Home რუბრიკები საზოგადოება აფხაზეთს სხვა გზა, სხვა პერსპექტივა არ აქვს

აფხაზეთს სხვა გზა, სხვა პერსპექტივა არ აქვს

1657
ნაპოლეონ ქარქაშაძე

ბატონი ნაპოლეონ ქარქაშაძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი, წლების განმავლობაში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორი გახლდათ, ამასთანავე, აქტიურ საზოგადოებრივ მუშაობას ეწეოდა ყოფილ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და იქ განვითარებულ მოვლენებში უშუალოდ მონაწილეობდა. ამიტომ უპრიანია, მას შევაფასებინოთ სერგეი შამბას ამასწინანდელი სენსაციური განცხადება, რომელიც ჩვენი საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში მოექცა.

_ ჯერ შამბას განცხადებას შეგახსენებთ: “საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ლიდერი ვიყავი, მაგრამ დიალოგზე საუბარი პირველმა დავიწყე”, _ თქვა მან რადიოსადგურ “ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

საქართველო მტრად არ მიაჩნია, რადგან იქ მეგობრები ეგულება:

“დიახ, გვქონდა ეთნიკური კონფლიქტიც, მაგრამ დიდწილად ეს პოლიტიკური კონფლიქტი იყო.მე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა როგორმე დიალოგი დავიწყოთ და ერთობლივ მომავალზე ვიფიქროთ, იმ გაგებით, რომ მეზობელი ერები ვართ და ჩვენი მეზობლობა ჩვენი ბედისწერაა”.

იგი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან დიალოგის დაწყება შესაძლებელია.

“ვიმედოვნებდით, რომ შევძლებდით საქართველოსთან მოლაპარაკებას, ვფიქრობდით, რომ ურთიერთობის რაღაც ფორმაზე მოვილაპარაკებდით. ფედერაციული ურთიერთობისთვის ვიყავით მზად. მოლაპარაკების პროცესში განვიხილავდით კონფედერაციის ვარიანტსაც. ევგენი პრიმაკოვის შუამდგომლობით განიხილებოდა “ერთობლივი სახელმწიფოს” ვარიანტიც. ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან, თუმცა ქართული მხარე ყველაფერზე უარს ამბობდა. ახლა უკვე ძალიან გვიანია. დრო შეიცვალა. ახლა მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებაზე შეიძლება საუბარი”, _ დაასკვნა შამბამ.

შამბა სერიოზული პოლიტიკოსია. მოგეხსენებათ, რომ იყო აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერმინისტრი, უნდოდა პრეზიდენტობაც, მაგრამ არ გამოუვიდა, _ განაცხადა ბატონმა ნაპოლეონმა, _ იგი დღევანდელი აფხაზეთის ერთ-ერთი შემოქმედია. არძინბას არ უყვარდა, თუმცა მის პოლიტიკურ წონას ანგარიშს უწევდა. ქართველებმა სხვადასხვანაირად შეაფასეს მისი განცხადება. ჩემი აზრით, შამბამ თქვა, რომ აფხაზეთმა და საქართველომ, როგორც მეზობელმა და დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა, უნდა დავივიწყოთ მტრობა, სიძულვილი და უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან. იგი არ ფიქრობს, რომ აფხაზეთი ოდესმე დაკარგავს დამოუკიდებლობას, მაგრამ ხედავს სხვა საფრთხეებსაც, რომლებიც მთიელ ხალხთა კონფედერაციის შექმნისთანავე გამოვლინდა.

1993 წლის 27 სექტემბერი
1993 წლის 27 სექტემბერი

ჯერ ერთი, შამბა წინააღმდეგი იყო, სოხუმი გამოცხადებულიყო კონფედერაციის დედაქალაქად. მან გააპროტესტა აფხაზეთის მთავართა სასახლის კონფედერაციის მთავარ ოფისად გამოცხადება; არც ის მოსწონდა, რომ საველე შეიარაღებულ რაზმებში მეთაურები ჩრდილოკავკასიელები იყვნენ. სამხედრო მინისტრად ერთი პერიოდი ჩეჩენი ბასაევი ჰყავდა, რომელსაც აფხაზებმა მესამე თუ მეოთხე ცოლად ულამაზესი 17 წლის აფხაზი გოგონა “მიართვეს”. ფაქტობრივად, ჩამოსულები უფროსობდნენ აფხაზებს, რომლებსაც თავადაც ძალიან მოსწონდათ უფროსობა.

საველე რაზმებში, რომლებიც უტევდნენ აფხაზეთის მთავრობის სახლს, იყვნენ ყაბარდოელი, ჩერქეზი მეთაურები და მებრძოლები. თითო-ოროლა აფხაზი თუ ერია მათ შორის. მოედანზე ჩასულ ჟიული შარტავასა და სხვებს ისინი ესაუბრებოდნენ. ერთმა ყაბარდოელმა მოსთხოვა გურამ გაბისკირიას, რომ დაეჩოქა, რაზეც მიიღო პასუხი “არასოდეს”, და “ბოევიკმა” იქვე დახვრიტა. მოედანზევე სურდათ სხვების დახვრეტაც, მაგრამ აფხაზებმა არ დაანებეს, სოხუმიდან გაიყვანეს და იქ, გზაში, გამოასალმეს სიცოცხლეს.

