სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დანერგა პრაქტიკა, როდესაც საქმე რუს ეროვნებას ეხება, ეროვნული ნიშნით შეურაცხყოფის საჯარო გამოთქმა ნებადართული ხდება. თვითონ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ჟამს ერთ–ერთ მიტინგზე რუსებს “მონღოლოიდური ურდო” უწოდა და თავის მდაბიო ბუნებაში ჩაბუდებული რასიზმი გამოამჟღავნა როგორც რუსების, ისე მონღოლური წარმოშობის ხალხების მიმართ _ თითქოს მონღოლობა სამარცხვინო იყოს.
სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა კიდევ უფრო მახინჯი ფორმებით დღესაც გრძელდება. არაერთი შემთხვევა აღინიშნება, როდესაც მასმედიაში რუს ერსაც და რუსული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებსაც პირდაპირ შეურაცხყოფენ. აღარაფერს ვამბობთ ერთი უბადრუკი, ჯუჯა ფსევდოჟურნალისტის პერსონალური ლანძღვა-გინების კორიანტელზე პირდაპირ ეთერში, სულ რაღაც, ორიოდე წლის წინათ.
კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერზე სახელმწიფო სტრუქტურები თვალს ხუჭავენ, თითქოს არაფერი ხდება. მასმედიის წარმომადგენლების მიმართ არანაირ სანქციებს არ ახორციელებს არც კომუნიკაციების კომისია და არც ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ბუნებრივია, “სახალხო დამცველსაც” და მის მხარდამხარ “სიძულვილის ენაზე” მოვიშვიშე დიპლომატიურ კორპუსსაც პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული. ზემოაღნიშნული პრობლემა შეურაცხყოფებით არ შემოიფარგლება, მიდის პირდაპირი დევნა რუსული ენისა. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ 2019 წელს ბათუმში ჩამოსულ კიევის (ანუ უკრაინულ) საბავშვო თეატრს არ მისცეს საშუალება, სპექტაკლი რუსულ ენაზე ეთამაშათ! ეს ფაქტი ქართულ პრესაში არ გახმაურებულა და ჩვენ შვეიცარიული მედიასაშუალებიდან შევიტყვეთ…
ამ ფონზე მისასალმებელია, რომ საქართველოში, ბოლოს და ბოლოს, ოფიციალურმა პირმა მიაპყრო ყურადღება არსებულ პრობლემას, რომელიც რუსეთს არაფერს ვნებს, მაგრამ საქართველოს კი არცხვენს.
მასმედიაში რუსი ეროვნების შეურაცხყოფის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა პარლამენტის წევრმა, ბატონმა ფრიდონ ინჯიამ.
პარტია “ევროპელი სოციალისტების” ფეისბუკგვერდზე ვკითხულობთ:
“ჩვენი პარტიის _ “ევროპელი სოციალისტების” ოფისში შემოსულია ამომრჩეველთა ერთი ჯგუფის მომართვა ქართულ მასმედიაში კონკრეტულ დისკრიმინაციულ ფაქტებთან დაკავშირებით. საქმე ეხება ტელევიზიების საშუალებით პირდაპირ ეთერში გასულ უცენზურო ლექსიკას, მიმართულს რუსი ეროვნების ადამიანების მიმართ.
კერძოდ, მიმდინარე 2021 წლის 1-ელ აპრილს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში სტუდიის სტუმარმა, მსახიობმა, ვინმე კახა გოგიძემ გააკეთა ქსენოფობიური განცხადებები რუსი ეროვნების ადამიანების მიმართ, მან ასევე მოუწოდა ქართველებს, რომ რუს ტურისტებთან ურთიერთობისას მათ საფრთხე აგრძნობინონ. ეროვნული ნიშნით მან არაერთხელ გამოიყენა სიტყვა “ღორი”. ყოველივე ეს “გამართლებული” იყო ოკუპაციის თემატიკით. ციტატების ნაწილი: “მიწა უნდა ეწვოდეს ყველა რუსს, რუსი ტურისტი აქ არ არის!” “ავტომატის ჯერი უნდა მიუშვა ამ ღორებს!”
ამომრჩეველთა მომართვაში ასევე აღნიშნულია 2014 წლის ივლისში “რუსთავი 2”-ის დღის გადაცემაში სპორტული ჟურნალისტ დიმიტრი ობოლაძის მიერ გაკეთებული ქსენოფობიური, რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადებები (“ყველა რუსი არის ღორი” და ა.შ.).
საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებითა და საქართველოს კონსტიტუციით დაუშვებელია პიროვნების დისკრიმინაცია და შეურაცხყოფა ნებისმიერი, მათ შორის, ეროვნული თუ ეთნიკური ნიშნით. შესაბამისი ცვლილება შესულია კანონში “მასმედიის შესახებ” (მუხლი 14, მუხლი 56), რომელშიც წერია, რომ:
1. იკრძალება ისეთი ფორმით პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის;
2. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური მსოფლმხედველობის, სქესის და აშ. წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.
ჩვენ გვესმის, რომ პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებების შეკავება ტელეწამყვანების მიერ ფიზიკურად შეუძლებელია, მაგრამ, ჩვენი აზრით, წამყვანი ვალდებულია, სტუმარს მიუთითოს კანონის დაცვის აუცილებლობაზე და შესაბამისი კომენტარი გააკეთოს, ხოლო ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას თავის ეთერში გასული სიძულვილის ენის გამო. ზემოთ მოყვანილ შემთხვევებში კი ასე არ მომხდარა. მოქალაქეები, რომლებმაც ჩვენ მოგვმართეს, აპირებენ, სასამართლოს მიმართონ ზემოთ მოყვანილი ეთნიკური დისკრიმინაციისა და ძალადობისკენ მიმართული ფაქტების გამო. ჩვენ, როგორც ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული პარტიას, და პირადად მე, როგორც პარლამენტის წევრს, მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა, კომუნიკაციების კომისიამ შეისწავლოს ეს ფაქტები და დაიცვას მოქალაქეების უფლებები. შესაძლოა, მაშინ სასამართლო გარჩევა საჭირო არ გახდეს. აღნიშნული წერილი გაეგზავნა ადამიანის უფლებების დამცავ ორგანიზაციებსა და სტრუქტურებს რეაგირებისთვის”.
იმედია, შესაბამისი სტრუქტურები და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები დროულ და ჯეროვან რეაგირებას მოახდენენ დეპუტატის არგუმენტირებულ წერილზე.
“საქართველო და მსოფლიოს” რედაქცია