Home რუბრიკები ისტორია არჩილ ჯორჯაძე და ეროვნული პრობლემა საქართველოში

არჩილ ჯორჯაძე და ეროვნული პრობლემა საქართველოში

2744
ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხაკო წერეთელი, არჩილ ჯორჯაძე, გიორგი დეკანოზიშვილი, სანდრო გაბუნია, კომანდო გოგელია

არჩილ ჯორჯაძე დიდი პატრიოტი, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი და სოციოლოგი, ძალზე ღრმად ჩასწვდა ქართულ სინამდვილეს. მან პირველმა დაიწყო ჩვენი ერის საზოგადოებრივი და ეროვნული მოძრაობის ისტორიის კვლევა.

მის თხზულებებს ამ მხრივ ფასდაუდებლად მიიჩნევს ივანე ჯავახიშვილი: “თქვენ ეხებით ისეთს საყურადღებო და საგულისხმო საკითხებს, რომლის გათვალისწინება და ცოდნა ყოველი ქართველისათვის არის საჭირო და სახელმძღვანელოდ ექნება თანამედროვე საზოგადოებას. თქვენის ნაწერებისა მე გულწრფელობა და პირუთვნელობა მომწონს, მიუდგომელი, ნამდვილის მეცნიერული მსჯელობა, მაგრამ ცივი და გულგრილი კი არა, არამედ მხურვალეს, შემატკივარ და თანამგრძნობ გულით დაწერილი. თქვენს გარდა, ჩვენში არავინ იკვლევს ჩვენი ერის საზოგადოებრივ და ეროვნულ მოძრაობის ისტორიას და თქვენი თხზულებები ამ მხრივ პირდაპირ დაუფასებელია. სწორედ საჭირო იყო ამ საკითხს შეჰხებოდნენ ჩვენ მწერლობაში, რომ ჩვენს თანამედროვე აზროვნებას და მსჯელობას მუდამ ღრმა საფუძვლიანობა ჰქონდეს და ხვალ არ დავიწყოთ ის, რაც გუშინ და გუშინწინ ნათქვამი და გაკეთებული იყო”. გთავაზობთ არჩილ ჯორჯაძის სტატიისეროვნული პრობლემა საქართველოშიფრაგმენტებს.

“ხალხი შევიწროებული და შეხუთულია, ხოლო მოადგებოდა რა მას მტერი, იგი ივიწყებდა თავის ვარამს, ხელს აძლევდა თავის მჩაგვრელს და მასთან ერთად მტერს ებრძოდა. ეტყობა, ის გარეშე მტერი მას უფრო მავნებელ მტრად მიიაჩდა, ვიდრე შინაური ბატონი, რომ, მიუხედავად ნივთიერ უთანასწორებისა, ჩვენი გლეხი რაღაცით დაკავშირებული იყო სხვა წოდებასთან. მას შინაური მონობა ერჩია გარეშე ძალის მონობას. ეს რაღაც იყო _ ენა, ზნე, ჩვეულება, სარწმუნოება, ისტორიული ტრადიცია და სხვა და ის სხვა _ ის, რასაც მეცნიერები ფიზიკურ ფაქტორს უწოდებენ. მაშასადამე, ჩვენი ხალხი თავის თავს იცავდა, იცავდა თავის მიწასა და სარწმუნოვებას.

ყველა ამისი დაცვა მას თავისუფლების დაცვად მიაჩნდა და გარეშე მტერს იგი უყურებდა, როგორც იმის სიცოცხლის და თავისუფლების დამამხობელს. ასე, რომ ძველ დროში ეროვნული კითხვა ქართველი ხალხის, სიცოცხლის და თავისუფლების კითხვა იყო. სიცოცხლე და თავისუფლება ხომ ხალხს თავისებურად ესმოდა.

ჩვენს დროში რაღა არის ეროვნული საკითხი?

რა ნიადაგზე შეიძლება შეთანხმება ორგვარი მოვლენისა _ ერთი მხრივ, ეროვნული თანხმობის, მეორე მხრივ, თანამედროვე ეკონომიური წინაღმდეგობისა, განხეთქილებისა?

რანაირად შეზავდეს ერთმანეთში კლასთა ბრძოლის პრინციპი და ეროვნება?

