Home რუბრიკები ეკონომიკა ანტიკრიზისული გეგმა, საღი აზრი და მედიაში ატეხილი ინფორმაციული ღრიანცელი

ანტიკრიზისული გეგმა, საღი აზრი და მედიაში ატეხილი ინფორმაციული ღრიანცელი

საზოგადოება ისტერიული ფსიქოზის ზღვარზე

5206
გრაფიკი #1. წყარო: https://www.worldometers.info/coronavirus/

კოვიდ-19”-ის გავრცელება დღეს მსოფლიოში უმთავრეს პრობლემად ითვლება. ეს არის საინფორმაციო სივრცის წამყვანი საკითხი და უკლებლივ ყველა საინფორმაციო გამოშვებაში, თოკშოუში, ინტერვიუსა თუ ბლოგში საკითხი, ძირითადად, სწორედკოვიდ-19”-ის გავრცელებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხება. თითქმის ყველაექსპერტიერთობ არაჯანსაღი აღტყინებით საუბრობს ამ დაავადების გავრცელების მასშტაბებზე და იმ მოსალოდნელ კატასტროფაზე, რომელიც ამ დაავადებას ახლავს.

მე არ ვარ ვირუსოლოგი, არც ეპიდემიოლოგი, მეტსაც გეტყვით: არ ვარ ექიმი, მაგრამ, როგორც ჩვეულებრივ ობივატელს, მიჩნდება კითხვები: მართლა ასეთი უსაშველო მდგომარეობაა? საფრთხე მართლა ისეთია, რომ ქვეყნები უნდა დაიხუროს?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა ეპიდემიური და შემდეგ პანდემიური საფრთხის ყველაზე მაღალი დონე. ვნახოთ განმარტება, რა არის ეპიდემია: https://ru.wikipedia.org/wiki/-ის მიხედვით, ეპიდემია არის დაავადების გავრცელება გეოგრაფიულ არეალში ან სოციალურ ჯგუფში, როდესაც დაავადება მოიცავს მოსახლეობის, სულ ცოტა, 5 პროცენტს. ხოლო პანდემია არის ეპიდემიის ფართო გავრცელება, როდესაც ის მსხვილ გეოგრაფიულ არეალს (სახელმწიფოთა ჯგუფს, კონტინენტს და ასე შემდეგ) მოიცავს. ცალკეული სამედიცინო უწყებები ეპიდემიის ზღვრის დასადგენად იყენებენ ხანგრძლივი დროით მწკრივებს და ჩვეულებრივი დაავადების 1-პროცენტიანი გავრცელებაც შეიძლება ეპიდემიად იქნას მიჩნეული, თუ დაავადების აფეთქება დროის მოკლე პერიოდში მოხდა.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ “კოვიდ-19”-ის შემთხვევაში? www.worldometers.info/ coronavirus-ის მონაცემებით, 2020 წლის 26 აპრილის თბილისის დროით 12:00 საათის მდგომარეობით, მსოფლიოში გამოვლენილი იყო “კოვიდ-19”-ის 2 923 336 შემთხვევა, რაც 2018 წლის მსოფლიო მოსახლეობის (https:// data.worldbank.org/indicator/ SP.POP.TOTL) 0,038 პროცენტია, ანუ ეპიდემიის მინიმალურ, 1-პროცენტიან ზღვარზე 26-ჯერ დაბალი. “კოვიდ-19”-ის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, პირველი 15 ქვეყანა, იმავე საინფორმაციო რესურსის მონაცემებით, ასეთია: (იხ. გრაფიკი #1)

გამოვლენილი რაოდენობა ყველაზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებშია და ამის შემდეგ გაცილებით ნაკლები რაოდენობით მოდიან ესპანეთი, იტალია და ა. შ., მაგრამ მნიშვნელოვანია, რა რაოდენობის მოსახლეობაა ამ ქვეყნებში, ანუ როგორია დაავადების გავრცელების ხარისხი ამ ქვეყნებში. ამ თვალსაზრისით გავრცელების ხარისხი ყველაზე მაღალია ესპანეთში, სადაც მოსახლეობის 0,479 პროცენტია დაავადებული “კოვიდ-19”-ით. საერთოდ, განაწილება კი ასეთია: (იხ. გრაფიკი #2)

გრაფიკი #2 წყარო:   https://www.worldometers.info/coronavirus/; https://data.worldbank.org/indicator/SP.POP.TOTL
გრაფიკი #2 წყარო: https://www.worldometers.info/coronavirus/; https://data.worldbank.org/indicator/SP.POP.TOTL

როგორც მონაცემები აჩვენებს, ყველაზე მაღალი გავრცელების მქონე ესპანეთშიც კი დაავადების გავრცელების ხარისხი ეპიდემიის მინიმალურ ზღვარზე 2,1-ჯერ, ხოლო ეპიდემიის მიღებულ 5-პროცენტიან ზღვარზე 10-ჯერ დაბალია.

