Home რუბრიკები პოლიტიკა არ გააღიზიანოთ პოსეიდონი

არ გააღიზიანოთ პოსეიდონი

1694
„პოსეიდონი“ - იარაღი

დიდი ინტერესით ელოდნენ დასავლეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართვას ფედერალური კრებისადმი. მოისმინეს. წაიკითხეს. გააანალიზეს. შეშფოთდნენ. ეს არ იყო გაცვეთილი შეშფოთება, რომლითაც თანაგრძნობას გვიცხადებენ ყოველთვის, რამ უსიამოვნება რომ დატრიალდება ჩვენი ქვეყნის თავზე, რაც არ გვაკლია. თანაგრძნობა _ ყალბი და ცრუ.

ამჯერად შეშფოთდნენ სერიოზულად, რადგან ის, რაც მოისმინეს, წაიკითხეს, გააანალიზეს უშუალოდ მათი არსებობის საკითხს შეეხო _ ყოფნა-არყოფნის პრობლემას.

პუტინის მოხსენებაში, რომელიც, რა თქმა უნდა, “შიდა მოხმარებისთვის” იყო გათვლილი, საერთაშორისო თანაარსებობის პერსპექტივაც წარმოჩნდა, ფრიად სპეციფიკური კუთხით და ქვეტექსტების გარეშე.

დასავლეთის მედიის რეაქცია ემოციური იყო _ ჩვენ კვლავ გვემუქრებიან!

კი არ ემუქრებიან, აფრთხილებენ, _ შენიშნავენ ობიექტური ექსპერტები, _ ცუდ დღეში აღმოჩნდებით, ისე ცუდში, რომ ვერც კი წარმოგიდგენიათო. ღმერთმა დაგიფაროთ, მოიმოქმედოთ ისეთი რამ, რაც რუსეთმა მისი სიცოცხლისუნარიანობის ხელყოფად შეიძლება აღიქვასო.

რა მოხდა? რამ შეაშფოთათ?

პრინციპულად ახალი არაფერი უთქვამს პუტინს. რუსეთის სტრატეგია, დიდი ხანია, ცნობილია შეერთებული შტატებისთვის: ნებისმიერ კონფლიქტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული, დაუყოვნებლივ მოჰყვება ადეკვატური რეაქცია და ამ ოპერაციის მონაწილენი (აშშ-ის მოკავშირეები) სრულად მიიღებენ ყველაფერს, რასაც იმსახურებენო.

სიახლე, ალბათ, ისაა, რომ რუსეთის თავდაცვის ეს კონცეფცია დეტალურად იყო წარმოდგენილი და მნიშვნელოვანი მომენტებით შევსებული.

დასავლურ მედიაში ყურადღებას მიაპყრობენ ორ ძირითად მომენტს, რომლებიც ხაზგასმული იყო ფედერალური კრებისადმი მიმართვაში.

პირველი და ძირითადი არის ის, რომ თანამედროვე რუსული იარაღი სიზუსტითა და სისწრაფით, სიძლიერით გაცილებით სჭარბობს ყველა გათვლილ ვარიანტს, რომლებზეც ოცნებობენ (ჯერ მხოლოდ ოცნებობენ) რუსეთის მოწინააღმდეგეები. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რეაქცია (რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ შესაძლო კონფლიქტზე) იმაზე გაცილებით სწრაფი და შეუდარებლად ეფექტიანი იქნება, რაც შეიძლება ჰქონდეს იმ იარაღს, რომლითაც აშშ შეუტევს რუსეთს.

მეორე. იარაღი, რომლითაც უკვე აღიჭურვა რუსეთის არმია, უფრო მოწყვლადს ხდის აშშ-ის ყველა სტრატეგიულ ობიექტს, როგორც ამერიკის ტერიტორიაზე, ისე მისი მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიებზე.

ასე რომ, ასკვნიან ანალიტიკოსები, ამ ახალმა იარაღმა ხაზი გადაუსვა აშშის ყველა გეგმასა და ჩანაფიქრს, რომლებიც რუსეთზე სამხედრო უპირატესობის შექმნას გულისხმობდა. უფრო მეტიც: ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშზე რუსეთის სტრატეგიული უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. თუ ამერიკა ვერ შეძლებს ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას (რაც სავარაუდოა), რუსეთი უფრო და უფრო გაუსწრებს მას.