ამ კითხვის გამოკვლევისთვის ჩვენ დაბეჯითებით უნდა ვიცოდეთ ის, თუ რა არის ეროვნება ანუ ნაციონალიზმი, შეგნება იმ აზრისა, რომ მე, როგორც კერძო ადამიანს, მაქვს ნივთიერი და სულიერი კავშირი ჩემ ხალხთან. ხოლო საიდან წარმოდგება ეს კავშირი? იმ შეგნებიდან, რომ ეს კავშირი თავდებია სიცოცხლის, ბედნიერების და თავისუფლებისა. ისტორიულ მსვლელობაში ადამიანი ერთბაშად ვერ მიხვდა, რომ ყოველი ადამიანი ადამიანია, ვიდრე ის იმ აზრამდე მივიდოდა, მისთვის საჭირო იყო განვლილი გზა განევლო, ოჯახების შეერთებიდან თან-და-თან თემი შედგა, თემების შეერთებიდან – ხალხი და ხალხი ცნობიერების გაღვიძების წყალობით ერად იქცა. ასე რომ, მხოლოდ ის ხალხი ჩაითვლება ერად, რომელსაც აქვს თავის ხალხოსნობის შეგნება, თვითცნობიერება. მაშასადამე, ერი თვით მცოდნე ხალხია, ეროვნება _ შეგნება ნათესაობის და კავშირისა განსაზღვრულ ადამიანთა შორის, შეგნება აგრეთვე იმ აზრისა, რომ ეგ კავშირი სხვა, უფრო ძლიერ მტერთან ბრძოლისთვის აუცილებელი და უსაჭიროესი იარაღია”.

“…კიდევ ეროვნება და ეროვნების შესახებ ლაპარაკი! იფიქრებს მკითხველი.

წარსულ საუკუნის მეორე ნახევარში ამ საგნის გარშემო ტრიალებდა ქართველი ინტელიგენციის აზრი. ბევრი წერილი დაწერილა, ბევრი სჯა-ბაასი გამართულა ამ პრობლემის შესახებ. გადავდგით ფეხი მეოცე საუკუნეში და ისევ აგვეტუზა თვალწინ ისევ იგივე საგანი, ისევ აგვალაპარაკა, ისევ ჩაგვაფიქრა და გამოურკვეველ მდგომარეობაში ჩაგვაგდო.

და უნდა ვსთქვათ, რომ წინად ეროვნების შესახებ ლაპარაკი ქართველ პუბლიცისტიკისთვის ერთგვარი გულის მოსაფხანი საშვალება იყო. ეხლა ამ ლაპარაკს საქმიანობის ელფერი დაეტყო. პუბლიცისტი აღარ ჰგოდებს, აღარ იმსჭვალვება სევდით, იგი ეძებს პრაქტიკულ გზას, პრაქტიკულ პირობებს, რომელშიაც მას სწადია ეროვნული ცხოვრების ჩაყენება.

დღეს ეროვნული პრობლემა არა მარტო თეორიულ და რომანტიულ ინტერეს წარმოადგენს, არამედ სამკვიდრო-სასიცოცხლო საგანს, იმისთანა რამ საგანს, რომელიც ყოფს ქართველ ინტელიგენციას ორ დიდი ბანაკად, მაშინ, როდესაც ამ საგანს ორ პროგრესულ პარტიათა შორის ქიშპობა და მძულვარება კი არ უნდა გამოეწვია, არამედ შეთანხმებული და ერთი აზრით გამსჭვალული მოქმედება.

დღეს ჩვენს საზოგადოებაში სხვადასხვა კლასიფიკაციის საფუძვლად ეროვნული პრობლემა გახდა. არავინ დაეძებს, თუ რა მსოფლმხედველობის პატრონი ხართ საზოგადოდ, რა თვალით უყურებთ შრომის ორგანიზაცის საქმეს, რა გიყვართ ხელოვნებაში და რას ეძებთ, რას ესწრაფვით სიცოცხლეში. ყოველივე ეს დღეს საინტერესო არ არი. საინტერესოა მხოლოდ ერთი რამ, სახელდობრ ის, თუ როგორ გესმით ეროვნული პრობლემა; ავტომონომისტი ხართ თუ ავტონომიის მოწინაღმდეგე; ამაყად ატარებთ ქართველი კაცის სახელს თუ სირცხვილით იწვით, რომ განგებამ ქართველად გშობა და ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანად გაგაჩინა.

