Home რუბრიკები ისტორია არის თუ არა მისაღები სამოქალაქო საზოგადოების ყველა ფენისთვის საბანკო მომსახურების არსებული სისტემა?

არის თუ არა მისაღები სამოქალაქო საზოგადოების ყველა ფენისთვის საბანკო მომსახურების არსებული სისტემა?

1113
დიმიტრი ყიფიანი

საქართველოში ბატონყმობის გადავარდნისთანავე გამოჩენილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი ყიფიანმა წამოაყენა ბანკის დაარსების იდეა.

გლეხების ყმობიდან განთავისუფლებისათვის უმაღლესმა ხელისუფლებამ მემამულეებს გარკვეული თანხა მისცა. თავდაპირველად, სწორედ ამ თანხის ნაწილის საფუძველზე სურდა დიმიტრი ყიფიანს საზოგადოებრივი ხასიათის ბანკის დაარსება, რომელიც დამყარებული იქნებოდა საადგილმამულო კრედიტზე. მანვე შეიმუშავა ბანკის საგანგებო წესდების პროექტიც, რომელიც თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ 1867 წლის 6 მაისს ერთხმად მოიწონა, ხოლო 8 მაისის სხდომაზე არჩეული იყო ბანკის წესდების პროექტის შემმუშავებელი სარედაქციო კომიტეტი გრიგოლ ორბელიანის, დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძისა და სხვათა შემადგენლობით. სწორედ ამ დღიდან იწყება ილია ჭავჭავაძის შეუპოვარი ბრძოლა პირველი ქართული ბანკის დაარსებისთვის, რომელიც 1875 წელს გაიხსნა კიდეც.

XIX საუკუნის ბოლოს საქართველოში თითქმის არ ყოფილა ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიკური და კულტურული განვითარების არც ერთი საყურადღებო საკითხი, რომელიც ამა თუ იმ თვალსაზრისით საადგილმამულო ბანკის მრავალმხრივ მოღვაწეობას არ დაკავშირებოდა.

თბილისისა და ქუთაისის საადგილმამულო ბანკები მთელი საქართველოს მოწინავე საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამ საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობაში აქტიურად ჩაება მოწინავე ქართველი ინტელიგენცია.

საადგილმამულო ბანკში მიწები იდებოდა გირაოდ და თავადებზე გაიცემოდა გარკვეული თანხა, ხოლო ნაყმევ გლეხებს სესხად ეძლეოდათ მიწის გამოსყიდვის საფასური, რაც თავიდან აცილებდა გლეხობას მიწისაგან მოწყვეტას, განაპირობებდა სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური დარგის შენარჩუნებას და ხელს უშლიდა გლეხების მიგრაციას.

საყურადღებოა, რომ ილია ჭავჭავაძემ საოცარი სიზუსტით შექმნა საბანკო მომსახურების ისეთი სისტემა, რომელიც მაშინდელი სამოქალაქო საზოგადოების ყველა ფენისთვის მისაღები აღმოჩნდა.

XIX საუკუნის ბოლოს ქართული პრესის ფურცლებზე აქტიურად შუქდებოდა საქართველოში ახალდაწყებული საბანკო საქმიანობა. განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდნენ გაზეთები: “დროება”, “ივერია”, “კვალი” და სხვ.

* საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი “ივერია” (#79, 1890 წლის 17 აპრილი) ახალ ამბებში წერდა:

“ბანკის საზოგადო კრებაზე 15 აპრილს საუბარი გაიმართა დივიდენდის თაობაზე და იმის შესახებ, რომ, თუ შესაძლოა, მალე მოჰშორდეს ვალი არწრუნისეულს ქარვასლას, რომელიც ბანკს დარჩა საკუთრებად. გრძელის საუბარის შემდეგ დივიდენდის შესახებ დადგენილ იქმნა საკენჭოდ კითხვა: დარჩეს დივიდენდი თუ მოისპოს. რადგანაც ამ საგანს უნდა მოჰყვეს წესდების შეცვლა ($ 89) და წესდების ძალითვე, რაკი შეცვლაზეა საუბარი, უსათუოდ კრების ორმა მესამედმა წილმა უნდა გადასწყვიტოს საქმე, თავმჯდომარემ გამოუცხადა ეს წესი კრებას. კრებამ კენჭი უყარა ამ საგანს და ორი მესამედი ხმა არ შესდგა, რადგანაც დივიდენდის მომხრენი აღმოჩნდნენ 87 და წინააღმდეგნი 166 ხმა, ესე იგი ორ მესამედს დააკლდა რვა ხმა. გამგეობამ და სხვათა მოსამსახურეთა ამ კენჭის ყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. შესახებ ქარვასლისა დადგენილ იქმნა: ამ ქარვასლაზედ დარჩენილ ვალის მოსაშორებლად განჩენილ იქმნას, რომ ყოველს წელიწადს ბანკის მოგებიდამ ინიშნებოდეს ამ ვალის გადასახდელი ფული და გამგეობამ ზედამხედველ კომიტეტთან ერთად ყოველ წლივ წარმოუდგინოს კრებას, რამდენი ფულია შესაძლო გადიდოს ხოლმე ამ ვალის მოსაშორებლად მოგებიდამაო. სხვა საქმეები გადიდო მეორე დღისათვის.

მეორე დღეს, 16 აპრილს, ზედამხედველმა კომიტეტმა წაიკითხა პროტოკოლი და წაკითხვის დროს შენიშნულ იქმნა ზოგიერთის წევრისაგან, რომ შესახებ ქარვასლაზე არსებულ ვალისა პროტოკოლი ისე არ არის შემდგარიო, რადგან გუშინ დადგენილ იქმნა, რომ შვიდის წლის განმავლობაში ოთხ-ოთხი ათასი თუმანი წელიწადში ამ ვალის მოსაშორებლად გადადებულ იქმნასო. ასტყდა ამაზე ლაპარაკი და ბოლოს იმითი გათავდა, რომ, როგორც პროტოკოლშია მოხსენებული, ისევ ისე დარჩესო.

შემდეგ ამისა, ჩამოვარდა საუბარი მასზედ, რომ გუშინდელ კრებაზე არ შესდგა წესდების მოთხოვნილებისამებრ ორი მესამედი რიცხვი მთელის კრების ხმისა და ამის გამო დივიდენდი დარჩა, მაგრამ დღეს ყოველთ უწინარეს საჭიროა, გაისინჯოს $ 89 და მუხლი დივიდენდის თაობაზედ შეიცვალოს თუ არა. კრებამ ერთ-ხმივ გადასწყვიტა, რომ შეიცვალოსო. ამ განაჩენის გამოცხადების მერმედ კრებას ეკითხა, როგორ და რა გვარად გსურთ შეიცვალოსო. გრძელის საუბარის შემდეგ დადგენილ იქმნა, რომ კრებაში ამ საგანზე სამი აზრი წარმოითქვაო: ერთი ზედამხედველ კომიტეტისა, რომ დარჩეს იგივე დივიდენდი, რაც ეხლაა, მანამ ჯამაგირები გაუორკეცდებათ გამგეობას და დამფასებელ კამისიას, და რაკი გაუორკეცდებათ, მაშინ გამგეობას დანარჩენიდამ სამი პროცენტი მიეცეს და დამფასებელ კამისიას პროცენტ ნახევარი. დანარჩენს მოსამსახურეებს უწინდელებრ მიეცეთ დივიდენდიო. რაც ამ გზით ძირს დარჩება, ის მიემატოს საზოგადო საჭიროებისათვის გადასადებ ფულსაო. მეორე ის აზრი იყო, რომ ეხლანდელის დივიდენდის ნახევარი დარჩესო, ესე იგი, ოცის პროცენტის მაგიერ ათი პროცენტი მიეცეთო იმ დრომდე, ვიდრე ჯამაგირები გაუორკეცდება ბანკში მოსამსახურეებს, და მას შემდეგ მოსპობილ იქმნასო. მესამე აზრი ის იყო, რომ, ოცის მაგიერ, ათი პროცენტი დარჩეს სამუდამოდაო, იმისდა მიუხედავად რამდენიც უნდა, შესდგეს ამ გზით ჯამაგირიო.

