Home რუბრიკები საზოგადოება “არ შეიძლება ყველაფერში მივბაძოთ ამერიკასა და ევროპას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები და...

“არ შეიძლება ყველაფერში მივბაძოთ ამერიკასა და ევროპას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები და თამამად შეგვიძლია, განათლების სისტემაში ჩვენი სიტყვა ვთქვათ”

1478
სკოლა

17 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყება. როგორ ხვდებიან მას მოსწავლე და მასწავლებელი, რა განწყობითა და შემართებით; სად უნდა ვეძებოთ თავი და თავი იმ პრობლემებისა, რომელთა გამო დაბალია ქართველი ბავშვების განათლების დონე და სკოლის დასრულებას ვერ ახერხებენ; რა როლი ეკისრებათ და რა უფლებები აქვთ მოსწავლეების ცხოვრებაში პედაგოგებს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზესაქართველო და მსოფლიოსგულახდილად ესაუბრა ღვაწლმოსილი პედაგოგი, მასწავლებელი, რომელიც კარგად იცნობს საბჭოთა პედაგოგიკის ავსა და კარგს და რომელმაც ბოლო ხანს ქვეყნის განათლების სისტემაში მიმდინარე თუ დასრულებული უაზრო ექსპერიმენტების გემოც იწვნია.

სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო”, _ უთქვამს ბრძენ ხალხს, მაგრამ ნამდვილად არ გვეგონა, თუ სკოლის რიგითი პედაგოგი სასკოლო ცხოვრებაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას თავისი ვინაობის გამხელისგან თავს შეიკავებდა იმის შიშით _ სამსახური არ დავკარგოო. რედაქცია სულაც არ არის დაინტერესებული, ამ ადამიანს პრობლემები შეუქმნას, ამიტომ მის სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ. მთავარი ის კი არ არის, ვინ საუბრობს, არამედ ის _ რას ამბობს.

_ დღეს სკოლებში უპირველესი პრობლემა არის ის, რომ ბავშვებს კითხვა არ უნდათ. ახალმა ტექნოლოგიებმა მოიცვა ყველაფერი და მოსწავლეებიც გადავიდნენ ინფორმაციული ცოდნის მიღებაზე. ვერ ვიტყვი, რომ ყველა ბავშვი ასეთია. არიან მოსწავლეები, რომლებიც კითხულობენ და არაჩვეულებრივად სწავლობენ.

_ როგორც ცნობილია, მასწავლებლებს უფლებები აქვთ შეზღუდული; უფლება არ გაქვთ, ბავშვს დაავალოთ ნაწარმოებებიდან ციტატების დაზეპირება, გაუბრაზდეთ და .. მოქმედებს თუ არა ასეთი შეზღუდვები თქვენს საქმიანობაზე უარყოფითად?

_ პედაგოგების უფლებები ნამდვილად ძალიან შეზღუდულია, რამაც პედაგოგების დათრგუნვა გამოიწვია. ბავშვსაც და მშობელსაც შეუძლიათ, რომ მასწავლებელს მკაცრი გამოხედვისთვისაც კი უფლებების დარღვევა დააბრალოს და უჩივლოს, ზედმეტია საუბარი შენიშვნის მიცემაზე.

ამ ქვეყანაში ადამიანს თუ მოკლავ, საქმეს წლობით იძიებენ, მაგრამ, თუ მასწავლებელი მოსწავლეს ცერად გადახედავს, არც იკითხავენ, რატომ; ისე ხსნიან სამსახურიდან. ბევრი შემთხვევა იყო ისეთი, რომ მასწავლებელი შერცხვენილი გაუშვეს სკოლიდან.

პედაგოგს ისედაც დიდი ვალდებულება აკისრია, სახელმწიფო კი მუდამ მასწავლებელს ადანაშაულებს _ თუ რამე ისე არ მოხდა, როგორც საჭიროა, დამნაშავე მასწავლებელია. მოკლედ, პედაგოგს ვალდებულებები აქვს, მაგრამ უფლებები _ არა. შეუძლებელია, ადამიანი უემოციოდ შეხვდეს ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგები უამრავ ტრენინგს გადიან და ემოციებსაც არაჩვეულებრივად მართავენ. რაც შეეხება ბავშვებისთვის იმის დავალდებულებას ან აკრძალვას, დაიზეპიროს ესა თუ ის ლექსი, გეტყვით, ამის დირექტივა არ არსებობს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ტელევიზიით ხშირად არის საუბარი: “ჩვენ გვაზეპირებინებდნენ და ეს ცუდი იყო…” ბავშვებიც აპროტესტებენ. დღეს ასეთი ვითარებაა _ მასწავლებელს თუ სურს, დააზეპირებინებს; თუ არ სურს, არ დააზეპირებინებს. მე ბავშვებს ვუხსნი, რომ საზეპიროების სწავლა ძალიან დაეხმარებათ თემის დაწერაში, მისაღები გამოცდების ჩაბარებაში…

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოებაში ადგილი წიგნიერებით უნდა დაიმკვიდრონ. წიგნიერება კი არის ის, რომ იცოდე ანდაზა, ფრაზა, ციტატა, იცნობდე მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს და მათი ტექსტებით ისარგებლო.