თუ აშკარაა და ნათელი ამ საგნის შესახებ თქვენი აზრი, დანარჩენი ყველაფერი ნათლით იფინება, თუ თქვენ იმდენად გულუბრყვილო ბრძანდებით, რომ ქართველობა არ გეთაკილებად, არც გეზიზღებათ, იცოდეთ შავრაზმელთა ჯგუფში უნდა ჩაირიცხოთ, ნაციონალისტის სამარცხვინო სახელი უნდა ატაროთ და წყვდიადი და ბნელეთია მაშინ თქვენი ხვედრი და, თუ გამოხვედით მოედანზე და შესძახეთ გულში ხელის ჩარტყმევით: ამხანაგებო, წარსული მძულს და აწყმო მეზიზრება-თქო, იცოდეთ, რომ თქვენი მომავალი უზრუნველყოფილია, შარავანდედით შეიმკობა თქვენი კოსმოპოლიტიკური გვამი და ქუჩაში გავლისას თქვენზე თითით მიანიშნებენ და იტყვიან: აი ჩვენი მხსნელი, აი თავისუფლების მოციქული და შავრაზმელ ნაციონალისტთა ამომგდებიო”.

არჩილ ჯორჯაძე ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ მაინც ძალზე ბევრის გაკეთება მოასწრო თავისი ქვეყნისთვის. ის იყო ქართველ რევოლუციონერთა I კონფერენციის მოწვევის ერთერთი ორგანიზატორი და მომხსენებელი. კონფერენცია გაიმართა 1904 წელს ჟენევაში. მას ესწრებოდნენ: ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხაკო წერეთელი, არჩილ ჯორჯაძე, გიორგი დეკანოზიშვილი, სანდრო გაბუნია და კომანდო გოგელია.

არჩილ ჯორჯაძემ თავის თანამოაზრეებთან ერთად მოითხოვა მეფის რუსეთის პოლიტიკური ძალაუფლების დეცენტრალიზაცია. რუსეთის ფედერაციული მოწყობა და მიწის სოციალიზაციის დემოკრატიული პროგრამის განხორციელება. ამ ჯგუფმა, არჩილის ინიციატივით, პირველმა დააყენა საქართველოს ავტონომიის შექმნის მოთხოვნა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ერის კონსოლიდაციისთვის.

ისევე, როგორც დღეს, არჩილ ჯორჯაძის დროსაც ქართველობა ახალი ცხოვრების დაწყების ზღურბლთან იდგა. არჩილი წერდა, რომის, რითაც გვიცხოვრია, დაძველდა, გაცვდა და ახალი გზის ახალი იდეალის ძიებაში ვართჩვენ დუღილის ხანაში ვართ. ეს ჩვენი სინორჩე, გამოურკვევლობა, “დუღილიუნდა გვახარებდეს, გვამხნევებდეს, რადგან ყოველივე ეს სიცოცხლის მომასწავებელია; რადგან სიცოცხლე მოლოდინია, მოლოდინი და რწმენა კი დიდი ბედნიერებაა, მაგრამ მარტო მოლოდინით ვერ დავკმაყოფილდებით, ვითარება და ჩვენი მოლოდინი საქმეს გვავალებს, ეს საქმე უნდა იყოს ცოცხალი, ცხოვრებისეული, მსჯელობას მოქმედება მოჰყვეს, ცოცხალი, მარტივი ქმედება, მაგრამ რას უნდა მივაქციოთ პირველ რიგში ყურადღება, რა უნდა იყოს ჩვენი პირველი საქმე? ამის გადაწყვეტა ძნელია, რადგან ჩვენში ბევრი რამაა გასაკეთებელი”.

ჯორჯაძე ილიასავით “მოყვარეს პირში უზრახეო”-ს პრინციპით ხელმძღვანელობდა, როცა წერდა, რომ ქართველები “ზარმაცები ხართ, არამუყაითნი, დაუდევარნი, არამტკიცე, აპილპილდებით მოკლე ხნით და გამუდმებული შრომა კი გეზარებათ. გატაცებით მოკიდებთ საქმეს ხელს, ხოლო მალე დატოვებთ დაუმთავრებელს. ოცნებობთ, განყენებულის თეორიებით ცხოვრობთ და გავიწყდებათ, რომ ოცნება, თეორია და პრაქტიკული ცხოვრება ერთი არაა, გიყვართ პოლიტიკაზე ბაასი, მაღალი, დიდი საქმეები და არ ფიქრობთ, რომ სინამდვილე უფრო პატარა საქმეებისაგან შედგება და დიდი საქმე იმსხვრევა, როცა ნიადაგი არა აქვს მომზადებული პატარა, ყოველდღიური მუშაობით. ყველას მაღალი თანამდებობა, დიპლომი, ჩინი, სამსახური გინდათ მაშინ, როცა საჭიროა პატიოსანი, ბეჯითი, მხნე, უბრალო მუშაკი, შემოქმედი ქვეყნის სიმდიდრისა, ახალი კულტურის გამავრცელებელი, ცხოვრების გამაუმჯობესებელი”.

