინც დარჩა, რადგან წიწაკის სპრეი ინსულტს არ იწვევს.

ნერვები, შიში, ემოციური გადატვირთვა? მაგრამ სიკნიკი სულ 42 წლის იყო, არმიის ვეტერანი, იმყოფებოდა საბრძოლო მივლინებებში. თუმცა, დავუშვათ, ინსულტით გარდაიცვალა. მისი სიკვდილიდან მეორე დღეს იდუმალ ვითარებაში მოკვდა ტრამპის კიდევ ერთი მომხრე _ კრისტოფერ სტენტონ ჯორჯია. 6 იანვარს ის კაპიტოლიუმში უკანონოდ შესვლის გამო დააკავეს, 9 იანვარს კი მისი ცხედარი ცოლმა თავიანთი სახლის სარდაფში იპოვა. ყველგან სისხლი იყო.

53 წლის ჯორჯიას არანაირი პრობლემა არ ჰქონია. ის ამერიკის საშუალო კლასის სანიმუშო წარმომადგენელი იყო. კაპიტოლიუმში შეჭრისთვის მას მხოლოდ რამდენიმეთვიანი პატიმრობა ემუქრებოდა ან რამდენიმე ასეული დოლარის ჯარიმა. ეს თითქმის არაფერია, მაგრამ რატომღაც დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანა აიღო და ტყვია მკერდში დაიხალა. სხვათა შორის, ეს იოლი საქმე არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ შაშხანის სიგრძე მეტრზე მეტია.

იმავე დღეს, 9 იანვარს, თავი მოიკლა ჰოვარდ ლიბენჰუდმა _ კიდევ ერთმა პოლიციელმა, რომელიც არეულობების მომენტში კაპიტოლიუმში მუშაობდა. ერთი კვირის შემდეგ კი მისი კოლეგა, 35 წლის ჯეფრი სმიტი სამსახურში წავიდა და გზაში თავი მოიკლა _ ტყვია თავში დაიხალა, საჭიროც არ არის იმის თქმა, რომ სმიტიც უშუალოდ მონაწილეობდა 6 იანვრის მოვლენებში…

9 ივლისს მოკლული იპოვეს 43 წლის გიუნტერ ჰაშიდა, პოლიციელი, რომელიც 6 იანვარს კაპიტოლიუმს იცავდა. ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტმა მის სიკვდილს თვითმკვლელობა უწოდა და პრესაში მოკლე ნეკროლოგიც გამოაქვეყნა _ გვახსოვხარ, ვწუხვართ. რამდენიმე საათის შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია კაპიტოლიუმის კიდევ ერთი მცველი პოლიციელის სიკვდილის შესახებ. 26 წლის პოლიციელის, კაილ დეფრიტაგის, ცხედარი 10 ივლისს იპოვეს. ვერ დაიჯერებთ, მაგრამ მანაც, როგორც ირკვევა, თავი მოიკლა. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ყველაფერი დამთხვევაა. რა არ ხდება ამქვეყნად? 7 გვამით მეტი თუ 7 გვამით ნაკლები… მაგრამ კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამოძიება დემოკრატიულმა პარტიამ გრანდიოზულ პროცესად აქცია. მასზეა გადატანილია მსოფლიოს ყურადღება. ეს აშშ-ის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ. და, იდუმალებით მოცული სასიკვდილო შემთხვევებზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს მიპყრობილი. როგორც ჰოლივუდურ ფილმებშია, ოპერატიული მუშაკები ცხვირით მიწას ხნავენ, გენიალური გამომძიებლები მოტივს ეძებენ, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები კი სამართალდამცველებს ფასდაუდებელ სამხილებს გადასცემენ.

