Home რუბრიკები საზოგადოება არავინ არაფერს გვიკეთებს ისე, თუ თვითონ დიდი სარგებელი არ ნახა

არავინ არაფერს გვიკეთებს ისე, თუ თვითონ დიდი სარგებელი არ ნახა

960
არავინ არაფერს გვიკეთებს ისე, თუ თვითონ დიდი სარგებელი არ ნახა

წუთისოფლის სუფრა ჩვეულების სუფრა არ არის: ამ სუფრაზედ ყველამ თავის საკუთარი კერძი თვითონ უნდა მოიტანოს

ერთგან ილია ამბობს: “მამულის ხსენებაზედ ეხლანდელს ქონდრისკაცს თავისი ნეხვდაყრილი სახნავი მიწა წარმოუდგება ხოლმეო”, მამულისათვის ბრძოლა მისთვის სასამართლოში შეტანილი საკუთარი საჩივარია, მამულის სიძლიერე კი _ მის ვენახს შემორტყმული ტყრუშული ღობეო; რაც შეეხება მამულიშვილობას _ ეს მხოლოდ მხვნელისა და მთესველის სახელიღააო.

დღეს რას იტყოდა ერის მამა, როცა არც მხვნელი გვყავს და არც მთესველი, როცა უზარმაზარ სახნავსათეს ფართობებზე აქაიქ თუა კაცის ხელი შევლებული?

ან ძლიერთა ამა ქვეყნისა, რომელთაც სახეზე დიდი ასოებით აწერიათგავძეხი”, მამულის ხსენებაზე, უპირველესად, რა გაუელვებთ გონებაში?

სანუგეშო ვერაფერი?

სწორედ ეს არის ჩვენი უბედურება.

და კიდევ ის, რომსულ სხვის იმედითა ვცხოვრობთ, სულ სხვისგან მოველით შველას და ჩვენ თითონკი ხელს არა ვძრავთ, რომ თავს ვუშველოთ”.

სამადლოდ გაწვდილი ხელის შემყურეს კი, შესაძლია, გამოხრული ძვალიც არ ერგოს.

ილიას ქვეყნის პირველ ქვაკუთხედად გლეხობა, მუშა ხალხი მიაჩნია, “ვინც ისტორიულ ქარტეხილს, წვადაგვას გაუძლო და ქვეყანა გააშენა”. ეს ადამიანები არიან ჩვენი მუხის _ საქართველოს ფესვები, “დეე კენწეროები გაუხმეს ხეს, ფოთლები შემოსცვდეს, ყვავილები, ყვავილები შემოაჭკნეს, _ არა უშავს რა, ოღონდ ძალა და ღონე არ გამოელიოს ფესვებს, _ ხელახლა შეიმოსება ფოთლით და ყვავილით და უხვად გამოიღებს ნაყოფს”.

ხე არ კვდება, თუ ფესვები მაგარი და ღონიერი აქვსო.

ამ ლოგიკით დღევანდელ საქართველოს ფესვებს, კარგა ხანია, ძალა გამოცლილი აქვს, რადგან ერთ დროს მიწათმოქმედი ჩვენი ქვეყნის სოფლებს მოსახლეობა ტოვებს _ ადამიანები გაურბიან სიდუხჭირეს, გაჭირვებას, ხელმოკლეობას

თუმცა არის სოფლის განვითარების პროგრამები, რაღაც ხელშეწყობის პროექტებიროგორც ჩანს, სოფლის მეურნეობა ჩვენში ჯეროვან სიმაღლეზე არ დგას და მის განვითარებას ბევრი მიზეზი აბრკოლებს _ ზოგი სოციალური, ზოგი იურიდიული, ზოგი წმინდა ეკონომიკური და ხელისუფლების მცდელობები არ არის საკმარისი გლეხის გასაღონიერებლად.

2017 წლის 16 მარტს საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების სტრატეგია წარადგინა, რომელიც 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების საკვანძო საკითხებს განსაზღვრავს. როგორც მაშინ გვითხრეს, სოფლის განვითარების სტრატეგია წარმოადგენს საქართველოს სოფლის განვითარების ახალ ხედვას, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეყრდნობა და სტრატეგიის განხორციელება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას, სამოქალაქო ჩართულობას და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასო. შედეგად, ევროკავშირის ხელშეწყობით სოფლად სიღარიბე შემცირდება და სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური შესაძლებლობები გაიზრდებაო.

ჰოდა, თუ გლეხებიამზადებენ იმ საკვებავ წვენს, რომლითაც საზრდო და ღონე ეძლევა მუხის მთელ ტანს, ამათი მეოხებით იმოსება ხე ფოთლებით, ყვავილებით და მოაქვს ნაყოფი”, მაშინ მეტი ძალისხმევაა საჭირო სწორი ნაბიჯების მისაგნებად და არა იმის ლოდინი, სამადლოდ ვინმე რას გვიწყალობებს.

 თუმცა რა სამადლოდ?! ფაქტია, რომ არავინ არაფერს გვიკეთებს ისე, თუ თვითონ დიდი სარგებელი არ ნახა

მოვუსმინოთ ისევ ილიას:

* “არ არის არც ერთი იმისთანა გაჭირება, რომელსაც ცხოვრება კარზედ მოგვაყენებს ხოლმე, რომ ჩვენმა თავადაზნაურობამ მაშინვე თვალი არ გაახილოს, იმისათვის კი არა, რომ თვითონ თავის თაოსნობასა და მხნეობაში მოიპოვოს ღონე ხსნისა, არამედ იმისათვის, რომ თავის გარეთ, ხელფეხგაუნძრევლად, გაურჯელად _ სამადლოდ ხელი ვისმე გამოაწვდევინოს საშველად. თუ ეს სამადლოდ გამოწვდილი ხელი იპოვა, ხომ რა კარგი, თუ არადა, დაიკრებს ხოლმე გულზედ ხელებს და წუწუნებს, ვაი რა მეშველებაო, არავინ არა მშველისო” (“თავადაზნაურობის გულგრილობა სწავლაგანათლების საქმეში”. 1886 . 8 აპრილი).

არავინ არაფერს გვიკეთებს ისე, თუ თვითონ დიდი სარგებელი არ ნახა

* “ამისთანა საკუთარი სულმოკლეობა, მარტო სხვის სულგრძელობაზედ დამყარებული, კარგს არას მოასწავებს. პირიქით, რამოდენადაც დიდს ხანს გასტანს და დიდს მანძილს გაივლის, იმოდენად გაათახსირებს, მოადუნებს, მოაკვდენს თვითარსებობის ძალ-ღონესა. წუთი-სოფლის სუფრა ჩვეულების სუფრა არ არის: ამ სუფრაზედ ყველამ თავის საკუთარი კერძი თვითონ უნდა მოიტანოს და დაიდგას, თვითონ უნდა მოჰთესოს, მოჰხნას, მოიმკოს, მოზილოს და გამოაცხოს თავისი არსებითი პური. ამაების იქით ხსნა არ არის და ტყუილად ჰფიქრობენ, ვითომც ეხლანდელ დროში სხვისით რჩენა შეიძლებოდეს. წავიდა ის დრო სამუდამოდ და დღეს ვინც თვითონ არის გამრჯელი და მხნე, ბურთი და მოედანი ცხოვრებისა, კეთილისა და ბედნიერებისა იმისია და მარტო იმისი” (“თავად-აზნაურობის გულგრილობა სწავლა-განათლების საქმეში”. 1886 წ. 8 აპრილი).

* “კაცი როცა მარტო სხვის ხელს შეჰყურებს, _ აცა როდის რას მომაწვდისო, როცა მარტო სხვის გულს შეჰკნავის, ღვთის გულისათვის მიშველე რამეო, იგი მათხოვარაა უქმი და არა მომქმედი და გამრჯელი (“ქალთა სასწავლებელი”. 1889 წ. 6 მარტი).