ამბობენ, რომ “კოვიდ-19” ძალიან მაღალი სიკვდილიანობით გამორჩეული ვირუსია, ანუ დაავადების შემთხვევაში მაღალია გარდაცვალების რისკი. ეს ნამდვილად ყურადსაღები გარემოებაა, მაგრამ რატომღაც ვერსად მოვისმინე და ვერც წავიკითხე, რა შინაარსისაა (რა არის სიკვდილის კონკრეტული მიზეზი) მსოფლიოს მასშტაბით აღრიცხული გარდაცვალების 203 308 შემთხვევა (https:// www.worldometers.info/ coronavirus/ საინფორმაციო რესურსის მონაცემებით, 2020 წლის 16 აპრილის, თბილისის დროით 24 საათის მდგომარეობით). გამოვლენილი შემთხვევებიდან გარდაცვალების შემთხვევების განაწილება ზემოთ მითითებული ქვეყნებიდან ყველაზე მაღალია ბელგიაში, სადაც “კოვიდ-19”-ის გამოვლენილი შემთხვევებიდან 15 პროცენტზე მეტი გარდაცვალებით დასრულდა. დაახლოებით ამავე თანრიგისაა გარდაცვალების წილის მაჩვენებელი საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში. მაღალი გავრცელების ქვეყნებიდან გარდაცვალების მაჩვენებელი ყველაზე დაბალი რუსეთის ფედერაციაშია.

უნდა ითქვას, რომ ამ ფონზე საქართველო ცუდად არ გამოიყურება. გამოვლენილი შემთხვევებიდან გარდაცვალების წილი თითქმის ისეთივეა, როგორიც რუსეთის ფედერაციაში და თითქმის 7-ჯერ ნაკლები მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე (იხ. გრაფიკი #3).

გრაფიკი #3 წყარო:  https://www.worldometers.info/coronavirus/; https://data.worldbank.org/indicator/SP.POP.TOTL
გრაფიკი #3 წყარო: https://www.worldometers.info/coronavirus/; https://data.worldbank.org/indicator/SP.POP.TOTL

მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯერჯერობით ვერ ვიპოვე. არადა, ამ კითხვაზე პასუხი გადამწყვეტია. არის ეს გარდაცვალება “კოვიდ-19”-ით? თუ ესაა გარდაცვალება “კოვიდ-19”-ის თანხლებით?

მაგალითისთვის გამოდგება ჰამბურგელი პათოლოგანატომის, დოქტორ კლაუს პოუშელის ამა წლის 15 აპრილის ინტერვიუ, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https:// youtu.be/VWZhhhHZvqs ,სადაც დოქტორი პოუშელი აანალიზებს გარდაცვლილთა გაკვეთის შედეგად მიღებულ შედეგებს და ამბობს, რომ გარდაცვალების მიზეზი უპირატესად სხვა პათოლოგიებია და უშუალოდ ვირუსი გარდაცვალების მიზეზი ძალიან იშვიათადაა. იგივე მოსაზრება სულ უფრო ხშირად ისმის სხვადასხვა საინფორმაციო წყაროდან, მაგრამ კორონაისტერიკის ფონზე რჩება ხმად მღარადებლისა უდაბნოსა შინად.

გარდაცვალების რეალური მიზეზების ინფორმაცია სისტემატიზებული სახით, სამწუხაროდ, არ იძებნება და ეს სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან ასეთი დასკვნები დაუყოვნებლივ ვერ კეთდება, მაგრამ, თუ გადავხედავთ გარდაცვლილთა ასაკობრივ განაწილებას, თამამად შეიძლება დავუშვათ, რომ გარდაცვალება სხვადასხვა დაავადების ფონზე მოხდა, ანუ გარდაცვალებათა დიდი ნაწილი (ჩემი აზრით) “კოვიდ-19”-ის თანხლებით გარდაცვალებაა და არა გარდაცვალებაკოვიდ-19”-ით. იმავე რესურსის ინფორმაციით, “კოვიდ-19”-თან დაკავშირებული მოკვდავობის დონის მაჩვენებელი სხვადასხვა დაავადების ფონზე ასეთია: (იხ. ცხრილი #1).

კარდიოვასკულარული დაავადებების ფონზე მოკვდავობის დონე 11-ჯერ მეტია, ვიდრე ფონური დაავადებების გარეშე გარდაცვალების დონე. 8-ჯერ მაღალია დიაბეტის ფონზე მოკვდავობის დონე. ამდენად, უშუალოდკოვიდ-19”-ით მოკვდავობის დონე 0,90 პროცენტია ყველა შემთხვევიდან. თუ დავუშვებთ, რომ დადასტურებული შემთხვევებიდან მოკვდავობის დონეც პროპორციულად შეიცვლება, ისევე, როგორც ფონური დაავადებების შემთხვევაში შეიცვალა, მაშინ დადასტურებულ შემთხვევებში მოკვდავობის დონე 1,18 პროცენტი იქნება. რასაკვირველია, არაფერი კარგი ამ მონაცემებში არ არის, მაგრამ გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომკოვიდ-19”-თან დაკავშირებული გარდაცვალებების უდიდესი ნაწილი ამ დაავადების თანხლებით მოხდა და არა ამ დაავადებით.

“აბა ის კარგია, ხალხი რომ კვდება?!” _ არაერთჯერ მითხრეს მსგავსი ტიპის კონტრარგუმენტი. რასაკვირველია, არ არის კარგი. უფრო მეტიც, ძალიან ცუდი და სამწუხაროა. აქ სიკვდილის შემთხვევებზე არაა საუბარი. საუბარია შემდეგზე:

1.შესაფერისია თუ არა საწინააღმდეგო ღონისძიებები? ქერტლის საწინააღმდეგო ერთადერთ და უებარ საშუალებად მხოლოდ გილიოტინას ვიყენებთ? შედეგი 100-პროცენტიანია _ გილიოტინით ნამკურნალებ პაციენტებს ქერტლი აღარ აწუხებთ…. მაგრამ სხვაც აღარაფერი აწუხებთ;

2.რამდენად საჭირო იყო ქვეყნების ჩაკეტვა? _ არავინ ამბობს, რომ დაავადება საშიში არ არის; მით უმეტეს არავინ არ ამბობს, რომ დაავადება კარგია, მაგრამ არის კი ეს ისეთი მასშტაბის საფრთხე, რომლის გამოც კონტინენტები უნდა დაიკეტოს?

