აშშ–ის სახელმწიფო ვალის ბაზარს ერთგვარი ნერვიულობა დაეტყო იმის გამო, რომ ახლოვდება ვადა, რომელიც კონგრესს აქვს მიცემული ვალის მაქსიმალური ზღვრის დასადგენად. თუ ხელისუფლება ვერ მოასწრებს ამის დროულ დადგენას, ქვეყანას ტექნიკური დეფოლტის გამოცხადება მოუწევს.
აშშ-ის მთავრობის ვექსილები მკვეთრად გაიაფდა. სწორედ ამ ქაღალდების მეშვეობით ადმინისტრაცია იღებს ვალს სამი თვის ვადით, შემოსავალი კი ერთ კვირაში 2009 წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა.
აუქციონზე 24 ივლისს 9 წლის განმავლობაში მინიმალური მოთხოვნა აღინიშნა სამთვიან ქაღალდებზე _ 39 მილიარდი აშშ-ის დოლარი, ფსონმა კი 2008 წლის შემდგომი პერიოდის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და გადააჭარბა ექვსთვიანი ქაღალდების შემოსავლიანობას, თუმცა, ჩვეულებრივ, ისინი უფრო მომგებიანია.
ადრე კონგრესმა გააუქმა სახელმწიფო სესხის ლიმიტი წელიწად-ნახევრისთვის, მაგრამ 2017 წლის მარტიდან მაქსიმალური ზღვარი კვლავ ძალაშია და 19,808 ტრილიონი დოლარის ნიშნულზეა გაჩერებული.
ამ ზღვარის შენარჩუნებაში ხაზინას ხელს უწყობს ადრე დაგროვებული რეზერვები, თუმცა ბოლო ოთხ თვეში მათი მოცულობა ორჯერ შემცირდა _ 405-დან 197 მილიარდ დოლარამდე. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სასწრაფო ზომების რეჟიმი შემოიღო, იგი შეამცირებს მთავრობის ვალის ოდენობას, რომელიც მას სახელმწიფო სტრუქტურებისა და საპენსიო ფონდებისგან აქვს აღებული.
მსგავსი ხრიკები დაეხმარება ხელისუფლებას, ვალის ზრდა ოქტომბრამდე რომ დაამუხრუჭოს. შემდეგ კი აუცილებელია ვალის ჯამური ლიმიტის მომატება, რადგან სხვა შემთხვევაში მთავრობა იძულებული იქნება, გამოაცხადოს ტექნიკური დეფოლტი. ასეთი სცენარის ალბათობა პრაქტიკულად ნულის ტოლია, მაგრამ ბაზარს მაინც ეტყობა შეშფოთება.