დღეს “25-ე გვერდის” სტუმარია რუსული ჟურნალისტიკის გამორჩეული წარმომადგენელი, უნიკუმ ადამიანად მიჩნეული პუბლიცისტი, მწერალი და ტელეწამყვანი ანატოლი ვასერმანი. გთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების (რომელსაც ვასერმანი ამერიკის გაერთიანებულ სახელმწიფოებს უწოდებს) პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის მისეული შეფასების გადმოქართულებულ საგაზეთო ვერსიას.
ყველა ხვდებოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ _ არა ეუთო
აი, დემოკრატიების ფოკუსების ნაწილი: უცებ გამოჩნდა ფოსტით გაგზავნილი ასიათასობით ბიულეტენი მხოლოდ დემოკრატების კანდიდატის მხარდასაჭერად; უცებვე აღმოჩნდა, რომ ნევადაში უფრო მეტი ხმა არის, ვიდრე ერთად აღებული ყველა ადგილობრივი ამომრჩეველია; დედაქალაქის ოლქ კოლუმბიაში ზედმეტი მოინდომეს _ დაითვალეს, რომ ბაიდენს ხმა მისცა ამომრჩევლების 92-მა პროცენტმა, ტრამპს _ მხოლოდ ექვსმა. დედაქალაქში კი, სადაც მოქალაქეთა ლომის წილი მხარს უჭერს ვაჭრებს მეწარმეთა წინააღმდეგ, ასეთი სტატისტიკა არარეალურია.
ხოლო, როცა ტრამპმა “ტვიტერით” ეჭვი შეიტანა ამგვარი დათვლის პატიოსნებაში და სამართლიანობისა და კანონიერების დაცვა მოითხოვა, სოცქსელების პატრონებმა უცებვე დაბლოკეს მისი კრიტიკული შენიშვნა ზუსტად ისე, ბავშვებმა რომ იციან: თვალებზე ხელი აიფარეს _ დავიმალეთო, მაგრამ ჩვენ ხომ თვალნათლივ დავინახეთ მათი დემოკრატიის მშვენიერება.
როგორ მოიქცნენ ის უფლებადამცველები, რომლებიც გიჟური 90-იანი წლებიდან გვასწავლიან, როგორ უნდა მოვაწყოთ არჩევნები? ისინი საოცრად უკმაყოფილონი დარჩნენ იმით, რომ ჩვენ, გონებადაჩლუნგებულები, ვერ ჩავწვდით მათ დემოკრატიას და მოითხოვეს მეორე და მესამე ტური, როგორც თავის დროზე იუშჩენკოს სასარგებლოდ, და თავიანთი ბლოგერების მეშვეობით შესთავაზეს ამომრჩევლებს, შეიარაღებულიყვნენ ქოლგებით, ჩაეცვათ თბილად, შინიდან წამოეღოთ ყავა, კარგი განწყობა და შეკრებილიყვნენ კაპიტოლიუმთან, როგორც კიევის მაიდანზე. იქნებ იმისთვის, რომ განეცხადებინათ, არასოდეს მხარს არ დაუჭერდნენ ასე არჩეულ პრეზიდენტს?
არრააა!
ეუთო ღია ტექსტით აცხადებს: არჩევნები კონკურენტული იყო, კარგად ორგანიზებული, არჩევნების დღეს არ ყოფილა რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა. არადა, მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა, წიხლებით როგორ ტენიდა გლობალური ბიზნესი თეთრ სახლში თავის კანდიდატს და არ ეთაკილებოდა ისეთი აშკარა ფალსიფიკაციის, როგორიც ოყო, მაგალითად, დიდი ხნის წინათ გარდაცვლილთა სახელით ბაიდენის მხარდასაჭერი ბიულეტენების ფოსტით გაგზავნა და იმავე დროს ტრამპის მხარდამჭერი ბიულეტენების გაგზავნის აკრძალვა იყო, თურმე იმიტომ, რომ ამომრჩევლებს ბიულეტენები სხვა კალმით შემოეხაზათ.
თავისუფალი არჩევნების გაუპატიურებას პირდაპირ ეთერში მთელი პლანეტა ადევნებდა თვალს. ყველა ხვდებოდა, რაც ხდებოდა, დიახ, ყველა, მაგრამ არა ეუთო, რომელსაც ეს არჩევნები ძალიან მოეწონა.
დამარცხებულს ვინ შეუშლის ხელს, ძალა რომ გამოიყენოს?!