და რაც ყველაზე მთავარია:

3.რომელი ზიანი უფრო მასშტაბურია _ კოვიდ-19”-ით გამოწვეული, თუ რომელიც პანიკამ გამოიწვია და გამოიწვევს მომავალში? ჩვენ ახლა ატეხილი პანიკის შუაგულში ვართ და მისგან გამოწვეული ზიანის გარკვეულ კონტურებს შეიძლება უკვე ვხედავთ. რეალური ზიანის შეფასება საკმაოდ დიდი დროის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ეკონომიკური ზარალის შეფასება მეტ-ნაკლები მიახლოებით ახლაც შეიძლება, ასევე სოციალური ზიანის დაახლოებით განსაზღვრაც შესაძლებელია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანის, მენტალური ზიანის, შეფასებას დიდი დრო დასჭირდება.

წყარო: https://www.worldometers.info/coronavirus/coronavirus-age-sex-demographics/
წყარო: https://www.worldometers.info/coronavirus/coronavirus-age-sex-demographics/

საფრთხის მასშტაბის შეუსაბამო ღონისძიებების ერთერთი მიზეზი, ჩემი აზრით, ისიცაა, რომ მსოფლიოში ბევრი და მასშტაბური პრობლემა დაგროვდა, რომელთა გადასაწყვეტადაც დღევანდელ .. ელიტებს არც იდეა, არც რესურსები და არც სურვილი არ აქვთ. ამიტომაც შედარებით ნაკლები მასშტაბის პრობლემის დიდი აურზაურით მოგვარება ქმნის მათი ეფექტიანობის და, რაც ყველაზე მთავარია, შეუცვლელობის განცდას _ “დიდთა ვერ ხოცენ, ხელად აქვთ ხოცა ნადირთა მცირეთა”.

პანიკურ სიგნალს საზოგადოებაში ჰყავს თავისი ადრესატები და მათი რაოდენობა არ არის მცირე. ამ დღეებში, როდესაც მაღაზიაში 2 ან 3 ადამიანზე მეტის შესვლა არ შეიძლება, შესასვლელთან, ბუნებრივია, დგება რიგი, სადაც საკმაოდ დიდი რაოდენობით იმყოფებიან საგანგებო მდგომარეობითაღტაცებულიადამიანები, რომლებიც ძალიან აგრესიულად რეაგირებენ მოსაზრებაზე, რომ ეს ვირუსი არაა ისეთი მასშტაბის საფრთხე, რომლის გამოც ქვეყნები უნდა დაიკეტოს. ბოლო რამდენიმე კვირაა, ვაკვირდები და ვხედავ, რომ ამ კატეგორიის ხალხი უზომოდ ბედნიერია, რომ არსებობს რაღაც საფრთხე, რომელზეც შეიძლება ინერვიულო, იდარდო და . . თან ისეთი სერიოზულიც არაა, რომ მართლა საფრთხე იყოს, თუმცა ფორმალურად დადგენილი “ნერვიულობის” საფუძველი გაქვს. ამასთანავე, არც ერთი მედიარესურსი არ იძლევა შეჯერებულ და გაწონასწორებულ ინფორმაციას. ყველა სკანდალს ეძებს და ცეცხლზე ნავთს, ხოლო დამწვარზე მდუღარეს ასხამს. სკანდალის მუდმივი ტირაჟირება კი პანიკის განცდას მუდმივად აძლიერებს და, თუ ასე გაგრძელდება, პანიკა მასობრივ ფსიქოზში შეიძლება გადავიდეს, სადაც რამის პროგნოზირება და საღი აზრის გაჭაჭანებაც კი გამორიცხულია.

თუ გადაწყვეტილებას მხოლოდ ექიმების რეკომენდაციებზე დაყრდნობით მივიღებთ, ზოგადი ექიმი მზადაა, ქვეყანა თუნდაც 10 წლით დაკეტოს კარანტინზე და ამ 10 წლის განმავლობაში თვითონ იქნება ცენტრალური ფიგურა და უზომოდ ბედნიერი. ექიმების რეკომენდაციების არასდროს მჯეროდა, მაგრამ პროტესტის განცდა განსაკუთრებით პაატა იმნაძის 21 აპრილის განცხადების შემდეგ გამიმძაფრდა, როდესაც ბატონმა იმნაძემ ბოდიში მოიხადა, _ იძულებული ვიყავი, მოქალაქეები ზედმეტად დამეზაფრაო. ახლა მეც ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ეს ბოდიში მოლასა და ფლავის ამბავს ჰგავს ძალიან. ამ მაგალითის შემდეგ ვერავინ ამიხსნის, რატომ უნდა მჯეროდეს ასე უაპელაციოდ ექიმების რეკომენდაციის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ექიმებს არ უნდა მოვუსმინოთ. უნდა მოვუსმინოთ, მაგრამ არა მხოლოდ მათ.

