დღეს აშშ თავს წარმოაჩენს არა როგორც ძველი ტიპის იმპერია, რომელიც ფლობს უზარმაზარ ტერიტორიებს, არამედ მას თავი თანამედროვე თავისუფლების იმპერიად მიაჩნია, რომლისთვისაც აუცილებელი არ არის, რომ მსოფლიო რუკაზე ეწეროს “აშშ”, რადგან ისედაც ყველას ესმის, რომ ზოგიერთი ქვეყანა იმდენად მოქცეულია ვაშინგტონის გავლენის ქვეშ, რომ ბევრს ისინი სუვერენულ სახელმწიფოებად არც მიაჩნია.
რომელ ქვეყნებზეა საუბარი? რაში გამოიხატება იმპერიული ძლიერება?
დღეს იმპერიული ძლიერების მაჩვენებლად მიჩნეულია მისი სამხედრო ბაზების რაოდენობა, ასევე, სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებში მონაწილეობა, სად გადის სასწავლო კურსს ვასალი ქვეყნებისა და მოკავშირეების არმიების გენერალიტეტი. მაგალითად, იაპონიის ან სამხრეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეები მასობრივად სწავლობენ ვესტ-პოინტში.
მნიშვნელოვანია, აგრეთვე, სად სწავლობს პოლიტიკური ელიტა. თავის დროზე ზბიგნევ ბჟეზინსკი წერდა, რომ საჭიროა, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მიიზიდონ რუსეთიდან ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში პროამერიკული რუსეთის ელიტის ჩამოსაყალიბებლად.
მსოფლიო მასშტაბით აშშ-ის მიერ დაწესებული ფინანსური კონტროლიც მნიშვნელოვანია.
ეს ნიშნავს, რომ შეიცვალა იმპერიის განსაზღვრა.
გასაგებია, რომ, მაგალითად, იაპონია მცირემიწიანი ქვეყანაა და რეალურად სჭირდება საცხოვრებელი სივრცე, მაგრამ, თუ არსებობს ტერიტორიის ერთგვარი სიჭარბე, იგი შეიძლება ზედმეტ ტვირთადაც იქცეს. ალბათ, სწორედ ამ მიზეზით ამერიკელები ათწლეულების განმავლობაში საჭიროდ არ თვლიდნენ პუეტრო-რიკოს მიერთებას. საკმარისი იყო კუნძულების გაკონტროლება, ამერიკელი სამხედროების იქ ყოლა, ელიტა კი იქ ისედაც პროამერიკული იყო.
მაგალითად, უწინ ბევრ ევროპულ ქვეყანას ჰქონდა კოლონიები, დღეს კი ყოფილი მეტროპოლიების როლს ასრულებს ტრანსეროვნული კორპორაციები, რომლებიც ქვეყნებიდან მათი რესურსების ამოწოვით არიან დაკავებულნი. ამას უკვე ნეოკოლონიალიზმს უწოდებენ.
ხელისუფლების სათავეში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ აშშ თანდათან სცილდება გლობალიზმს, უარს ამბობს იდეალიზმზე რეალიზმის სასარგებლოდ. გაჩნდა ნაციონალისტური რიტორიკა _ “ამერიკა _ უწინარეს ყოვლისა!”, აშშ თავის თავზე კონცენტრირდება. მსოფლიოს ამერიკანიზაცია ვაშინგტონისთვის მომგებიანი აღარ არის. გადაფასდა აშშ-ის როლი მსოფლიოში, მისი ურთიერთობა მოკავშირეებსა და მოწინააღმდეგეებთან, მისი პოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციებში.