პარლამენტარი სალომე ზურაბიშვილი აშშ–ის სამხედრო ტექნიკის საქართველოში შემოყვანას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ვერ ვხედავ, რატომ გვიხარია, დაძაბულობა რომ მატულობს ჩვენს ირგვლივ და ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს… ამერიკული სამხედრო ტექნიკის გამოჩენა თავისთავად რას ემსახურება და რისი მომტანია, ჩემთვის ნათელი არაა… ეს არ არის, ჩვენ რომ გვგონია ან გვინდა, გვჯეროდეს ისეთი მკაფიო განაცხადი _ “ხელი არ ახლოთ, თორემ აქ ვართ და ნახავთო”… ამ ტექნიკის დემონსტრირების უკან რა დგას და, საერთოდ, რამე ჩანაფიქრი თუ დგას, ცოტა არ იყოს, მეეჭვება. არის კი ამერიკა მზად პასუხისთვის, მცოცავი ქმედებებიდან ღია აგრესიაზე რომ გადავიდეს ჩვენი ისედაც აღგზნებული მეზობელი? ვშიშობ, ახალ ადმინისტრაციას არც გამოცდილება აქვს და არც შორსმჭვრეტელური ხედვა ამ რეგიონის კონფლიქტების მოსაგვარებლად, არც მიდგომა, რუსეთი რომ შეაჩეროს. ამ დღეებში გავრცელებულ კადრებს აშშ უყურებს, როგორც კინოს, _ აი რა მაგრები ვართ და რუსების არ გვეშინიაო… მაგრამ ამის იქით გარანტია არ ჩანს”, _ დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.