Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ დაჟინებით მოითხოვს მადუროს გადადგომას

აშშ დაჟინებით მოითხოვს მადუროს გადადგომას

402
მადურო

აშშ ცდას არ აკლებს, ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტობას ჩამოაცილოს, _ წერს სოციალურ ქსელში აშშის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში _ ჯონ ბოლტონი. ამასვე იმეორებდა სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელიც ლათინური ამერიკის ქვეყნებშიჩამოვლაზეიმყოფებოდა. არგენტინის დედაქალაქ ბუენოსაირესში მან განაცხადა, რომ მადურო აღარ იქნება ვენესუელის პრეზიდენტი.

ამჟამად გრძელდება მოლაპარაკება ნიკოლას მადუროსა და ვენესუელის ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს შორის. მათ შორის შუამავლობა ნორვეგიამ იკისრა. პირველი რაუნდი მაისში გაიმართა. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ოსლოში შეხვდნენ ერთმანეთს. დღეს მოლაპარაკება ბარბადოსში მიმდინარეობს. რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერაზე მხარეები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.

თავის მხრივ, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე და იმედი გამოთქვა, რომ მალე შეთანხმდებიან “დიად მშვიდობასა და თანაარსებობაზე”. დაწვრილებით პრეზიდენტს არაფერი უთქვამს. რუსეთის მხარე მიესალმა პროგრესს, რომელიც ამ მოლაპარაკებებს თან სდევს. ამის თაობაზე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა, რომელიც ბოლივარულ რესპუბლიკაში მივლინებით იმყოფებოდა.

რიაბკოვი კმაყოფილია იმ ფაქტითაც, რომ მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ამერიკელების ამოცანა-მინიმუმია, აიძულონ ვენესუელის პრეზიდენტი, წავიდეს დათმობებზე, “გაუნაწილოს ხელისუფლება ოპოზიციას”, _ აცხადებენ ექსპერტები. ვაშინგტონის ზეამოცანაა, მოლაპარაკებების საშუალებით მიაღწიოს იმას, რაც ქუჩის აქციებით ვერ შეძლო: გადააყენოს ვენესუელის პრეზიდენტი.

ამერიკელები მადუროს სხვადასხვა მეთოდით ებრძვიან, მაგრამ მათ აბრკოლებთ ერთი შემაკავებელი მომენტი _ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები. ტრამპმა განაცხადა, რომ მეორე ვადით იყრის კენჭს. მას საგარეო პოლიტიკური წარმატება სჭირდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა, რომ ამ ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპონ. “მაშასადამე, ზემოქმედებამ მადუროზე გარკვეულ დონეს არ უნდა გადააჭარბოს”, _ ამბობენ ექსპერტები.

მათი აზრით, ტრამპს არ სურს, რომ აღმოჩნდეს გამოუვალ მდგომარეობაში, როცა მისი რიტორიკა და მოქმედება იძულებულს გახდის, ვენესუელაში სამხედრო ძალებით შეიჭრას, ამიტომ მკვეთრი განცხადებების იქით საქმე არ წავა.

ექსპერტების თვალთახედვით, ვენესუელაში დაპირისპირების შედეგი უნდა გაირკვეს მადუროსა და გუაიდოს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებით.

მთავარი წინაღობა არის ნიკოლას მადუროს გადადგომის მოთხოვნა და ძალაუფლების გუაიდოსთვის გადაცემა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამას ვენესუელის ლიდერი არ დათანხმდება.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ, მადუროს ამასწინანდელი ოპტიმისტური განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, მოლაპარაკების მონაწილენი მზად არიან, მიიღონ ერთობლივი შეთანხმება, რადგან შეძლეს კომპრომისის მიღწევაო. მათი აზრით, პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერი არ გაასაჯაროებენ ხელშეკრულების დეტალებს, რადგან ამ შემთხვევაში სიტუაციაში შეიძლება ჩაერიოს ტრამპის ადმინისტრაცია, რომელსაც კომპრომისი კი არ სჭირდება, არამედ საკუთარი მიღწევის დემონსტრაცია, რომელიც მადუროს გადაყენებაში გამოიხატება.

ამას გარდა, ნებისმიერი, თუნდაც შუალედური, დეტალების გამჟღავნების წინააღმდეგნი არიან შუამავალი ნორვეგიელები. ამ ქვეყნის საგარეო უწყებამ აღნიშნულ საკითხზე 19 ივლისს სპეციალური განცხადება გაავრცელა: “ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ მხარეებმა უკიდურესად ფრთხილად უნდა გააკეთონ კომენტარები და განცხადებები ამ პროცესთან დაკავშირებით”, _ ნათქვამია დოკუმენტში.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დისკუსიის ყველა მონაწილეს მოუწოდა, დაიცვან მოლაპარაკების პროცესის კონფიდენცალურობა და განუხრელად შეასრულონ დიალოგის წარმართვის დადგენილი წესები.

მომზადებულია ინტერნეტში გამოქვეყნებულის მასალების მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here