შამბა მიხვდა, რომ ჩრდილოკავკასიელებს მხოლოდ თავიანთი მიზნები ამოძრავებდათ, მათ უნდოდათ მუსლიმანური სახელმწიფოს შექმნა კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე, ეს კი აფხაზების მიზნებს არ ესადაგებოდა.

მახსენდება შეხვედრა ზურაბ აჩბასთან, რომელიც “აიდგილარას” დამფუძნებელი იყო. შეხვედრა შედგა 1989 წელს, როდესაც ჩვენ ზვიად გამსახურდიასთან და სხვა არაფორმალებთან შესახვედრად თბილისში ჩავიყვანეთ აფხაზები, მათ შორის აჩბაც იყო. ეს მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა, თუმცა მაშინ აფხაზები თანახმანი იყვნენ ლიბერალური კონფედერაციის ფორმატზე. აჩბამ მითხრა: “აფხაზეთში აუცილებლად გავარდება თოფი, მაგრამ არა აფხაზების მხრიდან, ამას მოჰყვება დიდი ომი და სისხლისღვრა, აფხაზეთის გაჩანაგება. მიზანი ქართველებისა და აფხაზების დაპირისპირება და შეურიგებელი მტრობააო.

_ რას მოგვცემდა კონფედერაცია?

_ კონფედერაციის პირობებში, აფხაზეთს შევინარჩუნებდით ჩვენს ორბიტაზე, რაც რკინიგზის ერთობლივი გაკონტროლების საშუალებას მოგვცემდა; თავიდან ავიცილებდით სამეგრელოში დატრიალებულ სამარცხვინო მოვლენებს და, შესაძლოა, ძმათამკვლელ სამოქალაქო ომსაც.

აფხაზებს, რუსებისა და ქართველების გარდა, მოსაზღვრედ არავინ ჰყავთ. არ გაამართლა აფხაზურმა დიასპორამ, რომელიც თურქეთში ეკონომიურად ძალიან მომძლავრებულია: თურქეთიდან ჩამოიყვანეს რამდენიმე ოჯახი და ქართველების მიტოვებულ სახლებში შეასახლეს, მაგრამ ისინი მალევე უკან გაბრუნდნენ. ამასობაში აფხაზეთში ძალიან გაძლიერდნენ სომხები, აფხაზეთის ეკონომიკის 80 პროცენტამდე მათ ხელშია, უკვე მოითხოვეს შესაბამისი კვოტა აფხაზეთის პარლამენტში, ადგილები მთავრობაში და .. თავად აფხაზებს კი ისეთი მწირი ბიუჯეტი აქვთ, რომ სოხუმის ცენტრში მთავრობის სახლიც ვერ აღადგინეს.

შამბა და სხვებიც მიხვდნენ, რომ რუსეთს თავისი სერიოზული პრობლემები აქვს და აფხაზებისთვის ნაკლებად “სცხელათ”. რუსეთს, ცხადია, არ სჭირდება მშიერი და უპერსპექტივო აფხაზეთი.

_ გამოდის, აფხაზებს მხარდამჭერი არ ჰყავთ, ამიტომ ხომ არ დაგვიტკბა შამბა?

_ დატკბობამდე შორსაა, მაგრამ, თუ საქართველო მომძლავრდება, ეკონომიკურად წელში გაიმართება, მაშინ, ცხადია, ურთიერთობა აფხაზებთან და ოსებთანაც დათბება, მაგრამ ეს შორეული პერსპექტივაა. შამბას თაობას ჯერ კიდევ ახსოვს, რომ საქართველოს მთავრობაში აფხაზებს ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავათ; ახსოვს, რომ აფხაზეთში არავინ ავიწროვებდა; გვქონდა ნათესაური კავშირები, შერეული ოჯახები და .. ჩრდილოკავკასიელებთან კი ასეთი ურთიერთობები ვერ დაამყარეს, მოსკოვშიც უჭირთ ფეხის მოკიდება. ერთი სიტყვით, აფხაზებს, საქართველოს გარდა, სხვა პერსპექტივა, ფაქტობრივად, არ აქვთ.

ჩემი აზრით, რუსეთს ხელს აძლევს საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელიც მას საფრთხეს არ შეუქმნის; აშშ-ს კი ხელს აძლევს მარიონეტი საქართველო, გვაწვდის იარაღს, წვრთნის ქართულ ჯარს, გვაძლევს კრედიტებს, ჩვენს ხელმძღვანელებს თეთრ სახლში ხვდებიან, მაგრამ ისიც ცხადია, რომ, თუ სიტუაცია აირია, ჩვენი გულისთვის ამერიკა ომს არ დაიწყებს.

