Home რუბრიკები ისტორია “არ იძლევა, არ დამარცხდება მჩაგვრელი ძალა… ვიდრე ამას არ იტყვის უმრავლესობა. იტყვის...

“არ იძლევა, არ დამარცხდება მჩაგვრელი ძალა… ვიდრე ამას არ იტყვის უმრავლესობა. იტყვის კი როდისმე ერი გადაჭრით, თავ-გამოდებით “სიკვდილი ან სიცოცხლე” (ე.ი. თავისუფლება)?!”

1337
ვაჟა ფშაველა

ჩვენი ერთგული მკითხველი დაგვეთანხმება, რომ თავისუფლება არ ნიშნავს, რაც გნებავს, ის აკეთო, ილაპარაკო ან წერო…. ადამიანი მხოლოდ მაშინ არის თავისუფალიც და ბედნიერიც, როცა ყოველ მის სიტყვასა და ქმედებას საზოგადო ბედნიერება უდევს სარჩულად. “თავისუფლება და ბედნიერება ერთი და იგივეაო”, _ ასე მიაჩნია ვაჟაფშაველასაც, რომელიც არა მხოლოდ მსოფლიო მნიშვნელობის ლიტერატურული ნაწარმოებების ავტორია, არამედ ისეთი პუბლიცისტური წერილებისაც, რომლებშიც ქართველი ერის სატკივარზე, საფიქრალსა და რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის გზებზეა საუბარი. ამ მხრივ საინტერესოა მისი წერილები: “რას ჰქვიან თავისუფლება?” დარა არის თავისუფლება”.

მათში დასმული საკითხები დღესაც აქტუალურია:

რას ითხოვს თავისუფლება ადამიანისაგან?”

როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი?”

იქ რა უნდა თავისუფლებას, საცა ჩემი ნაშრომნაღვაწი სხვას მიაქვს? ჩემი ნაშრომის ნაყოფს ჩემდა უნებურად, ჩემ მიერ ნებადაურთველად სხვა რომ ისაკუთრებს?”

საცა ნავარდობენ მგლები, საცა მგლები ბუდობენ, იქ ცხვრები რას იხეირებენ? ან რა ძმობა შეიძლება მათ შორის?”…

თუ შეუძლებელია, მოუთავსებელი და მოუხერხებელი მგლებისა და ცხვრების შაერთება, რადღა ვყვირით, რად ვიძახით ამ ძმობაერთობას?”…

განსაკუთრებით საინტერესოა ვაჟაფშაველას დამაჯერებელი პასუხები და მოსაზრებები. მისი აზრით, “არ იძლევა, არ დამარცხდება მჩაგვრელი ძალა, არ დაფრთხება მგლის ჯოგი, ვიდრე ამას არ იტყვის უმრავლესობა. იტყვის კი როდისმე ერი გადაჭრით, თავგამოდებითსიკვდილი ან სიცოცხლე” (.. თავისუფლება)?!”

განა ეს არ არის დღესაც ჩვენი წყევლაკრულვიანი საკითხავი?

რას ჰქვიან თავისუფლება? (1906 წელი)

როცა ჩვენს ნაცნობს ან ნათესავს ატუსაღებენ, დაუყოვნებლივ მივესწრაფებით მის სანახავად ისე, როგორც სნეულისა. თან ვნანობთ: “ახ, რა ცუდი საქმე მოუვიდაო!” რადა? რისთვის? იმისთვის, რომ კაცს წაართვეს თავისუფლება, წაართვეს ისეთი რამ, რითაც ადამიანი შეაწუხეს, წაართვეს სიხარული და მისცეს ვაება-ტანჯვა. თავისუფლება და ბედნიერება ერთი და იგივეა. დატუსაღებული ადამიანი უბედურადა გრძნობს თავსა: ვერა ჰსვამს და სჭამს თავის ნებაზე, ვერ ადგება, ვერც დაწვება ისე, როგორც თვითონ უნდა; ვერც ტანთ იცვამს, რაც მოსწონს იმას; ვერა ჰხედავს იმას, ვინც უყვარს, ვერ აკეთებს იმას, რის გაკეთებაც სულით და გულით სწყურია; თავის ნებაზე ვერ დაილაპარაკებს, თავისუფლად ფეხს ვერ გადასდგამს. უბედურ ყოფაშია ტუსაღი ჩავარდნილი. გვესმის ჩვენც მისი მდგომარეობა და გვებრალება. რაღა უნდა ვსთქვათ, როცა დატუსაღებულია მთელი საზოგადოება, ერი, სახელმწიფო?

