Home რუბრიკები ეკონომიკა არის თუ არა საქართველო ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა

არის თუ არა საქართველო ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა

ვაჟა ბერიძე

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის ვრცელი ანგარიშის შემდეგ მოხსენებით წარდგა და ოპონენტების მწვავე კრიტიკის ფონზე სრულიად საქართველოს ამაყად აუწყა, რომ, მიუხედავად ყველა სირთულისა და გამოწვევისა, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას, ეკონომიკა სტაბილურად იზრდება და ვითარდება.

მისი თქმით, საქართველოს ამ მიმართულებით რეგიონში მოწინავე პოზიცია უკავია, რაც თურმე, პირველ რიგში, მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და სხვადასხვა საგარეო ფაქტორის პირდაპირი შედეგია. მისივე შეფასებით, ბოლო პერიოდში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ გატარებული სწორი რეფორმების შედეგად ქვეყანაში სოციალური ფონი უმჯობესდება, იზრდება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და, რაც მთავარია, სიღარიბის მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით, მცირდება.

თუმცა უმრავლესობის ლიდერს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ მიუხედავად ამ “სწორი და წარმატებული ღონისძიებებისა”, რომელმაც, ქვეყანას, თურმე, ნამდვილი ეკონომიკური ბუმი მოუტანა, ეროვნული ვალუტის კურსი დღითიდღე ეცემა და ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება, რაც ისედაც უმძიმეს სოციალურ პირობებში მყოფი თითოეული მოქალაქისთვის შემოსავლის შემცირებას, ფასების გამუდმებულ მატებასა და გაძვირებულ ცხოვრებას ნიშნავს; მას ასევე არაფერი უთქვამს იმაზე, რომ უმუშევრობის დონე ისევ კრიტიკულად მაღალია, რის გამოც ქვეყნიდან მოსახლეობის მასობრივად გადინება და საზღვარგარეთ იაფ მუშახელად გასვლა გრძელდება. არადა, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევებით ყველაზე მძიმე მაჩვენებლები სწორედ სოციალური მიმართულებებითაა. განსაკუთრებით საგანგაშო საკვები პროდუქტების ფასების ზრდის ტენდენციაა, რომელმაც უკვე შეიძლება ითქვას, შეუქცევადი ხასიათი მიიღო. მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში პურისა და პურპროდუქტების ფასები 10,2%-ით გაიზარდა (ეს შეეხო, როგორც ხორბლის პურს, ისე ფქვილის ფასსაც და, ჯამში, ამ ყველაფერმა ყველაზე მეტად საზოგადოების სოციალურად დაუცველ ნაწილზე იმოქმედა). თუმცა პური ერთადერთი საკვები პროდუქტი არ არის, რომლის ფასმაც უმოკლეს დროში ასე მკვეთრად მოიმატა, იმავე კვლევის თანახმად, 12,5%-ით გაძვირდა თევზეული და სხვა ზღვისპროდუქტები, 4,3 -ით ხორცი და ხორცპროდუქტები, 7,6%-ით ბოსტნეული, 2,5%-ით მინერალური წყლები, უაკოჰოლო სასმელები და წვენები. რაც შეეხება მომსახურების სფეროს, 3,4%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვა, რამაც მნიშვნელოვნად გააძვირა როგორც ამბულატორიული, ისე საავადმყოფოების მომსახურება. აგრეთვე გაძვირდა სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები (4,8%-ით), რაც ჯამში მატებით აისახა სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდაზე.

მოკლედ, განსხვავებით მთავრობის და საკანონმდებლო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისგან, რომელთა განცხადებებს, პარტიულ კრიზისსა და არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური პიარკეკლუცობის ელფერი უფრო დაჰკრავს, ვიდრე რეალურად საქმის კეთების მოტივაციის, სტატისტიკა გვეუბნება, რომ ეკონომიკა სულს ღაფავს. მიუხედავად ამისა, მთავარი და ყველაზე უტყუარი “სტატისტიკა”, რომელსაც მოსახლეობის რეალური ყოფა და ამ ყოფიდან გამომდინარე მისი განწყობები ქვია, ხელისუფლებისთვის ისევ მეორეხარიხოვან თემად, ისევ პოლიტიკური ვაჭრობის და სპეკულაციების საგანად რჩება…

არის თუ არა დღეს რეალურად საქართველო ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა და რამდენად რეალურია ამ თვალსაზრისით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის მიერ რიგგარეშე სხდომაზე გაკეთებული განცხადებები? “საქართველო და მსოფლიომ” შეფასებები ეკონომიკის ექსპერტებს სთხოვა.

