Home რუბრიკები პოლიტიკა ასოციალური ქსელი

ასოციალური ქსელი

1439
ფეისბუქი

ქართულ სოციალურ ქსელებში იმდენი ასოციალური რამ ხდება, რომ მათ თავისუფლად შეიძლება ანტისოციალური ეწოდოს. მათ ხშირად ადარებენ დიდ სარკეს, რომელშიც კარგად ჩანს საზოგადოების დაუნდობლობა და ჩამორჩენილობა, ისევე, როგორც რამდენიმე დადებითი, თუმცა ნაკლებად თვალშისაცემი, თვისება.

როდესაც საქართველოში სოციალურ ქსელებს ახსენებენ, როგორც წესი, “ფეისბუკს” გულისხმობენ. გარკვეულ როლს ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში სხვა ქსელებიც ასრულებენ, მაგრამ ვერც ერთი მათგანი (ან თუნდაც ყველა ერთად) ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაზე “ფეისბუკის” მსგავს გავლენას არ ახდენს. სწორედ მარკ ცუკერბერგის სამფლობელოში ბინადრობს თითოეული ქართველის ციფრული ალტერ-ეგო და ხანდახან ისეთ შოკისმომგვრელ თავგადასავლებში ეხვევა, რომელთან შედარებით დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ისტორია უმცროსკლასელების ექსკურსიაა.

მსოფლიოში არც ისე ბევრი ქვეყანაა, რომელთა მეთაური (სიმბოლური, დეკორატიული, მაგრამ მაინც) სოციალურ ქსელებში შექმნილ მდგომარეობას სერიოზული პრობლემების ინდიკატორად განიხილავს. “ჩვენ ძალადობრივი საზოგადოება ვართ და ჩვენთან პრესტიჟულია ძალადობა. ჩვენ მოგვწონს აგრესია. ამას ძალიან ბევრ ადგილას ნახავთ. შეგვიძლია დავაკვირდეთ, თუ რამდენად აგრესიულები არიან ადამიანები სოციალურ ქსელებში. პრობლემა არის ის, რომ ადამიანები არა პოლიტიკური მიზეზით, არამედ გულწრფელად აგრესიულები არიან”, _ განაცხადა იანვარში “პალიტრანიუსის” ეთერში გიორგი მარგველაშვილმა. დავა იმაზე, საიდან მოდის ეს ძალადობა და აგრესია, ძალიან დიდხანს შეიძლება. ქვეყანაში, სადაც არც “ჩვეულებრივი”, არც ზნეობრივი კანონი არ კანონობს, წინა პლანზე ბუნებრივად ძალმომრეობა გამოდის ისე, როგორც ეს ველურ ტომებში ხდება. სწორედ ის წარმოადგენს სოციალური ლიფტის მთავარ ძრავას, ხოლო პროფესიონალიზმი, კავშირები და ფულიც კი დამხმარე როლს ასრულებს. ვინაიდან ჩვენ გვიჭირს იმის აღიარება, რომ 21-ე საუკუნეში გაქანებულ არქაიკაში ვცხოვრობთ, ძალადობის “დაშაქრებას”, მის ესთეტიზაციას ვახდენთ. შესაძლოა, არ მოგვწონს და არც პრესტიჟულად ვთვლით, მაგრამ მუდამ თან დავატარებთ, როგორც პირველყოფილი მონადირე თავის იარაღს, რომლის გარეშე მალე დაიღუპებოდა.

მოქალაქეების დიდ ნაწილს თვითდამკვიდრების აგრესიული მეთოდები სოციალურ ქსელშიც გადააქვს და აქტიურად იყენებს მათ, რასაც ხელს არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ პოლიტიკური ფაქტორებიც უწყობს. “ფეისბუკმა” ძველი რეჟიმის კრახში არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულა. მიხეილ სააკაშვილს შეეძლო, ინტერნეტის ეპოქის პირველი ქართველი ლიდერი გამხდარიყო, მაგრამ სატელევიზიო ეპოქის უკანასკნელ ლიდერად ჩამოყალიბდა. ის უდიდეს ყურადღებას აქცევდა ტელევიზიების კონტროლს და მათ საზოგადოების მართვის უმთავრეს ბერკეტად მიიჩნევდა. მოვლენები 10 ან 20 წლით ადრე რომ განვითარებულიყო, მას განსაკუთრებული პრობლემები არ შეექმნებოდა, მაგრამ დაახლოებით 2009 წლიდანფეისბუკისროლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

