საქართველოში არაერთხელ ჩამოსულან ევროპელი თუ ამერიკელი ტრენერები, რათა აქაური ოპოზიციისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებისთვის ინსტრუქცია მიეცათ და დაერიგებინათ, როგორ და რა გზებით შეიძლებოდა ხელისუფლების შეცვლა. მათი ლექციებიდან ჩანაწერებმაც „გამოჟონა“ (გაჟონვა ბოლო დროს ძალიან საინტერესო სიტყვა გახდა), რომლებშიც გარკვევით ჩანდა და ისმოდა, როგორ არიგებდნენ „ჭკუას“ უცხოელები აქაურებს და უხსნიდნენ, რა და როგორ ეკეთებინათ ხელისუფლების ჩამოსაშლელად. ჰო, „დასავლელი პარტნიორები“ აქაურებს იმის გარანტიასაც აძლევდნენ, რომ მათ მიერ ნასწავლის ზედმიწევნით განხორციელების შემთხვევაში დასავლეთის მხარდაჭერა გარანტირებული იქნებოდა.
უკრაინული მაიდანი დასავლეთში დაწერილი სცენარი რომ იყო, ნათლად გამოჩნდა. სწორედ ამ სცენარით შეიცვალა ხელისუფლება, ქვეყნის სათავეში მოვიდა დასავლეთის მორჩილი მასხარა და ქვეყანა ისეთ ომში გახვია, როგორიც უკრაინელებს დიდი სამამულო ომის შემდეგ არ ენახათ. დღეს უკრაინა კარტოფილის დასათესად გადახნულ მინდორს ჰგავს და არავინ იცის, რა დრო დასჭირდება იმას, რომ უკრაინას კვლავ სახელმწიფო ეწოდოს და იყოს იმ დონეზე დამოუკიდებელი, დასავლეთის დაკრულზე არ იცეკვოს. თუმცა შესაძლოა, ბევრს დაავიწყდა ისიც, რომ მაიდნამდე იყო ე.წ. ვარდების რევოლუცია, ესეც დასავლეთში კარგად დაწერილი სცენარი, რომელიც ქართველმა ერმა „ჭამა“ და „ჭამა“ ზუსტად ისე, როგორც ეს უკრაინაში მოხდა. რატომ? იმიტომ, რომ იმხანად ქართველებმა არ ვიცოდით, რომ დასავლეთი საკუთარ თამაშს თამაშობდა და საჭადრაკო დაფაზე საქართველო შესაწირად გამზადებული პაიკი იყო. „ვარდების რევოლუციის სცენარი მალევე უნდა განვითარებულიყო ბელარუსში, მაგრამ არ გამოვიდა და დაიწყო ე.წ. „არაბული გაზაფხული“. ჰო, დასავლეთი არაბულ ქვეყნებსაც გადასწვდა, რამდენიმე მათგანში ხელისუფლება შეცვალა და ამ ქვეყნებში დღემდე ტყვიის ზუზუნი ისმის და, სადაც არ ისმის, იქ ეკონომიკა კვლავ ჩამოშლილია, დასავლეთი მართავს და… პრინციპში, რაღა დასავლეთი, ამ ყველაფერს ამერიკა ევროპელების ხელით აკეთებს. ჰო, ბოლო პერიოდში რამდენიმეჯერ გარკვევით ითქვა, რომ ამერიკას არ ანაღვლებს, რა მოხდება სხვა კონტინენტებზე, რადგან ევროპასა და აზიასთან მას აშორებს ოკეანეები, რომელთა გადალახვაც ნებისმიერისთვის ურთულესი იქნება.