ადამიანი თავისუფალი იბადება. უცქირეთ ბავშვს როგორ თავისუფლად მოქმედობს, როცა შეიძლებს მოძრაობას, ეპოტინება ყველაფერს, რასაც თვალი დ ყური მიუწვდება; იქნევს ხელებს და ფეხებს, როცა აკვანში აწვენს დედა და ხელებზე არტახებს უჭირებს. მხოლოდ დიდების მოსაზრება, დაშლა, დაშინება ჰკვეცავს ფრთებს ბავშვის თავისუფალ მოქმედებას, რომელიც უსამზღვრო თავისუფლებისაკენ მიისწრაფის…

გაიზრდება, მოვა გონებაზე და მაშინ ხომ შინაურ უფროსებთან ერთად უჩნდება გარეთ სხვა უფროსი – საზოგადოება აუარებელი ზნე-ჩვეულებით, აზრებით, წესებით, რომელთა შორის მრავალი უვარგისი და პირდაპირ დამღუპველია ადამიანისა, შემბოჭველი იმის თავისუფლებისა, საღის მსჯელობისა. მშობლები, საზოგადოება და უხეირო სკოლები აჩვევენ ყრმას ისეთს აზროვნებას, რაც უხშავს მას გონებას, უნერგავს ცხოვრებისათვის მავნე აზრებს, აჩვევს გონებას მორჩილებას, მოთმენას, უკლავს სიყვარულს თავისუფლებისადმი. ასე: ადამიანი მოსისხლე მტერი ხდება ბუნებისა; იმის მაგივრად, რომ ხელი შეუწყოს და განავითაროს ეს ძვირფასი განძი _ თავისუფალი გრძნობა, მისცეს მას გონივრული მიმართულება, ცდილობს დაახშოს, მოსპოს იგი, სრულიად ამოაგდოს ძირიან-ფოჩვიანად ადამიანის გულიდან. ამ დროს საზოგადოება ვერა გრძნობს რამდენად მოსისხლე მტერი ხდება იგი თავის თავისა. რატომ? მიტომ, რომ ხეს ტოტებს აჭრის, ქერქს აცლის გარშემო ტანზე, რის გამო იგი ხელს უწყობს შტოების გახმობას, რასაც ადრე თუ გვიან თვით ხის გახმობაც მოსდევს. დია, გამხმარია, ხმელია ის საზოგადოება, რომელთა წევრებიც მონურად, ყეყეჩჩერჩეტად არიან აღზრდილნი და არ უყვარსთ თავისუფლება, ჰხდება თავის თავის მტერი, სთელავს ფეხით თავისივე ბედნიერებას. ამისთანა საზოგადოება თუ სახელმწიფო ბუდეა ყოველნაირს უსამართლობისა, ადვილად ჩნდებიან დაჩაგრულნი და მჩაგვრელნი, გაცარცულნი და მცარცველნი და იმართება მათ შორის ბრძოლა. დღეს ჩვენა ვართ მოწამე და მონაწილენი ამისთანა ბრძოლისა. ბედნიერებაწართმეული ნაწილი საზოგადოებისა (კლასი) ებრძვის მეორეს, რომელმაც მისი ბედნიერება მიითვისა, მისი თავისუფლება და ქონება.

მჩაგვრელნი დღევანდლამდის თავისუფლად იქცეოდენ: ფული, მიწა, ფაბრიკები, ქარხნები, სახლები იმათ ხელშია. ეს სულ მოტყუილებით, მტარვალობით, სხვისთვის თავისუფლების ჩამორთმევით მოიპოვეს. დღეს დაჩაგრულმა ნაწილმა იგრძნო ეს უსამართლობა, აახილა თვალები, გაიღვიძა მის გულში დაძინებულმა თავისუფლების სიყვარულმა, დღეს იგი ამბობს: დამიბრუნეთ წართმეული ბედნიერებაო!

თავისუფლება მტარვალთაგან (უმცირესობა) ხალხისათვის (უმრავლესობა) წართმეული ბედნიერებაა. თუ ერთს ადამიანს სტანჯავს, სჩაგრავს ტუსაღობა, თავისუფლების წართმევა, ფრინველს და ცხოველსა ჰკლავს, რა თქმა უნდა ხეირს არ დააყრის არც საზოგადოებას, რომელიც ადამიანთა კრებულია. როცა დამონებაში იმყოფება ქვეყანა, თავისუფლებას მოკლებული, იგი დამწყვდეულია ციხეში.