_ თემას გადავუხვიოთ და საქართველოს დღევანდელ პრობლემებზე ვისაუბროთ. თქვენ, როგორც სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, რა აზრის ხართ კანაფის (მარიხუანა) დანერგვის შემოგდებულ ინიციატივაზე?

_ მარიხუანას შეიძლება ვუწოდოთ “ნარკოტიკების დედა”. თვით ეს მცენარეც ძალიან საშიშია, იგი არის სათავე ისეთი მოურჩენელი და სასტიკი სენის, როგორიცაა ნარკომანია. რასაკვირველია, მისი დათესვა-მოყვანის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.

ვფიქრობ, რომ ის სავარგული (მიწა), რომელზეც კანაფს დათესავენ, რამდენიმე წლით გამოვა მწყობრიდან _ ერთწლიანი კულტურების იქ დათესვა შეუძლებელი გახდება, ვინაიდან მიწა, ნიადაგი დაბინძურდება. მიკვირს, რატომ არ გაითვალისწინა მთავრობამ ამ დარგის სპეციალიტების აზრი?!

_ “პატრიოტთა ალიანსმაწამოიწყო სერიოზული მოძრაობა სააკაშვილისდროინდელი დამნაშავე მოხელეების დასასჯელად. როგორ ფიქრობთ, მიაღწევენ მიზანს?

_ ქალბატონი ირმა ინაშვილი სერიოზული და სუფთა პოლიტიკოსია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სააკაშვილის რეჟიმის დამხობაში. მან უკვე შეაგროვა 200 ათასზე მეტი ხელმოწერა შესაბამისი მოთხოვნის მხარდასაჭერად. ვფიქრობ, ეს საქმე საშვილიშვილოა და, თუ პარლამენტის წევრები ამას მხარს დაუჭერენ, გმირებად შევლენ ისტორიაში.

მიკვირს, რატომ არ უნდა დაისაჯონ ის სახელმწიფო მოხელეები, გამომძიებლები და პროკურორები, რომლებიც დღევანდელი ხელისუფლების დროსაც ხელს აფარებენ აშკარა დამნაშავეებს, რომლებმაც ნახევარი საქართველო გაამათხოვრეს?! 2004 წლიდან ვიბრძვი სიმართლის დასადგენად. გამიხარდა ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ არც ერთ საქმეს გამოუძიებელს არ დავტოვებთო, წართმეულ ქონებას მფლობელებს დავუბრუნებთო და კიდევ ბევრი სხვა.

70 წლის კაცი 2004 წელს, სააკაშვილის ბრძანებით, შეთითხნილი ბრალდებით ციხეში გამომკეტეს (108 დღე). არ მოერიდნენ არც ჩემს მდგომარეობას (იმხანად სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ვიყავი), არც ჩემს საერთაშორისო იმიჯს, უამრავ ხარისხსა და დიპლომს, ორგზის ორდენოსნობას, მეცნიერებაში სახელმწიფო პრემიის ლაურეატობას. ძირითად საქმეში ვერაფერი რომ ვერ მიპოვეს, ჩამომართვეს მემკვიდრეობით მიღებული ქონება, ჩემს ქალიშვილს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს _ საოფისე ფართობი, იძულებით გადამახდევინეს ე.წ. “საპროცესო თანხა”, ფაქტობრივად, ოჯახი გამინადგურეს, საქმე კი დღემდე გამოუძიებელია. აშკარაა, რომ ვიღაც დიდი ავტორიტეტის მქონე უშლის ხელს ამ საქმის გამოძიებას.

_ ახალ მთავარ პროკურორს თუ მიმართეთ, ამბობენ წესიერი კაციაო.

_ რამდენჯერმე მივმართე წერილობით: ბატონო შალვა, დღეს ყველაფერი თქვენს ხელშია, გამოძებნეთ რამდენიმე წუთი, გაეცანით ჩემს საქმეს და მიხვდებით, თუ როგორ შეთხზეს იგი სააკაშვილის ხელქვეითმა პროკურორებმა, როგორ შეასრულეს მისი დავალება ქონების ჩამორთმევაზე მოსამართლე ტ. ზამბახიძემ, პროკურორებმა ვ. ცერცვაძემ, და ვ. ხუჭუამ, როგორ გააჩერეს საქმის გამოძიება სამოხელეო დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში და ა.შ.

ჩემნაირ მდგომარეობაშია ათასობით ადამიანი, რომელთა ქონებაც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ფუჭდება, მაშინ, როდესაც მისი ჩართვა ქვეყნის ეკონომიკისთვის მხოლოდ სარგებელს მოიტანს.

ბოდიშს ვუხდი, თქვენს მკითხველებს, პირად საქმეზე რომ გამექცა სათქმელი.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here