ამ სამსავე აზრს უყარეს კენჭი და აღმოჩნდა: ზედამხედველ კომიტეტის და გამგეობის აზრს ამოუვიდა თეთრი კენჭი 74 და შავი 182, მეორე აზრს _ 217 თეთრი და 38 შავი და მესამეს _ 82 თეთრი და 174 შავი. ამ სახით დივიდენდი დარჩა ისე, რომ ოცის მაგიერ ათი პროცენტი დარჩეს, ხუთი გამგეობისათვის და ხუთი დანარჩენ მოსამსახურეებისათვის იმ პირობით, რომ, როცა ამ გზით ჯამაგირები გაუორკეცდებათ, დივიდენდი მოისპოს და, რაც ამას ფული მორჩება, საზოგადო საჭიროებას მოხმარდესო. დანარჩენ საქმეებისათვის კრება გადიდო 16 აპრილსავე საღამოს 6 საათისათვის”.

* “გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არც ერთ სხვა საკითხზე იმდენი დავა და კამათი არ ყოფილა, როგორიც თბილისისა და ქუთაისის ბანკების გარშემო იმართებოდა. კაცი ვერ მოთვლის, რამდენი ერთმანეთის მსგავსი და მოწინააღმდეგე აზრი გამოითქვა, როგორც ეს სათავადაზნაურო ბანკების დაარსების თუ მათი დანიშნულების თაობაზე გამოითქვა. ზოგი იმასაც კი ამტკიცებდა, ქართულ თავადაზნაურობას ბანკი და კრედიტი არ გამოადგებაო”, _ წერდა სერგი მესხი.

* ილია ჭავჭავაძეს ყველაზე ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი ქვეყნისთვის ბანკის როლი და დანიშნულება:

“შეუძლებელია, რომ ბანკმა თვითოეულს ჩვენგანს ცალკე სესხის მეტი სხვა რამ შემწეობა მოუტანოს, უწინაც მითქვამს და ახლაც მოგახსენებთ, რომ ბანკი ამ მხრით, ე.ი., იმით, რომ ფულს ასესხებს, კაცის ამშენებელიც არის და დამღუპველიც. ვინც ბეჯითია და მხნე, ვისაც გონება აქვს, გულმოდგინე შრომის სურვილი და მხოლოდ ფული აკლია, რომ თავისი საქმე წარმართოს, ღვთის წყალობა თქვენა გაქვთ, რომ იმისათვის ბანკი ყოვლად მხსნელი სახსარი იყოს.

კაცი ბეჯითი, მხნე, შრომისმოყვარე რამოდენასაც თავის თავს შეჰმატებს ჩვენის ბანკის შემწეობით, იმოდენას შეჰმატებს ჩვენს ქვეყანასაცა, თავის შემოსავალს ოცი კოდიც რომ მოუმატოს, ჩვენი ქვეყანა უწინდელზედ ოცი კოდით უფრო მდიდარი შეიქნება იმის მეოხებით და ჩვენი ბანკის შემწეობით. ისინი კი, ვისაც ბანკი უხარიათ მარტო იმისათვის, რომ ფულს მალე ვისესხებთ და იმ ფულებით ქეიფს გავწევთო, იმათთვის, არამც თუ ჩვენი ბანკი, ყოველგვარი ბანკი წინდაწინვე გათხრილი სამარეა”.