თუ გადაწყვეტილებას მხოლოდ იურისტის რეკომენდაციით მიიღებ, ზოგადი იურისტი მზადაა მუდმივი კომენდანტის საათის გამოსაცხადებლად, სადაც თვითონ იქნება ცენტრალური ფიგურა და, ადმინისტრაციულიაღტაცებითშეპყრობილი, გამოიგონებს უამრავ საჭირო და უსარგებლო შეზღუდვას და, რაც მთავარია, გამოავლენს დამნაშავეს. ყველაფერს ამას ერთ საერთო სახელს _ პროფესიულ დეფორმაციას უწოდებენ, ამიტომაც აუცილებელია შეჯერებული და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება და ის, რომ თითოეული გადაწყვეტილების მიღებამდე გაანალიზდეს მოსალოდნელი შედეგები (გადაწყვეტილების მიმღებებმა ვიხელმძღვანელოთ საღი აზრით).

როდესაც მედიაში ატეხილ ამ ინფორმაციულ ღრიანცელს ვუყურებ, მახსენდება ერთი ამერიკული მოთხრობა, რომელიც 1991 წელს დაიბეჭდა კრებულში “საქმოსნები და თაღლითები” (https:// www.goodreads.com/book/ show/33632202-2). მოთხრობის სათაური ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მოქმედება 40-იანი წლების ბოლოს ხდებოდა ნიუ-იორკში და შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო: ნიუ-იორკის ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორმა ამავე გაზეთის კრიმინალური საკითხების რეპორტიორს უთხრა, რომ საჭიროა რაღაც მწვავე ინფორმაცია, ვინაიდან გაზეთი არ იყიდება. ჟურნალისტი მივიდა ერთ-ერთ ბარში, რომელიც პოლიციის განყოფილების გვერდით იყო და რომელშიც მორიგეობის დამთავრების შემდეგ პოლიციელები იკრიბებოდნენ და ჭიქა ვისკის ან კათხა ლუდის თანხლებით საუბრობდნენ. ბუნებრივია, პოლიციელები მორიგეობის დამთავრების შემდეგ სიმინდის მოსავალზე არ ილაპარაკებდნენ. ლაპარაკობდნენ იმაზე, რასაც ყოველდღიურად ხედავდნენ. ხედავდნენ კი სხვადასხვა დანაშაულს, რომელიც 10 მილიონზე მეტი მოსახლეობის ქალაქში ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება. რეპორტიორმაც მოუსმინა მათ საუბარს და შემდეგ გაგონილის საფუძველზე ააგო თავისი სტატია. მეორე დღეს გაზეთი გამოვიდა შესაბამისი ანშლაგით და კარგადაც გაიყიდა. მეორე გაზეთის რედაქტორმა დაიბარა თავისი რეპორტიორი, აჩვენა კონკურენტი გაზეთი და რაღაც “რატომ გძინავს?!” მაგვარი შენიშვნა მისცა. მეორე რეპორტიორიც, ისევე, როგორც პირველი, გაემართა ისეთივე ტიპის ბარში და იქ გაგონილის საფუძველზე დაწერა სტატია რაღაც შემზარავ დანაშაულზე. ამას მიყვა მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ გაზეთები. დაახლოებით ერთ თვეში ნიუ-იორკში დაიწყო პანიკა, ვინაიდან ამ გაზეთებს მოსახლეობა კითხულობდა და ყოველი შემდეგი ნომერი მორიგი ისტერიკული ანშლაგით გამოდიოდა: “შემზარავი მკვლელობა ბრუკლინში”, “გაუგონარი ძარცვა ბრონქსში” და ა. შ. ქალაქის ხელმძღვანელობა შეშფოთებით უყურებდა განვითარებულ მოვლენებს, სანამ მერიის ერთმა ჭკვიანმა თანამშრომელმა (ასეთებიც არსებობენ) არ მოიფიქრა ჩვეულებრივი დროითი მწკრივების გაანალიზება და აღმოჩნდა, რომ ბოლო ერთ თვის განმავლობაში არანაირი განსაკუთრებული კრიმინალური აფეთქება არ მომხდარა. დანაშაულის სტატისტიკა არანაირ არსებით ზრდას არ აჩვენებდა. ამის შემდეგ დაიწყეს გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ მთელი ეს პანიკა იყო ჩეულებრივი ქარიშხალი ჭიქაში. და მოთხრობა მთავრდება სიტყვებით, რომელიც მას შემდეგ ბევრჯერ გამახსენდა (ციტირების სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შინაარსი ასეთია): როდესაც თქვენს ქალაქში ან ქვეყანაში რაღაც განსაკუთრებულ კატასტროფაზე წერენ, კარგად ნახეთ ამ კატასტროფის უკან რომელიმე რეპორტიორი ხომ არ დგას”.

მსოფლიოში შექმნილი ისტერიკიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობაც აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. მსოფლიო ისტერიკის ფონზე სხვანაირად ვერ მოიქცევი. როგორც აბუ ალი იბნ სინა იტყოდა: “ვირებში თუ ხარ, შენც ტლინკები უნდა ჰყარო”, ამიტომაც სრულიად გასაგებია გარკვეული შეზღუდვების შემოღება. ჩვენი მედიის გადამკიდე, ისტერიკა გაცილებით უფრო მაღალი გრადუსის იქნებოდა, მთავრობას რომ არანაირი ზომები არ მიეღო. თუმცა აქაც მთავარი ზომიერებაა, რომლის დაცვაც ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებელი.

“საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში (#13, 8-14 აპრილი, 2020წ.) დაიბეჭდა ჩემი სტატია “კოვიდ-19”-ის გავრცელების საქართველოს ეკონომიკაზე სავარაუდო ზეგავლენისა და ამ კრიზისის საწინააღმდეგოდ რეკომენდირებული სამთავრობო ღონისძიებების შესახებ, მაგრამ ამ ნომრის გამოსვლიდან ორი კვირა გავიდა. ადმინისტრაციული აღტაცება კი ერთ ადგილზე არ დგას და ისიც ვითარდება. შეზღუდვებმა, რომლებიც ამ ორი ნომრის გამოსვლის შუალედში მოქმედებდა, უფრო დრაკონული სახე მიიღო. მათი ნეგატიური ზეგავლენა გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე მანამდე მოქმედი ღონისძიებების პირობებში. ამ შეზღუდვებმა, პრაქტიკულად, ყველაფერი გააჩერა. განსაკუთრებით დასანანი ისაა, რომ მთელი ამ ადმინისტრაციული ღრიანცელის მიზეზი ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია _ ეპიდემია, როგორც ასეთი, არ არის.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რეალურ კრიზისში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს. ამიტომ არის აუცილებელი საკუთარ რესურსებზე დაყრდნობილი განვითარების რაც შეიძლება ავტარქიული სტრატეგიის შემუშავება და მისი მეთოდური განხორციელება. ხანძარი ერთადერთხელ და მხოლოდ პირველად ჩნდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები უგულებელვყოთ. თუ ხანძარი არ გაჩნდა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სახანძრო უსაფრთხოებაზე დახარჯული ძალისხმევა ფუჭია. ამაზე ძალაუნებურად მახსენდება 2008 წლის აგვისტოს ამბები, როდესაც ქალაქში დაბომბვის საფრთხე გაჩნდა და აღმოჩნდა, რომ საბჭოთა პერიოდის თავშესაფრები სხვადასხვა კომერციული დანიშნულებით იყო გამოყენებული. ასეთი რაღაცები მხოლოდ ერთხელ ხდება, მეორე შანსი მხოლოდ ფილმებშია და ისიც _ თუ რეჟისორი და სცენარის ავტორი შენს მხარესაა. თანაც ფილმებში კარგი სცენის გადასაღებად კასკადიორიც გეხმარება და, რამდენიც გინდა, იმდენი დუბლი, ხოლო რეალურ ცხოვრებაში კი მხოლოდ ერთი დუბლი გაქვს და არავინ გეხმარება.

2020 წლის 24 აპრილს მთავრობამ წარმოადგინა თავისი განაცხადი ანტიკრიზისული სტრატეგიის შესახებ, სადაც ასევე მცირედი მინიშნებები იყო პოსტკრიზისული განვითარების სტრატეგიაზე. ყურადღებით მოვუსმინე პრემიერმინისტრის გამოსვლას. და ჩემი საერთო შთაბეჭდილება ასეთია:

წარმოდგენილი გეგმა ანტიკრიზისულ ნაწილში საკმაოდ შთამბეჭდავი და მისასალმებელია. განსაკუთრებით ამ გეგმის სოციალური ასპექტები. ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ყველა ის მოქალაქე, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან რომლებიც გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, 6 თვის განმავლობაში მიიღებს 200 ლარს. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ აქ საბნის სიგრძის შესახებ ანდაზა უნდა გავიხსენოთ. გარდა ამისა, გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ პირდაპირ ფულად დახმარებას ემატება ძალიან მნიშვნელოვანი კომუნალური შეღავათები, რომლებიც უნდა გადაეხადა შინამეურნეობას (ოჯახს), რომელიც ერთ შინამეურნეობაზე თვეში დაახლოებით 100-150 ლარის მოცულობისაა და სუფთა სინდისით შეიძლება განვიხილოთ, როგორც დახმარება. ამდენად, დახმარების რეალური მოცულობა, შეღავათების ჩათვლით, გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ის 200 ლარი ისეთი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება იმ დამსაქმებლებისთვის, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილები. განსაკუთრებით დიდი მოსალოდნელი ეფექტის მქონე არაა, მაგრამ მაინც უდავოდ მისასალმებელია თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადი დახმარების პაკეტიც. მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კომპონენტიც. ასევე მნიშვნელოვანია პენსიის ინდექსაციის გადაწყვეტილებაც, რომელიც შესაძლებელთაგან ყველაზე უფრო ობიექტურ დაშვებებზეა დაფუძნებული. ერთი პენსიონერის მასშტაბით, ეს ღონისძიება შეიძლება მცირედ მოგვეჩვენოს, მაგრამ, საერთო ჯამში, ამ ღონისძიების ეფექტი საკმაოდ მაღალი იქნება.

ეკონომიკური ასპექტებიც უდავოდ მისაღებია მის ანტიკრიზისულ ნაწილში. ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია დღგის ავტომატური დაბრუნების გადაწყვეტილება. ეს როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილი მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. მეწარმეთა მხარდასაჭერად ბანკებისთვის დამატებითი 600 მილიონი ლარის გამოყოფაც არაა ცუდი გადაწყვეტილება, მაგრამ, ჩემი სუბიექტური აზრით, ამ გადაწყვეტილებაში სარისკო სამეწარმეო სექტორისათვის ამ თანხის ბანკების მეშვეობით მიწოდებაა, რაც ძალიან ჰგავს კრიზისის პერიოდში “მსუქანი კატების” გამოკვების პრინციპს. ეს 600 მილიონი, პირველ რიგში, ბანკებისთვის იქნება სასარგებლო და არა სამეწარმეო სექტორისთვის. გადახედეთ ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტების სტრუქტურას და ნახავთ, რომ ამ სტრუქტურაში ეკონომიკის რეალური სექტორის ხვედრითი წონა მუდმივად დაბალია. ბანკებს სწრაფი ფული უყვართ, ეკონომიკის რეალურ სექტორში კი სწრაფი ფული, როგორც წესი, არ მოიპოვება.