2010 წლის გაზაფხულზე იქ საქართველოდან 350 ათასამდე მომხმარებელი დარეგისტრირდა. 2011 წლის მიწურულს კი, როდესაც რეჟიმის აგონია დაიწყო, მათმა რაოდენობამ 650 ათასს გადააჭარბა. სოციალური ქსელი ასრულებდახმის გამაძლიერებლისროლს ბეჭდური და ინტერნეტგამოცემების პუბლიკაციებისთვის, რომელთაც რეჟიმი ადრეწერე და იკითხესპრინციპით უდგებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც ერთი სამოქალაქო აქტივისტისსტატუსისაზოგადოებრივი აზრზე გაცილებით დიდ გავლენას ახდენდა, ვიდრე სამი (თუ რამდენი იყო) პროპაგანდისტული ტელევიზიის სიუჟეტები. რაც მთავარია, სოციალური ქსელი ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებში ერთმანეთთან კავშირის, მუდამ ერთად ყოფნის შეგრძნებას აძლიერებდა და ნაწილობრივ ანეიტრალებდა შიშსა და დაბნეულობას, რომელიც ადამიანს მაშინ ეუფლება, როდესაც აცნობიერებს, რომ დაუნდობელი სახელმწიფო მანქანის პირისპირ დარჩა.

სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა, ოპოზიციის მსგავსად, “ფეისბუკი” აქტიურად გამოეყენებინა, მაგრამ სათანადოდ ვერ აფასებდა თვისობრივ სხვაობას სოციალურ ქსელსა და ძველ ქართულ ინტერნეტფორუმებს შორის, მათი ვერტიკალური იერარქიითა და შენიღბული ტოტალური კონტროლით. რაც მთავარია, მან ვერ გააცნობიერა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელსაც შესაძლებლობა ეძლევა, თვითონ შექმნას და გაფილტროს (ნაწილობრივ, მაგრამ მაინც) საინფორმაციო ნაკადი, რომელსაც იღებს, გაცილებით სკეპტიკურად უდგება ძველი ყაიდის სატელევიზიო პროპაგანდას და უფლებას იტოვებს, ის ეჭვქვეშ დააყენოს, მის საჯარო კომენტარს კი გაცილებით დიდი შედეგი მოაქვს, ვიდრე ტელემაყურებლის ბუზღუნს საკუთარ სამზარეულოში. “ფეისბუკრევოლუცია” საქართველოში დაახლოებით 2006 ან 2007 წელს რომ დაწყებულიყო, რეჟიმი, შესაძლოა, მას ალღოს აუღებდა, თუმცა 2009-10-ში ის უკვე არაადეკვატური გახლდათ.

2012 წლის არჩევნების შემდეგ “ნაცმოძრაობის” ლიდერებმა გააცნობიერეს სოციალური ქსელების როლი, გაზარდეს აქტიურობა “ფეისბუკში” და ახალი ინტერნეტპროექტები დაქოქეს, თუმცა მათ წინააღმდეგ სხვა ფაქტორმა იმუშავა _ ისინი ცდილობდნენ სწრაფი რევანშისთვის მიეღწიათ და წარმოაჩენდნენ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას, როგორც კატასტროფულს, არსებითად კი, ახდენდნენ იმ მეთოდების კოპირებას, რომლებსაც ოპოზიცია 2011-12 წლებში იყენებდა.

მაგრამ პოლიტიკურ პროპაგანდას აქვს ერთი დაუწერელი წესი: ვიდრე ამომრჩეველი მიიღებს მესიჯსხელისუფლება აუტანელია, უნდა ვიმოქმედოთ”, აუცილებელია, მოხდეს ნეგატივის კონცენტრაცია, რომელსაც თავისი ეტაპები აქვს. სააკაშვილი ჩქარობდა და ცდილობდა ამ ეტაპებზეგადამხტარიყო”, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ მისი იდეა ახალი რევოლუციის შესახებ არა მხოლოდ ნეიტრალურმა ამომრჩევლებმა, არამედ ბევრმა მისმა მხარდამჭერმა აღიქვა, როგორც მარგინალური და მანიაკალური, რამაც მათ ნაწილს “ევროპული საქართველოს” მხარეზე გადასვლა ან განზე გასვლა გაუადვილა.

2012 წელს “ფეისბუკის” ქართულ სეგმენტში ჩამოყალიბდა ორი პოლუსი, რომელიც დღემდე “სიძულვილის გენერატორის” როლს ასრულებს ნაციონალები, რომელთაც წარსულში დაბრუნება სურთ, და “ქოციონალები”, რომლებიც, როგორც ჩანს, ცდილობენ, დრო გააჩერონ, რადგან გრძნობენ, რომ მომავალში შანსი არ აქვთ. ისინი ერთმანეთს ძალიან სჭირდებიან და ერთი მეორეს არსებობას უხანგრძლივებს. ორი დაჯგუფების შემადგენლობაში შედიან არა მხოლოდ დაქირავებული “ტროლები” და ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკები თავის სამეგობრო-სანათესაოსთან ერთად, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომელთაც თანამოაზრეების გვერდით ყოფნა თავდაჯერებულობას ჰმატებს. ისინი გრძნობენ, რომ რაღაც მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ, ბნელ ძალებთან ბრძოლაში მონაწილეობენ, თუნდაც ის წარმოსახვითი იყოს. ზოგისთვის კი, უბრალოდ, აუცილებელია, თავი დიდი ერთობის ნაწილად იგრძნოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ველურ ტომს ან, სულაც, ხროვას წარმოადგენს. ასეთი ადამიანების კომპლექსები პოლიტიკური პროპაგანდის მანქანისთვის საწვავის როლს ასრულებს. ეს ეხება მეორე დიდ დაპირისპირებასაც _ ფსევდოლიბერალებსა და ფსევდოკონსერვატორებს შორის. ეს ხომ საერთოდ მატრიცის ქვაკუთხედია _ ქართული საზოგადოების ცხოვრებაში არ არსებობს არაფერი უფრო ხმაურიანი, დესტრუქციული და უნიჭო.