_ ჩვენ იმ ერის შვილები ვართ, რომელიც ყოველთვის გვასწავლიდა, რომსწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებისდა ამისთვის წკეპლის გამოყენებასაც არ ერიდებოდნენ აღმზრდელები

_ კი, ასე იყო. ჩვენ გვასწავლიდნენ: “ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი…” სამწუხაროდ, დღეს იცავენ კანონებს და პედაგოგებს მხოლოდ ერთ ვალდებულებას გვაკისრებენ: სულ უნდა ვიღიმოდეთ, როგორც ვიქტორ ჰიუგოს გუინპლენი (“კაცი, რომელიც იცინის”). თუ ბავშვს ვერ იმორჩილებ, ე.ი., შენ, პედაგოგი, ხარ დამნაშავე, ვერ ატარებ სწორ ზომებს. ვაკვირდები და თვითონ ბავშვებშია ბევრი პრობლემა, მათ თითქოს რაღაც აკლიათ…

_ მშობლებს თვითონ აქვთ ბავშვებთან ურთიერთობის პრობლემა, გადაგებული არიან საშოვარზე

_ ლუკმაპურის შოვნა მართლაც ძალიან ჭირს. შვილები რომ არჩინონ, დილიდან საღამომდე შინიდან არიან გასულები. ბავშვები ამ დროის განმავლობაში უყურადღებოდ რჩებიან და ა.შ. სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რომლებსაც ოჯახები განიცდიან, აისახება ბავშვების ფსიქიკაზე. ისინი ხდებიან აგრესიულები და ამ აგრესიას გამოხატავენ სხვა ბავშვების მიმართაც. იქმნება ჯაჭვი, რომელზეც, მასწავლებლის გარდა, არავინ ფიქრობს, არავინ ხედავს.

_ პუბლიცისტმა თამაზ ჩხენკელმა თქვა, რომ მასწავლებელი მარტო საგანს არ ასწავლის, გაცილებით მეტს _ იმას, რომიყო კაცი, იყო ის, რაც შენი გულის უღრმეს ხატშია აღბეჭდილიო”.

_ ჩემს გულში ზის თამაზ ჩხენკელი. თავის ქებად ნუ ჩამითვლით და ჩვენ ერთნაირი თვალსაზრისი გვაქვს…

მასწავლებელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ მთავარია, ცხოვრებაში იყვნენ ათქულოსნები, არ ჩაიჭრან კაცობაში, ადამიანობაში და მხოლოდ მერე იყვნენ პროფესიონალები. საბედნიეროდ, მოსწავლეები ხშირად ეთანხმებიან იმ პედაგოგებს, რომლებიც ამას მოითხოვენ.

ლიტერატურას რელიგიას ვუკავშირებ, რაც ბავშვებზე დადებითად მოქმედებს. რამდენიმე ხნის წინათ ლექციას დავესწარი სასულიერო სემინარიაში, ერთ-ერთმა გამომსვლელმა თქვა: უფლის წინაშე როდესაც წარვდგებით, გარდა სასულიერო პირებისა, განსაკუთრებულ პასუხს ლიტერატურის მასწავლებლებიც აგებენ, რადგან ისინი ადამიანების სულის აღზრდას ემსახურებიან”. ვეთანხმები ამ მოსაზრებას, ლიტერატურის მასწავლებელი სულ სხვა კუთხით უყურებს ყველაფერს _ ის ასწავლის სიყვარულს, მიმტევებლობას, თავმდაბლობას და შემდეგ უკვე საგანს. არიან ბავშვები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მთავარია, ფული იშოვონ და იყვნენ კარგად, მაგრამ ეს მათი ბრალი არ არის…