„ქართულ მაიდნამდე“ იყო მცდელობა, ბელარუსში მოეწყოთ მაიდანი. ვერა და ვერ ეგუება დასავლეთი იმას, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო მათი მორჩილი არ არის, რომ ლგბტ თემს არ უჭერს მხარს, რომ არასამთავრობოებს იმაზე მეტ გასაქანს არ აძლევს, ვიდრე იმსახურებენ, მაგრამ ბელარუსის მაიდანიზაცია ჩავარდა და იმის მიუხედავად, რომ დასავლეთმა ამ ქვეყანაში ექვსთვიანი პროტესტი მოაწყო, საბოლოოდ ვითარება დასტაბილურდა და ქვეყანამ მშვიდობის შენარჩუნება მოახერხა. საქართველოში ყველაფერი ზუსტად ისე მიდის, როგორც უკრაინაში – მომიტინგეების მიერ ქუჩაში ცეცხლის დანთება, ინფრასტრუქტურის განადგურება, მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკის გამოყენება, პროფესიული მარშები – ეს ყველაფერი უკრაინელ ხალხს ნანახი აქვს და აკი ამბობენ კიდეც აქ მყოფი უკრაინელები, რომ არ ვიცოდეთ, სად ვართ, ვიფიქრებდით, რომ ეს ყველაფერი კვლავ უკრაინაში ხდებაო. დასავლეთი არც კი ცდილობს, რამე შეცვალოს, სხვა ერსა და სხვა სახელმწიფოს სხვა სცენარი მოარგოს თავად ერის ხასიათიდან და მენტალიტეტიდან გამომდინარე. დასავლელებს აქვთ სცენარი და ჯიუტად ცდილობენ, ყველა ერთ თარგზე მოჭრან. მერე რა, რომ უკრაინელები ქართველებისგან რადიკალურად განსხვავდებიან. დასავლეთისთვის ჩვენ, ყველა, ხომ უბრალოდ შესაწირი ზვარაკი ვართ და რა საჭიროა ზედმეტი თანხის დახარჯვა, როცა შეიძლება, ოპოზიცია და არასამთავრობოები აიძულო, მოიქცნენ ისე, როგორც დასავლეთს სურს. უკრაინულ ოპოზიციასა და არასამთავრობოებსაც ხომ ზუსტად ისე აქვთ ტვინი გამორეცხილი, როგორც აქაურს და ამიტომ ახალი ველოსიპედის მოგონება საჭიროდ აღარ ჩათვალეს.
როგორ გგონიათ, არასამთავრობოებმა ან ოპოზიციამ არ იციან, რომ საქართველოში ახალი მაიდანი და ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლა მზადდება? როგორ გგონიათ, უკრაინული ოპოზიცია არ ამბობდა, ვადამდელი არჩევნები გვსურს, მეტი არაფერიო? ამბობდა, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ აქციების პიკზე მომხდარიყო „პერევაროტი“ და ეს შეძლეს კიდეც.
„სამწუხაროდ, რუსეთის მიერ გაკონტროლებული მაფია საქართველოში იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენაში ჩაითრიოს და ევროპული გზიდან გადაახვევინოს. თბილისში მოქმედი მთავრობა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს და ევროპელი ლიდერები ვალდებულნი არიან, წნეხში მოაქციონ „ოლიგარქი“ ბიძინა ივანიშვილი და „მისი მეგობრები“, რათა საშუალება არ მივცეთ, სარგებელი მიიღონ საქართველოსთვის მოპარული ევროპული მომავლისგან და პროგრესის დაკარგული ათწლეულებისგან“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. კაცმა, რომელსაც, წესითა და რიგით, ახლა არაფრისთვის უნდა ეცალოს გარდა საკუთარი ქვეყნისა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, ამბობს იმას, რასაც დასავლელი ბატონები ეუბნებიან. ზელენსკი მიხვდა, რომ ის და მისი ქვეყანა გაწირეს, მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ აქვს. ახლა მან სიმართლის ლაპარაკი რომ დაიწყოს, ან ადგილობრივი მოსახლეობა გამოუტანს განაჩენს, ან დასავლელი პარტნიორები და ეს გასაცოდავებული კაცი ახლა გადარჩენისთვის იბრძვის, ცოცხალი უნდა რომ გადარჩეს, სხვა არაფერი.