რა არის თავისუფლება?

ძმობა, ერთობა, თავისუფლება _ ამ სიტყვებით გაიჟღენთა არა მარტო ადამიანთა ყურები, არამედ ქვებიც კი; არა დროს ჩვენის ქვეყნის დაარსების შემდეგ, არა გვგონია ასე მძლავრად და საყოველთაოდ როდისმე ჰსმენოდეს საქართველოს ეს სამი სიტყვა, როგორც ესმა მას ამ წარსულ 1904-5 წლებში და დღესაც ესმის და მომავალ წლებშიც გაიგონებს.

მაშასადამე, უნდა ვიცოდეთ, გვესმოდეს თუ რაა ერთი, მეორე ან მესამე. ორს ტერმინს რომ სულაც თავი დავანებოთ და მხოლოდ მესამის ძალა, ე.ი. რას ჰქვიან თავისუფლება, ის შევიგნოთ, ესეც კმარა, რადგან ძმობა, ერთობა მარტოოდენ შტოებია იმ ხისა, რომელსაც თავისუფლება ჰქვიან. საცა არ არის თავისუფლება, იქ ვერ იპოვნით ძმობა-ერთობას, იქ შეჰხვდებით მხოლოდ მტრობას, ქიშპობას, ჭამა-გლეჯას და მგლობას; მგლების ბანაკი ერთის მხრით, ხოლო მეორეს მხრით ცხვრის ფარა, საცა ნავარდობენ მგლები… საცა მგლები ბუდობენ, იქ ცხვრები რას იხეირებენ? ან რა ძმობა შეიძლება მათ შორის?… თუ შეუძლებელია, მოუთავსებელი და მოუხერხებელი მგლებისა და ცხვრების შაერთება, რადღა ვყვირით, რად ვიძახით ამ ძმობა-ერთობას? ვიძახით და უნდა ვიძახოთ, მაგრამ მგლებს ხომ არ ვეძახით, არამედ დაქსაქსულ-დაფანტულს, დაწიოკებულს ცხვრებს, რომ მოუყარონ თავითავს, შაერთდენ, მოიფიქრონ როგორ მოუარონ თავისთავს, რათა მგლების საჭმელ ლუკმად აღარა ხდებოდნენ, უნდა გამოძებნონ საფარი და გზა სავალი… მგლებს ამ დროს იქ რა ესაქმებათ? ამ დაძახილზე ისინი თითქოს ყურსაც იყრუებენ, არც მოვლენ, ხოლო თავისიანებს, გაგიმარჯოსთ, რომ მგლებიც კი ძმობა-ერთობას უქადაგებენ. თუ ასე არ მოიქცნენ, ხომ დაეკარგათ ძალა და ცხვრებმა სათითაოდ, თუმც ამ უკანასკნელთ არა აქვთ გაალმასებული კბილები, გაათავეს რქებით და ჩლიქებით?! ძმობა ხომ იმას მოასწავებს, როცა ერთს მგელს გაუჭირდება, მეორე უნდა მიეშველოს. ეგრეთვე თუ ცხვარი-ცხვარს.

მაგრამ, მაგარი ის არის, რომ მგლებს ისე არ ესაჭიროებათ ერთობა, როგორც ცხვრებს, რადგან თვითეულს მგელს საკმაო ძალა აქვს ცხვრებთან საბრძოლველად, _ ძალა, რასაკვირველია, ფიზიკური, რომელსაც ისინი ხმარობენ ცხვრებზე. ცხვრების ძლიერება კი ერთადერთი ზნეობრივი ძალაა…

დღესნამდის ჩვენ ცხვრები ვიყავით და ვართ კიდევაც, ხოლო ვინც მგლები არიან, ეს თქვენც კარგად იცით. ჩვენ ვიტანჯებოდით, ვირბეოდით და ამ რბევაცარცვამ გვაფიქრებინა, მიგვემართნა ერთობისათვის, ერთი პირი, ერთი ფიქრი მოგვეპოვა და ამით შაგვეძინა ძალაჩვენ მოვისურვეთ თავისუფლება: განუკითხავად არ ეჭამა და ეპარსა ჩვენი თანამოძმენი მოსისხლე მხეცებსჯერჯერობით ამაში გამოიხატება ჩვენი წადილი თავისუფალი სიცოცხლისა, რომ ძალმომრეობას გზა მოვტაცოთ და თანდათან სრულიადაც მოვსპოთ იგი.

თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.

იქ რა უნდა თავისუფლებას, საცა ჩემი ნაშრომ-ნაღვაწი სხვას მიაქვს? ჩემი ნაშრომის ნაყოფს ჩემდა უნებურად, ჩემ მიერ ნებადაურთველად სხვა ისაკუთრებს? მე ვტირი, ის იცინის და ჩემში მტაცებლის მიმართ მხოლოდ ზიზღი და გრძნობა შურისძიებისა სდუღს და გადმოდის. მინდა ვისწავლო და ნება არ მეძლევა; მინდა ჩემი საკუთარის ხარჯით დავაარსო უნივერსიტეტი და უარს მეუბნებიან; და სხვ. და სხვ…

არ მინდა ვილოცო ის მშვენივრად მორთულ-მოკაზმული კერპი, რომელსაც შენ ჰლოცულობ.

იქ ვინ ნახა თავისუფლება, საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან, არც მაუბნებენ, არც მამღერებენ, არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდეთ?! _ სხვას არაფერს, გარდა ზიზღისა, მძულვარებისა. მოწამლულ-მოშხამულია ჩემი სიცოცხლე, ვგრძნობ მხოლოდ უსიამოვნებას, სიძულვილს და ვწყევლი იმ ძალებს, იმ მგლებს, რომელნიც ყველა ზემორე აღნიშნულ საქმეში ხელს მიშლიან, წინ მეღობებიან და ვუცდი მარჯვე შემთხვევას შევმუსრო ისინი… როცა ეს დრო დგება და მეც მოქმედებას ვიწყებ ამ ძალთა შესამუსრავად, დასათრგუნად, მაშინვე იწყება ჩემი თავისუფალი ცხოვრება; აქ არის დასაწყისი თავისუფლებისა. და უკეთუ ვითმენ, ხმას არ ვიღებ, არაფერს ვამბობ, მაშინ ვარ მონა, არა მძულს ჩემი მჩაგვრელი ძალა; იქნება მძულს კიდეც, მაგრამ ამ მძულვარებას გულში ვმალავ; მაშინ ვარ ლაჩარი, უფრო საზიზღარი, ვიდრე მონაა. არა, მძულვარება როცა უკიდურესობამდეს მიდის, მაშინ ლაჩრული გრძნობა ისპობა, მაშინ ამბობს ადამიანი: ან მოვკვდები, ან ვძლევ ჩემს მტანჯველთ!..

არ იძლევა, არ დამარცხდება მჩაგვრელი ძალა, არ დაფრთხება მგლის ჯოგი, ვიდრე ამას არ იტყვის უმრავლესობა. იტყვის კი როდისმე ერი გადაჭრით, თავგამოდებითსიკვდილი ან სიცოცხლე” (.. თავისუფლება)?! – იტყვის და ამბობს კიდევაც, ამას ჩვენის თვალით ვხედავთ. აშკარად ვგრძნობთ ყველანი… მაშასადამე, სჩანს მისმა მძულვარებამ მგლებისადმი უკიდურესობამდე მიაღწია. თუ ეს ფაქტია, ნამდვილი მოვლენა, მაშინ იცოდეთ, სიკვდილი აღარ შეგვაშინებს, მაშინ ყველა მზად იქნება, თავი დასდოს თავისუფლებისათვის და გამარჯვებაც უსათუოა. ამიტომ, ვიმეორებ: ვისაც თავისუფლება უყვარს და უნდა მისი დამყარება ქვეყნად, ჯერ უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიძულოს მთელის თავის არსებით, გულით და გონებით მტარვალნი და მტარვალობა. ეს არის მხოლოდ საშუალება, რომლის წყალობით ადამიანს შეუძლიან მედგრად იბრძოლოს და არ დაზოგოს სიცოცხლე თავისუფლების მოსაპოვებლად.. და რა არის ეს თავისუფლება, რატომ არ იკითხავთ? უკაცრავად ნუ ვიქნები, რომ მე ჩემებურად განვმარტო ეს სიტყვა: თავისუფლება ხალხისთვის მტარვალთაგან წართმეული ბედნიერებაა. ბედნიერებაწართმეულს რა ჰრჩება უბედურების მეტი? _ არაფერი. კიდეც იმიტომ არის, რომ უბედურად ჰგრძნობს თავის თავს ყველა დამონებული, თავისუფლებას მოკლებული ერი და პიროვნება. წამრთმეველნი სარგებლობენ ამ ნაყაჩაღარის ბედნიერებით მხოლოდ ცოტახანს, რადგან ცხოვრების ლოღიკის წყალობით ეს ნადავლი, მოპარული ბედნიერება მტაცებელთათვის უბედურებად ხდება. გადაავლეთ თვალი მთელს რუსეთს და ჩვენს ქვეყანას, აშკარად დაინახავთ, რომ ეს ასეა. დღეს ხალხი იბრუნებს იმას, რაც წაართვეს და წართმეული გახლავთ, მოკლედ რომ ვსთქვათ, ბედნიერება _ წამრთმეველი დღეს ტირის, ხოლო გაცარცული მღერის, მხიარულობს, რადგან დანაკარგს პოულობს. წართმეულს იბრუნებს. თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან. როდისა დგება ეს ბოლო ჟამი? _ სწორედ მაშინ, როცა ხალხი თვალებს ახელს, როცა თავის ყოფა-მდგომარეობის აუტანლობასა ჰგრძნობს და ჰხედავს, გაიცნობს იმ შავ ძალებს, რომელთაც წაართვეს ბედნიერება, _ სძულს ისინი უსაზღვროდ; სწორედ მაშინ ცდილობს, შემუსროს თავის დამმონებელნი.

რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? _ თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდგან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს, ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, _ არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის. ყველა ჩვენგანი ხალხისათვის. მოტაცებული თავისუფლება მტაცებელთა ხელში როდია თავისუფლება, იგი იქცევა მტარვალობად. ამ თავისუფლებისას მტარვალნი ათასნაირს ჯაჭვ-ბორკილებს სჭედენ, ხაფანგებს, გაზებს, თავში სცემენ კვერებს და საღრჩობელის ბოძებს სდგამენ… ხალხს ამ თავისუფლებისაგან შეზავებულს შხამ-ნაღველს, საწამლავს უმზადებენ და იმას აწვდიან. ბოლოს კი თითონ რჩებიან მოწამლულნი. ისტორია ამის მაგალითებს უხვად იძლევა. ხალხი იტანს ამ საწამლავს, იგი ისევ ხალხად რჩება, იმარჯვებს, ხოლო მტარვალთა გული მიწაზე ერთხობა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების წართმევა უფრო იმათ ჰვნებს, ვინც თავისუფლებას ჰპარავს, ართმევს ხალხს და ჰსურს იმით მარტო თავად ისარგებლოს. თავისუფლების მტაცებლებზეა სწორედ ზედ გამოჭრილი ქართული ანდაზა: “ვირმა პალო მოაძრო და იმდენი სხვას არა ჰკრა, რამდენიც თითონ იკრაო”.

ხალხის მმართველნი, რომელნიც ამ უაღრესს უგუნურებას ჰშვებიან და ხალხის მონებად გადაქცევას ცდილობენ, გარდა იმისა, რომ თავიანთ წოდებას ჰხრწნიან ზნეობრივ და ფიზიკურად, ხალხსაც აფუჭებენ. დამონებული ერი მუდამ ბეჩავია შინაურობაში და რა თქმა უნდა ბეჩავი და სუსტი გარეშე მტერთან საბრძოლველად. ამის დამამტკიცებელი მაგალითი დღევანდელი რუსეთია, რომელიც პატარა იაპონიას დაეტაკა და რქები შემოიმტვრია.

მაშასადამე, თავისუფალი უნდა იყოს არა რომელიმე ერთი წოდება, არამედ მთელი ერი. ქვეყანაც მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, როცა მოისპობა წოდებრივი უპირატესობანი, ყველა წოდება იქნება თავისუფალი, ე.ი. ბედნიერი… თავისუფლება და ბედნიერება სინონიმებია.

ნუ ეძებთ იქ თავისუფლებას, სადაც ცხოვრებას ისევ საფუძვლად წოდებრივი განსხვავება აქვს დადებული, საცა ყველას განურჩევლად წოდებისა და გვარიშვილობისა, არ ეძლევა საშუალება პატიოსანი შრომით მოიპოვოს პური არსებობისა, საცა შრომა ღირსეულად არ ფასდება, საცა არ არის თანასწორად განაწილებული ცოდნა, ქონება.

მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here