დიდი ხანია, სკოლებში ალტერნატიული სახელმძღვანელოები შემოიტანეს; შეგვიძლია, ავირჩიოთ, რომელი ავტორის წიგნიდან გვირჩევნია სწავლება _ ზოგი გიგინეიშვილის სახელმძღვანელოს ირჩევს, ზოგი _ არაბულისას. ერთი შეხედვით ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ გრამატიკა და ლიტერატურა გააერთიანეს და ამგვარად გრამატიკის საფუძვლიანი სწავლა წარმოუდგენელია. ამიტომ ვცდილობთ, ბავშვებს შევაძენინოთ შესაბამისი წიგნები. ეს საჭიროა იმიტომ, რომ მისაღებ გამოცდაზე ოთხმოცპროცენტიანი ქულა თანაბრადაა გაყოფილი ენასა და ლიტერატურაზე. როდესაც მისაღები გამოცდა ასეთ მოთხოვნას აყენებს, ბავშვს სრულყოფილად უნდა ასწავლო ყველაფერი, მითუმეტეს სახელმწიფო ითხოვს, ბავშვს სკოლაში ისე ასწავლონ, რომ რეპეტიტორი არ დასჭირდეს. ლიტერატურის ნაწილიც არ არის სრულყოფილი, ცუდად არის გადანაწილებული. XI კლასში ზღვა მასალაა, სამაგიეროდ, IX კლასში, არ ვიცით, საათები როგორ გადავანაწილოთ. ამ საკითხის გადახედვაც შესაძლებელია.

დღეს სახელმძღვანელო და მისაღები გამოცდების მოთხოვნა შეუსაბამოა. ჩემსავით ბევრი პედაგოგი ფიქრობს.

ქართული არის საგანთა საგანი. ეს ჩვენი მშობლიური ენაა, ჩვენ ამ ენაზე ვაზროვნებთ და, რადგან ვაზროვნებთ, ყველა საგანი ამ ენიდან გამომდინარე უნდა ვისწავლოთ. ვერ წარმომიდგენია, ისწავლო რომელიმე ენა, თუ არ იცი მშობლიური.

დღეს აბიტურიენტები, როდესაც მომზადებას იწყებენ, პირველად უნარ-ჩვევების მასწავლებელს მოძებნიან, შემდეგ _ ინგლისურის და, როდესაც ამ საკითხებს მოაგვარებენ, მერე შეიძლება იზრუნონ ქართულზე. არადა, ქართულში ყველაზე მეტად ჩანს უნარ-ჩვევები ნებისმიერი აკადემიური ლიტერატურული ნაწარმოებიდან. სამწუხაროდ, არ იციან, რომ უნარ-ჩვევები კი არ ისწავლება, ცხოვრებაში გამოიმუშავებ, ცხოვრება გასწავლის.

_ ბოლო რამდენიმე წელიწადია, ათასობით მოსწავლე ვერ იღებს ატესტატს

_ წელს თერთმეტი ათასი ბავშვი ჩაიჭრა გამოსაშვებ გამოცდებში. ამის მიზეზია ის, რომ არ კითხულობენ, არ სწავლობენ, წიგნი არ აინტერესებთ, ურთიერთობა აქვთ მხოლოდ კომპიუტერთან და ინფორმაციის დონეზე იციან მსოფლიოს ამბები, მაგრამ საფუძვლიანად არაფერს სწავლობენ. ჰგონიათ, რომ ბოლო ერთი ან ორი წლის მომზადებით გავლენ ფონს. ბავშვები კომპიუტერს ვერ შორდებიან და ამან ქვეყანა დაღუპა.

არ შეიძლება ყველაფერში მივბაძოთ ამერიკასა და ევროპას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები და თამამად შეგვიძლია, განათლების სისტემაში ჩვენი სიტყვა ვთქვათ.

და ყველაზე მთავარი: სანამ მასწავლებელს ფინანსურად არ დააკმაყოფილებენ, სანამ პედაგოგისგან უპირველესად კრედიტების შეგროვებასა და გამოცდების ჩაბარებას მოითხოვენ, არაფერი გამოვა.

ყველა ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ გამოცდას ვაბარებთ. კომპეტენციას მოვიპოვებთ, მოვა ახალი მინისტრი და ისევ იგივე გზა გვაქვს გასავლელი. განათლების მინისტრი სკოლაში უნდა იყოს ნამუშევარი, მან უნდა იცოდეს პროგრამა, იცოდეს სკოლის ცხოვრება. ტრენინგები ბევრს არაფერს იძლევა, რა უნდა გვასწავლონ ორ დღეში?! მაგრამ აუცილებლად უნდა გავიაროთ

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

P.S. წერილი დასბეჭდად მზად იყო, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობები დაატოვებინა მის ორ მოადგილეს თემურ მურღულიასა და ლია გიგაურს; ასევე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე.

იქნებ დგება ის დრო, როდესაც სიმართლის მთქმელს ცხენის შეკაზმვა აღარ დასჭირდება?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here