ქვეყანა ვერ განვითარდება მხოლოდ ერთი მილიარდერის ინვესტიციებით

ვაჟა ბერიძე, ეკონომისტი:

_ თალაკვაძის განცხადების ფაქტობრივი მხარე, შეიძლება რეალობასთან ახლოს იდგეს, იმიტომ, რომ გარკვეული ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში მართლაც არის, მაგრამ ერთია ციფრები და მეორე _ როგორ აისახება ეს ყველაფერი მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. ჩემი აზრით, არ აისახება და ამას თავის მიზეზები აქვს. რაც შეეხება მიდგომებს, ვფიქრობ, ხელისუფლებას სწორი მიდგომები აქვს ეკონომიკის, როგორც პრობლემის და მოცემულობისადმი, მაგრამ ეკონომიკური პოლიტიკა ვერ ასახავს ამ მიდგომებს. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებას არ აქვს ეკონომიკური განვითარების კონცეფციური ხედვა, რაც არის მთავარი და აუცილებელი გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. სხვათა შორის, ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც რამდენიმე დღის წინათ გავიდა ეთერში, ივანიშვილმა განაცხადა, რომ რაც შეეძლოთ, გააკეთეს და მეტს ვერაფერს შემოგვთავაზებენ 2020 წლამდე. კი ბატონო, ეს საკმაოდ პირდაპირი და გულახდილი ნათქვამია, მაგრამ, თუ მეტს ვერაფერს გვთავაზობენ, გამოსავალი რა შეიძლება იყოს. ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში უნდა წახვიდე და დანიშნო რიგგარეშე არჩევნები, რათა სხვა ძალებმა განაგრძონ ქვეყნის განვითარება. სხვანაირად რამე არსებითი ცვლილების განხორციელება იმ დროს, როცა მმართველი პარტიის თავკაცი პირდაპირ გვეუბნება, რომ 2020 წლამდე პრაქტიკულად რამე ახალს და მნიშვნელოვანს არ უნდა ველოდოთ, ვერ წარმომიდგენია. ახალგაზრდა და გამოუცდელი გოგო-ბიჭების ბრავადა შეიძლება, ნუგეში იყოს ამ საზოგადოების საკმაოდ არასახარბიელო სოციალური მდგომარეობისთვის? _ რა თქმა უნდა, არა. აი, ეს არის რეალობა და არა ის, რომ ეკონომიკის ზრდა სადღაც რაღაც ციფრებში აისახება. კარგია, რომ აისახება, მაგრამ არასაკმარისია. საკმარისი მაშინ შეიძლება იყოს, როცა მოსახლეობის ცხოვრებაზეც აისახება.

_ გაქვთ მოლოდინი, რომ მომავალში აისახება?

_ სამწუხაროდ, არა. ამის საფუძველს რამდენიმე გარემოება მაძლევს. პირველი, ეს არის ელიტური კორუფცია და მისგან გამომდინარე კონკურენციის დაბალი დონე, რომელიც ბოლო პერიოდში სრულიად ახალ ეტაპზეა გადასული. ანუ, უკვე მთელი დარგებია, ეკონომიკისა და ბიზნესის, კარტელური ჯგუფების ხელში გადასული, რაც ბუნებრივია, სერიოზულად აფერხებს ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი. ასევე სერიოზული შემაფერხებელი გარემოებაა ტერიტორიული პრობლემაც, რომლის მოგვარების პერსპექტივა, სამწუხაროდ, ჯერ არ ჩანს. საერთოდ, ასეთ რეგიონში რთულია, შემოიყვანო მხსვილი ინვესტორები და დააინტერესო გრძელვადიანი პროექტების განსახორციელებლად. რაც შეეხება გამოსავალს, თეორიულად ეს ყველასთვის გასაგებია _ საჭიროა მეტი ინვესტიციები და არა ის, რომ ვიყოთ ერთადერთი ინვესტორის, ბიძინა ივანიშვილის, ამარა, რომელიც კი აკეთებს კარგ საქმეებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ქვეყანა ვერ განვითარდება მხოლოდ ერთი მილიარდერის ინვესტიციებით, თუმცა, კიდევ ვიმეორებ: ძალიან რთულია ამ კონფლიქტური რეგიონით სერიოზული ინვესტორების დაინტერესება. ყველა ფრთხილობს და ყველა აანალიზებს იმ შესაძლო გართულებებს, რომლებმაც მათ პროექტებს შეიძლება საფრთხე შეუქმნას.

_ ინფლაციის აღმოფხვრის მიმართულებით თუ არის ეფექტიანი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა?