* “აქ ნაგრძნობია და ჰო-უარაოდ აღიარებული, რომ სხვის ხელში ყურება, სხვისგან მანანას ლოდინი, სხვისი ხვეწნა და მუდარება, სხვაზე ჩივილი _ გვჭამს და გვყვლეფავსო, არიქა გვიშველეთ ვიღუპებითო, _ ვერაფერი ხიდია ჭირიდამ გამოსვლისათვის, ნამეტნავად მაშინ, როცა ჩვენ თვითონ ხელი გულს დაგვიკრებია, არას ვნაღვლობთ, არას ვდარდობთ და მარტო ჩივილ-ყვირილის მეტს არას ვაკეთებთ” (“კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი”. 1895 წ. 3 დეკემბერი).

* “ჩვენი განუყრელი უბედურება ის არის, რომ სულ სხვის იმედითა ვცხოვრობთ, სულ სხვისგან მოველით შველას და ჩვენ თითონკი ხელს არა ვძრავთ, რომ თავს ვუშველოთ (“ფილოქსერა”. 1889 წ. 19 ოქტომბერი).

* “თუ ადგილის კაცნი ამ გზით მხარდამხარ არ მიჰყვებიან მთავრობას, მარტო მთავრობა აქ ბევრს ვერაფერს გახდება და, ვინ იცის, იქნება მისმა ჯაფამ და ხარჯმაც უბრალოდ ჩაიაროს და ჩვენც ბევრი არა გვეშველოს-რა” (“ფილოქსერა”. 1889 წ. 19 ოქტომბერი).

* “დროა, გონზედ მოვიდეთ და დაუვიწყარად გვახსოვდეს, რომ რასაც კაცი თავის თავს თავის მხნეობით უშველის, იმას სხვა ვერ უშველის” (“ფილოქსერა”. 1889 წ. 19 ოქტომბერი).

* “სხვა გზა ის არის, რომ ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუგულადოთ და ამისათვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ და ამ წინდებულს ახალს წელიწადს იმას ვაქმნევინებთ, რაც ჩვენ გვინდა, და არა იმას, რაც მასა ჰსურს. ვიმხნეოთ ერთად-ერთის გულით, ერთის სულით, ერთმანეთის ნდობით” (“საახალწლოდ”, 1898 წ. 31 დეკემბერი).

არავინ არაფერს გვიკეთებს ისე, თუ თვითონ დიდი სარგებელი არ ნახა

* “ამ წლიწადმა ცხადის მაგალითებით დაგვიმტკიცა, რომ ქართველობამ, აქამდის ერთმანეთზედ დაშორებულმა, აქამდის ცალ-ცალკედ მოარულმა, იგრძნო, რომ ეგრეთს ყოფნა მწვადსაც სწვავს და შამფურსაცა, თვითოეულს კაცსაც ავნებს და მთელს საზოგადოებასაც; იგრძნო ეს ტკივილი და მალამოც უპოვა. იგრძნო, რომ ღონე ერთობაშია, ერთად თავ-მოყრაში, ერთად საერთო უღელის წევაში, ერთმანეთის მხარის მიცემაში. იგრძნო და გაშალა ხელი კიდეც, რომ დაქსაქსული, გაფანტული, ცალ-ცალკედ მოარული ღონე _ ქონებითი და გონებითი _ ერთს კვალში ჩაეყენებინა საერთო და საყოველთაო მოქმედებისათვის” (“ვისს ნათესსა ვმკით?”. 1879 წ. 31 დეკემბერი).

* “კვამლი ფრიად სასიამოვნოა, _ პირველი იმისათვის, რომ კვამლი თვალს ეფარება და მართლჭვრეტას უშლის, მეორე იმისათვის, რომ კვამლი ხშირად თვალიდამ ცრემლს გვაყრევინებს ხოლმე. ოჰ, მამულის კვამლო, მართლა-და ტკბილი და სასიამოვნო ხარ: ხანდისხან ისე აგვიბამ თვალებს ხოლმე, რომ ჩვენ ჩვენს საკუთარ უბედურებასაც ვერა ვხედავთ” (“მგზავრის წერილები”. 1861 წ.).

