რობერტ გეიტსი, რომელსაც თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას, 2014 წელს წერდა, რომ ბაიდენმა “შეცდომა დაუშვა საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ყველა მნიშვნელოვან საკითხში 40 წლის განმავლობაში”. ავღანეთიდან აშშ–ის სასწრაფოდ გასვლა ამ კანონზომიერების გაგრძელებაა.
ავღანეთი კატასტროფის ზღვარზეა და ამაში დამნაშავე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენია.
“მაღალჩინოსანი ამერიკელი სამხედროების აზრის გაუთვალისწინებლად ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის საჩქაროდ გაყვანის შესახებ ბრძანების გაცემით ბაიდენმა “თალიბანის” ტერორისტებს გზა გაუხსნა ავღანეთის რაიონების მეოთხედის ხელში ჩასაგდებად. ახლა რადიკალები ქაბულისკენ მიიწევენ, აშშ კი ისე სუსტად გამოიყურება, როგორც არასდროს”, _ წერს ბრაჰმა ჩელანი სტატიაში, რომელიც რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა პორტალმა Project Syndicate-მ.
ვაშინგტონმა ავღანეთში სამხედრო ოპერაციები, ფაქტობრივად, 1 ივლისს დაასრულა, როცა ავღანეთის მთავრობას გადასცა ავიაბაზა “ბაგრამი”, რომელიც ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციების პლაცდარმი იყო. სინამდვილეში სიტყვა “გადასცა” მომხდარს, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება. ამ მოვლენის წინ ამერიკელი სამხედროები ღამით შეუმჩნევლად გაიპარნენ ბაზიდან. თანაც წინასწარ ელექტროენერგია გათიშეს ობიექტზე. უსაფრთხოების პერიმეტრის შესუსტების შედეგად მძარცველები ბაზაში შევიდნენ და ავღანეთის სამთავრობო ქვედანაყოფების მოსვლამდე ბაზაზე მაროდიორობა მოასწრეს.
ბაიდენი გააფთრებით იცავდა თავის გადაწყვეტილებას ჯარების გაყვანაზე და ამტკიცებდა, რომ “აშშ ავღანეთში ერის ასაშენებლად არ შესულა” და “იქ დარჩენა ნიშნავს, რომ ამერიკელ სამხედროებში დანაკარგებს თავიდან ვერ ავიცილებთ”. მან, აგრეთვე, მხარი დაუჭირა თავის გადაწყვეტილებას ჯარის სასწრაფოდ გამოყვანაზე და ეს ახსნა იმით, რომ “ოპერატიულობა უსაფრთხოებაა”.
“რამდენი ათასი ამერიკელი ვაჟისა და ქალის სიცოცხლის გასარისკად ხართ მზად?” _ დასვა კითხვა ამერიკელმა ლიდერმა.
აზრი ნათელი იყო: ამერიკის ჯარის გამოყვანაში ეჭვის შეტანა ამერიკელთათვის საფრთხის მხარდაჭერის ტოლფასია, მაგრამ საფრთხის წინაშე სწორედ ავღანელები აღმოჩნდნენ.
აშშ–მა ომი დაუსრულებელი დატოვა 1973 წელს, როცა სასწრაფოდ მიატოვა თავისი მოკავშირეები სამხრეთ ვიეტნამში. მომდევნო წელს კონფლიქტის შედეგად 80 ათასი სამხრეთ ვიეტნამელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა _ ეს ყველაზე საშინელი წელი იყო ვიეტნამის ომის პერიოდში. ისიც აღსანიშნავია, რომ 1975 წელს აშშ–მა კამბოჯა “ულტრაკომუნისტურ” “წითელ კამერებს” გადასცა, რომლებმაც ქვეყანაში საშინელებები ჩაიდინეს.
ამჯერად ისლამისტების შეტევამ გამოიწვია ათიათასობით მშვიდობიანი ადამიანის მშობლიური ადგილებიდან აყრა. აშშ-მა ავღანელები დაუტოვა მაროდიორებად ქცეულ ისლამურ ძალას, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა თავისი სასტიკი ბუნება და, სანამ ქაბულში ავღანეთის მთავრობა ყოყმანობს, “ბოევიკები” ავღანელ ჯარისკაცებს ამერიკულ იარაღს ართმევენ და ამ იარაღით ქვეყანაში დემონსტრაციულად მარშირებენ.
ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაქცევის გამართლება გაცილებით ნაკლებდამაჯერებელია, ვიდრე მათი მოსაზრება ვიეტნამიდან გასვლის სასარგებლოდ. ვიეტნამში 57 220 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, ძირითადად, ახალწვეულები; ავღანეთის 20-წლიან ომში კი _ 2448 სამხედრო მოსამსახურე, ყველა მოხალისე. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც აშშ–მა ოფიციალურად დაასრულა თავისი საბრძოლო ამოცანა 2015 წლის 1 იანვარს, მისმა დანაკარგებმა მხოლოდ 99 ადამიანი შეადგინა, მათ შორის არიან დაღუპულები საომარ ინციდენტებში. იმავე პერიოდში დაიღუპა 28 ათასზე მეტი ავღანელი პოლიციელი და ჯარისკაცი.
