Home რუბრიკები პოლიტიკა ანტიდასავლურობა და გლობალური რევოლუცია

ანტიდასავლურობა და გლობალური რევოლუცია

ბავშვები

საქართველო და მსოფლიოსწინა ნომერში ჩვენ ვისაუბრეთ საფრთხეებზე, რომლებსაც ქმნის მზარდი სხვაობა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების, “გლობალური ჩრდილოეთისადასამხრეთისსოციალურეკონომიკურ განვითარებაში. ის ომების, უკონტროლო მიგრაციის, შიმშილისა და ეპიდემიების ერთერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია. არსებობს თუ არა ამ პრობლემის დაძლევის რეალური რეცეპტი?

საუბარი “გლობალური სამხრეთის” სიღარიბის დაძლევის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ დეკოლონიზაციის პერიოდში, გასული საუკუნის 60-იან წლებში, დაიწყო. პოლიტიკოსები და ეკონომისტები სამ ძირითად იდეამდე მივიდნენ, ესენია: ა) განვითარებადი ქვეყნებისთვის სავაჭრო-ეკონომიკური შეღავათების დაწესება; ბ) განვითარებული ქვეყნების მიერ მათთვის ხანგრძლივი, სტაბილური ეკონომიკური დახმარების აღმოჩენა; გ) მათი ვალების შემცირება ან ჩამოწერა.

ბუნებრივია, განვითარებადი ქვეყნების მთავრობები მხარს უჭერდნენ ამ პრინციპების რეალიზაციას და ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ ყოფილ მეტროპოლიებს მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ და მათ ყოფილი კოლონიების განვითარებაზე უნდა იზრუნონ.

შეღავათიანმა რეჟიმმა ხელი შეუწყო განვითარებადი ქვეყნების საექსპორტო შემოსავლების ზრდას და მათი სოციალური პრობლემების ნაწილობრივ დარეგულირებას, თუმცა დროთა განმავლობაში მათ კონსოლიდირებული პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა დაკარგეს, რადგან მათი გზები გაიყო: ნაწილი ნავთობის ექსპორტიორი გახდა, ნაწილმა ინდუსტრიული განვითარების გზა აირჩია, ნაწილი კი “უბედურების ზონად” გადაიქცა. ამას დაემთხვა დასავლეთის წამყვანი ქვეყნების გადასვლა განვითარების პოსტინდუსტრიულ სტადიაში. შესაბამისად, შეღავათების ძველი სისტემა, რომელიც ეფუძნებოდა ურთიერთობებს ინდუსტრიულ ქვეყნებსა და ნედლეულის მომწოდებელ ყოფილ კოლონიებს შორის, წარსულს ჩაბარდა და გაჩნდა მოთხოვნა ახალი ეკონომიკური წესრიგის ფორმირებაზე.

ანტიგლობალისტები მიიჩნევენ, რომ “გლობალური ჩრდილოეთის” ქვეყნები განგებ ატარებენ პოლიტიკას, რომელიც “სამხრეთის” მდგომარეობას აუარესებს. მაგალითად, ცდილობენ, ნედლეულზე ფასი დააგდონ და ეკოლოგიურ პრობლემებს უგულებელყოფენ. მათ ორი ძირითადი მიდგომა აქვთ: ერთ-ერთის ფარგლებში, გლობალიზაცია ობიექტური და გარდაუვალი პროცესია, ხოლო მეორის თანახმად _ აშშ და ტრანსნაციონალური კორპორაციები მის ხელოვნურ ხელშეწყობას ახდენენ, რათა განვითარებადი ქვეყნები დაიმონონ. მაგრამ ანტიგლობალისტებს არ აქვთ ყოვლისმომცველი პროგრამა, რომელიც ღარიბი და ჩამორჩენილი ქვეყნების სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს. ისინი, ფაქტობრივად, მოითხოვენ, რომოქროს მილიარდმაუარი თქვას იმ ზემოგებაზე, რომელსაც არსებული მოდელის ფარგლებში იღებს და ისგლობალური სამხრეთისსასარგებლოდ გადაანაწილოს.

ლიბერალები კი თვლიან, რომ მათ ასეთი რეცეპტი აქვთ. მათი აზრით, ლიბერალური ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები დაეხმარებასამხრეთისქვეყნებს, შექმნან გაცილებით მდგრადი ეკონომიკები. მთავარია მათ .. ვაშინგტონის კონსენსუსის პრინციპები დაიცვან, რომელთა შორის მოიაზრება საკუთრების უფლების დაცვა, ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების შემცირება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ბარიერების მოხსნა, სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია (რომელსაც ხშირად ტოტალურს უწოდებენ), ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ფისკალური დისციპლინის უზრუნველყოფა, გადასახადების ზღვრული განაკვეთის შემცირება, ეროვნული ვალუტის თავისუფალი გადაცვლის უზრუნველყოფა, დადებითი საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნება მცირე ნიშნულზე, საბიუჯეტო ხარჯებში ინფრასტრუქტურისთვის, განათლებისთვის და ჯანდაცვისთვის პრიორიტეტის მინიჭება.

