BBC-ს ცნობით, აშშ-ის იმიგრაციის და საბაჟო პოლიციამ (ICE) ბოლო 6 კვირის განმავლობაში კრიმინალური ბანდების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში 1378 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, 1000-ზე მეტი დანაშაულებრივ დაჯგუფებების მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს, 238 კი სხვადასხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეების გამო დააკავეს. დაკავებულთაგან უმეტესობა, 900 პირი ამერიკის მოქალაქეა.
ამ ოპერაციის მიზანია საერთაშორისო კრიმინალური გარიგებების მონაწილეთა დაკავება, რომელიც იარაღის კონტრაბანდას, ადამიანებით ვაჭრობას და მკვლელობებს უკავშირდება. პოლიციელებმა რეიდების დროს ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკი და იარაღი ამოიღეს. დააკავეს აშშ-ის, მექსიკისა და სალვადორის ბანდფორმირებების წევრები.
ICE-ს ხელმძღვანელის ტომას ჰომანის განცხადებით, ქუჩის ბანდები ამერიკის საზოგადოებისთვის ერთ-ერთი სერიოზული საფრთხეა.
ეს რეიდები ოპერაცია Community Shield-ის ნაწილია, რომელსაც აშშ-ის სპეცსამსახურები 2005 წლიდან ნარკოტიკებით და ადამიანებით ვაჭრობაში მონაწილე დაჯგუფებების წინააღმდეგ ახორციელებს.