მნიშვნელოვანია საკრედიტო საგარანტიო ინსტრუმენტიც, რომელიც ასევე დაეხმარება მეწარმეებს საკრედიტო ვალდებულებების დაძლევაში. ეს ღონისძიება უკვე მოქმედი საწარმოებისთვის არის შემუშავებული, რომლებსაც აქვთ საბანკო სექტორთან ურთიერთობის ისტორია და ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ანტიკრიზისული თვალსაზრისით.

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კომპონენტი ერთ-ერთი სუსტი იყო ამ გამოსვლაში. ძალიან კარგი და პოტენციურად ძალიან ეფექტიანი შეიძლება იყოს მიკროსაგრანტო პროგრამა და ძალიან კარგია, რომ მისი მოცულობა 30 000 ლარამდე იზრდება, მაგრამ ამ პროგრამის შესრულების მექანიზმები, პირადად ჩემში, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. თუ იგივე პრაქტიკა გაგრძელდება, რაც დღემდე იყო, ეს პროგრამაც ისევე არაფრის მომტანი იქნება, როგორც აქამდე. ითქვა, რომ ამ პროგრამით 5000 ფერმერი ისარგებლებს. ჩემი აზრით, ეს რიცხვი ძალიან მცირეა და მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ფერმერები იმავე სიიდან იქნებიან, რომლებიც მუდმივად სარგებლობენ ყველა მსგავსი ტიპის პროგრამით. უდავოდ მისასალმებელია გადაწყვეტილება მელიორაციაში დახმარების შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ მთავრობა თანდათან მიდის შიდა წარმოების პროტექციონიზმის დანერგვის გადაწყვეტილებამდე. საწყენია, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მისვლას სხვა სახელმწიფოების მაგალითი და კრიზისი დასჭირდა.

სახელმწიფოს ანტიკრიზისული ფინანსური ძალისხმევა შთამბეჭდავია, საქართველოს მასშტაბებიდან გამომდინარე. მთლიანობაში ანტიკრიზისული ბიუჯეტი 3.5 მილიარდია, საიდანაც 1.035 მილიარდი ინდივიდუალური დახმარების სახით გაიცემა სხვადასხვა პაკეტებით; 2.110 მილიარდი _ სამეწარმეო სექტორის მხარდაჭერისთვის, ხოლო 350 მილიონი ჯანმრთელობის დაცვის სისტემას მოხმარდება (აქ ერთი გარემოებაა აღსანიშნავი: თუ სწორად გავიგეთ პრემიერის სიტყვები, ჩვენ შეგვპირდნენ, რომ, თუ ვიპოვით, ვინც ამ ფულს გვასესხებს, საერთაშორისო ინსტიტუტები გარანტიებს მოგვცემენ, ე.ი., თავდებად დაგვიდგებიან. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ფულს ვინმე საჩვენო პირობებით გვასესხებს და ისეთი მექანიზმით განაწილდება ქვეყნის შიგნით, რომ “წამალი დაავადებაზე უარესი არ იქნება”, _ რედ.)

ცოტ გასაკვირია, რომ განსაკუთრებული აქცენტი ისევ ტურიზმზე კეთდება. ერთი წუთით დავივიწყოთ, რომ ეს არის კლასიკური ქარიშხალი ჭიქაში, თუმცა ნეგატიური შედეგები სრულიად ხელშესახებია. განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ტურიზმის სექტორი ყველაზე არასტაბილურია. მისი მდგრადობა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობით ვერ განისაზღვრება. ტურიზმი ნებისმიერი კრიზისისგან ყველაზე უფრო სუსტი სექტორია. უნდა იყოს კი ეს ყველაზე უფრო პრიორიტეტული? მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, მაგრამ პირველი რიგის პრიორიტეტი მაინც, ალბათ, არა (ტურისტს ფული უნდა ჰქონდეს, მოგზაურობა რომ დააპიროს და, როცა მთელი მსოფლიო ეკონომიკურ დაცემაზე ლაპარაკობს, სამოგზაურო განწყობა და ფინანსები ათიდან ერთს ან ორს თუ დარჩება _ რედ.).

რაც შეეხება ადმინისტრაციული შინაარსის სავალდებულო და რეკომენდირებულ ღონისძიებებს: სოციალური დისტანცირება, პირბადის სავალდებულო ტარება, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულება და დისტანცირებული მუშაობა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ წესების დაცვა ძალიან დიდ პრობლემებს შექმნის. წესებს კი დავიცავთ, მაგრამ წესების დაცვა სულაც არ ნიშნავს წესების პატივისცემას. ამ ჩარჩოებით აღტაცებული ადმინისტრატორების მოგერიების ბედნიერება ჯერ კიდევ წინ გვაქვს. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა ექვს ეტაპად 12 კვირის, ანუ დაახლოებით სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ გეგმის მიხედვით, შეზღუდვები სრულად ივლისის ბოლოს მოიხსნება.

