როგორც გასულ დღეებში გახდა ცნობილი, თბილისის მერი, ბ-ნი კახა კალაძე გამოვიდა ინიციატივით, ვაკის პარკში მოეწყოს „ქართველ გმირთა მემორიალი“. ეს განცხადება მან სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე გააკეთა:
“ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ პარკის ტერიტორიაზე მოეწყოს საქართველოს გმირების მემორიალი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი გმირების პატივისცემისა და მათი სულების უკვდავსაყოფად. ამავდროულად, ისტორიულ ექსკურსს მოიაზრებს და ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებულ ცნობებს მიაწვდის ჩვენს მოქალაქეებს და თბილისის სტუმრებს“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელების პროცესში დარგის სპეციალისტები ჩაერთვებიან, გაიმართება შეხვედრები, მსჯელობა, და ამის შემდეგ გადაწყდება, როგორი მონუმენტი გაკეთდეს”.
თითქოს ყველაფერი რიგზეა და ქართულმა საზოგადოებრიობამ ტაში უნდა დაუკრას ჩვენს ენერგიულ ქალაქის თავს. მაგრამ – არა ამჯერად. კალაძის ინიციატივა გახლავთ ქვეყნის პრეზიდენტის, ს. ზურაბიშვილის აშკარად დესტრუქციული ჩანაფიქრების გაგრძელება, რა აზრებიც მან ჯერ კიდევ გაზაფხულზე, 9 აპრილს გააჟღერა. ასევე სოციალურ ქსელში, პრეზიდენტმა დაწერა, რომ გამოდის ინიციატივით, ციტატა: „შეიქმნას საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ასწლიან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ერთიანი მემორიალი ვაკის პარკში, რომლის რეაბილიტაციაც დღეს მიმდინარეობს. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა შეძლებს მათ პატივი მიაგოს, სადაც საშუალება გვექნება, ახალგაზრდა თაობებს ვასწავლოთ სწორედ ამ 100 წლის ბრძოლების ისტორია, სადაც, როცა ჩამოვლენ ჩვენი უცხოელი სტუმრები, ცოტა უფრო ღირსეულად მივიყვანთ პატივის მისაგებად“.
ზურაბიშვილის ინიციატივის აშკარად ანტირუსული ხასიათი, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოს გასაბჭოების თარიღი (1921 წელი) და მითიური „ასი წლის ბრძოლების ისტორია“ (სინამდვილეში კი, პოსტსაბჭოთა პერიოდის სამხედრო კონფლიქტები) დააკავშიროს 9 მაისის ნათელ დღესასწაულთან, შენიღბულია კალაძის პოზიტიური ნარატივით აბსტრაქტული „ქართველი გმირების“ შესახებ. რა შეიძლება, ქართველი გმირების საწინააღმდეგო გვქონდეს? – არც არაფერი, მაგრამ ვაკის პარკი, რომელიც გამარჯვების პარკად იწოდებოდა და მერიამ, კალაძემდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, მას ეს სახელწოდება მოპარა, თავიდანვე ჩაფიქრებული იყო და გახდა იმ ურიცხვი ქართველი გმირების დიდების ადგილი, რომლებიც ნაცისტურ გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან იბრძოდნენ, ბრძოლის ველზე დაიღუპნენ ან გადარჩნენ! პარკის ტერიტორიაზე განისვენებს წითელი არმიის უცნობი ჯარისკაცი, თუმცა ცნობილია, რომ იგი საქართველოს შვილია და დაიღუპა დიდ წმინდა ომში, საქართველოსთვის, საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებისთვის, მსოფლიოს ყველა ერის თავისუფლებისათვის!