ა. ჯორჯაძის აზრით, ქართული ეროვნება და ეროვნული ცნობიერება ქართულმა სახელმწიფომ (სამეფომ) შექმნა. დასუსტებული სახელმწიფოებრიობის პირობებში ქართული პოლიტიკა ცბიერებისა და დაუნდობლობის სფერო ხდება და ჩვენ ეროვნულ თვითშემეცნებას ძალადობისა და ამორალური პოლიტიკის დაღი აზის.

არჩილ ჯორჯაძე ქართული ეროვნული იდეალების შემუშავებისა და განხორციელების საქმეში მთავარ როლს ინტელიგენციას აკისრებდა.

იგი გამოყოფს “სამ უმთავრესს საკითხს ჩვენი ცხოვრებისა: ა) ქართული ენის დაცვა, ბ) ქართული ვაჭრობა-მრეწველობის შექმნა და გ) ქართული მეურნეობის ქართველთა ხელში დარჩენა”. ეს საკითხები დღესაც ისევე აქტუალურია.

მაგრამ პოლიტიკურ ძალებს არაფერი აინტერესებთ, პირადი ცხოვრების მოწყობისა და სენსაციების გარდა, ქვეყნის სატკივარზე ფიქრისთვის არ სცალიათ… ყველას უნდა ცხოვრების სუფრაზე უდარდელად წამოსკუპებაო.

არჩილ ჯორჯაძის აზრით, ქართველ ერს თავისი თავი დიდი იდეალების განმახორციელებლად ჰქონდა წარმოდგენილი, საქართველო კი _ დიდ მოვლენათა ასპარეზად. სინამდვილეში იდეალები ჩაკვდა და შეგვრჩა გაძარცული, უსაზრისოდ გარინდებული ქართული სინამდვილე.

საქართველო სოციოლოგიური და სოციალისტური პრობლემების გასარკვევი ლაბორატორია გვეგონა, გამოირკვა, რომ ჩვენ პატარა ხალხი ვართ, შემდგარი მეცხვარეების, მევენახეებისა და მიწათმოქმედთაგან. აღმოჩნდა, რომ ქართველ ხალხს არც საძოვარი აქვს ცხვრებისთვის და არც სახნავსათესები. ყველაფერი დაიკარგა, სხვა ერებმა მიითვისესდაღონებული და დასევდიანებული ვგრძნობთ, რომ ის, რასაც ვაკეთებთ, ნამდვილი საქმე არაა და ის, რითაც ვცხოვრობთ, აზრს და მიზანს მოკლებულია”. “როდესაც ერის განადგურების მოწმე ხდები, _ პირველი აზრი, რომელიც უნდა დაიბადოს ამ ხალხის გულის სიღრმეში თავისი ვინაობის დასაცავად და შესანარჩუნებლად, არის საერთო აღორძინების და საერთო მოქმედების იდეა”.

ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში ინტელიგენციასთან ერთად არჩილ ჯორჯაძე უდიდეს როლს აკისრებდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას “რომელიც ისტორიულად იყო ძალა, რომელსაც შეეძლო, ერი ეხსნა გადაგვარებისაგან და რომელიც მუდამ ჟამს მისი ინტერესების დაცვის სადარაჯოზე იდგა”.

1 COMMENT

  1. სტალინმა იმიტომ მოგვცა ყიზლარი, რომ იცოდა, „ქართველ ხალხს არც საძოვარი აქვს ცხვრებისთვის“… მაგრამ „პატრიოტებმა“ დაგვაკარგინეს ყიზლარი და ცხვარი. ამიტომ ამბობდა ბელადი: „საქართველოს თუ დაღუპავენ, ქართველი ნაციონალისტები დაღუპავენ“-ო. და დაღუპეს კიდეც!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here