მაგრამ არჩევნები ამით არ დამთავრებულა. მაგალითად, კალიფორნიაში აღმოაჩინეს უბანი, რომელიც ვის მიერ იყო შექმნილი, მხოლოდ ალაჰმა უწყოდა და ახლა კიდევ დიდხანს მოუწევთ იმის გარკვევა, ვის უნდა მოსთხოვონ პასუხი იმის გამო, რომ აქედან ხმები უსასრულობაში გაიბნა და დაიკარგა. ზოგიერთ შტატში (სახელმწიფოში) არჩევნების შედეგები მხარეთა შორის ისე არის დაახლოებული, რომ ხმების გადათვლამ ან გაუქმებამ თუნდაც ერთ უბანზე შეიძლება რადიკალურად შეცვალოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგი ფედერაციის მასშტაბით.
ხომ ცნობილია, რომ თითოეული კანდიდატი თითოეულ სახელმწიფოში (შტატში) წარადგენს ხმოსანთა ერთ სიას და კოლეგიაში შევლენ ისინი, ვისი სიაც თუნდაც ერთი ხმით მეტს მიიღებს. 2000 წელს ფლორიდაში მხოლოდ ერთი უბნის შედეგით ამერიკის პრეზიდენტი გახდა ბუში, მიუხედავად იმისა, რომ მთელ ამერიკაში ელ გორმა მეტი ხმა დააგროვა. მაშინ აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ შეწყვეტილიყო ხელახალი შემოწმება იმ ბიულეტენებისა, რომლებშიც ამომრჩევლის სურვილი (შემოხაზვა პრეზიდენტის გვარის) მკვეთრად არ ჩანდა (მკრთალი იყო).
“სახედრების პარტიას” შესანიშნავად ესმის, რაც ელოდება, თუ დაცული იქნება კანონით დაწესებული ყველა პროცედურა.
როცა ერთ-ერთი მხარე გამოაცხადებს, რომ უეჭველად გაიმარჯვა, ვინ შეუშლის ხელს მეორე მხარეს, არ გამოიყენოს ძალისმიერი ღონისძიებები?! ფსონი დადებულია არა მხოლოდ იმაზე, თუ ვინ შევა ოვალურ კაბინეტში, არამედ მთელი ქვეყნის წინსვლის მიმართულების არჩევაზე, საკუთარი წარმოების აღორძინებისა და იმ ადამიანების ღირსების ჩამოყალიბებაზე, რომელთა შრომა აუცილებელია ყველა მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
რა უნდა გაკეთდეს მას შემდეგ, რაც ისინი თავიანთი გეგმების განხორციელებას შეუდგებიან?
ამბობენ, რომ, რადგან აშშ მსოფლიოზე ახდენს გავლენას, მისი პრეზიდენტიც მთელმა მსოფლიომ უნდა აირჩიოს. მაგრამ, ყველამ რომ ავირჩიოთ, უნდა გავარკვიოთ, რას დაგვმართებს თითოეული კანდიდატი.
პირდაპირი ტექსტით ვაცხადებ: ჩვენზე ზემოქმედებას არ შეამცირებს არც ტრამპის, არც ბაიდენის არჩევა.
სამი ათეული წლის წინათ, თითქოს გამოუვიდათ: სოციალიზმის სისტემა ევროპაში დაინგრა, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კოზირევი აშშ–ში თავის კოლეგას ეკითხებოდა: როგორია ამჟამად ჩვენი ეროვნული ინტერესები? ეს შეკითხვა ასე უნდა წავიკითხოთ: მზად ვართ ყველაფრისთვის აშშ–დან გადმოტანილი სამუშაო ადგილების სანაცვლოდ. ჩინეთი კი, რომელიც ეყრდნობა დაგროვებულ ეკონომიკურ ძლიერებას, აშენებს პოლიტიკურს.
ჭამის დიდი მადის დროება, როცა გლობალური ბიზნესი ტრილიონობით დოლარის ვალს ადებდა მომავალ თაობებს, მთავრდება, მაგრამ იგი ცდილობს, გაიხანგრძლივოს აგონია ნებისმიერი საშუალებით. მასმედიის ანგაჟირებული პროპაგანდა, რომელიც ცოტა ხნის წინათ რესპექტაბელური და დამოუკიდებელი გვეგონა, მაგალითად, “სი-ენ-ენი” და “ნიუ-იორკ თაიმსი”, თვალს ხუჭავს არჩევნების აშკარა ფალსიფიკაციაზე. “ყველაფერი ბაიდენის გამარჯვებისთვის!” იგი (ბაიდენი) გრომიკოსაც ხვდებოდა, ეძინა (ამომრჩევლებთან) შეხვედრებზე და ახლობლების სახელებიც კი ავიწყდებოდა. ამ ბებრუხანის ნაცვლად ქვეყნის სამართავად ტრანსნაციონალები ემზადებიან.
