მინდა, გამოვეხმაურო ბატონ დავით ფურცხვანიძის რეპლიკას “რუსეთი ოკუპანტია?”, რომელიც “საქართველო და მსოფლიოს” ამა წლის 35-ე ნომერში გამოქვეყნდა. ავტორმა დღევანდელი ქართული პოლიტიკის ფუნდამენტური პრობლემა განიხილა. რუსეთის “ოკუპანტობა” ხომ ანბანურ ჭეშმარიტებადაა მიჩნეული და ამაში იმ ხალხსაც არ შეაქვს ეჭვი, რომელიც რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობას პრინციპულად უჭერს მხარს. ისინი ამბობენ: “რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ აუცილებელია ურთიერთობის მოგვარება”, “რუსეთი ოკუპანტია და სწორედ ამიტომ მასთან არის მოლაპარაკება საჭირო”, “ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ისევ ოკუპანტ რუსეთს შეუძლია” და ა. შ.
რუსეთის “ოკუპანტობის” აკვიატებული იდეა, არ დაგვავიწყდეს, სააკაშვილის რეჟიმმა (უფრო ზუსტად, ამ რეჟიმის მბრძანებელმა აშშ-ის ადმინისტრაციამ) აქცია დოგმად, დანერგა მასმედიაში და შესაბამისი საკანონმდებლო ნორმითაც გააფორმა. სინამდვილეში რუსეთის “ოკუპანტობა” ისეთივე მავნე მტკიცებაა, როგორც იმისა, რომ “სააკაშვილი რუსეთის აგენტია”, “სააკაშვილმა რუსეთს აჩუქა ჩვენი ტერიტორიები” და მსგავსი ფორმულირებები, რომლებიც ისევ და ისევ ამერიკელების მიერ არის შემოგდებული და გათვლილია მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელსაც სძულს სააკაშვილი. ეს ნაწილი კი საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილია. ასეთი ფორმულირებები მიზნად ისახავს, რომ ხალხს, რომელსაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი სძულს, შეაძულონ რუსეთიც, ვინაიდან სააკაშვილი თურმე სწორედ “რუსეთის საქმეს აკეთებს” და მისი “აგენტია”.
სამწუხაროდ, თითქმის ათი წლის განმავლობაში არავინ შეწინააღმდეგებია რუსეთის “ოკუპანტობის” დოგმას, რადგან “პრორუსულად” გამოცხადების შიში ისევ არსებობს. აქვე დავძენ იმ “ყარაჩოხელების” გასაგონად, რომლებიც თავიანთ “პროქართულობას” ამტკიცებენ “პრორუსულობისა” და “პროდასავლურობის” საპირისპიროდ: ელემენტარული ლოგიკაა საჭირო იმისთვის, რომ გაიაზროთ, _ “პრორუსული” ან “პროდასავლური” საგარეო პოლიტიკა, როგორც ასეთი, აპრიორი სულაც არ უპირისპირდება “პროქართულს”, ანუ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ვინაიდან “პრორუსულობა” -”პროდასავლურობა”, შესაძლოა, გამოიხატებოდეს რუსეთთან ან, შესაბამისად, დასავლეთთან ურთიერთობებზე აქცენტირებით, პრიორიტეტულობით, ისევ და ისევ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. როდესაც, მაგალითად, ქართული ისტორიოგრაფიის კლასიკოსები წერენ, ერეკლე მეფის საგარეო პოლიტიკა პრორუსული იყოო, იმას კი არ ნიშნავს, რომ ქართული ინტერესების ხარჯზე იყო ეს პოლიტიკა პრორუსული, არამედ რუსეთზე ორიენტაციას გამოხატავს მეცნიერული ენით. ამასვე ვიტყვი “პროდასავლურ პოლიტიკაზე”. თუკი ვინმე იზიარებს თვალსაზრისს, რომ საქართველოს დასავლეთზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, მხოლოდ ამ მიზეზით იგი ავტომატურად არ იქცევა ანტიქართული პოლიტიკის მომხრედ. ხოლო ის, ვინც პირადი ანგარებით ემხრობა რუსეთზე, დასავლეთზე ან კიდევ სხვაზე მისადაგებულ პოლიტიკას და მზად არის, გაყიდოს ქვეყნის ინტერესები, ცალკე განსასჯელია. როგორც წესი, გამყიდველები მალავენ თავიანთ პოლიტიკურ ორიენტაციას და მათი საქმიანობა პატრიოტული რიტორიკით, დიახ, “პროქართულობით” არის შენიღბული. ჩვენი მედასავლეთეები _ აშშ-ის მიერ გამოზრდილი და ნაკვები გავლენის აგენტურა და პროპაგანდისტები, სწორედ პატრიოტული რიტორიკით “გვაბოლებენ” და ხალხის ნაწილიც ამ სატყუარაზეა წამოგებული. მთავარი სატყუარა კი ყბადაღებული “რუსული ოკუპაციაა”.