სოციალური ქსელი შეიძლება უზარმაზარ სივრცეს შევადაროთ (მაგალითად სტადიონს ან აეროპორტს), სადაც უამრავი ადამიანი სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს. იმისთვის, რომ მათი ყურადღება მიიპყრო, რაღაც თვალშისაცემი უნდა გააკეთო. ზოგი დახვეწილ ფსიქოლოგიურ ხრიკებს მიმართავს, თუმცა დიდი ნაწილი, აღზრდა-განათლების მწვავე უკმარისობიდან გამომდინარე, აუდიტორიასთან საუბარს “აეეეე!”, “ოეეეე!” შეძახილებით ან პირდაპირ გინებით (სააკაშვილს აგინებს თუ ივანიშვილს, მნიშვნელობა არ აქვს) იწყებს. ვისაც ფიზიკური მონაცემები ხელს უწყობს, ხოლო ჭკუა და გონება არაფერს უშლის, შიშვლდება. ამავე დროს პროფესორს (რეალური მაგალითია), რომელიც სოცქსელში საქართველოსა და ევროპის ისტორიაზე საოცრად ღრმა ტექსტებს აქვეყნებს, გაცილებით ნაკლები შანსი აქვს, ყურადღება მიიზიდოს. ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა, ვინაიდან ის რეზონანსული ერთუჯრედიანი სტატუსები დავიწყებას მიეცემა, ხოლო პროფესორის მოსაზრებები (იმედია) დარჩება, რომ არა ერთი გარემოება _ ბოლო წლებში ადამიანის “წონა” სოციალურ ქსელში სულ უფრო მეტად მოქმედებს მის სტატუსზე რეალურ ცხოვრებაში, გავლენას ახდენს მის პრიორიტეტებზე, კომუნიკაციის სტილზე და ა.შ. საქართველომ ჩაყვინთა სოციალურ ქსელში და არ (ან ვერ) ამოყვინთა. თავიდან საზოგადოება, ნარცისის მსგავსად, აკვირდებოდა თავის ციფრულ ანარეკლს, შემდეგ კი

საკმაოდ სახალისო სერიალის _ “შავი სარკისმესამე სეზონის პირველ სერიაში (“პიკირება”) ნაჩვენებია სისტემა, რომლის ფარგლებშილაიქებზედაფუძნებული რეიტინგი ადამიანის ცხოვრებაზე განმსაზღვრელ გავლენას ახდენს (კარიერა, კრედიტუნარიანობა და ..). ქართველი საზოგადოება ნელნელა უახლოვდება ამ მდგომარეობას; რეალური და ვირტუალური სამყარო ერთმანეთს ერწყმის. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ მარგველაშვილი აგრესიაზე მას შემდეგ დაფიქრდა, რაც წაიკითხა, რას წერენ მასზე “ფეისბუკში” (მეტწილად საშინელებას წერენ, მეტწილად სამართლიანად). არაფერია გასაკვირი იმაში, რომ თვითდამკვიდრების ის მეთოდები, რომელთაც დღევანდელ საქართველოშირეალშიმაქსიმალური შედეგები მოაქვს, კერძოდ კი აგრესია, როგორც ძირითადი და უნივერსალური ინსტრუმენტი, “ფეისბუკშიცშესაბამის ადგილს იკავებს.

სინამდვილეში, საზოგადოებას, აგრესია კი არა, სამართლიანობა მოსწონს, მაგრამ, ვინაიდან პოლიტიკური ელიტა, მოქმედი პრეზიდენტის ჩათვლით, ათწლეულების (თუ არა ასწლეულების) განმავლობაში ინარჩუნებს და აძლიერებს სისტემას, რომლის ქვაკუთხედი უსამართლობა და ძალადობაა, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ვერ ხედავს სხვა გზას, გარდა იმისა, რომ ზედა ფენას მიბაძოს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად ვლინდება ეს _ ქუჩაში, ოჯახებში თუ “ფეისბუკში”. თუ არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება არა მხოლოდ მშვიდობა, არამედ საერთოდ არაფერი.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here