რის გაკეთებას გეგმავს “სიღრმისეული მთავრობა”?
აი, რა ათქმევინეს ბაიდენს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე: “პრეზიდენტი რომ გავხდები, დავუპირისპირდები პუტინს, გავაძლიერებ ნატოს. განვუმარტავ პუტინს, რომ ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევისთვის პასუხს აგებს”. მან პირობა დადო, რომ თავგანწირვით ითანამშრომლებს აშშ–ის მოკავშირეებთან, რათა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დააწესოს ახალი სანქციები, იპოვოს “სხვა საშუალებები მისი (რუსეთის) დანაკარგების გადიდებისა და მსოფლიო ასპარეზზე მისი იზოლაციის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის”.
ვალებისგან სიკვდილის პირამდე მისული რეიგანომიკა საბჭოთა კავშირის ხარჯზე გადარჩა, ამჟამად მათი გლობალური პროექტის დასასრულის დრო დადგა. და ახლა ცდილობენ 5-7 წლით გაიხანგრძლივონ არსებობა რუსეთის ხარჯზე.
აშშ–ში პოლიტიკური კონსულტაციების უმსხვილესი ცენტრის რჩევით ცეცხლს უკიდებენ რუსეთის რესპუბლიკებს; მინსკში, კიშინიოვში, ბიშკეკში წარმატებული და არცთუ წარმატებული გადატრიალებები, სისხლისღვრა აზერბაიჯან–სომხეთის ომში _ ნუთუ ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის?!
არჩევნები აშშ-ში უაღრესად ცუდად იყო ორგანიზებული. ამომრჩეველთა სიები საცხოვრებელი ადგილების მიხედვით არ ჰქონდათ შედგენილი, პირადობის მოწმობების წარდგენას არ სთხოვდნენ საარჩევნო უბნებში მისულ ამომრჩევლებს. არაფრის გამო კი არ ეწინააღმდეგება დემოკრატიული პარტია მიგრანტების ქვეყნიდან გაძევებას, არამედ იმიტომ, რომ ისინი ხმას აძლევენ დემოკრატებს, ამიტომ ერთი და იმავე ადამიანების მიყვანა რამდენიმე უბანში (კარუსელი) არათუ შესაძლებელია, არამედ ძალიან იოლად არის შესაძლებელი. ამ არჩევნებზე ფოსტით გაიგზავნა ბაიდენის მხარდამჭერი ბიულეტენები რამდენიმე წლის წინათ გარდაცვლილი ადამიანების მიერ. პენსილვანიაში ერთი საათის განმავლობაში ბაიდენის სასარგებლოდ მიცემული ხმების რაოდენობა ას ათასამდე გაიზარდა, ხოლო ტრამპის მხარდასაჭერად იმავე ერთი საათის განმავლობაში არც ერთ ამომრჩეველს ხმა არ მიუცია(?).
ღია ტექსტით გეკითხებით: ასეთი ფაქტების შემყურე ევროკავშირი რატომ არ აღშფოთდა? ბაიდენის გამარჯვება ევროკავშირს ხელს აძლევს, რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთი აშკარა დარღვევებით?!
დასავლეთის აღშფოთებაზე ორიენტირება არ ღირს _ ზედმეტად სათავისოდ არის მიზანდასახული. რაც უფრო დამოუკიდებელი ვიქნებით, მით უფრო კარგია ჩვენთვის.
ასე მიმართავს “ღია ტექსტით” ანატოლი ვასერმანი, უწინარეს ყოვლისა, რუსეთის მოქალაქეებს, მაგრამ, ჩვენც თუ წავიკითხავთ ამ მრავალმხრივ საინტერესო წერილს, დავფიქრდებით და გავაანალიზებთ, მგონი, ბევრ სასარგებლო მარცვალს ვიპოვით.
* * *
14 დეკემბერს ხმოსანთა კოლეგიამ არჩეულ პრეზიდენტად ბაიდენი გამოაცხადა.
ა.ს.