* პრესაში ისიც იბეჭდებოდა, რომ, სამწუხაროდ, ბანკის დამფუძნებელ თავადაზნაურთა უმრავლესობამ ვერ გამოიყენა რაციონალურად ბანკის შემწეობა და ამას ის შედეგი მოჰყვა, რასაც ილია ჭავჭავაძე წინასწარმეტყველებდაო. ანუ, ბანკის დანიშნულებით, მემამულეებისათვის მიეცა გრძელვადიანი სესხი მამულის გასაუმჯობესებლად, ქართველმა თავადაზნაურობამ ვერ ისარგებლა:

ისინი მამულებს აგირავებენ, ფულს იღებენ, მაგრამ ამ ფულს გონივრულად ვერ იყენებენ, დროსტარებაში ხარჯავენ, სანამ ნასესხები ფული გასწვდებათ მას სარგებელი შემოაქვთ ბანკში, როცა შემოაკლდებათ კიდევ ახალახალ ნაკვეთებს აგირავებენ; თუ ამ საშუალებას მოკლებული არიან ბანკის გამგეობა ვადაგადაცილებულ დაგირავებულ მამულს, საჯარო ვაჭრობით ყიდის და ასე ეცლებათ მათ თავიანთი ადგილმამული ხელიდან. ამ მდგომარეობის გამო მემამულეები ბანკის გამგეობაზე უკმაყოფილო რჩებიან და მათ შორის დამოკიდებულება იძაბება”.

* “მომავალი ბანკიდან გაკეთებას და სულის ჩადგმას ელის ჩვენი გაღატაკებული საზოგადოება. იმან წელი უნდა გაუმაგროს ჩვენს აზნაურობას და მომავალი დაუმზადოს შემდეგ თაობას, იმაზე ბრუნავს მთელი მხარის იმედი და იმას შეჩერებია, მისგან დახსნას მოელის მთელი ჩვენი ქვეყანა”, _ წერდა ნიკო ნიკოლაძე 1873 წელს.

* “ბანკი თავადაზნაურობამ დააწესა იმ განზრახვით, რომ მისგან შეწირული ფული სესხად მოეფინოს ჩვენს ქვეყანასა, მაგრამ ისე მოეფინოს, რომ მაგ ფულს ერთი გროშიც არ დაეკარგოს, სესხმა ფული ასარგებლოს, ფულმა ფული მოიგოს და მხოლოდ ამ მოგებიდან უფრო ბევრი წილი ჩვენის ქვეყნის საერთო საჭიროებას მოხმარდეს და ზოგი კიდევ ღარიბთაც გაუნაწილდეს, იმ ღარიბთ, რომელნიც რომელიმე უბედურობის გამო სიღარიბეში ჩაცვივნულან და არა იმათ, ვინც გულაღმა წვანან, გულზედ ფაფუკი ხელები დაუკრეფნიათ, პირი დაუღიათ და ჰყვირიან მასავით და მაჭამეთო”, _ წერდა ილია ჭავჭავაძე.

სტატისტიკის მიხედვით, დღეს საქართველოში ყოველი 1000 კაციდან 800-ს ბანკის ვალი აქვს, ანუ ილიას შეგონება, რომ ზოგჯერ აუცილებელია უარყოფილი იქნეს “კერძო ინტერესი მოგებით სარგებლობისა საზოგადო სიკეთისა და საჭიროებისათვის”, უარყოფილია. დღეს ბანკთან საქმის დაჭერა იმას ნიშნავს, რომ მის ვალს, მის მიერ დაწესებული მაღალი პროცენტის გამო, ვერასოდეს გადაიხდი.

და ცხადია, ის კეთილსინდისიერი მოქალაქეები, რომლებიც პატიოსნად წლობით უხდიან “მოწყალე” ბანკებს “ხარკს”, სიღარიბეს თავს ვერ დააღწევენ, სანამ ეს “ხელის გამმართავი” მათი ჯიბეების დაცარიელებაზე “სულგრძელად” არ იტყვის უარს.

ეს იქნებოდა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოსახლეობის სიღარიბის დასაძლევად, მაგრამ ქალაქის ქუჩებში ნაგვის ურნებში საარსებო სარჩოს მაძებარი, უპოვარი ადამიანების საცოდაობაც კი არ უჩუყებს გულს არც ხელისუფალთ და არც ბანკების მაძღარ მმართველებს…

აი ეს არის დღეს ჩვენი კიდევ ერთი წყევლაკრულვიანი საკითხავი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here