ეს პრინციპები 50 წლის წინათ ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის შეიქმნა, რათა ისინი განვითარებულ ქვეყნებს მიახლოებოდნენ (თუმცა ლიბერალების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მიზანი საპირისპირო იყო), შემდგომ კი აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოში, გატარებული რეფორმების ქვაკუთხედი გახდა.

ამ რეცეპტის ეფექტურობაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ბრაიან ჯონსონისა და ბრეტ შეფერის კვლევის თანახმად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა “ვაშინგტონის კონსენსუსის” პრინციპები 1965-95 წლებში 89 ქვეყანაში გამოიყენა. 2010 წლისთვის 9-ში სიტუაცია გაუმჯობესდა, 48-ში დააახლოებით იგივე დარჩა, 32-ში კი გაუარესდა. საქართველოში, სადაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დღესაც კოშმარულია, ხშირად კამათობენ იმაზე, იყო თუ არა არასწორი რეფორმის პრინციპები თუ მთავარი დამნაშავე ხელისუფლებაა, რომელიც არასაკმარისად თანმიმდევრული იყო; პრინციპში, ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

2011 წლის 3 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა დომინიკ სტროს-კანმა განაცხადა, რომ “ვაშინგტონის კონსენსუსი”, თავისი გამარტივებული წარმოდგენებითა და რეცეპტებით, წარსულს ჩაბარდა და სწორედ ის გახდა 2008 წელს დაწყებული ეკონომიკური კრიზისის მთავარი მიზეზი. მისმა გამოსვლამ დიდი სკანდალი გამოიწვია. 14 მაისს ნიუ-იორკის აეროპორტში სტროს-კანი დააპატიმრეს და ბრალი სასტუმროს მოსამსახურე ქალის გაუპატიურების მცდელობაში დასდეს. ზოგიერთი კონსპიროლოგი ამ ორ ფაქტს ერთმანეთს უკავშირებს.

ნობელის პრემიის ლაურეატმა, გამოჩენილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ჯოზეფ სტიგლიცმა “ვაშინგტონს კონსენსუსი” აზიის საფინანსო კრიზისის მთავარ მიზეზად დაასახელა და აღიარა, რომ ცდებოდა, როდესაც მიიჩნევდა, რომ არსებობს განსხვავებული ქვეყნების ეკონომიკების რეფორმირების უნივერსალური რეცეპტი.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სტრუქტურალისტების მიდგომაა, რომლებიც აღიარებენ არსებული მსოფლიო წესრიგის უსამართლობას და თვლიან, რომ მთავარია რეფორმები “სამხრეთის” ქვეყნებში, მათი ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რომელიც შეამცირებს დამოკიდებულებას შემოსავლის ერთ ძირითად წყაროზე, მაგალითად, ნავთობის ექსპორტზე. ისინი მოითხოვენ, რომ წამყვანმა ქვეყნებმა ამ რეფორმებს ხელი შეუწყონ, უპირველესად, სავაჭრო პრეფენციების შემოღების გზით, თუმცა მნიშვნელოვან პრობლემას ეჯახებიან. “სამხრეთის” მთავრობები მხოლოდ ლოგიკითა და კეთილი ნებით როდი ხელმძღვანელობენ, მოქმედებს უამრავი სხვა ფაქტორიც _ სხვადასხვა კლანების ინტერესი, უცხოური კორპორაციების ლობისტური ძალისხმევა, კორუფცია და სხვა. ამ მხრივ კარგ მაგალითს მეზობელი აზერბაიჯანი წარმოადგენს _ უკლებრივ ყველა აცნობიერებს, რომ ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის “პიკის” გავლის შემდეგ, ქვეყანაში აუცილებლად დაიწყება მწვავე კრიზისი, თუ ეკონომიკის დროული დივერსიფიკაცია არ მოხდება. ალიევის ხელისუფლება ცდილობს, შესაბამისი რეფორმები გაატაროს, თუმცა ჩამოთვლილი ფაქტორების გამო სერიოზულ პრობლემებს განიცდის.