* “მამული!.. ამ სიტყვის ყოვლადმპყრობელი მნიშვნელობა ვრცელია და ფართო. იქ, საცა ხალხობა დარღვეული არ არის და განთვითეულება _ ეგ ჭირთაჭირი არა მეფობს, იქ მაგსიტყვის აზრი ცხოვრების მომნიჭებელი სულია, მთელის ხალხის ერთიანი მაჯის ერთიანი ძარღვია. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ თვითეულსა _ მთელის ხალხისა და მთელს ხალხს _ თვითეულისა ჭირი და ლხინი წარმოუდგება ხოლმე. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ დიდი და პატარა, ქალი და კაცი თავის ქვეყნის ნაღვლითა ნაღვლობს, ლხენითა ლხინობს, დღეობითა და დიდებითა _ დღესასწაულობს. იქ მაგ სიტყვაში ყოველი და ყოველში ყველა არის (“ზოგიერთი რამ”. 1866-1876 წ.).

* “მამულის ხსენებაზედ ეხლანდელს ქონდრის-კაცს თავისი ნეხვდაყრილი სახნავი მიწა წარმოუდგება ხოლმე; მამულისათვის ბრძოლა ეხლა სასამართლოში შეტანილი ღერბიან ქაღალდზედ სადავო საჩივარია; მამულისათვის ძლევამოსილობა _ მოგებულის საქმის განაჩენის პირია, ჯეროვნად შემოწმებული; მამულის სიმაგრე ტყრუშული ღობეა, ვენახ გარეშემო შემორტყმული; მამულის პატივი _ ნეხვია, სახნავ მიწაზედ სასუქად დაყრილი; მამულის-შვილობა _ მხვნელისა და მთესველის სახელიღაა” (“ზოგიერთი რამ”. 1866-1876 წ.).

* “განვთვითეულდით, და თვითეულის ზურგმა ვეღარ ზიდა ის დიდი აზრი მამულისა, რომელიც ყველასათვის ადვილად საზიდია. თვითეულობით ტვინი ამოშრა, შევიწროვდა და მაგ სიტყვის დიდი მნიშვნელობა ვეღარ იტვირთა. რაღა უნდა გვექნა ამის შემდეგ? ავიღეთ და მთელი მამული, ერთიანი ბინა დავყავით, გავინამცეცეთ თვითეულის ღონის კვალობაზედ ასე, რომ ზიდვაც შესაძლო ყოფილიყო ჩვენის ქონდრისკაცობისათვის და დაპატარავებულს ტვინშიაც მოთავსებულიყო. დავაქციეთ ჩვენი დიდი ერთიანი სამშობლოს ოჯახი, რომლის ბოძად იყო ერთიანი მხარი მთელის ქართველობისა, და მის ნაშთს ნამტვრევებისაგან პატარპატარა ხუხულები ავაშენეთ, რომელსაც საზოგადო სახელიმამულიდავარქვით და რომელშიაც ჩვენც დავეტივენით, და ჩვენი ამომშრალის ტვინის და გონების აზრიც დავტივეთ (“ზოგიერთი რამ”. 1866-1876 წ.).

* “დავაქციეთ მამათა ჩვენთა სამარე, შვილთა ჩვენთა აკვანი; დიდი “მამული” დავშალეთ, პატარები გავიკეთეთ და აქაც გავამართლეთ ჩვენის რუსთაველის სიტყვა: ყოველი მსგავსი მსგავსსა შობსო” (“ზოგიერთი რამ”. 1866-1876 წ.).

არავინ არაფერს გვიკეთებს ისე, თუ თვითონ დიდი სარგებელი არ ნახა

* “თვითეულმან ჩვენგანმან თავისი ხვედრი, დიდის “მამულის” ნაშთი, თავთავად შემოიღობა; იმ შემოღობილში თვითეულმან ჩვენგანმან თავისი საკუთარი ქვეყანა აიშენა და საზოგადო სახელი “მამული” თავის კერძო მამულს დაარქვა და თქვა: თუ მე არ ვიქნებიო, ქვა-ქვაზედაც ნუ იქნებაო. ამ სახით თვითეული ჩვენგანი თავის შემოღობილში შეიკეტა, თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი აიჩინა; და რომ თვითეულმან ჩვენგანმან საერთო საქმეს თვალი მოაშორა და გონება თავისი საერთო საგანზედ აღარ ავარჯიშა, ის გონებაც ისე დაუბრმავდა, რომ იგი თავის ქონების ღობის იქით ვეღარ გადაუცილებია, რომ თავის მოძმეს გაეხმაუროს მაინცა” (“ზოგიერთი რამ”. 1866-1876 წ.).