_ ჩემი აზრით, ხელისუფლება ვერ ახერხებს ინფლაციის ნეგატიური შედეგების კომპენსირებას და ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ ამ პრობლემის მთავარ რეგულატორს, ეროვნულ ბანკს, მკაფიო და მყარად ჩამოყალიბებული ადეკვატური ეკონომიკური პოლიტიკა არ აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ძალიან რთულია იმის თქმა, რომ მომავალი იქნება უკეთესი. ვერ იქნება. ყოველ შემთხვევაში მე არ ველოდები უკეთესობისკენ მნიშვნელოვან ცვლილებას, რადგან, კიდევ ვიმეორებ: ვერ ვხედავ ქვეყანაში ამის ეკონომიკურ და პოლიტიკურ წინაპირობებს, რომლებიც, ბუნებრივია, ასევე მნიშვნელოვანია და დიდ როლს თამაშობს მიმდინარე პროცესებში.

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

დრო, როცა ვირტუალური კეთილდღეობის სურათით ძალაუფლების შენარჩუნება შესაძლებელი იყო, დასრულდა

გია ხუხაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი:

_ ციფრებს და სტატისტიკას თავი რომ დავანებოთ, ყველაფერი, საბოლოო ჯამში, იზომება მაცივრით. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ თუნდაც იყოს ეკონომიკური ზრდა, რომელიც სადღაც რომელიღაც ორგანიზაციის კვლევაშია კონკრეტული ციფრებით აღრიცხული, აზრი არ აქვს, თუ მოქალაქეების კეთილდღეობა არ იზრდება. რაც შეეხება განცხადებებს ამ ზრდაზე, ყველას კარგად გვახსოვს, რომ თავის დროზე სააკაშვილმა ტვინი წაიღო მსგავსი განცხადებებით და ზუსტად იმავეს ცდილობს დღევანდელი ხელისუფლებაც. თუმცა განსხვავებითნაციონალური მოძრაობისგან”, რომელიც ასევე ცინიკურად ცდილობდა მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, რომ თურმე ყველაფერი კარგადაა და ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, ესენი ამ კეთილდღეობის ვირტუალურ სურათს უფრო უნიჭოდ ქმნიან. რეალობა კიდევ არის ის, რომ მაცივარი იცლება, მიდის ინფლაციური პროცესები და პროდუქტები გამუდმებით ძვირდება. ამ დროს მოქალაქეების შემოსავლის ინდექსაცია არ მომხდარა. ჩნდება შეკითხვა, რა აზრი აქვს ციფრებში ასახულ ეკონომიკურ ზრდას, თუ მოსახლეობა მშიერია?!

_ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თებერვლის მონაცემებით, პურისა და პურპროდუქტების ფასებმა 10,2 %-ით მოიმატა, თევზი და თევზეული 12,5% –ით გაძვირდა, ხორცი 4,3%-ით, ბოსტნეული _ 7,6%-ით. როგორ აისახება ეს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე?

_ ეს არის სამომხმარებლო კალათა და, როდესაც ჩვენ მანიპულირებულ სტატისტიკას წარმოგვიდენენ რაღაც გაურკვეველი მეთოდიკით, რომლითაც გვარწმუნებენ, რომ თურმე ინფლაცია არის დაბალი, ამით არც არავის ცივა და არც არავის ცხელა. მოქალაქეებს აინტერესებთ, რა ღირს პური და არა რაღაც გაურკვეველი მეთოდოლოგიით გამოყვანილი ციფრები. ამ დროს ხელისუფლება დაკავებულია არა საქმით და საქმეზე ორიენტირებული მოქმედებებით, არამედ ცინიკური განცხადებებით. გასაგებია, მათ ჰგონიათ, რომ ამით რაღაც პოლიტიკურ პიარს იკეთებენ, მაგრამ ამაშიც ცდებიან. აღარ არის ეს უკვე პოლიტიკურად მომგებიანი, იმიტომ, რომ ადამიანები უყურებენ ამ ყველაფერს და ბრაზდებიან. საერთოდ, ის დრო, როცა ვირტუალური კეთილდღეობის სურათით ძალაუფლების შენარჩუნება შესაძლებელი იყო, ქართულ პოლიტიკაში დასრულდა. გავიარეთ ეს ეტაპი და ადამიანებმა გაარკვიეს, რომ ეს მხოლოდ პროპაგანდაა. ხელისუფლება კი განაგრძობს ამ პროპაგანდას და რაც დრო გადის, მით უფრო ცინიკური ხდება ეს ყველაფერი. ამიტომაც ეცემა მუდმივად ხელისუფლების რეიტინგი და ამიტომაც არის სულ უფრო რთული მისთვის ძალაუფლების შენარჩუნება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here