პოსეიდონი - ქანდაკება
პოსეიდონი – ქანდაკება

საინტერესოა ერთი პრინციპული მომენტიც: რუსეთი ევროპაში თავის რაკეტებს არ განალაგებს, რადგან თანამედროვე სამხედრო ტექნიკა არ საჭიროებს ამის გაკეთებას. პუტინის თქმით, ჯერ კიდევ შარშან მან მიანიშნა, რომ რუსეთს აქვს საჯაროდ წარმოდგენილზე უფრო ძლიერი და გამანადგურებელი იარაღი. ჩანს, იგულისხმება ისეთი შემტევი საშუალება, რომელზეც აქამდე ლაპარაკობდნენ, როგორც ამერიკის წამლეკავ ბომბზე, როგორც ერთგვარ ლეგენდაზე.

ამჯერად ლეგენდამ პრაქტიკული მოქმედების სფეროში გადაინაცვლა. დადგა საკითხი, მის კვალზე უარი ხომ არ უნდა თქვან ამერიკელებმა თავიანთი მყისიერი დარტყმის კონცეფციაზე; ხომ არ უნდა გადაამუშაონ თავიანთი სამხედრო დოქტრინა. ამ იარაღის გამოჩენა ხომ არ დააფიქრებს ქვეყნებს, განაახლონ დიალოგი ბირთვულ იარაღზე კონტროლის დაწესების შესახებ, რომელიც ასე ერთბაშად და ხელის ერთი მოსმით შეწყვიტა ტრამპის ადმინისტრაციამ?

ექსპერტების აზრი ასეთია: ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული მიზანი რუსეთზე აბსოლუტური უპირატესობის მიღწევის შესახებ საბოლოოდ ჩაიფუშა. მეტიც, რუსეთი სულ უფრო უახლოვდება იმ დონეს, როცა მას ექნება შეერთებულ შტატებზე აბსოლუტური სტრატეგიული უპირატესობა. ამერიკელების საყოველთაო და ერთდროული დარტყმის კონცეფცია დაფუძნებულია “საზღვაო პლატფორმებზე”, მაგრამ მისი, სამხედრო ფლოტზე ბაზირებული და რუსეთის წინააღმდეგ მიმართული რაკეტები სრულიად არაეფექტიანია ახალ რუსულ რაკეტებთან შედარებით. აშშ-ს ამის საპასუხოდ არაფერი აქვს.

იანკებს ჯერჯერობით ეკონომიკური ომით ან შიდა არეულობით რუსეთის დამარცხების იმედი რჩებათ.

მაგრამ ეს სურვილების კატეგორიიდან არის და განისაზღვრება ამაო იმედით, რომელიც, ადრე თუ გვიან, ქრება.

ახალი სტრატეგიული იარაღის შესაქმნელად შტატებს კოლოსალური მოცულობის სახსრები დაჭირდებათ. მათი აკუმულირება კი (ეკონომისტების გათვლებით) მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ამერიკა მკვეთრად შეამცირებს მსოფლიოს მოდებული თავისი სამხედრო ბაზების დაფინანსებას, მაგრამ აშშ ამის გამკეთებელი არ არის. ეს ერთი.

მეორე:

თავისთავად ცხადია, რომ რუსეთი ერთი ადგილის ტკეპნას არ დაიწყებს და განაგრძობს თავისი შემტევი ძალის მოდიფიკაციას, რომლის შედეგად (სპეციალისტების აზრით) 2030 წლისთვის რუსეთს აშშზე სამხედრო უპირატესობა ექნება გაცილებით მეტი, ვიდრე დღეს აქვს.

ასეთ ვითარებაში აშშ, რა თქმა უნდა, ვერ განახორციელებს სერიოზულ სამხედრო ოპერაციას ჩინეთის წინააღმდეგაც კი, რუსეთზე არაფერი რომ არ ვთქვათ. ოცდაათიანი წლებისთვის, ამერიკელებისავე მტკიცებით, ჩინეთი რუსეთის დაუხმარებლადაც გაუმკლავდება აშშ-ის სამხედრო ძალებს, განავითარებს თავის სამხედრო პოტენციალს და შორეული აღმოსავლეთის რეგიონში, რუსეთის შემდეგ, უძლიერესი სახელმწიფო გახდება, რაც მკვეთრად შეცვლის მსოფლიოში გეოპოლიტიკურ ვითარებას, უწინარესად, შორეულ აღმოსავლეთში, შესაბამისად, ევროპაშიც.