წარმატებული ეკონომიკური რეფორმისთვის საჭიროა პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც მის გატარებას უზრუნველყოფს. XX საუკუნეში ეფექტურობა ამ მხრივ მისმა ორმა სახეობამ გამოავლინა _ სრულყოფილმა დემოკრატიამ და ე.წ. განვითარების დიქტატურამ (მაგალითად, სინგაპურში, სამხრეთ კორეაში და ა.შ.). ჰიბრიდული რეჟიმი, რომელსაც ხანდახან “ფასადურ დემოკრატიას” უწოდებენ, მდგრად განვითარებას ვერ უზრუნველყოფს. თუმცა პრობლემა ისაა, რომ დღეს იმ ქვეყნების უმრავლესობას, რომელთაც რეფორმები სჭირდება, სწორედ ასეთი რეჟიმები მართავენ. მათი აღმოცენება ლიბერალური ინტერვენციონიზმის ეპოქამ უზრუნველყო, როდესაც ვაშინგტონმა ბრალდება დიქტატორულ მისწრაფებებში ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად აქცია და “სამხრეთის” ელიტებისთვის მნიშვნელოვანი გახდა, ეჩვენებინათ, რომ დემოკრატიისკენ მიდიან. ამ პერიოდში გაჩნდა პარადოქსული მოსაზრება, რომ ღია დიქტატურა ფსევდოდემოკრატიას სჯობს, ხოლო სააკაშვილის მომხრეებს სინგაპურის მოდელზე მზე და მთავრე ამოსდიოდათ, თუმცა საქართველოში დისკუსიამ ამ თემაზე აქტუალობა მალევე დაკარგა, მას შემდეგ, რაც დაახლოებამ ევროკავშირთან აზიური “განვითარების დიქტატურის” ვარიანტი ფაქტობრივად გამორიცხა.

ყველა ქვეყანას როდი შეუძლია გლობალური წესრიგის წინააღმდეგ წავიდეს. ეს შეძლო საბჭოთა კავშირმა, რადგან ჰქონდა მძლავრი ეკონომიკის შექმნისთვის საჭირო ყველა კომპონენტი, მაგრამ ჩინეთი ამას დამოუკიდებლად ვერ მოახერხებდა, რადგან ენერგომატარებლების საკუთარი მარაგი არ გააჩნდა. იგივე, შედარებით მცირე მასშტაბს თუ ავიღებთ, ასე თუ ისე გამოუვიდა ირანს და არ გამოუვიდა ვენესუელას _ რაც შეეხება ჩრდილოეთ კოარეასა და კუბას, ისინი დიდხანს ვერ გაძლებდნენ, თუ საწყის ეტაპზე მძლავრი მოკავშირეები დახმარებას არ აღმოუჩენდნენ. იგივე შეიძლება ითქვას თანამედროვე ბელარუსზე, რომელიც ენერგომატარებლებს რუსეთიდან შეღავათიან ფასში იღებდა. შესაბამისად, ქვეყნებს, რომელთაც არ გაჩნიათ საკუთარი ენერგომატარებლები ან არასაკმარისად ძლიერები არიან იმისთვის, რომ თავი დაიცვან, ალტერნატიული განვითარების შანსი მხოლოდ ბლოკების შემადგენლობაში ეძლევათ. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ჩამოთვლილი ქვეყნები მსოფლიო ეკონომიკური სისტემისგან სრულიად იზოლირებულნი არიან (ან წარსულში იყვენენ) და გლობალური დაყოფაჩრდილოეთისამხრეთიმათ არ ეხება. მაგრამ სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის რეგულირება და სოციალური გარანტიების ორიგინალური სისტემის ჩამოყალიბება მისი მოსახლეობისთვის განსხვავებულ დღის წესრიგს ქმნის, თავისი პლუსებითა და მინუსებით, რომელთა შორის უმთავრესი სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვაა.

ცნობილი ჩინელი ეკონომისტი ლი შენმინი შექმნილ მდგომარეობას ასე ახასიათებს: “მსოფლიო ეკონომიკა რეცესიის ხანგრძლივ პერიოდში შევიდა. ნეოლიბერალიზმის გლობალური გავრცელების ფონზე, პრივატიზაციის ტალღას მსოფლიო ეკონომიკა ჩიხში შეჰყავს. მსოფლიოში სულ უფრო მეტი ღარიბია და ისინი სულ უფრო ღარიბდებიან. მდიდარი ცოტაა და ისინი სულ უფრო მდიდრდებიან. ღარიბდება თითქმის ყველა სახელმწიფო”.

გაღარიბების ეს პროცესი პროტესტს იწვევს, რომელიც, უპირველესად, ანტიდასავლურ განწყობებში ვლინდება. “ანტიდასავლურობა, _ წერდა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ზბიგნევ ბჟეზინსკი, _ უფრო მეტია, ვიდრე პოპულისტური დამოკიდებულება. ის გლობალური დემოგრაფიული, ეკონომიკური და პოლიტიკური ბალანსის შეცვლის განუყოფელი ნაწილია… აღშოთება, ემოციები და არადასავლურ სამყაროში მცხოვრები მილიარდობით ადამიანის თვითდამკვიდრების სურვილი თვისობრივად ახალი ფაქტორი გახდა”.

სულ უფრო მეტი მკვლევარი მიდის დასკვნამდე, რომმსოფლიო ორსულია რევოლუციითდა, შესაბამისად, მშობიარობაც გარდაუვალია, თუმცა იმის წარმოდგენისაც კი ეშინიათ, რა შეიძლება შვას მან.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here