* “სამშობლო ქვეყნის სიყვარული უნდა გამომდინარეობდეს კაცობრიობის სიყვარულიდგან (“სფირიდონის და თადეოზის ბაასი”. 1861 წ.).

* “აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა და დაე გვძრახონ _ ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი” (“წერილები ილია ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილისადმი”. 1873 წ. 28 ივლისი).

* “ბერლინის ხელშეკრულებამ ჩვენ ერთი დიდი სიკეთე შეგვძინა და ამ მხრით შარშანდელი წელიწადი ჩვენთვის ფრიად ღირს-სახსოვარია: ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლხორცი, ჩვენთან ერთად “მებრძოლი შავის ბედისა”, ჩვენი გმირების ბუდე, ჩვენი უწინდელის განათლების და სწავლის აკვანი, ჩვენი ძველი საქართველო, _ დღეს ჩვენ შემოგვიერთდა, და თუ კარგად მოექცევიან _ ვის ხელთაც აწ იმათი ბედია, ჩვენთან იქნება კიდეც სამუდამოდ” (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. იანვარი).

* “ამისი დედ-მამანი კარგ დედულ-მამულიანნი იყვნენ, უბრალო, მარტივნი ქართველნი, იმისთანა ქართველნი, რომელთაც ჩვენ ვეძახით, არ ვიცით კი რის გამო, ძველ ქართველებს. მთელმა ცხოვრებამ მათმა გაიარა მშვიდად და გაუგებრად ამ სოფელში. არაფერი დიდი მწუხარება მათ არ ენახათ და იმიტომაც ვერ გამოჰსცადეს დიდი სიხარულიცა” (“კოლა”. 1858 წ.).

* “ჩვენი, ქართველების, ხასიათი მართლა რომ ახირებული და მიუწვდომელი რამ არის. კარგი, მეტად ნიჭიერი, მეტად შორს გამჭვრეტი და გამოცდილებით სახელგანთქმული კალამია საჭირო, რომ გამიკვლიოს გზა ამ ხასიათის საცნობად და გამოსახატავად და ერთი რამ დასკვნა გამოიყვანოს იმ ერთი მეორის საწინააღმდეგო თვისებათაგან, რომელთაგანაც შემდგარია ეს ხასიათი, თითქო ათას-ფეროვანი ჩუქურთმა არისო. ერთის მხრით ჩვენ მართლა, ხელგაშლილი, გულახდილი, გულწრფელი და სულმაღალი რაინდები ვართ. თუკი რაიმე გრძნობამ გვძლია და გაგვიტაცა, ჩვენ თავმოტაცებულ ცხენსავით შეჩერება არ ვიცით; რაც უნდა საშინელი ბოლო მოსდევდეს ჩვენს გატაცებას და რაც უნდა ცხადად და უტყუარად ვხედავდეთ ამ შედეგს ჩვენის გატაცებისას, ჩვენ მაინც რაღაც გამოუცნობი მორჩილებით ვნებდებით მისს მომხიბლავ ძალას… ამ შემთხვევაში ჩვენი გული სწორედ რომ შინაური ზღვაა, რომელიც ვნებათ-ღელვისა გამო ხშირად სუნთქავს… და, თუმცა ზოგჯერ კიდეც სცდილობს მოიპოვოს როგორმე სანატრელი მყუდროება, მაგრამ მაინც ძალა-უნებურად ნებდება დაუცხრომელ ტალღათა სრბოლას” (“თავად-აზნაურობის გულგრილობა სწავლაგანათლების საქმეში”. 1886 წ. 8 აპრილი).