რუსეთის პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა “პოსეიდონის” გამოცდა, რომელიც უსაშინელესი რამ არის, უწინარეს ყოვლისა, ამერიკელებისთვის.

რა რეაქცია გამოიწვია ამან აშშ-ის მმართველ ელიტაში? ამ შეკითხვით მიმართეს რუსმა ტელეჟურნალისტებმა ისრაელის ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, პოლიტოლოგსა და სამხედრო ექსპერტს _ იაკობ კედმის.

“არა მგონია, _ თქვა კედმიმ, _ კონგრესისა და სენატის წევრებს ჰქონდეთ იმის უნარი, გაარკვიონ, რაზეა საუბარი. გონებრივი განვითარება და ტექნიკური განათლება ამის საშუალებას არ აძლევთ, თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც თვლა ეხერხება.

პოსეიდონიისეთი იარაღია, რომელიც, თუ ამოქმედდა, ჩაძირავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, აღგვის პირისაგან მიწისა. არაფერს ვამბობ ისეთდიდებულსახელმწიფოზე, როგორიც დიდი ბრიტანეთია. საკმარისია, ერთი მხრიდან ამოქმედდეს ცუნამი (არა ორივე მხრიდან), რომ ბრიტანეთის კუნძულების შესახებ მხოლოდ მოგონება დარჩება.

ზოგიერთი ამერიკელი იმედოვნებს, რომ წყალქვეშა ზღურბლის სისტემები და წყალქვეშა თავდაცვა, რომელსაც აშენებენ, “პოსეიდონის” გამოყენების შესაძლებლობას აღკვეთს. ცოტათი რომ დაფიქრებულიყვნენ, მიხვდებოდნენ, რომ თავდაცვის წყალქვეშა სისტემები, რომელთა აგებას გეგმავენ, ისეთივე “ეფექტიანია”, როგორც ანტირაკეტული სისტემები ხმელეთზე. მათი დანგრევა, თანაც ძალიან სწრაფად, “პოსეიდონისთვის” პრობლემა არ არის.

ამ სახეობის იარაღი ემუქრება სრულად ამერიკის შეერთებულ შტატებს. რუსეთი სახმელეთო სახელმწიფოა. ასეთი იარაღის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ უაზრობაა, არაფრის მომცემია. ცუნამი ვერაფერს დააკლებს. აი შეერთებული შტატები კი ოკეანეებითაა გარემოცული. და თუ იგივე სივრცე, როგორც აქამდე სამართლიანად მიიჩნევდნენ, იცავდა ამერიკას, ამჯერად მისთვის ყველაზე დიდ საშიშროებად წარმოგვიდგება (“პოსეიდონის” გამოყენების შემთხვევაში). ამის საპასუხო ამერიკელებს არაფერი აქვთ”.

ის ახალი იარაღი, ანუ უპილოტო წყალქვეშა აპარატი, რომელიც ამ მიმოხილვის დასაწყისში ვახსენეთ, “პოსეიდონია”.

ცნობისთვის: მითოლოგიური ლექსიკონის მიხედვით, პოსეიდონი ზღვათა და ქარიშხალთა მეუფეა, “დედამიწის შემარყევარი, ზღვათა და ყველა მდინარე-წყალთა ყველა ღვთაების მბრძანებელიც”, ზევსის ძმაა. “თავზარსა სცემს თავისი გამოჩენით ყოველ არსებას და ყოველი მოვლენა, რომელიც ზღვიდან მოდის, მისი განგებით ხდება.

თუ სპილენძის ჩლიქებიანი მერნებით მშვიდად სადმე მიემგზავრება, ზღვა მშვიდდება და მობიბინე ველს ემსგავსება, მაგრამ, თუ რისხვით დაჰკრა ტალღებს თავისი საშინელი სამთითა ფიწალი, წარღვნის ტალღა ატორტმანდება; ქარიშხლები თავს აიშვებენ, გემებს ზღვათა წიაღი ჩანთქავს, ქვეყნებს წალეკავს და ქალაქებს დააქცევს, მიწას ძრავს, კლდეს ანგრევს და წყაროს გამოადენს”… (აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 420-421).

ქვეყნებს წალეკავს და ქალაქებს დააქცევსო!

მითი მატერიალისტურ განზომილებაში განხორციელდება

მიმოხილვა უცხოური მასალების მიხედვით მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here