საერთო ჯამში, ანტიკრიზისული ღონისძიებების წარმოდგენილი ვერსია ერთი შეხედვით საკმაოდ ეფექტიანია, მაგრამ აქ პროგრამების წერილობითი ფორმით წარმოდგენის მარადიული პრობლემა დგას. პრემიერმინისტრის 24 აპრილის გამოსვლა ჯერ მხოლოდ სიტყვები იყო. გამოსვლისას წარმოდგენილი პრეზენტაცია იმაზე უფრო დეტალური ვერ იქნებოდა, რაც იყო. იმედია, ეს ანტიკრიზისული გეგმა გამოქვეყნებულიც იქნება. ასეთი მასშტაბის გეგმების ღრმა და საფუძვლიანი ანალიზისთვის უფრო მეტი დეტალიზაციაა საჭირო. იმედია, გამოქვეყნებულ დოკუმენტში მოცემული იქნება მონიტორინგისა და შეფასების ინდიკატორთა ბადე, რომელიც მისაღწევი მიზნების რიცხვით განზომილებაში აღქმის შესაძლებლობას მოგვცემს. თხრობითი ფორმით წარმოდგენა ძალიან კარგია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რაც წერილობითი ფორმით არის წარმოდგენილი. ისტორიას მხოლოდ ის რჩება, რაც დაწერილია. როგორც ერთი ერთობ ინფორმირებული პერსონაჟი ამბობს, “ხელნაწერები არ იწვის”.

შეზღუდვების მოხსნისთვის გამიზნული 12-კვირიანი პერიოდი შეიძლება შევაფასოთ, როგორც ხანგრძლივი, შეიძლება, როგორც ხანმოკლე, მაგრამ ეტაპიდან ეტაპზე გადასვლისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეზღუდვები აზარალებს მოსახლეობის დიდ ნაწილს, ხოლო ამ შეზღუდვებით “ბედნიერი” მხოლოდ შემდეგი სოციალური სტრატები (სოციალური სტრუქტურის ელემენტები) იქნებიან:

1.ექიმები _ რომლებიც ისაუბრებენ ბევრს და გაუგებრად (პრასიუს, ფაციუს, ხახვიუს,…: კ/ფ. “არ დაიდარდო”). იქნებიან ბედნიერები, რომ არიან ყურადღების ცენტრში და საუბარი დაავადებას შეეხება, რომ “ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება” და ამიტომ გავუფრთხილდეთ ექიმებს. დაავადების აღმოჩენა და მისი მკურნალობა მათი პროფესიული მოვალეობაა და ამიტომაც, თანახმად დევიზისა, “არ არსებობს ჯანმრთელი ადამიანი, არის მხოლოდ ცუდად გამოკვლეული პაციენტი”, მათი უპირველესი მიზანი ყველა ადამიანში, ადამიანთა დიდ თუ პატარა ჯგუფში, პირველ რიგში, ავადმყოფის დანახვაა. ასეთი დამოკიდებულება პროფესიული დეფორმაციის სრულიად ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც აუცილებელია, მაგრამ ძალიან დოზირებულად. ამ პროდუქტის ზედოზირებამ შეიძლება სოციალური და ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვიოს;

2.ადმინისტრატორები _ რომლებიც “აღმოაჩენენ” დარღვევებს და დააჯარიმებენ დამრღვევებს. განსაკუთრებით ბედნიერი იურისტის დიპლომის ის მფლობელები იქნებიან, რომლებიც ისეთ სტრუქტურებში მუშაობენ, რომლებსაც სამართალდამცავ ორგანოებთან კავშირი არ აქვთ. ასეთი კი ძალიან ბევრია და მათ ახლა ეძლევათ ადმინისტრაციული ძალაუფლება, რომელსაც, მერწმუნეთ, დიდი აღტაცებით, ბოლომდე და ცოტა უფრო მეტადაც გამოიყენებენ. კანონის დარღვევის აღმოჩენა მათი პროფესიული მოვალეობაა და, შესაბამისად, ისინიც ყველგან კანონთან შეუსაბამობას ეძებენ. ამით განსაკუთრებულად ბედნიერი ადმინისტრირების ადრენალინისგან ნამარხულევი იურისტები იქნებიან;

3.პანიკიორები _ ამ ჯგუფში ყველანაირი (ძალიან ხშირად გაურკვეველი) პროფესიის, განათლების, ცენზისა და კვალიფიკაციის ადამიანები შედიან. ამ ჯგუფს მე “განსაცდელისტებს”, “ვაივიშისტებს”, “წუწუნმაისტერებს”, “კუხნის გენერლებს” და “დივნის ანალიტიკოსებს” ვუწოდებ. ეს ხალხი მაშინაა ბედნიერი, როდესაც საქმე ცუდად არის ან აქვთ საფუძველი, რომ იწუწუნონ. ეს ის კატეგორიაა, რომელმაც ხანძრის ჩაქრობამდე უკვე იცის ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ისიც, თუ რა ცუდად აქრობენ ხანძარს, როგორც ეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მაგალითზე მოხდა. დღეს ეს “მეხანძრეები” სრული შემადგენლობით ეპიდემიოლოგებად, ვირუსოლოგებად და ინფექციონისტებად გადაკვალიფიცირდნენ. დღეს მათ პანიკიორობის სრულიად საკმარისი საფუძველი აქვთ. ძალიან ცდება მთავრობა, თუ ფიქრობს, რომ ადამიანთა ამ ჯგუფის “ბედნიერება” მათდამი პოლიტიკურ სიმპათიებში იქნება კონვერტირებული. ეს გამორიცხულია, ვინაიდან ადამიანთა ეს ჯგუფი კრიზისით “ბედნიერი” მხოლოდ ქვეცნობიერად არის და ბედნიერება, როგორც ასეთი, მათთვის უცნობი ხილია. ეს ადამიანთა ის კატეგორიაა, რომელსაც, როგორც ერთ ანეკდოტშია, ფულით სავსე ჩემოდანი რომ იპოვოს, გადათვლის შემდეგ იტყვის, აკლიაო.

