Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ის სიყვარულიდან სიძულვილამდე

აშშ-ის სიყვარულიდან სიძულვილამდე

მანუელ ნორიეგა

29 მაისს პანამაში 84 წლისა გარდაიცვალა გენერალი მანუელ ნორიეგა. “დიქტატორი მანუელ ანტონიო ნორიეგა, რომელიც პანამას 1983-1989 წლებში მართავდა, თავის ტვინზე ოპერაციის გართულების შემდეგ, 29 მაისს გარდაიცვალა სანტო ტომასის ჰოსპიტალში”, _ იუწყებოდა პანამური გაზეთი La presa.

სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულმა ნორიეგამ 1969 წელს მხარი დაუჭირა სამხედრო გადატრიალებას, რომელიც გენერალმა ომარ ტორიხოსმა მოაწყო პანამაში. ერთი წლის შედეგ კი დაიცვა თვითონ ტორიხოსი, როდესაც მის დამხობას შეეცადნენ. ერთგულებისთვის ნორიეგა პანამის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ხელმძღვანელად დანიშნეს.

1981 წელს ტორიხისი ბურუსით მოცულ ავიაკატასტროფაში დაიღუპა და ორი წლის შემდეგ ნორიეგა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა აშშ-თან (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან ხელფასსაც კი იღებდა) პანამის შეიარაღებულ ძალებს ჩაუდგა სათავეში და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი გახდა.

1989 წლის დეკემბერში ამერიკელები პანამის არხის ზონაში მცხოვრები 35 ათასი ამერიკელის დაცვისა და “ქვეყანაში დემოკრატიის” აღდგენის საბაბით პანამაში შეიჭრნენ. ნორიეგამ თავი შეაფარა ვატიკანის საელჩოს. ამერიკელებმა კი დიპლომატიური მისიის ტერიტორიიდან ნორიეგას გამოსაძევებლად საელჩოს პერიმეტრზე ხმის გამაძლიერებლები დააყენეს, რომლებიდანაც 24 საათის განმავლობაში ისმოდა როკმუსიკა. აშშ-ის იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა ვატიკანს ნორიეგას გადაცემა მოსთხოვა, მაგრამ საქმე აქამდე არ მისულა _ 1990 წლის 3 იანვარს ნორიეგა თვითონ ჩაბარდა ამერიკელებს, რომლებმაც ის მაიამიში გადაიყვანეს.

ნორიეგა გაასამართლა აშშ-ის სასამართლომ და პანამის ყოფილ მმართველს ნარკოტიკებით ვაჭრობასა და გამოძალვის ბრალდებით 40 წლის პატიმრობა მიუსაჯა, მოგვიანებით კი გაითვალისწინა ნორიეგას ხანგრძლივი თანამშრომლობა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან და სასჯელი 10 წლით შეუმცირა.

2010 წელს ამერიკელებმა ნორიეგა საფრანგეთს გადასცეს, სადაც მას “ფულის გათეთრების” გამო 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, 2011 წელს კი საფრანგეთმა ნორიეგა გადასცა პანამას. აქ მას პოლიტიკურ მკვლელობებში დასდეს ბრალი და 20 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. 2017 წლის იანვარში პანამის სასამართლომ ნორიეგას უფლება მისცა, საშინაო პატიმრობაში ყოფილიყო თავის ტვინზე ოპერაციის გაკეთების აუცილებლობის გამო.

ნორიეგა, რომელიც წლების განმავლობაში იყო პანამის პირველი პირი, არაფრით განსხვავდებოდა ამერიკელების ძალისხმევით ქვეყნის მმართველებად დასმული იმ გენერლებისგან, რომლებიც მართავდნენ გვატემალას, ჰონდურასსა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებს. ნორიეგა, პროამერიკელი რეჟიმებისგან განსხვავებით, არ ხოცავდა თანამემამულეებს და არ ემსახურებოდა ამერიკულ კორპორაციებს, ის მოითხოვდა პანამის არხის პანამელებისთვის დაბრუნებას და ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას. სწორედ ამიტომ ამერიკელებმა დაამხეს ნორიეგა, ინტერვენციისას კი 500-მდე პანამელი გამოასალმეს სიცოცხლეს.

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here