ბატონი დავით ფურცხვანიძე მართებულად მიუთითებს, ჩემი აზრით, უმთავრეს გარემოებაზე, რომელიც “რუსულ ოკუპაციას” აბსურდად აქცევს. ეს არის აფხაზეთსა და შიდა ქართლში რუსეთის მიერ დამოუკიდებლად აღიარებულ რესპუბლიკებში მცხოვრები ხალხების პოზიცია. აფხაზები და ოსები, მოგეხსენებათ, საქართველოს იურისდიქციას არ ემორჩილებიან, მაგრამ, ამასთანავე, ისინი საკუთარ თავსა და ქვეყანას არ მიიჩნევენ ოკუპირებულად. მეტიც, როგორც რიგითი აფხაზი, ისე ოსი, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, რადგან საქართველოს ხელისუფლება მათ, ფაქტობრივად, იდიოტებად მიიჩნევს, უწოდებს რა “ოკუპირებულებს”. სწორედ ჩვენი გამუდმებული რიტორიკა ოკუპაციაზე შეურაცხყოფს აფხაზებსა და ოსებს. ისინი გამოგვყავს არასრულფასოვან ხალხებად, რომლებიც თურმე ვერ ხვდებიან რუსულ “ოკუპაციას”, მაგრამ, ადრე თუ გვიან, თვითონ მოგვადგებიან თბილისში და საქართველოს იურისდიქციის აღდგენას შეგვეხვეწებიან. ამაზე მეტი იდიოტიზმი რა გინდათ?! ეს იდიოტიზმი კი თბილისშია აღმოცენებული და არა სოხუმსა და ცხინვალში. ჩვენდა სამწუხაროდ, ე.წ. დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოს ყოველმა ხელისუფლებამ, ლიდერმა და მთავრობამ, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველო მტრად აღექვათ. ამიტომ ნუ გვიკვირს, რომ რუსეთს ისინი არათუ ოკუპანტებად აღიქვამენ, პირიქით _ განმათავისუფლებლად და უსაფრთხოების უალტერნატივო გარანტად მიიჩნევენ(!).
აი ეს არის ფაქტი, მწარე სიმართლე და, თუ ამ სიმართლის თქმის გამო ვარ “პრორუსი”, მაშინ, დაე, ვიყო. მაგრამ საქმე ის არის, რომ სიმართლე არ აინტერესებთ ჩვენს, ასე ვთქვათ, ოპონენტებს. ცივი გონებით განსჯა აუცილებლად გადაჰყავთ ემოციის სფეროში, “ოკუპაციაზე” აპელირებით. პარლამენტის დარბაზში თუ სატელევიზიო სტუდიაში ამ და სხვა საკითხების გარშემო იმართება წივილ-კივილი, ლანძღვა-გინება და მუშტი-კრივი. მახსენდება XVII საუკუნის იტალიელი მოგზაურის (ვატიკანის ჯაშუშის) პიეტრო ავიტაბილეს ერთი ჩანაწერი, სადაც ამბობს, სიმართლის გასარკვევად ქართველები იკრიბებიან და ყვირიან, ვინც მეტს იყვირებს, სიმართლეც მის მხარეზე არის მიჩნეულიო. ისე, კაცმა რომ თქვას, ევროპელი “მისიონერების” ჩანაწერებში საქართველოს შესახებ ბევრ ღვარძლსა და ბოღმას ამოვიკითხავთ, საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდნენ და ჩვენს თვალში ბეწვს ეძებდნენ, მაგრამ ზოგჯერ მათი დაკვირვებები ზუსტი ჩანს და აქ აღწერილი გარემოებაც ჭეშმარიტი მეჩვენება. ქართველებმა, რომლებსაც საკუთარი ისტორიის წერაც გვეზარებოდა და ისტორიას მეტწილად უცხოტომელები გვიწერდნენ, ბოლოს და ბოლოს, უნდა ვისწავლოთ ყველა პრობლემისადმი პრაგმატული და, დიახაც, მეცნიერული მიდგომა.