მაგრამ არა, ოპერატიული მუშაკები და გამომძიებლები საქმეებს კერავენ ხალხის მტრების _ “შიდა ტერორისტების,” .. ტრამპისტების წინააღმდეგ. უცნაური თვითმკვლელობები არავის აღარ ახსოვს, განცვიფრებული საზოგადოება კი რაღაც უაზრო ნეკროლოგებს იღებს _ გვახსოვხარ, ვწუხვართ. ეს ხომ სამარცხვინოა! ეს პინოჩეტის საქციელს ჰგავს და, რაც უფრო ცდილობს ხელისუფლება მომხდარის მიჩქმალვას, მით უფრო საფუძვლიანია ვარაუდი, რომ ეს, თვითმკვლელობები კი არა, სასამართლოს გარეშე ანგარიშსწორებაა. დაცინვას ჰგავს 6 იანვრის მოვლენებზე აშშ-ის კონგრესის სპეციალური კომიტეტის გამოძიება. კომიტეტი შექმნა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ნენსი პელოსიმ, რომელსაც ტრამპის მომხრეები 6 იანვრის პროვოკაციის ორგანიზატორად თვლიან. ეს კომიტეტი დემოკრატიული პარტიის 6 წევრისა და მათი თანამზრახველი 2 რესპუბლიკელისგან შედგება.

ამჟამად კომიტეტი ისმენს 6 იანვარს კაპიტოლიუმში მომუშავე პოლიციელების ჩვენებებს. რთული წარმოსადგენი არ არის, როგორ მოქმედებს მათზე გავრცელებული ინფორმაცია კოლეგებზე, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით იკლავენ თავს. ყოველ შემთხვევაში პოლიციელები ზუსტად იმას ლაპარაკობენ, რაც პელოსის სურს: ხატოვნად აღწერენ ტრამპისტების თარეშს, ჩივიან ჭრილობებსა და ტრავმებზე, მოკლედ, ყველაფერს აკეთებენ ტრამპის მომხრეების გასაშავებლად და მათთვის სასჯელის, რაც შეიძლება დიდი ვადის, ასაკიდებლად.

იმ საბედისწერო დღის ვიდეოზე კარგად ჩანს, რომ პოლიციელები არც კი ცდილობენ კაპიტოლიუმის კარის დაკეტვას ან საპროტესტო აქციის მონაწილეების შენობიდან გაძევებას. ტრამპის მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი ბრძანება კონგრესის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გასცა, მანვე აუკრძალა ეროვნულ გვარდიას დახმარება _ რასაც დონალდ ტრამპი მოითხოვდა.

კითხვებს აჩენს პელოსის ნოუთბუკიც. ღმერთმა უწყის, მასში რა იყო. ტრამპისტები ვარაუდობენ, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები, _ მაგრამ მას, უკვე 6 თვეზე მეტია, ეძებენ. თავდაპირველად თქვეს, რომ ნოუთბუკი მოიპარა კრისტოფერ სტენტონ ჯორჯიმ _ იმ პოლიციელმა, რომელმაც თავი სნაიპერის შაშხანით მოიკლა, მაგრამ მის სახლში საეჭვო ვერაფერი ნახეს. შემდეგ გამოძიების ფედერალურ ბიუროში დარეკა 22 წლის რაილი ჯუნ უილიამსის ყოფილმა საყვარელმა და განაცხადა, რომ ამ ქალმა მოიპარა ნენსი პელოსის ნოუთბუკი და სურს, რუსებს მიჰყიდოს.

რა თქმა უნდა, უილიამსს ნოუთბუკი ვერ უპოვეს და ეს ახალგაზრდა ქალიც ყველაფერს კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ ის ახლაც საშინაო პატიმრობაშია და სასამართლოს ელოდება. მამამისი კი მოულოდნელად პედოფილიაში დაადანაშაულეს. Bellingcat-ის ფეიკშემქმნელებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელზეც ასახულია ვიღაც ნიღბიანი გოგონა, რომელიც ფაშისტური მისალმებით (ზიგ, ჰაილ!) ხელს წევს. Bellingcat-ი საზოგადოებას არწმუნებს, რომ ეს რაილი ჯუნ უილიამსია.

იდუმალი მკვლელობები, პოლიტპატიმრების დაცინვა, სხვაგვარად მოაზროვნეთა შევიწროება _ ეს ყველაფერი ამერიკულ რეჟიმს ხშირად გამოუყენებია საზღვარგარეთ. ახლა ყველაფერი ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა. ამერიკელებს შეუძლიათ, საკუთარ თავზე გამოსცადონ ის, რასაც მათი მთავრობა ნერგავს სხვა სახელმწიფოებში.

საინტერესოა, დიდხანს ეყოფათ მოთმინება?

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here