* “ღმერთმა რომ ქვეყანა გააჩინა, დედა-მიწას გული გადაეხსნა, შიგ აუარებელი, უძლეველი სიმდიდრე ჩაუდვა და ადამიანს უანდერძა: იშრომე გაისარჯეო და ეგ სიმდიდრე დედამიწის გულიდამ ამოიღე და შენს სადღეგრძელოდ მოიხმარეო”.

* “თქვენში და თქვენგან ხშირად გამიგონია, რომ ქრისტეღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ, ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში დაბღერტაო. ამას ამიტომ ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრს სხვა ქვეყანაზედ უფრო მდიდარია, უფრო სავსეა. არც ჩვენ თვითონა ვართ უხეირონი, ღმერთირჯული. მკლავძარღვად კარგები ვართ, ჯანღონეც მოგვდევს, არც ხალისი გვაკლია. ეს ყველაფერი გვაქვს. ეს მდიდარი, პატარძალსავით მორთული ქვეყანა, ეს ჯანიანი, მკლავძლიერი ხალხი, გამრჯელი და ოფლისმღვრელი, _ მაშ რაღადა ვართ ღარიბნიო? მკითხვათ თქვენ (“სიტყვა წინამძღვრიანთ-კარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე”. 1883 წ.).

* “…მაშ ვინღა დაგვრჩა? ის ვინც საქართველოს პირველი ქვაკუთხედი იყო, ვინც ისტორიულ ქარტეხილს, წვა-დაგვას გაუძლო და ქვეყანა გააშენა. ეს არის ჩვენი გლეხობა, ეს არის ჩვენი მუშა-ხალხი… ესენი არიან ჩვენი მუხის – საქართველოს ფესვები, ესენი ამზადებენ იმ საკვებავ წვენს, რომლითაც საზრდო და ღონე ეძლევა მუხის მთელ ტანს. ამათი მეოხებით იმოსება ხე ფოთლებით, ყვავილებით და მოაქვს ნაყოფი. დეე კენწეროები გაუხმეს ხეს, ფოთლები შემოსცვდეს, ყვავილები, ყვავილები შემოაჭკნეს, _ არა უშავს რა, ოღონდ ძალა და ღონე არ გამოელიოს ფესვებს, _ ხელახლა შეიმოსება ფოთლით და ყვავილით და უხვად გამოიღებს ნაყოფს. ხე არ კვდება, თუ ფესვები მაგარი, ღონიერი აქვს” (“ილია მანსვეტაშვილის მოგონებებიდან”).

* “საიდამაც შორიდამ, სხვა ქვეყნიდამ მოტანილი საქონელი, გადის ვაჭრობის შემწეობით სოფლად”. (“ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება”. 1893 წ. 7 იანვარი).

* “ჩვენი ეკონომიური ძალღონე ჯერ კიდევ სოფელია და სოფლური მეურნეობა. ჩვენებური ქალაქები ამ მხრით არავითარს შემწეობას არ აძლევენ ჩვენს ქვეყანასა, რადგანაც იგინი უფრო მჭამელნი არიან, ვიდრე მომცემნი რისამე”. (“ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება”. 1893 წ. 7 იანვარი).

* “პატარა ქალაქები ხომ მარტო ბუდეებად გადაქცეულნი არიან, სადაც თავი მოუყრია ათას წურბელას ვით ქვემოძრომსა, საცა ბევრნაირი ჭია-ღუა ჰფუსფუსებს, რომ გამოსწოვონ და გამოღრღნან სოფელი. სხვა არა ემუნათება-რა სოფელს ჩვენებურ ქალაქებისაგან” (“ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება”. 1893 წ. 7 იანვარი).

* “რადგანაც დღეს გამრჯელი, მწარმოებელი და მომცემი ჩვენში მარტო სოფელია და მისი საეკონომიო მოქმედებაა ერთადერთი სახსარი ჩვენის ცხოვრებისა, თავის რჩენისა და გამოკვებისა, ამიტომაც ჩვენი სრული ყურადღება მარტო სოფელს უნდა თავს დასტრიალებდეს, მარტო სოფელს უნდა ეკუთვნოდეს, თუ სამუდამოდ არა, ჯერხანად მაინცა” (“ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება”. 1893 წ. 7 იანვარი).