ამას წინათ ჩემს ერთ კოლეგას, რომელიც ტელეგადაცემაში მიიწვიეს, ვურჩიე: აუცილებლად დაგისვამენ ჟურნალისტებისთვის ჩვეულებადქცეულ შეკითხვას: “რუსეთი ოკუპანტია?!” შენც ადექი და უთხარი, _ მოდი, აფხაზებსა და ოსებს ჰკითხეთ, რუსეთი მათთვის რა არის და, თუ ისინი არ მიიჩნევენ რუსეთს ოკუპანტად, მაშინ აფხაზები და ოსები თვითონ ყოფილან ოკუპანტები–მეთქი. მართლაც, ტელეგადაცემის წამყვანმა ჩემს კოლეგას მომენტი შეურჩია და რუსეთის ოკუპანტობის შესახებ “ჩამჭრელი” შეკითხვა დაუსვა. პასუხი რომ მოისმინა, კინაღამ შოკში ჩავარდა, რადგან ამ კითხვაზე ასეთი პასუხი ჯერ არავის გაუცია. ბოლოს, როგორც იქნა, ტელეწამყვანმა ამოღერღა: “როგორ იქნებიან აფხაზები და ოსები ოკუპანტები, ისინი ხომ იქ ცხოვრობენ?!”
ასეთ აბსურდში ცხოვრობენ და აცხოვრებენ ჩვენს საზოგადოებას ოფიციალური პროპაგანდისტები და ხელისუფლება. ვერ ვიტყვი, რომ მმართველ ძალაში არ არიან გონიერი ადამიანები და ისინი ამ მარტივ ჭეშმარიტებას ვერ ხვდებიან, მაგრამ, ნაცებისგან დაზაფრულნი და ამერიკის ელჩისგან ყურებაწეულნი, ხმას ვერ იღებენ, თავს არიდებენ ჯანსაღ დისკუსიას და თავჩაქინდრულნი პანიკურად გაურბიან “პრორუსის” იარლიყს. რის გაკეთებაც მათ შეუძლიათ, არის ის, რომ ნაცებს მიუთითებენ ხოლმე მათ როლზე “რუსულ ოკუპაციაში”, ანუ 2008 წლის ომში დამარცხებაში (დამარცხებაში, თორემ ომის დაწყებაზე სიმართლის თქმას დღემდე ვერ ბედავენ). ისიც საოცრებაა, ჯანდაცვის მინისტრმა სერგეენკომ და ქოცების ბობოლა პარლამენტარმა მდინარაძემ როგორ გაბედეს და აღიარეს, რომ “საზღვრების გადმოწევა” შიდა ქართლში, რეალურად, გადმოწევა კი არ არის, არამედ საბჭოთა რუკებზე დატანილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების გაყოლებით საზღვრის დემარკაციაა.