პატარა საქართველოს ასეულ ათასობით მცხოვრები იბრძოდა დიდი სამამულო და მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე, ყველა ფრონტის უმაღლესი მთავარსარდალი და გამარჯვების მთავარი ავტორი ასევე ქართველი იყო – კიდევ რა გმირებს ვეძებთ, რა გვინდა მეტი?! მხედველობაში მაქვს ვაკის პარკი, თორემ, რა თქმა უნდა, ქრისტიანული საქართველოს 1700-წლოვანი ისტორია სხვა ეპოქების უამრავ გმირს იცნობს. დიდგორის მხსნელი ბრძოლის ადგილზე (დიდგორობას, როგორც ცნობილია, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, არაოფიციალურად ვზეიმობთ, იმ ფაქტის აღნიშვნის გარეშე, თუ ვისთან აწარმოებდნენ ბრძოლას ჩვენი გმირი წინაპრები ათასი წლის წინ) გვაქვს მისი ამსახველი მონუმენტი, თბილისში არის მეტროს სადგური, კრწანისის ბრძოლის გმირების პატივსაცემად, „300 არაგველად“ წოდებული, პოსტსაბჭოთა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულებს ავუშენეთ ცალკე მემორიალი მოედანზე, რომელსაც გმირთა მოედანი ჰქვია… მაშასადამე, არ არსებობს არანაირი საჭიროება, შევიტანოთ დამატებითი „ჰეროიზმი“ პარკში, რომელიც თავის დროზე ჩაფიქრებულ იყო სპეციალურად დიდი სამამულო ომის გმირებისთვის!
მაგრამ ახალი გეგმის ავტორებს, რომლებმაც ეს გეგმა ქალაქის მერს კეთილშობილური ზრახვის საფარველში შეუხვიეს და ისე შეუცურეს, სწორედ დიდი სამამულო ომის ხსოვნა აქვთ მიზანში ამოღებული: მათი მიზანია, მოხდეს 9 მაისის თარიღის გაფარდობითობა, რელატივიზაცია, წითელი არმიის ქართველი გმირების ხსოვნის წაშლა, იმ გმირებისა, რომელთაც ფაშიზმი დაამარცხეს ევროპის კონტინენტზე. როდესაც „საქართველოს უკვდავი ჯარის“ აქტივისტებმა, 2019 წელს, პირველად და, ჯერ-ჯერობით ერთადერთხელ, ჩავატარეთ მსვლელობა თბილისში და უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შევამკეთ, იქვე მოვაწყეთ კუსტარული, დროებითი ექსპოზიცია – დავალაგეთ ბანერები, დიდი სამამულო ომის ქართველი საბრძოლო გმირების პორტრეტებითა და სახელებით. ამ სპონტანურმა ექსპოზიციამ პარკში შეკრებილი ახალგაზრდობის ცოცხალი ინტერესი გამოიწვია შემდგომი დღეების მანძილზე.
დაუშვებელია, ჩავაქროთ ეს ინტერესი ფაშიზმის წინააღმდეგ წარმოებული დიდი ომის მიმართ, პირიქით, ინტერესი უნდა გავაძლიეროთ. ჩვენი ისტორიის ანტირუსული ქვეტექსტებით ფსევდო-განდიდება საქართველოს, მის მომავალ თაობებს, არ მოუტანს სარგებელს. ადამიანებმა ნამდვილი ისტორია უნდა იცოდნენ. ამიტომ, გთავაზობთ, ვაკის პარკის მონუმენტი დავიცვათ შემდგომი ხელყოფისაგან, აღვადგინოთ მონუმენტის ჯერ კიდევ 1991 წელს შელახული იერსახე, შესაბამისი წარწერებით, რომლებიც 1945 წლის 9 მაისს უკავშირდებოდა… მოგიწოდებთ, მოხდეს მეორე მსოფლიო ომის დიდი სამამულო ომის ფრონტებზე მიმდინარე ბრძოლების ქრონიკის მუდმივმოქმედი გამოფენა, სადაც იბრძოდა და დაიღუპა აგრესორის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველთა ძირითადი ნაწილი!
ბატონო კახა, გამოაცხადეთ კონკურსი თქვენს მიერ განახლებული მონუმენტის მოწყობაზე ამ ისტორიულ ჩარჩოებში; არ უსმინოთ პროვოკატორებს!
პატივისცემით, გულბაათ რცხილაძე- მოძრაობა „საქართველოს უკვდავი ჯარის“ დამფუძნებელი