ანტიკრიზისულზე უფრო მნიშვნელოვანი პოსტკრიზისული სტრატეგიაა, სადაც ამ კრიზისის დროს გამოვლენილი ყველა პრობლემა გათვალისწინებული უნდა იყოს. პოსტკრიზისულ სტრატეგიაზე, როგორც პრემიერმინისტრი დაგვპირდა, მუშაობა უახლოეს ხანში დაიწყება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორი იქნება ეს სტრატეგია. პოსტკრიზისულ სტრატეგიაზე მხოლოდ დონორებიდან 3 მილიარდი დოლარის რესურსების შესაძლო მოზიდვის შესახებ ითქვა, რომელიც საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის იქნება გამიზნული. 3 მილიარდი ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რას მოხმარდება ეს თანხა და, რაც მთავარია, როგორ მოხმარდება. მწარე გამოცდილება გვეუბნება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შემოსულმა 4-მა მილიარდმაც მთლიანად ქვეყნისთვის არსებითი ვერაფერი ქნა. თუ აღნიშნული 3 მილიარდიც ბანკებს გადაეცემათ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ შედეგებში სახარბიელო არაფერი იქნება.

ეს იმას ჰგავს, როცა მარმარილოს ერთი და იმავე ლოდიდან მოსეს გამოქანდაკებაც შეიძლება და უფორმო ნამსხვრევების მიღებაც. გააჩნია, ვის ხელში მოხვდება ეს ლოდი. თუ მიქელანჯელოს ხელში მოხვდა, შეიძლება მოსე და გარდამოხსნა მივიღოთ; თუ ჩემნაირ “მოქანდაკეს” ჩაუვარდა ხელში, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მოსეს ან გარდამოხსნის ხილვა არ “გემუქრებათ”. სამაგიეროდ, იხილავთ ჩვეულებრივ ნაგვის გროვას და, თუ ჩვენი ზედაპირულად “განათლებული” მასმედიაც მხარს დამიჭერს, ეს ნაგავი “ავანგარდად” შეიძლება შემოგასაღოთ, რასაკვირველია, ისტერიკული ღრიანცელის ფონზე. სხვანაირად ასეთი რაღაცები არ იყიდება. ბოლოს და ბოლოს, მეხსიერებას, რასაკვირველია, მოსე და გარდამოხსნა შემორჩება და არა “ავანგარდი”, მაგრამ ეს შემდეგ ეპოქაში იქნება. “ავანგარდისტისთვის” მნიშვნელოვანი აქ და ახლა წარმატებაა და არა მარადიულობასა და უკვდავებაზე ფიქრი.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, ვინ იმუშავებს პოსტკრიზისული სტრატეგიის შემუშავებაზე და რა პრინციპებზე იქნება დაფუძნებული ის.

ჩემი ხედვით. სტრატეგიის შემუშავების ამოსავალი პრინციპები უნდა იყოს:

1.პრობლემების სისტემური გააზრება

2.სახელმწიფოს აქტიური ჩარევა, პროცესის უშუალო მართვა

3.ადგილობრივი რესურსების გამოყენება

4.მაღალი სოციალური ეფექტი

5.ქვეყნის სიმეტრიული განვითარება

6.გრძელვადიან პერსპექტივებზე ორიენტირება

7.მონიტორინგისა და შეფასების მკაფიო სისტემა.

სტრატეგიის შემუშავებას კოორდინაცია უშუალოდ პრემიერმინისტრმა უნდა გაუწიოს. ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იქნება სტრატეგიის შემუშავების ერთი რომელიმე სამინისტროსთვის ჩაბარება, სტრატეგიის შემუშავებაში ყველა სამთავრობო უწყება უნდა მონაწილეობდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიის შემუშავებაზე იმუშავოს რამდენიმე ჯგუფმა. სხვადასხვა ჯგუფის მიერ ერთი და იმავე სისტემით მომზადებული მასალების შეჯერებით ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების შანსი გაცილებით იზრდება, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხზე მხოლოდ ერთი, შეიძლება ძალიან კვალიფიციური, მაგრამ მაინც ერთი ჯგუფი მუშაობს.

ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს 2012-2015 წლებში განხორციელებული პროაქტიური სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის უდავოდ დადებით შედეგები, რომლებიც სიღარიბის დონის არსებით შემცირებაში აისახა, რაც მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებიდან ჩანს (იხ. გრაფიკი #4).

გრაფიკი #4 წყარო:  https://data.worldbank.org/
გრაფიკი #4 წყარო: https://data.worldbank.org/

2012-2105 წლებში გატარებული პროაქტიური პოლიტიკის ერთ-ერთი ნაკლი რესურსების მიმართვისას დამიზნების დაბალი სიზუსტე და ღონისძიებების უსისტემო ხასიათი იყო. ჩემი აზრით, სასურველი იქნებოდა, თუ პოსტკრიზისულ სტრატეგიაში შენარჩუნებული იქნება 2012 წლის სულისკვეთება და სტრატეგია უფრო მეტად სისტემური ხასიათის იქნება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კარგი იქნება, თუ სტრატეგიით განსაზღვრული მიზნები არ იქნება ბუნდოვანი, როგორც ეს სტანდარტულად ახასიათებს სტრატეგიულობის პრეტენზიის მქონე დოკუმენტებს საქართველოს ბოლო 30-წლიან სინამდვილეში.

ნოდარ კაპანაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here