რეალურად, ის, რაც დღეს საქართველოს მაიდანიზაციას აკლია, არის მსხვერპლი. უკრაინაში ეს „პრობლემა მარტივად“ გადაწყდა – დასვეს რომელიღაც შენობის სახურავზე სნაიპერები და დახოცეს მომიტინგეები; მნიშვნელობა არ ჰქონდა, ტყვია ვის მოხვდებოდა, მთავარი მსხვერპლი იყო და შემდეგ ეს გარდაცვლილი ადამიანები მარტივად „შეტენეს“ ხელისუფლებას – აქაოდა, სნაიპერიც და ტყვიაც ხელისუფლების იყოო. დღეს, ოჯახის წევრების გარდა, ის დაღუპული ადამიანები აღარავის ახსოვს, არც გამოძიება ჩატარებულა, არც არავინ დასჯილა და ამას იმით ამართლებენ, რომ თურმე, როცა ხეს ჭრიან, ნაფოტები ცვივა. სწორედ ასეთ ნაფოტებად განიხილავს დასავლეთი საქართველოს და მის მსგავს ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის დასუსტებას უნდა შეეწირონ, იმ რუსეთის, რომელსაც ვერაფერი მოუხერხეს. ახლა გერმანიის თავდაცვის მინისტრი ამბობს, 2029-2030 წლისთვის ვლადიმერ პუტინი ისე გააძლიერებს თავის არმიას, რომ დიდი შანსია, ნატოზე გაიწიოსო. აქ ყველაზე საინტერესო, იცით, რა არის? უკრაინელების (ალბათ, ჩვენს) გასაგონად გაჰკივიან: რუსეთის არმიისგან აღარაფერი დარჩა, დღე-დღეზე ბოლომდე განადგურდებაო და თურმე, ეს „აღარაფერი“ 4-5 წელიწადში ნატოზე ძლიერი იქნება.
სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტიც მზად არის, მაიდანიზაციას ხელი შუწყოს. სამწუხაროდ, ის ყველაფერს აკეთებს, რათა ვითარება უკიდურესად დაიძაბოს და არაფერს აკეთებს მდგომარეობის განსამუხტავად. ზურაბიშვილს რამდენიმეჯერ წამოსცდა, რომ ევროპელმა ლიდერებმა დიალოგისკენ მოუწოდეს, მაგრამ ის კატეგორიულია და მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნას განიხილავს, ანუ შანსს, რომ არჩევნების შედეგები ბათილად გამოცხადდეს და იმედი აქვს, მომდევნო ხუთი წელი კვლავ პრეზიდენტი იქნება. არადა, ოპოზიცია ახალ არჩევნებს თუ მიიღებს, გვერწმუნეთ, ზურაბიშვილი აღარავის დასჭირდება და მას უბოდიშოდ ამოარტყამენ ჭიტლაყს, ყველაფრის დაპატრონებას კი კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება და ამას მარტივად მოახერხებს. მეტიც, მთავარი, რასაც ისინი გააკეთებენ, ციხიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა და ის გახდება ქართველი კალიგულა, ქართველი იდი ამინი. ეს იცის დასავლეთმა და მზად არის ამისთვის, რადგან მიშამ ადრე უკვე დაამტკიცა მორჩილება და ახლა უფრო მორჩილი იქნება. სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ იტყვის უარს ომზე და ამას სამშობლოს სიყვარულით გაამართლებს. სინამდვილეში კი ეს ადამიანები ან გაიქცევიან, ან ისე დაიმალებიან, ტყვია კი არა, ზედმეტად კენჭი რომ არ მოხვდეთ. ჰო, საკუთარი ინტერესებისთვის ისინი ქვეყანას გაწირავენ, დახლზე დადებენ და ამ ყველაფერს ევროპის სახელით გააკეთებენ; ზუსტად ისე, როგორც ზელენსკი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ამ ომის შემდეგ უკრაინა ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდება და მერე რა, რომ გასაგებად აუხსნეს, 2030 წლამდე ევროკავშირი გაფართოებას არ აპირებს და 2050 წლამდე ნატოს წევრობა გამორიცხულიაო. ანუ, ზელენსკი ამტკიცებს, ნატოში მიგვიღებენო, ხოლო ნატოს წევრი ქვეყნები ამტკიცებენ, მეოთხედი საუკუნეა იმისთვის საჭირო, რომ ამ თემაზე მსჯელობა სერიოზულად დავიწყოთო. საქართველო კი… საქართველო არსად განიხილება და რეალურად საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, არავის სჭირდება არც ევროკავშირში და არც ნატოში. აქ მთავარია ტერიტორია ხალხის გარეშე, საბრძოლო პოლიგონი, რომლიდანაც კავკასიის არევა და რუსეთზე დარტყმა შეიძლება.
არ გამოგივათ, ბატონებო, მაიდანი, არა!
ლევან გაბაშვილი