მაგრამ ვინაიდან “ოკუპაციის” თემა არ ცხრება, შესაბამისი ნაცური კანონი არავის გადაუხედავს და საქართველოს რეალური ინტერესებისთვის არ მიუსადაგებია (ახლახან სახელოვანი სერბი ხელოვანის, ემირ კუსტურიცას, საქართველოში შემოსვლა დადგა ეჭვქვეშ ამ მავნე კანონის გამო). მინდა, ხელისუფლებას ვკითხო: ასე უხერხემლოდ რატომ რეაგირებთ ოკუპაციის ფაქტზე, თუკი ეს მართლაც ოკუპაციაა? ოკუპაციასთან ხომ ბრძოლაა საჭირო? არ ვგულისხმობ მაინცდამაინც შეიარაღებულ ბრძოლას, თუმცა არც უმაგისობა იქნება. ამ ბრძოლას აქვს გარკვეული ფორმები, ღონისძიებების სერიაა განსახორციელებელი ვითარების შესაცვლელად… მაგრამ ხელისუფლება არ აქტიურობს ამ მიმართულებით. მართალს ამბობენ ნაცები, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება არ იბრძვის აქტიურად არც ქვეყნის შიგნით, არც საერთაშორისო ასპარეზზე “რუსული ოკუპაციის” ასალაგმავად, თუმცა სამართლიანობისთვის აღვნიშნავ, რომ ამ მხრივ მაინცდამაინც არც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ აქტიურობით. 2008 წლის ომის შემდეგ, 2012 წლის ოქტომბრამდე, ე.ი. მთელი 4 წლის განმავლობაში, რეალური ქმედებებიდან გამომდინარე (რუსეთის სიტყვიერი ლანძღვა არ ითვლება), ისინი ისეთივე პასიურობას ამჟღავნებდნენ, როგორსაც ახლა ქოცები.
რა გამოდის? ამდენს ყბედობენ, ხმაურობენ და ისტერიკას აწყობენ “რუსულ ოკუპაციაზე”, მაგრამ საქმით თითქმის არაფერს აკეთებენ. რატომ? ამ უცნაურ ვითარებაზე პასუხი არც ისე რთული გასაცემია: “რუსული ოკუპაციის” თემა არსებობს მხოლოდ საშინაო მოხმარებისთვის, რათა მოხდეს ანტიდასავლურად განწყობილი საზოგადოების პოზიციების გადაფარვა ყალბ ემოციაზე დაფუძნებული პროპაგანდისტური მუხტით. “რუსული ოკუპაცია” ამერიკისა და მისი მოკავშირეების მიერ თავს მოხვეული თემაა, რათა ქვეცნობიერის დონეზე ქართველმა არასოდეს აღიქვას რუსეთი პოტენციურ მოკავშირედ და დასავლეთის საპირწონედ. ეს თემა საერთაშორისო ფორუმებზეც გააქტიურდება ხოლმე _ ისევ და ისევ იმ მიზეზით, რომ არ დაუშვან ნდობის ჩამოყალიბება და პირდაპირი დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის.
და კიდევ _ “რუსული ოკუპაციის” თემა აუცილებელია ყველა პერსპექტიული პოლიტიკოსის გასანეიტრალებლად, რომლებიც კი გამოჩნდებიან ასპარეზზე, რათა ხალხი აიყოლიონ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების ლოზუნგით.
აშშ სიტყვებს არ დაიშურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გამოსახატავად, მაგრამ ამ ყალბი სიტყვების იქით საქმე არ დაიძვრება, როგორც არ დაძრულა ბოლო 25 წლის განმავლობაში, “საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხარდაჭერის” პირობებში. პირიქით _ ამ გარედან შემოგდებული თემის წყალობით საქართველო შორდება როგორც რუსეთს, ისე საკუთარ ტერიტორიებსა და ხალხებს _ აფხაზებსა და ოსებს, რომლებსაც ოფიციალურ რიტორიკაში ფარისევლურად “ძმებად” მოიხსენიებს. არ არის გასაკვირი, რომ აფხაზებსა და ოსებს ასეთი “ძმობის” არ სჯერათ და ისევ რუსეთის მიერ მინიჭებული უსაფრთხოების პირობებში სურთ ყოფნა.
გულბაათ რცხილაძე