ეს არ ნიშნავს, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ავღანეთში აშშ-ის ადამიანურ და მატერიალურ დანაკარგებზე და მოვუწოდოთ, რომ ამერიკის ჯარი ავღანეთში გაურკვეველი ვადით დარჩეს, პირიქით, ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომის შეწყვეტა ღირსეული მიზანია, მაგრამ ამ საკითხისადმი ბაიდენის მიდგომა, ფაქტობრივად, აღიარებაა იმისა, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ მწარე მარცხი აგემა მსოფლიოში ყველაზე მძლავრ შეიარაღებულ ძალებს და დაიბრუნა კონტროლი ავღანეთზე. ეს ძირს უთხრის საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობას ამერიკის შეერთებული შტატებისადმი, საფრთხეს უქმნის ავღანეთისა და რეგიონის უსაფრთხოებას და შეიძლება ხელი შეუწყოს ტერორიზმის აფეთქებას სრულიად მსოფლიოში. ხელისუფლებაში “თალიბანის” დაბრუნება ენერგიასა და გაბედულებას შეჰმატებს სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებსა და უფრო დიდ ისლამისტურ მოძრაობებს. ამას გარდა, “თალიბანი”, რომელიც პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვის შექმნილია, კვლავაც იღებს პაკისტანის შეიარაღებული ძალების დახმარებას.
ამრიგად, მიუხედავად ბაიდენის განცხადებისა, რომ ავღანეთის ბედი ახლა ავღანელთა ხელშია, სინამდვილაში ის, როგორც ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ განიმ განაცხადა, ძირითადად, პაკისტანის ხელშია. მათ შორის, ვინც ყველაზე დიდი რისკის წინაშეა, არის ინდოეთი. ბოლოს, როცა “თალიბანი” ხელისუფლების სათავეში იყო (1996-2001 წლებში), ავღანეთის ტერიტორია პაკისტანელებს დაუთმეს ტერორისტების მოსამზადებლად ინდოეთზე თავდასხმების მოწყობის მიზნით.
ამრიგად, ავღანეთის ხელისუფლების სათავეში რადიკალური მოძრაობის დაბრუნებამ შეიძლება ტერორიზმის ახალი ფრონტი გახსნას ინდოეთის წინააღმდეგ, რომელიც ასეთ შემთხვევაში იძულებული იქნება, სამხედრო დაპირისპირების აქცენტი ჰიმალაიდან ავღანეთისკენ გადაიტანოს.
ავღანეთის ხელისუფლებაში რადიკალების დაბრუნებით ჩინეთი მოიგებს სხვა მხრივაც. აშშ-ის წასვლა ჩინეთს გზას გაუხსნის ავღანეთში შეჭრისკენ, მისი სიმდიდრეების, აგრეთვე, პაკისტანსა და ირანს შორის სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებისკენ. ჩინეთი ამას მიაღწევდა, თუ თალიბანს შესთავაზებდა ორ რამეს, რომლებიც მას ძალიან სჭირდება: საერთაშორისო აღიარებასა და ეკონომიკურ დახმარებას. და რადგან რუსეთიც, ალბათ, აღიარებს რადიკალების ლიდერობას ავღანეთში, დაჯგუფებებს ნაკლები სტიმული ექნებათ ძალადობის შესაჩერებლად, მიუხედავად მცდელობისა, მოიპოვონ დადებითი იმიჯი.
ბაიდენს უკეთესი ვარიანტი ჰქონდა: აშშ–ს შეეძლო მცირერიცხოვანი კონტინგენტის შენარჩუნება ავღანეთში, რათა ჰაერიდან კრიტიკული მხარდაჭერა უზრუნველეყო ავღანეთის სამთავრობო ძალებისთვის. ეს დაარღვევდა გარიგებას, რომელიც ბაიდენის წინამორბედმა დონალდ ტრამპმა დადო ისლამისტებთან 2020 წლის თებერვალში, მაგრამ “თალიბანის” მებრძოლებმა უკვე დაარღვიეს ეს გარიგება. ბაიდენი მოხარული იქნებოდა ტრამპის ბევრი სხვა გადაწყვეტილებაც გაეუქმებინა, ამიტომ “თალიბანთან” გარიგების შესრულება რთული გასაგებია.
ბაიდენი ამბობს, რომ “აშშ ავითარებს ჰორიზონტს მიღმა კონტრტერორისტულ პოტენციალს”, რომელიც არ მოითხოვს ავღანეთში ფიზიკურად ყოფნას, მაგრამ, თუ ავღანეთში უსაფრთხოება დაინგრევა, “ჰორიზონტს მიღმა” ოპერაციებს სასურველი შედეგი არ ექნება.
სავარაუდო სცენარი იქნება აშშ-ის საელჩოს პერსონალისა და ამერიკელი მოქალაქეების სასწრაფო ევაკუაცია, როგორც ეს გააკეთეს 1975 წელს საიგონში. ინდოეთმა, მაგალითად, ეს უკვე გააკეთა, როცა თავისი საკონსულოს თანამშრომლები გაიყვანა ყანდაგარიდან.
regnum.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