* “რასაკვირველია, იმისათვის, რომ მადლიანმა ჰავამ და ნოყიერმა მიწამ თავისი ჰქმნას, თავისი სიკეთე საკმაო სავსებით მოგვიტანოს, მარტო ერთი სახსარია: ეგ გაძლიერება იმ წარმოებისა, რომელსაც მიწათმოქმედება ჰქვიან, ანუ ერთიანი სახელი “სოფლური მეურნეობა” (“ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება”. 1893 წ. 7 იანვარი).

* “ჭირი ეს არის, რომ ეგ სოფლური მეურნეობა საზოგადოდ და მიწათმოქმედება საკუთრად, ჩვენში ჯეროვანს სიმაღლეზე არა სდგას. ამას ბევრი მიზეზი აბრკოლებს, ზოგი სოციალური, ზოგი იურიდიული, ზოგი წმინდა ეკონომიური” (“ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება”. 1893 წ. 7 იანვარი).

* “მთელი ამიერკავკასია ძველადგანვე სცხოვრობს და თავს იკავებს მარტო იმ მრეწველობითა, რომელიც დამოკიდებულია მიწასა და მიწათმოქმედებაზედ. ერთადერთი წყარო აქაურის ერის ეკონომიურის არსებობისა _ საადგილ-მამულო მრეწველობაა და ამაზეა მთლად აგებული სრული ძალ-ღონე გამოკვებისა, სახელმწიფო ხარჯისა და ბეგარის გაძღოლისა გაუჭირებლად უნაკლულოდ” (“სამეურნეო დაბალი სკოლების შესახებ”. 1886 წ. 28 თებერვალი).

* “სიმდიდრეს ქვეყნისას შეადგენს ის ძალ-ღონე ჰავისა და მიწისა, რომელიც შესაძლოდა ჰხდის მოცემის მრავალგვარიანობას, და რამოდენადაც ეს მრავალგვარიანობა დიდია, იმდენად მდიდარია ქვეყანა. ამ საბუთით ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა მდიდარია, რადგან ჰავა და მიწა ბევრგვარს საგანს სიმდიდრეს იძლევა, თუ კაცი ცნობიერად ხელს მოჰკიდებს და ცოდნით და ხერხიანად გაირჯება” (“მევენახე გლეხთა მდგომარეობა”. 1887 წ. 23 ივნისი).

* “ჩვენი ქვეყანა, მაგალითებრ, ღვინოს და კარგის თვისების ღვინოსაც იძლევა სხვათა შორის. ამ მხრით იგი მდიდარია იმ ქვეყნებზედ, საცა ვაზი ჰავისა გამო ვერა ჰხეირობს” (“მევენახე გლეხთა მდგომარეობა”. 1887 წ. 23 ივნისი).

* “_ კაი ადგილია ეს თქვენი ადგილი.

_ არაა გონჯაი: ჩვენს ბეჩაობას შეჰფერობს.

_ ამისთანა წყალი, ამისთანა ჰაერი სწორედ ბედნიერებაა.

_ აქ ძალიან მოსავალი უნდა იცოდეს?!

_ რაიდ არ ეცოდინების? ადგილ არაა გონჯაი, პატარა გვაქვნ: თვითვაულს კაცს ორორი შაბადის ყანა არ ექმნების. ვიწროდ ვარნ” (“მგზავრის წერილები”. 1861 წ.).

* “ჩვენ სოფელს ქვემოდამ ერთი თხუთმეტიოდე ვერსტი რომ გაგევლოთ, კაი სანადირო ადგილები იყო. რა იქ!.. ყველგან, ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში, სადაც, გლეხისა არ იყოს, “ქრისტე-ღმერთს თავისი უხვი კალთა დაუბღერტყია”, ყველგან კაი ადგილებია. რაც გინდა არის დაიწყეთ მოხდენილ ირმიდამ და გაათავეთ დარბაისელ გარეულ ღორითა, ან გულისხმიერ დათვითა. ფრინველს ხომ თვლა არ უნდა” (“გლახის ნაამბობი”. 1859, 1862-1873 წწ.).

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here